პოლიტიკა
„ეს საფრთხე ჩვენ წინაშე აქამდე არ მდგარა...ძალოვანმა უწყებებმა საზღვრის კონტროლი უნდა გააძლიერონ“ - იქონიებს თუ არა საქართველოზე გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი?
„ეს საფრთხე  ჩვენ წინაშე აქამდე არ მდგარა...ძალოვანმა უწყებებმა საზღვრის კონტროლი უნდა გააძლიერონ“ - იქონიებს თუ არა საქართველოზე გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი?

ჩვენს არცთუ შორეულ სამეზობლოში ახალი წელი მძიმედ იწყება. ირანში გამართული ანტისახელისუფლებო გამოსვლებს 22 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ხელისუფლება გარკვეული ძალისხმევის შედეგად დაძაბულობის განეიტრალებას ამ დრომდე ახერხებს. ვითარების ხელახალი გამწვავების შემთხვევაში პროცესები მახლობელ აღმოსავლეთში შესაძლოა, სრულიად არაკონტროლირებადი გზით წარიმართოს. ჰასან როუჰანის თქმით, სოციალურ ნიადაგზე დაწყებული აქციები უშუალოდ გარე ძალების ინსპირირებულია. ირანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საპროტესტო  აქციების უკან აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ მალავს, რომ ირანში ხელისუფლების ცვლილების მოხრე და მომლოდინეა. „მრავალი წლის განმავლობაში დიდი ირანელი ხალხი რეპრესიებს განიცდიდა... ადამიანების უფლებების დარღვევის გარდა, დატაცებულია ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა, დადგა ცვლილებების დრო“,-აცხადებს ტრამპი.

ირანის პროცესების პარალელურად, ანკარა ვაშინგტონს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, საქმე ეხება სირიელი ქურთებისგან დაკომპლექტებულ სასაზღვრო დაცვას, რომელის შექმნაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით აქტიურად მიმდინარეობს. „ახლა ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ტერორისტულ არმიას ქმნის, რომელიც თურქეთს საფრთხეს უქმნის. ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია. თუ აშშ-ს სურს ამ ველურებთან თანამშრომლობა, ეს მათი საქმეა. მაგრამ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აცხადებს ერდოღანი. ერდოღანმა ნატო-ს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა,.  „ნატო! ვალდებული ხარ მათ წინააღმდეგ გამოხვიდე, ვინც თქვენი პარტნიორის საზღვრებს საფრთხეს უქმნის“, - აცხადებს თურქთის პრეზიდენტი.

ამგვარ ვითარებაში მოსკოვი აქცენტს რუსეთ-თურქეთ-ირანის პარტნიორობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებზე აკეთებს. ახალი წლის დღეებში სირიაში, ტარტუსის რუსულ ავიაბაზაზე „კამიკაძე“ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას, პუტინი სამთა სტრატეგიული კავშირის ჩაშლის მცდელობად აფასებს. რუსეთის ძალოვანი უწყებები შეერთებულ შტატებზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ ამ ტიპის საბრძოლო საფრენი აპარატების დამზადება კუსტარულად, სახელმწიფოს სერიოზული ხელშეწყობის გარეშე, შეუძლებელია.

რამდენად სახიფთოდ ვითარდება მოვლენები რეგიონში? როგორია ირანის პროცესების საშინაო და საგარეო ფაქტორები? განახორციელებს თუ არა თურქეთი სირიაში ინტერვენციას?  რა გავლენას იქონიებს სამეზობლოში შექმნილი ვითარება საქართველოზე? ამ საკითხებზე Sazogadoeba.ge-ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა ესაუბრება:

-ბატონო ვასილ, ჩვენს სამეზობლოში, ახლო აღმოსავლეთში ახალი წელი რთულად დაიწყო... როგორია ირანის განვითარებული მოვლენების ანატომია? რას გვეტყვით მღელვარების გამომწვევ შიდა და გარე ფაქტორებზე?

