ეკონომიკა
რა რისკების წინაშე დგანან კრიპტოვალუტის მომხმარებლები და შესაძლებელია თუ არა მისი აკრძალვა
რა რისკების წინაშე დგანან კრიპტოვალუტის მომხმარებლები და შესაძლებელია თუ არა მისი აკრძალვა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი საფონდო ბირჟებზე ელვისებური სისწრაფით იზრდება.

2017 წლის აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში - 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს - 20 ათას დოლარს მიუახლოვდა. 

ბიტკოინი კომპიუტერულ ქსელებში 2009 წელს ჩაუშვეს. პირველ წელს მისი ღირებულება 0 დოლარი გახლდათ. 2010 წელს - 1 დოლარისთვის არ გადაუჭარბებია, უფრო ზუსტად კი 0.39 დოლარი ღირდა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი სანდო ვალუტა არაა - ის ფინანსური პირამიდაა და მისი ფასი, შესაძლოა, იმაზე სწრაფად დაეცეს, ვიდრე გაიზარდა. ექსპერტების ნაწილი კი უახლოეს მომავალში ბიტკოინის ფასის 20 000 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.

ზოგიერთი ინვესტორის მსგავსად, კაპიტალისტი, ჩამათ ფალიჰაპიტია ფიქრობს, რომ 1 ბიტკოინის ფასი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში 100 000 დოლარს მიაღწევს, ხოლო მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ხსენებული კრიპტოვალუტის ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონი დოლარიც  შეადგინოს.

სარისკო კაპიტალის ინვესტორი, რომელმაც 1 ბიტკოინი წლების წინ 100 დოლარად შეიძინა, cnbc-თან საუბარში აცხადებს,  რომ ინვესტორებმა თავიანთი კაპიტალის 1% კრიპტოვალუტაში უნდა ჩადონ.

მსოფლიოში 5000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, ყველაზე ცნობილი კი მათ შორის 10-ია. ჩამონათვალში პირველ ადგილს, 2017 წლის კვლევით, ბიტკოინი იკავებს. შემდეგ მოდის ეტერეუმი, მესამე პოზიციაზეა რიფლი, მეოთხეზე - ლიტეკოინი, მე-5-ზე - მონერო, მე-6-ზე -ეთერეუმ კლასიკი, მე-7-ზე - დეში, მე-8-ზე - მეიდსეიფკოინი, მე-9-ზე აუგური და მე-10-ზე ნეუმი.

ბიტკოინი დამოუკიდებელი კრიპტოვალუტაა, რომელიც არაცერთ მთავრობასთან არ არის დაკავშირებული და მისი რეგულირება არცერთი ბანკის მიერ არ ხდება.

ბიტკოინით ვაჭრობა ლეგალურია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, სინგაპურში, იაპონიაში, ისრაელში, ბელარუსიაში...

ბიტკოინი აკრძალულია ისლანდიაში, ვიეტნამში, ბოლივიაში, ყირგიზეთში, ეკვადორსა და რუსეთში.

რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის ხელისუფლებამ  ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავების აკრძალვა გადაწყვიტა და აღნიშნულის მიზეზად, მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით რესურსის ხარჯვა და ვირტუალურ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სპეკულაციები დაასახელა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მაინინგისთვის საჭირო სიმძლავრეების 80% ჩინეთშია განლაგებული, მათმა დახურვამ კი ბიტკოინის ბაზარზე დიდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს.

ინტერნეტში იანვრის დასაწყისში გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ჩინელმა მარეგულირებლემა შეიმუშავეს, ბიტკოინის მაინინგზე შეზღუდვების ამოქმედების ზუსტი თარიღი აღნიშნული არ იყო.

ოქტომბერში ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აკრძალეს.

ბიტკოინი რამდენიმე ქვეყანაში დააკანონეს, თუმცა ევროკავშირი კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესების მომხრეა.

