სხვადასხვა
„სასიყვარულო რომანი საუკეთესო მეგობრის ცოლთან, პოლიტიკური მოწამვლის მსხვერპლი და ერთ ღამეში გატეხილი ოთხი საწოლი“ - რას სცოდავდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ აზრს გავლენა მათ ცხოვრებაზე?
„სასიყვარულო რომანი საუკეთესო მეგობრის ცოლთან, პოლიტიკური მოწამვლის მსხვერპლი და ერთ ღამეში გატეხილი ოთხი საწოლი“ - რას სცოდავდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ აზრს გავლენა მათ ცხოვრებაზე?

სასიყვარულო რომანი და სკანდალური მიმოწერები საუკეთესო მეგობრის ცოლთან, განქორწინებულზე ქორწინების სირთულე და ოთხი საწოლი, რომელიც პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გატეხეს - რას სცოდავდნენ ამერიკის პრეზიდენტები და ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ აზრს გავლენა მათ ცხოვრებაზე?

ის, რაც ამერიკელებმა კანონმდებლებმა „ოჯახურ ძალადობად“ შერაცხეს, რამდენიმე საუკუნის წინ ქვეყნის ტრადიციად აღიქმებოდა. მორალური ღირებულებები და ოჯახის კულტი, ქალის ვალდებულებები და პატრიარქალური წყობა გარკვეულ ეტაპზე უცხო არც ოკეანის გაღმა არსებული კონტინენტისთვის ყოფილა. საზოგადოებრივი აზრი და მის მიმართ გამოჩენილი ანგარიშიანობა ხშირად პრობლემების არიდების მთავარ გზად ითვლებოდა, გარკვეული პირების პირადი ცხოვრება კი საზოგადოების განსჯის საგანი მუდმივად ხდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ადამიანებს ექცეოდათ, რომელთაც ქვეყნის სვე-ბედზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. მას, ვინც საზოგადოების მიერ დაწესებულ მორალური ჩარჩოებს არღვევდა, მსოფლიო მასშტაბის სკანდალიდან თავის დასაღწევად სერიოზული ბრძოლა უწევდა. ადგილი ისეთ ფაქტებსაც ჰქონია, როდესაც ქალბატონები პირადი ცხოვრების გამო საზოგადოებრივი აგრესიის მსხვერპლი აბსოლუტურად უსამართლოდ გამხდარან. მსგავსი ფაქტები კი ყველაზე მტკივნეულად ქვეყნის პირველ პირებზე აისახებოდა და მათ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე გარკვეულ გავლენასაც ახდენდა.  

სკანდალი, რომელიც თეთრ სახლში 20 წლის წინ აფეთქდა და მსოფლიო მასშტაბებს გასწვდა, აშშ-ს 49-ე პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ეხებოდა. 1998 წელს მასმედიამ პრეზიდენტის პირადი ცხოვრება თეთრი სახლის თანამშრომელს, 22 წლის მონიკა ლევინსკის დაუკავშირა. თუმცა კლინტონი ის ერთადერთი ლიდერი არაა, რომელმაც ამერიკელი საზოგადოება აალაპარაკა. ჟურნალისტებსა და ამომრჩევლებს გაცილებით მწვავე რეაქცია ბევრად უფრო ადრე აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის პირად ცხოვრებაზე ჰქონდათ. ამ უკანასკნელმა საკუთარი ბედი ჯერ კიდევ სხვასთან ქორწინებაში მყოფ ქალს დაუკავშირა, რომელზეც მოგვიანებით კიდევ ერთხელ იქორწინა. ამომრჩევლების ყურადღების ცენტრში უორენ ჰარდინგიც მოექცა. ეს უკანასკნელი ისტორიაში არა მხოლოდ აშშ-ს 29-ე პრეზიდენტის სახელით შევიდა, არამედ საზოგადოებას თავი იმ ადამიანადაც დაამახსოვრა, რომელმაც საუკეთესო მეგობრის ცოლთან 15-წლიანი რომანი გააბა. მისთვის მიწერილი წერილები კი  2014 წლამდე გასაიდუმლოებული ჰქონდათ. საინტერესო და განსხვავებული იყო ჰარი ტრუმენის ცხოვრების ეპიზოდი. საზოგადოება ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ იმიტომ ალაპარაკდა, რომ მათ ერთმანეთი ასაკშიც კი გამოხატულად უყვარდათ. სკანდალი  იმ ღამეს მოჰყვა, როდესაც მეუღლეებმა სახლში მარტო, მოსამსახურეების გარეშე დარჩენა გადაწყვიტეს, ხოლო დილით ერთ-ერთ თანამშრომელს ოთხი გატეხილი საწოლის ახლით ჩანაცვლება სთხოვეს.