- ირანში განვითრებული სახალხო მღელვარება პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს, რაც შემდგომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აღიარეს. რაც შეეხება გარე ძალებზე გადაბრალებას, ეს  ირანის ხელისუფლების იდეოლოგია და თავის მართლებაა, ამით ეკონომიკური ჩავარდნების გადაფარვა სურთ. საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები ზუსტად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს შეეხებოდა, რასაც თავდაპირველად ქალაქ მეშჰედში მღელვარება მოჰყვა. კორუფციის მაღალ დონეს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მაინც ადასტურებენ, ეს პრობლემები ქვეყნის წინაშე რეალურად დგას.

თავისთავად, შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი და ისრაელი ირანში ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლას სათავისოდ გამოიყენებენ. 1979 წელს პროდასავლური შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანი ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფება. 1950-1970-იან წლებში ირანის შაჰის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე იყო.

- სოციალური პრობლემებით შეფუთული საპროტესტო ტალღის უკან როგორ წესი, ხშირად პოლიტიკური მოტივები დგას. გამორიცხავთ, რომ მღელვარება შესაძლოა ინსპირირებული ყოფილიყო? ამის თაობაზე ჰასან როუჰანმაც  არაერთხელ ღიად განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები, ისრაელი და საუდის არაბეთი ირანში ხელისუფლების გადატრიალებას რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ტრამპი აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა, თავისი მწვავე განცხადებებით მწვანე შუქს უნთებდა და აცხადებდა, რომ „ირანში ცვლილებების დრო იდგა“...   

- თავისთავად, დასავლეთს და ისრაელს ქვეყნის შიგნით, იქ სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, არეულობის გამომწვევი ბერკეტები გააჩნიათ. ასეთია მაგალითად, ირანის ქურთისტანი, სადაც გასამხედროებულ ქურთთა რაზმი (PJAK, ქურთ. Partiya Jiyana Azad a Kurdistanê) მოქმედებს. ისინი ირანის სამართალდამცავ ორგანოებს თავს ესხმიან. ასეთ ფეთქებადსაშიშ პროვინციად შეიძლება დასახელდეს ირანის ხუზისტანი (ე.წ. არაბისტანი), სადაც სუნიტი არაბები სახლობენ. აქაც რამდენიმე ჩასაფრებული გასამხედროებული ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან, მაგალითად, "Arab Liberation Movement of Ahwaz", "Ansar al Furqan", "Ahwaz Martyrs Brigade", "Kata’ib Ahrar al Ahwaz". მათ მიერ არაერთ სამედრო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. იდეაში რჩება ასევე ირანის პროვინცია სისტანი და ბელუჯისტანში მოქმედი სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია "ჯუნდალა", თუმცა დღეისათვის განეიტრალებული, რომლის უკან ძირითადად საუდის არაბეთი სახელდება. მათ აქვთ მცდელობები, რომ ირანის საჯარისო ნაწილებზე ან პოლიციის დანაყოფებზე ტერორისტული აქტები განახორციელონ. ეს თავის მხრივ ირანის ხელისუფლების მკაცრ რეაქციას იწვევს. არსებული ინფორმაციით, ამ ძალების უკან საუდის არაბეთი, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან. მათი მიზანი საპროტესტო აქციების ძალისმიერი გზით ჩასახშობად ირანის ხელისუფლების პროვოცირებაა, რაც შემდეგ საინფორმაციო ომში იქნება გამოყენებული, რათა ირანი  ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულონ.