15 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანონმდებლები ბიტკოინთან დაკავშირებით მკაცრი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ, რათა ევროკავშირმა კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია მოახდინოს. სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების აღსაკვეთად არის შემუშავებული.

ევროკავშირის კანონმდებლებმა  მხარი  წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოების აკრძალვასაც დაუჭირეს.

სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები და ციფრული საფულის პროვაიდერები იძულებულნი ხდებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ. 

კანონის საკუთარ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი ვადა აქვთ.

 

საქართველო და ბიტკოინი

კომპანია e-money-ის ინფორმაციით, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის მონეტიზაციის შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად მზარდია. 

კომპანიის ცნობით, ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2015-დან 2016 წლამდე 400% -ით, 2016-დან 2017 წლამდე კი – 130%-ით გაიზარდა. 

მოთხოვნა ყოველწლიურად არამარტო ბიტკოინზე, არამედ სხვა კრიპტოვალუტებზეც იზრდება. 

მომხმარებლები აქტიურად არიან ჩართული ე.წ. მაინინგის, გამომუშავების, პროცესში, e-money-ის მეშვეობით კი ბიტკოინებს მათთვის სასურველ ვალუტაზე ცვლიან. ბიტკოინი მათთვის გადარიცხვების დროსაც მოსახერხებელია, რამდენადაც არც მაღალი საკომისიოს გადახდა უწევთ და არც თანხის ასახვის ლოდინი.

თსუ-ს ყოფილი რექტორი, ვლადიმერ პაპავა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში კრიპტოვალუტით ბევრია გატაცებული. ის ბიტკოინის მომხმარებლებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. პაპავას თქმით,  ეს ფინანსური პირამიდაა, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდება და ზარალის მომტანი იქნება. მისივე ინფორმაციით, საფრთხე რეალურია და შესაძლოა მოქმედებაში 2018 წელს მოვიდეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბერში მოქალაქეები ბოლო პერიოდში მსოფლიოში პოპულარულ ვირტუალურ (კრიპტოგრაფიულ) ვალუტებთან დაკავშირებით უკვე გააფრთხილა.

„ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს.

ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოებები:

-დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.

-ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.

-ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.

-ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირტუალური ვალუტების გამოყენებისას გამოიჩინონ სიფრთხილე და მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ვინ გამოიგონა ბიტკოინი?

ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა. ის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა. ბიტკოინი ინგლისური სიტყვაა - "bit"- წვრილ ფულს და "coin"-მონეტას ნიშნავს. მისი გამოგონებელი ცნობილია სატოში ნაკამოტოს სახელიც, თუმცა უცნობია, ეს ერთი ადამიანია თუ ადამიანთა ჯგუფი.

სატოში ნაკამოტომ 2008 წლის მიწურულს გამოგონების შესახებ საჯაროდ განაცხადა  და  ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და  ერთ კომპიუტერს მეორესთვის ინფორმაციის  პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით შეუძლია. ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე.

ბიტკოინის ძირითადი საზომი ერთეული არის თავად სიტყვა "ბიტკოინი". მცირე ზომის ბიტკოინები ანუ სატოშები, წარმოადგენენ ბიტკოინის მეასმემილიონედს, ის ბიტკოინის ყველაზე მცირე საზომი ერთეულია (1 სატოში=0.00000001 ბიტკოინი). ეს სახელი მისი შემქმნელის - სატოში ნაკამოტოს გამო დაერქვა.