 

1. ენდრიუ ჯექსონი

 „პოლიტიკური მოწამვლის“  მსხვერპლი

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შეერთებული შტატები ბევრად უფრო პატრიარქალურ ქვეყანად გამოიყურებოდა, ვიდრე იმდროინდელი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ქორწინება მყარ და უწყვეტ კავშირად ითვლებოდა. მრავლად იყო მრავალშვილიანი ოჯახები. მეუღლეები ერთმანეთს გვარებით მიმართავდნენ და წინ სიტყვებს „ბატონსა“ და „ქალბატონს“ ურთავდნენ. რაც შეეხება განქორწინებებს, ეს საკმაოდ ცუდ ტონად და სირცხვილადაც კი ითვლებოდა. დაშვებულად მიიჩნეოდა ქვრივზე დაქორწინება, მაგრამ დაქორწინება ქალზე, რომელსაც განქორწინების გამო შელახული რეპუტაცია ჰქონდა, უკვე სულ სხვა საქმე გახლდათ.

აშშ-ს მომავალი ლედი, რეიჩელ დონელსონი 1767 წელს ამერიკის სამხრეთში, ტენესში დაიბადა - შტატში, სადაც პატრიარქალური ტრადიციები განსაკუთრებულად ძლიერი იყო. 18 წლის ასაკში ის ცოლად ლუის რობარდს გაჰყვა. წყვილის ერთობლივ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა... რამდენიმე ხნის შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონმა საკუთარ  თავზე გამოსცადა ის, რასაც ამერიკელმა კანონმდებლებმა მოგვიანებით „ოჯახური ძალადობა“ უწოდეს. ბატონი რობარდსი ალკოჰოლიკი აღმოჩნდა, რომელიც არცთუ იშვიათად სცემდა ცოლს. თანაცხოვრებას წერტილი რეიჩელმა დაუსვა, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. იმ ეტაპზე მისი დედის ოთახი დაქირავებული ჰქონდა ერთ იურისტს, ენდრიუ ჯექსონს, რომელიც მომავალში  რეიჩელის ქმარი და ამერიკის  პრეზიდენტი გახდა.

ქმართან განშორებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რეიჩელმა ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტა და განცხადებაც შეიტანა. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალბატონი პროცედურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მან, უბრალოდ, დოკუმენტები დაუტოვა იურისტს და ჯექსონთან ერთად მისისიპის შტატში გაემგზავრა. სწორედ იქ იქორწინა პირველად წყვილმა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციით დაბრუნდა ნეშვილში. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბატონი და ქალბატონი რობარდსების ქორწინება სრულად ანულირებული არ იყო და შესაბამისად, მეორე ქორწინება  ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა.

ჯექსონს არც პატრიარქარული მორალის და არც საზოგადოებრივი მითქმა-მოთქმის არ შეშინებია და განქორწინების ყველა პროცედურის გავლის შემდეგ,  1794 წელს,  საყვარელ ქალზე მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი ენდრიუ ჯექსონმა პოლიტიკური კარიერის აწყობა დაიწყო.  ის  აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო პროცესებში, ამერიკელ ხალხთან ერთად მონაწილეობდა ომში, იყო დუელების მონაწილე,  გახდა სენატორიც და ა.შ. 1824 წელს კი პირველად გადაწყვიტა, ებრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის.

