მედიცინა
„მზერით მახსენებენ, რომ ჩემი შვილი მათნაირი არ არის“
„მზერით მახსენებენ, რომ ჩემი შვილი მათნაირი არ არის“

მზერით მახსენებენ, რომ ჩემი შვილი მათნაირი არ არის

არაფერს აშავებს, უბრალოდ, განსხვავებულად იქცევა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავისუფალ ადგილს რომ ხედავს, მიდის და ჯდება. შემდეგ  ყურებში თითს იკეთებს და ასე ზის. ეს ჩვევაა.  ამ დროს, ზოგჯერ,  გვერდით მჯდომი დგება და მიდის.

„ვეუბნები, რომ საშიში არაფერია, მაგრამ მგზავრს მაინც ეშინია. საკუთარ თავს უფრთხილდება. არავინ ფიქრობს, რომ ასე მკვეთრად გამოხატული რეაქციით, ბავშვის მდგომარეობას უსვამს ხაზს. ეს საშინლად მტკენს გულს. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემთვის სიკვდილია. ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ ასეთი საქციელით ბავშვის მშობელი შეიძლება ბოლომდე გაანადგურო, ფაქტობრივად , მოკლა“.

ის, რომ მისი შვილი სხვებს არ ჰგავს, მაშინ ახსენდება, როდესაც ამის გახსენებას ზემოხსენებული საზოგადოება აიძულებს“. ამბობს, რომ უმეტესობა მზერით, გარკვეული ნაწილი კი სხვა კონკრეტული ქმედებებით ახერხებს ერთი კონკრეტული მოზარდის პრობლემის ხაზგასმას. მისივე თქმით, ამ დროს არავინ ფიქრობს არც მშობელზე, არც ბავშვის მდგომარეობაზე და არც იმ კონკრეტულ შედეგზე, რომელიც, შესაძლოა, მათმა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ქცევებმა განაპირობოს.

„საზოგადოებისგან ყველაზე მეტად დაჟინებული მზერა მაწუხებს. მესმის, რომ ინტერესს მისი ქცევის განსხვავებულობა იწვევს, მაგრამ... რა ვქნა?  მზერით მახსენებენ, რომ ჩემი შვილი მათნაირი არაა,  საზოგადოებისგან განსხვავებულია... ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონკრეტულ დაწესებულებაში - რეაქცია, ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირია. ეს, როგორც დედას, გულს ძალიან მტკენს.

ხომ შეიძლება ადამიანი ისე მოიქცეს, როგორც მანამდე, ანუ ჩვენს იქ მისვლამდე იქცეოდა? ყოველგვარი დაჟინებული მზერისა და დაკვირვების გარეშე გაგვატაროს, ან მიგვიღოს. სხვა თუ არაფერი, თავი მოგვაჩვენოს მაინც, რომ ასე იქცევა...  მაგრამ არა! საზოგადოება არავის უწევს ანგარიშს, ეს ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უქმნის სერიოზულ პრობლემას. “

ჩვენი რესპონდენტი, ხათუნა ავსაჯანიშვილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორის თანაშემწეა და არა მარტო საკუთარ შვილზე, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ბავშვზე უწევს ზრუნვა. მშობელს, რომელსაც კარგად ესმის საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების სირთულე, რომელთან ბრძოლის რეჟიმში ყოფნა უწევს მუდმივად, სხვების მდგომარეობის გააზრება და გათავისება  არ უჭირს. თვლის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განსხვავებული ადამიანის მიმღებლობა, შეუმსუბუქებს ყველა მშობელს ისედაც მძიმე ხვედრს.

„აუტიზმის მქონე ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირების რეალური შანსი უნდა მიეცეს. ამით მათ მშობლებს მეტი რესურსი დარჩებათ საკუთარ შვილზე ზრუნვისთვის. ეს კი პრობლების გადაჭრის უმთავრესი საშუალებაა“ - აცხადებს ქალბატონი ხათუნა sazogadoeba.ge-სთან ინტერვიუში.

აუტიზმი —  თავის ტვინის ნეირობიოლოგიური ფუნქციის დარღვევაა, რომელიც ძირითადად 3 წლის ასაკამდე ვლინდება. მისთვის დამახასიათებელია მეტყველების, საკომუნიკაციო უნარების განვითარების შეფერხება და ხშირად თვითმასტიმულირებელი, განმეორებადი ქცევები,  რაც განაპირობებს სოციალური ინტერაქციის სირთულეს   და საზოგადოების, ხშირად ნაკლებადტოლერანტულ დამოკიდებულებას მათ  მიმართ.