ბლოკჩეინის სისტემაში ბიტკოინები დარეგისტრირებულია ბიტკოინის მისამართებზე. იმისათვის, რომ მფლობელმა შეძლოს ბიტკოინების გადარიცხვა, მან უნდა იცოდეს საკუთარი ასიმეტრიული კრიპტოსისტემა, ანუ გასაღები. ეს გასაღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თუ მომხმარებელი მას დაკარგავს, მას საკუთრების უფლება აღარ ექნება, ანუ დაიკარგება მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინები და მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს. მაგალითისთვის, 2013 წელს უელსელმა მოქალაქემ ჯეიმზ ჰოუელმა განაცხადა, რომ დაკარგა 7500 ბიტკოინი, იმ დროისთვის 7.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, როდესაც მან საკუთარი კომპიუტერის მყარი დისკი სანაგვეში მოისროლა. სამწუხაროდ, მან ბიტკოინების დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამან საფუძველი ჩაუყარა ისეთი პლატფორმების შექმნას, რომლებიც საფულის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა, ასეთია, მაგალითად, Coindesk.com.

მაინერები არიან ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძლიერი კომპიუტერული შესაძლებლობების გამოყენებით მოიპოვებენ ბიტკოინებს. ამ პროცესს კი მაინინგი ეწოდება..

მაინინგი არის აღრიცხვის მწარმოებელი მომსახურება, რომელიც სრულდება კომპიუტერული დამუშავების დახმარებით. მაინერები უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის მდგრადობას, სისრულეს და უცვლელობას. ეს ყველაფერი კი იმით, რომ ისინი განუწყვეტლივ ახდენენ ტრანზაქციების დამოწმებას და ამის სხვა ბლოკებთან ძალიან სწრაფ დაკავშირებას. ყოველი შემდეგი ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ჰეშს, რომელიც იყენებს SHA-256-ს ალგორითმს, ასე უკავშირდება ერთმანეთს ყველა ბლოკი და აქედან გამომდინარეობს სახელი "ბლოკჩეინიც" - ბლოკების ჯაჭვი.

დღეისათვის, დაახლოებით,   16 მილიონი ბიტკოინია წარმოებული. მისმა შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ დაადგინა ე.წ. მონეტარული პოლიტიკა, რომ ბიტკოინების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებული იქნას, არის 21 მილიონი. რაც დრო გადის, მათი მოპოვება უფრო რთულდება, ამის მიზეზი კი არის ის გართულებული ლოგარითმული კრიპტოამოცანა, რომელსაც მაინერები აწყდებიან ბიტკოინის მოპოვების პროცესში. მონეტარული პოლიტიკით ასევე განსაზღვრულია, რომ ყოველ ოთხ წელიწადში წარმოებული ბიტკოინების რაოდენობა განახევრდება. მაგალითად, თუ მაინერები 2016 წლიდან 2020 წლამდე მოიპოვებენ 1 მილიონ ბიტკოინს, ეს რაოდენობა 2024 წლამდე 500 ათასი გახდება. წარმატებული მაინერი, რომელიც იპოვის ახალ ბლოკს, ჯილდოვდება ახლად შექმნილი ბიტკოინით და ტრანზაქციის ხარჯით.

საფულე ინახავს საჭირო ინფორმაციას ბიტკოინების შესახებ. ის გამოიყენება ბიტკოინების შესანახად და ტრანზაქციებისთვის. მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის განუყოფელია ბლოკჩეინ სისტემისგან.

არსებობს საფულის რამდენიმე სახეობა. "Software wallet", რომელიც დაკავშირებულია ქსელთან და იძლევა ბიტკოინების ხარჯვის, მათი უბრალოდ შენახვის და საკუთრების უფლების დადასტურების საშუალებას. ეს კონკრეტული საფულეც იყოფა ორ ნაწილად: სრულუფლებიანი  და შეზღუდულუფლებიანი კლიენტები.

სრულუფლებიანი კლიენტები პირდაპირ ამოწმებენ ტრანზაქციებს ბლოკჩეინის ადგილობრივ სრულ ასლზე (134 გვ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით) ან მის უმრავლეს ნაწილზე.