პირველი კამპანია მან ჯონ კუინს ადამსთან წააგო, რომელიც ჯექსონს ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში გათხოვილ ქალთან ქორწინების ფაქტს უხსენებდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მეორე საარჩევნო კამპანიის დროს კი ამერიკული პრესა რეიჩელის რეპუტაციის შელახვას ბოლომდე შეეცადა. რაც შეეხება აშშ-ს მომავალ მეშვიდე პრეზიდენტს, ჯექსონს, ის მთელი ძალებით ცდილობდა ცოლის ღირსების შენარჩუნებას, ებრძოდა ყველას, ვინც მასზე ცუდს დაწერდა ან იტყოდა. დუელში იწვევდა ხალხს, ვინც რეიჩელს მისთვის არასასიამოვნო სახით ახსენებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯექსონი არც ისე კარგად ისროდა. მას ტყვიებით სავსე ტომარას ეძახდნენ, რადგან სხვისი ტყვია არაერთხელ მოხვედრია. როგორც კი მომდევნო დაჭრის შემდეგ ფეხზე წამოდგებოდა, ის ისევ დუელში იწვევდა ყველას, ვინც მის ცოლს შეურაცხყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანში ძნელად არტყამდა, ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა. ის ადვოკატისა და სტრატეგის როლს ბევრად უკეთესად ირგებდა, თუმცა ხალხის დუელში გამოწვევას და სროლას მაინც არ წყვეტდა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 1828 წელს  გაახმოვანეს.  ამ დროისთვის ჯექსონების ასაკი 60 წელს ითვლიდა. რეიჩელი სახლიდან ვაშინგტონში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მას თეთრი სახლის საქმეები უნდა გადაებარებინა და ინაუგურაციისთვის მზადება დაეწყო. როგორც ოჯახის ბიოგრაფები ამბობენ, რეიჩელმა  საბედისწერო გაზეთი სწორედ მაშინ მიიღო, რომელშიც  ორქმრიანობასა და დაბალ მორალზე მასზე დაწერილი პამფლეტი ამოიკითხა. ხანში შესულმა ქალბატონმა ვაშინგტონამდე გზის ძირითადი ნაწილი ტირილით გაიარა. შემდეგ მდინარესთან შესვენება გადაწყვიტა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი  ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა.  ექიმების თქმით, გულის ავადმყოფობის პროვოცირება ძლიერ სტრესს შეეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზეთში ამოკითხულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. რეიჩელი რამდენიმე დღის შემდეგ,  ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ის „პოლიტიკური მოწამვლის“ მსხვერპლი გახდა.

რაც შეეხება ჯექსონს, აშშ-ს ისტორიაში ის ერთ-ერთი უცოლო მამაკაცი იყო, რომლის ადმინისტრაციაშიც პირველი ლედის როლს (ორივე ვადის დროს) მისი გარდაცვლილი ცოლის ნათესავები ასრულებდნენ.

რეიჩელის გარდაცვალების შემდეგ ჯექსონი ბევრად ემოციური გახდა. ის ხშირად იყენებდა უცენზურო სიტყვებს. შემდეგ თუთიყუშიც იყიდა და გინება ასწავლა. ფრინველმა კარგად იცოდა, სად უნდა გაეშვა ვაშინგტონის პოლიტიკუმის წევრები.

თეთრ სახლში 8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნეშვილში დაბრუნდა და ცოლის საფლავს სიკვდილამდე ყოველდღიურად სტუმრობდა.

ლეგენდის თანახმად, დასაფლავების დროს მღვდელმა ლოცვის დასრულება ვერ შეძლო - საიდანღაც თუთიყუში მოფრინდა და სახელდრობრ მათი გინება დაიწყო, ვისაც კი რეიჩელ ჯექსონზე ოდესმე ცუდი დაუწერია ან უთქვამს.

 

უორენ ჰარდინგი

მრავალწლიანი რომანი საუკეთესო მეგობრის ცოლთან

მომავალი პრეზიდენტი, უორენ ჰარდინგი ოჰაიოს შტატში დაიბადა. პოლიტიკური ამბიციები არასდროს ჰქონია, თუმცა… საზოგადოებრივ ასპარეზზე მედიამფლობელის ამპლუაში გამოჩნდა. მან გაზეთი  Marion Star იყიდა და...

მისი მეუღლე, ფლორენს დევულფი, რომელსაც ჰარდინგი ჰერცოგინიას უწოდება, ქალაქში ყველაზე მსხვილი ბანკირის ქალიშვილი იყო. სწორედ ცოლის გავლენით მიიღო ჰარდინგმა ოჰაიოს გუბერნატორის  არჩევნებში მონაწილეობა. წაგების შემდეგ კი რესპუბლიკური პარტიიდან სენატში კენჭისყრა გადაწყვიტა. ეს რბოლა მოიგო. 1920 წელს კი უკვე საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

 „მე მაქვს პატიოსანი სახე“ - ასე ჟღერდა ჰარდინგის სლოგანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რაც მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური გახლდათ. თუმცა მეორე მხრივ, საკმაოდ დიპლომატიური გადაწყვეტილებაც იყო - მეუღლის გავლენით მან აქცენტი გააკეთა ქალების ხმებზე, რაც მისთვის სასურველი შედეგის მისაღებად გადამწყვეტი  აღმოჩნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნებში მონაწილეობდნენ ქალთა სქესის წარმომადგენლები. საბოლოოდ, საარჩევნო კამპანია გაზეთის ყოფილმა მფლობელმა მოიგო და აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი გახდა.