პირველად აუტიზმი, როგორც ტერმინი, გამოიყენა და  შიზოფრენიისაგან გამოყო  შვეიცარელმა ფსიქიატრმა Paul Eugen Bleuler. მოგვიანებით,  50-იან წლებში აღწერა ლეო კანერმა. მანვე  გამოყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომელიც დამახასიათებელია აუტიზმისათვის.

აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიკო კერესელიძის თქმით, გამოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადრეულად დაწყებულ სწორ თერაპიაზე და ამ თერაპიის ინტენსივობაზე, მაგალითად, არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც 18-დან 30 თვემდე დაწყებული ინტენსიური ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია, 40 საათის ინტენსივობით კვირაში, ბავშვთა 48 % -ში 2 წელიწადში პრაქტიკულად ხსნის დიაგნოზს, ხოლო დარჩენილი 52% -ის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

- სწორი ჩარევა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს  ნებისმიერ ასაკში  და ხელს უწყობს აუტიზმის მქონე პირის განვითარებას” - აცხადებს სოფიკო კერესელიძე.

ხათუნა ავსაჯანიშვილის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ, მთავარი პრობლემა სწორედ მდგომარეობის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას უკავშირდებოდა. ამასთან, სპეციალისტების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უკვე დიაგნოსტირებული ბავშვებისთვის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულიყო.

-დღეს რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. თუ მშობელი იქნება მაქსიმალურად ყურადღებიანი და დროულად, ბავშვის ქცევის ან სხვა, საეჭვო ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართავს შესაბამის სპეციალისტს, შედეგი გაცილებით უკეთესი დადგება. დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის გამახვილებულ ყურადღებას იმიტომ, რომ მდგომარეობა, რომელსაც აუტიზმი ჰქვია, ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევებით არ დგინდება. 

სავარაუდო დიაგნოზის დასმა 18 თვიდან ხდება.  გამოკვეთილად კი აუტიზმისთვის დამახასიათებელი  ნიშნები 3 წლამდე პერიოდში ვლინდება და დადასტურებულად დიაგნოსტირებაც ამ პერიოდში ხდება.  არსებობს აუტიზმის  გამომწვევი უამრავი ვერსია. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მდგომარეობა გენეტიკური შეიძლება აღმოჩნდეს. სხვები ამტკიცებენ, რომ მას, შესაძლოა, აცრები იწვევდეს, ან გარემოს დაბინძურება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი, მაგრამ საბოლოო სიტყვა ჯერჯერობით მეცნიერებას არ უთქვამს.

 

ცნობისთვის

არსებული სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში აუტიზმის მქონე 10 მილიონი ადამიანი არსებობს და ეს ციფრი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. რამდენიმე ათეული წლის წინ  10 000 მაცხოვრებელზე 1 აუტისტი მოდიოდა. ყოველწლიურად კი მათი რიხვი 11-17%-ით იზრდება. ჩინეთში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 20%-ს შეადგენს. დღეს აუტიზმი პლანეტის ყოველ მეასე მაცხოვრებელს აღენიშნება. თუმცა პროგნოზები გაცილებით უფრო მეტად შეშფოთების მიზეზს იძლევა. სტატისტიკის მიხედვით, 1995 წლიდან 2017 წლამდე დაავადებულთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

 

იხ. ცხრილი 

 

წელი

დაავადებულთა რაოდენობა

1 ადამიანი

1995

5000-დან

2000

2000-დან

2005

300-დან

2008

150-დან

2010

110-დან

2012

88-დან

2014

68-დან

2017

50-დან

 

მეცნიერების ვარაუდით, 2020 წელს 30 მაცხოვრებლიდან 1 აუტიზმით დაავადებული იქნება. არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო დიდი თავსატეხის წინაშე 2025 წლისთვის დადგება. აშშ-ში ჩატარებული კვლევებით, ამ პერიოდში ყოველი მეორე ახალშობილი აუტისტური სპექტრის აშლილობით დაიბადება.

იხ. აგრეთვე პუბლიკაცია