შეზღუდულუფლებიანი კლიენტები მიმართავენ სრულუფლებიან კლიენტებს დახმარებისთვის, რომ მიიღონ და გააგზავნონ ბიტკოინები ბლოკჩეინის სრული ასლის გარეშე. მათ აქვთ უპირატესობა, რომ უფრო სწრაფად დარეგისტრირდენ სისტემაში და ასევე გამოიყენონ ნაკლებად ძლიერი, ნაკლებად გამტარუნარიანი მოწყობილობები (მაგ. სმარტფონები). ორივე სახეობის საფულის მფლობელები არიან პასუხისმგებლები პირადი გასაღების ყველანაირ უსაფრთხოებაზე.

გარდა პროგრამული უზრუნველყოფის საფულეებისა, არსებობს ე.წ. ონლაინ საფულეებიც, რომლებსაც იგივე ფუნქციები აქვთ და უფრო მარტივია მათი გამოყენება. ამ შემთხვევაში, მომხმარებლების ბიტკოინები ინახება ონლაინ საფულეებში და არა მათი კომპიუტერების მყარ დისკებზე. ამ მიზეზით, მომხმარებელი სრულიად უნდა ენდობოდეს ონლაინ საფულის მწარმოებელს, თუმცა, ამ უკანასკნელის ბოროტულმა განზრახვამ ან სერვერის გარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინების დაკარგვა. 2011 წელს მომხდარი მსგავსი შემთხვევა  Mt. Gox-თან არის დაკავშირებული.

ბიტკოინი არის ფსევდონიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხები არ არის მიბმული რეალური სამყაროს, არამედ ის მიბმულია ბიტკოინის მისამართებზე. ბიტკოინის მისამართების მფლობელები არ არიან მკაფიოდ გამოვლენილნი, ამის მიუხედავად, ყველა ტრანზაქცია ბლოკჩინზე არის საჯარო. გარდა ამისა, ტრანზაქციები შეიძლება დაკავშირებულ იქნას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ბიტკოინ ბირჟებზე, სადაც ბიტკოინებით ვაჭრობა ტრადიციულ ვალუტაში ხდება, შესაძლებელია, აუცილებელ მოთხოვნებში პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება იყოს საჭირო.

ფინანსური კონფიდენციალობის გაზრდისთვის, თითოეული ტრანზაქციისთვის შესაძლებელია ახალი მისამართი იქნას გენერირებული. მაგალითად, იერარქიულად განსაზღვრული ჩანართები ქმნიან შემთხვევით შერჩეულ "მოძრავ მისამართებს" თითოეული გარიგებისთვის, ამისათვის კი მხოლოდ ერთი „საიდუმლო ფრაზაა“ დასამახსოვრებელი, რომ ყველა ტრანზაქციის მისამართი ერთად შეინახოთ და მოგვიანებით მათი შემოწმება შეძლოთ. სტენფორდის უნივერსიტეტსა და კონკორდიის უნივერსიტეტში მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ბიტკონის ბირჟებს და სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ აქტივები, ვალდებულებები და გადახდისუნარიანობა მათი მისამართების გამოვლენის გარეშე „ნულოვანი მტკიცების“ გამოყენებით.

მსოფლიოში რამდენი მომხმარებელი ჰყავს ბიტკოინს?

2015 წლის თებერვლისთვის ბიტკოინი 100 000-ზე მეტმა სავაჭრო დაწესებულებამ გადახდის საშუალებად შემოიღო. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი არსებობს, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.

შესაძლებელია თუ არა კრიპტოვალუტის აკრძალვა?

ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნების გამო, მისი შეზღუდვა ან აკრძალვა შეუძლებელია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება კრიმინალიზებული იყოს. ბიტკონის იურიდიული სტატუსი არსებითად განსხვავებულია სხავდასხვა ქვეყნებში. ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება ვაჭრობისთვის და სხვა მიზნებისთვის ნებადართული გახადა, ზოგიერთმა კი საერთოდ აკრძალა. რეგულაციები და აკრძალვები, რომლებიც ვრცელდება ბიტკოინზე, შესაძლოა,  სხვა კრიპტოვალუტებზეც გავრცელდეს.