1925 წელს სან-ფრანცისკოში გაიხსნა გოლფის მოედანი, რომელსაც უორენ ჰარდინგის სახელი დაერქვა.

ფლორენსი საკმაოდ თანამედროვე პირველი ლედი აღმოჩნდა - ის  ოფიციალური სადილების შემდეგ მოდისა და კინოს ჩვენებებს აწყობდა,  მანვე იმ დროს, როდესაც ქვეყანაში „მშრალი კანონი“ მოქმედებდა, გადაწყვიტა,  თეთრი სახლის სტუმრებისთვის სპირტიანი სასმელები შეეთავაზებინა.  ჰარდინგების ბიოგრაფების თქმით, პრეზიდენტს სიტყვასაც ის უწერდა.

თავის მხრივ, ჰარდინგს ქვეყნის პირველი პირის ამპლუაში ყოფნა საერთოდ არ მოსწონდა - თანამდებობის დაკავებამდე მას აზარტული თამაშები და ბურბონი იტაცებდა. პრეზიდენტის ამპლუამ კი მისი ჰობის გარკვეული მიმართულებები შეზღუდა. თუმცა ხშირად საყოველთაოდ აღიარებულ წესებს მაინც არ ემორჩილებოდა და საკუთარ თავს გართობის უფლებას აძლევდა. მაგალითად, უკვე სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას ბანქოში თეთრი სახლის ფაიფური წააგო. დროს, ძირითადად, საწერ მაგიდასთან კი არა, თეთრი სახლის სახურავზე ატარებდა სიგარით და  ჭიქა ვისკით ხელში. გაზეთში იმ პერიოდში რეგულარულად ქვეყნდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი პოტომაკში შიშველი ცურავდა.  თავად ჰარდინგი კი ხშირად ამბობდა, -  არ ვარ დაბადებული ოფისისთვის და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ აქ ვიმყოფებოდეო. ამისთვის საკმაოდ წონადი მიზეზი არსებობდა - საპრედიზენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ცოლმა მარტივი და ადვილად გასაგები ენით აუხსნა, რომ თეთრ სახლში მუშაობა მრუშობას გამორიცხავდა.  

ფლორენსმა ჰარდინგს მრავალ სასიყვარულო ისტორიაში შეუშალა ხელი. მაგალითად, წინ აღუდგა ოფიციალური საყვარლის სტატუსით ვაშინგტონში ნენი ლივინგის გადმოსვლას. თუმცა ყველაზე მეტად ფლორენსს ერთი ისტორიის მოგვარება გაუჭირდა, რომელიც ჰარდინგის საუკეთესო მეგობრის ცოლს,  კერი ფულტონ ფილიპსთან იყო კავშირში. ამ უკანასკნელთან მას 15 წლიანი ისტორია ჰქონდა. ფლორენსი მათი კავშირის ფორმაზე  თანაცხოვრებიდან ორი წლის შემდეგ დაფიქრდა. მეტიც, მან უფლება მისცა ქმარს, გაეგრძელებინა ეს ურთიერთობა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ კი პირველმა ლედიმ  29-ე პრეზიდენტის ბიოგრაფიის გასუფთავება მოინდომა. ჰარდინგებმა ამის შესახებ ერთად აცნობეს ფილიპსს. ამ უკანასკნელმა კი მათი სასიყვარულო წერილებით დაშანტაჟება გადაწყვიტა, რომელიც, დაახლოებით,  1000 გვერდს ითვლიდა. რამდენიმე მათგანი კი აშშ-ს სენატის ოფიციალურ ბლანკებზე იყო დაწერილი. იმისთვის, რომ ეს წერილები გაექრო, აშშ-ს 29-ე პრეზიდენტმა ფილიპსს 25 ათასი დოლარი გადაუხადა. სანაცვლოდ, ფილიპსმა წერილები საიდუმლო ადგილას დამალა, სადაც მის სიკვდილამდე,   მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ინახებოდა.  

მეტიც, რესპუბლიკურმა პარტიამ ჰარდინგების მოგზაურობა დაასპონსორა, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა.  ასე პარტია მათი საზოგადოებრივი ასპარეზიდან გაქრობას შეეცადა.  

