ეკონომიკა
უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა რუსეთი ინვესტორებისთვის ყველაზე სანდო და მიმზიდველ ქვეყნად დაასახელა
უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა რუსეთი ინვესტორებისთვის ყველაზე სანდო და მიმზიდველ ქვეყნად დაასახელა

რუსეთმა ჩინეთს განვითარებადი ქვეყნების რეიტინგში ლიდერობა ჩამოართვა

უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა Bank of America Merrill Lynch-მა  ამერიკული სანქციების მოსალოდნელ გამკაცრებამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთი ინვესტორებისთვის ყველაზე სანდო და მიმზიდველ განვითარებად ბაზრად დაასახელა.  ამ კუთხით რუსეთმა ჩინეთსაც  გაუსწრო.

ბანკმა განვითარებადი ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მაკროეკონომიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე  10 ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის რეიტინგი შეადგინა. ანგარიში მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას, ბიჯეტის დეფიციტს და სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად ზრდადია, მას პირველობის დათმობა მაინც მოუხდა. ათეულის ლიდერი, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე,  რუსეთი გახდა. მიღებული შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: რუსეთს, მაგალითად, უფრო დაბალი სახელმწიფო და კერძო (კომპანიები და ოჯახი) ვალი  და უფრო მაღალი მიმდინარე ანგარიში აქვს, რომელიც ქვეყანაში საგარეო ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების ბალანსს ასახავს. რუსეთში, ასევე,  ჩინეთთან შედარებით,  ბიუჯეტის დეფიციტიც დაბალია: BofA-ს შეფასებით, ის მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8% -ს შეადგენს, ხოლო ჩინეთში ეს მონაცემები 3%-ია.

რუსეთსა და ჩინეთს გარდა განვითარებადი ქვეყნების ათეულში სამხრეთ კორეა, ინდონეზია, ინდოეთი, მექსიკა, პოლონეთი, ბრაზილია, თურქეთი და სახმრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შევიდა. ბოლო სამ ქვეყანას ანგარიშში „მყიფე სამეული“ უწოდეს - მათ მაღალი ვალი აწევთ ტვირთად და ბიუჯეტისა და ვაჭრობის დეფიციტიც აქვთ.  გარდა ამისა ეს ქვეყნები სტაგფლაციაში აღმოჩნდენ - სიტუაციაში, როდესაც ფასები, საერთო ეკონომიკური  ვარდნის პირობებში, სწრაფად იზრდება.

Bank of America Merrill Lynch-ის ანგარიში რუსეთისთვის ამერიკის მხრიდან სანქციების შესაძლო გამკაცრებამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა, რამაც,  გარკვეულწილად, შესაძლოა, რუსეთის სუვერენულ ვალსაც დაარტყას.

 

საახალწლო რალი

საინტერესოა, ეშინიათ თუ არა ინვესტორებს სანქციების? თუ ძირითადი მაჩვენებლებით შევაფასებთ, - არა. წლის დასაწყისიდან რუსეთის ბაზარი და რუბლი მდგრადი ზრდადობის ტენდენციას აჩვენებს. 

მოსკოვის ბირჟის ინდექსი წლის დასაწყისიდან 5,6%-ით, ხოლო RTS ინდექსი - 6,7 %-ით  გაიზარდა. დოლართან მიმართებაში რუბლიც შესამჩნევად (თითქმის 1%-ით) გამყარდა. თუ 29 დეკემბერს ამერიკული ვალუტა  57,6 რუბლის ნიშნულთან მერყეობდა, 10 იანვარს 1 დოლარი უკვე 57 რუბლი  ღირდა.

რუსეთის ბაზარზე სავაჭრო ბრუნვის ზრდა ნავთობზე ფასების განმტკიცების ფონზე ხდება. Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები მარტში 69,15 დოლარს შეადგენდა.  ფასები ბიძგს აძლევდა OPEC-ის ხელშეკრულების გაგრძელებას ნავთობის მოპოვებისა  და ირანში საპროტესტო გამოსვლების შემცირების თაობაზე. ბოლო თვის განმავლობაში ნავთობის ფასები თითქმის 10%-ით გაიზარდა. 

Sberbank CIB-ის საინვესტიციო განყოფილების მიმოხილვებში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბაზრებმა 2018 წელი პოზიტიური ნოტით დაიწყო - ინვესტორები რისკებს საკმაოდ ოპტიმისტურად აღიქვამენ და ფულად სახსრებს ბრუნვაში უშვებენ.  ბანკის ექსპერტების თქმით, ისინი მზად არიან, გარისკონ და ფული იშოვონ.

ამ დროს კი რუსეთი  ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად გამოიყურება. ნავთობზე ფასები ახალ ლოკალურ მაქსიმუმზე აღმოჩნდა, ბიუჯეტმა ამ წელს დეფიციტის გარეშე შეიძლება ჩაიაროს, ხოლო ცენტრალური ბანკი პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე მუშაობს, - წერენ სბერბანკის ეკონომისტები. ამასთან ისინი ხალხს, გარკვეული რისკების არსებობის გამო, ფრთხილად ყოფნას ურჩევენ. ამ რისკების მაპროვოცირებელი კი აშშ-ს მხრიდან სანქციების გამკაცრება და მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება აღმოჩნდეს. ეს უკანასკნელი  მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარდეს.

 

რა ბედი ელის რუბლს?

რუბლი  2017 წის სექტემბრიდან მოყოლებული მაქსიმუმთან ახლოს იმყოფება. ამის შესახებ ბანკ Nordea-ს ეკონომისტმა, ტატიანა ავდოკმოვამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიაში  უახლოს მომავალში 1 დოლარის ღირებულებად  56,5-57,5 რუბლს ანგარიშობენ.

იანვარში, მისი თქმით, ეკონომიკაში უამრავი ფაქტორი შეუწყობს ხელს რუბლის გამყარებას.  მათ შორის  არის უცხოელი ინვესტორების ინტერესებიც, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტებისადმი ინტერესს გულისხმობს, ასევე მოიაზრება მაღალი ფასები ნავთობზე და ძლიერი ანგარიში მიმდინარე ოპერაციების პირველ კვარტალში. ევდოკიმოვას თქმით, რუბლის გამყარებას ხელი შეიძლება ასევე  ფედერალური სესხების რუსული ობლიგაციების ყიდვის აკრძალვამ შეუწყოს, უფრო სწორად კი ინვესტორებმა, რომლებიც გადაწყვეტენ იყიდონ ისინი შესაძლო აკრძალვის ამოქმედებამდე.

ექსპერტების განმარტებით, ბევრი სპეკულანტი ყიდულობდა ფედერალური სესხების ობლიგაციებს Carry Trading-ისთვის. ამ ოპერაციის ფარგლებში ინვესტორი სესხულობს ფულს ერთ ქვეყანაში დაბალი პროცენტით, ყიდულობს მეორე ქვეყნის ვალუტას, დებს ფასიან ქაღალდებში და ავალდებულებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

თუმცა სხვა ექსპერტები მთლად ასეთი ოპტიმისტები არ არიან. მაგალითად, VTB კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, დოლარის საშუალო კურსი პირველ კვარტალში 59,4 რუბლს შეადგენს. Sberbank CIB-ში კი ელოდებიან, რომ პირველი კვარტლის ბოლოს დოლარი 59 რუბლი გახდება. ისინი, ნაწილობრივ ამას იმით ხსნიან, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ვალუტის ყიდვის მოცულობას გაზრდის.