წერილები მხოლოდ 2014 წელს გამოაქვეყნეს. წამყვანი ამერიკული გამოცემები მკითხველს  ჰარდინგის და ფილიპსის მიმოწერის სრულად წასაკითხად შვებულების ან ბიულეტენის აღებას ურჩევდნენ.

ამონარიდები წერილებიდან

“... ჯერი მოვიდა და წასვლას არ აპირებს. თქვა, რომ უყვარხარ, რომ შენ ერთი ხარ, ერთადერთი ამ სამყაროში….   არ უნდა მოიწყინო. ის მთლიანად არის ერთი იდეის ერთგული - რომ არსებობს იმისთვის, რომ მოგცეს ყველაფერი.  ვშიშობ, შეიძლება ზედმეტად აღტკინებულიც მოგეჩვენოს...”

15 სექტემბერი, 1913 წელი

„ჯერი - გახსოვს ჯერი, ვისი ფოტოებიც გამოგიგზავნე ევროპაში?! - ის მოვიდა, როცა მე ჩემს გონებაში შენს წერილებს ვარჩევდი. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. ძალიან დაინტერესდა, აღელდა და ყველანაირად მხარი დაუჭირა საუბარს. მთხოვა, გადმომეცა, რომ საუკეთესო ხარ, ყველაზე ძვირფასი ხარ ამ სამყაროში, და თუ მას ერთი სურვილის ახდენის შესაძლებლობა ექნებოდა,  ერთადერთს ისურვებდა  - აღმოჩნდეს შენს მკლავებში და იცელქოს შენს ტუჩებზე, რომელთაც დაუჯერებელი ექსტაზი მოაქვთ და ჩუქნის მას ენით აღუწერელ სიხარულს. ვეთანხმები ყველაფერს, რაც თქვა, სავარაუდოდ, ეს არც ისე მნიშვნელოვანი და საინტერესოა შენთვის, მაგრამ ის ერთგულად და მთლიანად გეკუთვნის შენ”

12 მარტი 1915 წელი.

 

საინტერესოა, ვინ არის ჯერი? - ამ კითხვას სვამდნენ ჰარდინგის სიკვდილიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ გონებამახვილი ვაშინგტონელი ექსკურსიამძღოლები და ისტორიის მასწავლებლები - აუდიტორია კი უხერხულად იცინის პასუხად.  

ჯერი - ასე უწოდებდა 29-ე პრეზიდენტი საკუთრ პენისს. ჯერის ფოტოები, რომელიც კერი ფილიპსს გაუგზანვა, არ შენახულა, მაგრამ ისტორიკოსები და ბიოგრაფები უსაფუძვლოდ არ ეძახიან მიმოწერას და ინტიმური ზონის ფოტოებს, რომელიც საყვარლისთვის არის გაგზავნილი - სექსტინგის ისტორიულ მაგალითს.

უორენ ჰარდინგი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის. საბედისწერო დღემდე ის ალიასკაზე სამუშაო ვიზიტით მოგზაურობდა.  სწორედ იქ იგრძნო თავი შეუძლო. ტკივილებს უჩიოდა მუცლის არეში. ექიმებმა ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს და უფრო საფუძვლიანი დიაგნოსტიკისთვის მოგზაურობის შეწყვეტა და კალიფორნიაში გადასვლა ურჩიეს.

პრეზიდენტი და პირველი ლედი სან-ფრანცისკომდე მივიდნენ, სადაც ჰარდინგი მოულოდნელად სასტუმროში გარდაიცვალა. ექიმმა მას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. შეთქმულების თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ის ეჭვიანობის ნიადაგზე ფლორენსმა მოწამლა. ქვრივად დარჩენილი კი მეუღლის გარდაცვალებიდან 15 თვეში გარდაიცვალა.

 

ჰარი და ლიზაბეტ ტრუმენებმა ოთხი საწოლი გატეხეს

ჰარი ტრუმენი  ფრანკლინ დელანო რუზველტის ადმინისტრაციის ვიცეპრეზიდენტი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე 4 რეკორდული ვადით  მუშაობდა. რუზველტი 1945 წლის აპრილში გარდაიცვალა და ქვეყნის მართვისა და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ვალდებულება ტრუმენს დაუტოვა.

როდესაც ტრუმენი თეთრ სახლში გადავიდა, აღმოაჩინა, რომ რეზიდენციის გვარიანად დაძველებულ შენობას სიმყარის პრობლემები ჰქონდა - კუთხეებსა და კედლებზე ბზარები შეინიშნებოდა. მისის ტრუმენის მოთმინების ფიალა თეთრ სახლში ცხოვრებიდან 3 წლის შემდეგ აივსო, როდესაც მისი ქალიშვილი, მერი მარგარეტი ფორტეპიანოზე უკრავდა - მომდევნო ექსპრესიული პასაჟის დროს იატაკმა ვერ გაუძლო და გოგონა ინსტრუმენტით სარდაფში ჩავარდა.

პრეზიდენტის ოჯახი  ბლერ-ჰაუსში გადავიდა - სახლში, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასტუმრო რეზიდენციის სახით უცხოელი სტუმრებისთვის იყიდა (უფრო კონკრეტულად კი იმისთვის, რომ იქ პერიოდულად ბრიტანელ პრემიერს, უინსტონ ჩერჩილს ეცხოვრა, რომელიც რუზველტთან მეგობრობდა და ვაშინგტონში ვიზიტის დროს თეთრ სახლში რჩებოდა. იქ სიგარით ხელში დასეირნობდა და ხანდახან შუა ღამეს პრეზიდენტის საძინებელშიც შევარდებოდა ხოლმე, რომ  რამდენიმე „გადაუდებელი“ პოლიტიკური საკითხი განეხილათ).

ახალ პირველ ლედის, ელისაბეტ „ბესს“ ტრუმენს კატეგორიულად არ მოსწონდა ვაშინგტონი. უფრო მეტად კი ყოფილ პირველ ლედისთან, ელეონორ რუზველტთან შედარების ფაქტი აღიზიანებდა. ეს უკანასკნელი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და უმცირესობის, ინვალიდების, ქალებისა და იმიგრანტების უფლებებს იცავდა. ბესს კი მისი როლის მორგების სურვილი არ ჰქონდა. პირველ რიგში მას თავისი მისი ქმრის ცოლად უნდოდა, ეგრძნო თავი,  იმისდა მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი აშშ-ს პრეზიდენტი გახლდათ. ის და ჰარი ერთმანეთს სკოლის მერხიდან იცნობდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულობით ერთობლივი ცხოვრება აკავშირებდათ, ტრუმენებს რეალურად ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. იმდენად ახლო, რომ როდესაც ბესი და მერი მარგარეტი ვაშინგტონიდან მისურში მიდიოდონენ, ჰარი შესამჩნევად იცვლებოდა, დანაღვლიანებული დადიოდა  და გულწრფელად ენატრებოდა ცოლი. ბუნებრივია, ამაში სკანდალური არაფერია. არც მორალური ვალდებულებების უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე. სკანდალი 1949 წელს ცოლ-ქმრის მარტო დარჩენის ფაქტმა ააგორა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პირველი ლედი მთელი ოთხი თვით გაემგზავრა სახლიდან და სექტემბრის შუა რიცხვებში ქალიშვილზე ადრე დაბრუნდა. ბლერ-ჰაუსში მას გაშლილი მაგიდა და ანთებული სანთლები ელოდებოდა. ტრუმენებს ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. იმ ღამეს მოსამსახურე პერსონალიც დაითხოვეს. საიდუმლო სამსახურმა კი ანგარიშში ჩაწერა, რომ წყვილი შეყვარებული უფროსკლასელებივით გამოიყურებოდა, რომელთა მშობლებიც ქალაქიდან მიდიოდნენ და მათ მარტო დარჩენის შანსი ეძლეოდათ. დილით ბესმა დარცხვენილმა ჰკითხა მსახურს, რომ ღამის განმავლობაში პრეზიდენტისა და სტუმრების საძინებელში 4 საწოლი გატყდა და იყო თუ არა შესაძლებელი მათი შეცვლა...

ტრუმენი ამ დროს 65 წლის იყო, ბესი კი - 64-ის გახლდათ.

ბლერ-ჰაუსის ინციდენტის შემდეგ ჰარიმ კიდევ ერთხელ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა.

წყვილი მისურის შტატში გადავიდა და ტრუმენის სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდა. ჰარი ტრუმენი 1972 წელს გარდაიცვალა. ბესმა კი ქმრის გარდაცვალებიდან კიდევ ათი წელი იცოცხლა. ის მეუღლესთან ერთად დაკრძალეს.