ირანის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლის შესაძლებლობაზე საუბარი გადაჭარბებულია. ირანის სასულიერო პირები თითქმის 40 წელია ქვეყანას მართავენ, მოსახლეობაში სერიოზული მხარდაჭერა გააჩნიათ, მილონობით მრევლი ჰყავთ, მთელი ძალოვანი სტრუქტურა მათ ემორჩილებათ, მათ განკარგულებაში ასობით მილიარდი დოლარია. ასეთ სიტუაციაში სასულიერო ფენის ხელისუფლებიდან ჩამოშორება საკმაოდ რთული იქნება. ვფიქრობ,  რევოლუციის გზით ირანის ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. მეორე მხარეა ის სტრუქტურული პრობლემები, რაც საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა. მოხდება თუ არა სისტემის ლიბერალიზაცია, ამას უკვე ახლო მომავალი გვიჩვენებს.

- როუჰანმა აქცენტი ტრამპის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გააკეთა, მის ნორმალურობაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ ტრამპი თავის გამოხტომებზე ადეკვატურ პასუხს მიიღებს. ეს მხოლოდ რიტორიკაა თუ  კონკრეტული ქმედებებია მოსალოდნელი ირანის მხრიდან?

 - მსგავსი განცხადებები ირანის მაღალი რანგის პოლიტიკოსების და სამხედროების მხრიდან  ჩვეულებრივი ამბავია. ეს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ჩვეული რეჟიმია და რიტორიკად დარჩება. საეჭვოა, ირანმა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, მანამ, სანამ დასავლური ან რეგიონალური კოალიცია სამხედრო გზით პირადად არ შეეხება. ისე, რა თქმა უნდა, თეირანსაც შეუძლია შეერთებულ შტატებს საპასუხო დარტყმა მიაყენოს.

- რამდენად მყიფეა დღეს ვითარება ირანში? რჩება იქ გადატრიალების ან სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება?

- ირანში მრავლადაა ხალხი, რომელსაც არა რეჟიმის დამხობა, არამედ ტრანსფორმაცია სურს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან სათანადო ნაბიჯებს ვერ ხედავს. ნებისმიერი ეკონომიკური ვარდნა სწორედ  ხელისუფლებაზე აისახება, რადგან მისი ვალდებულება სათანადო ეკონომიკური ვითარების შექმნაა. აქედან გამომდინარე, დასავლეთის მიერ შეგზავნილი პროვოკატორები, სოციალიურ-ეკონომიკური მოთხოვნების ფონზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. არაერთხელ გვინახვს, როდესაც პროტესტი ერთი მიმართულებით დაიწყო და შემდეგ სულ სხვა ხასიათი და რადიკალური ფორმა მიიღო. ასე იყო სირიაშიც და საბოლოოდ რაც მოხდა, კი ვნახეთ. დღევანდელი სასულიერო მმართველი ელიტის პირობებში ირანში სამოქალაქო ომის დაწყება წარმოუდგენლად მიმაჩნია. არ არსებობს ის კრიტიკული მასა, რომელიც ხელში იარაღს აიღებს, სამოქალაქო ომამდე მივა და ხელისუფლებას დაუპირისპირდება. ირანის ხელისუფლებას უზარმაზარი რესურსი გააჩნია და ვითარებას აკონტროლებს.

- ფერეიდანში რა ვითარებაა? რა პოზიციაზე დგანან ჩვენებურები?

- ფერეიდნელი ქართველები არც ირანულ მედიაში და არც ექსპერტების მიმოხილვებში ამ კუთხით არ ჩანან, ფერეიდანში სიმშვიდეა.

- თეირანთან ერთად შეერთებულ შტატებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში ანკარაც ადანაშაულებს. „სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების“ შექმნასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩაუშოღლუმ განაცხადა: „აშშ-მა დააზუსტოს, ტერორისტული ჯგუფების გვერდით ამჯობინებს ყოფნას, თუ მოკავშირეების?  ჩვენ მივიღებთ ზომებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა ზურგს ვინ უმაგრებთ, შეერთებული შტატები, თუ სხვა ქვეყნები”. რასთან გვაქვს საქმე? ქურთების საკითხი იწევს კვლავ წინა პლანზე?

- დიახ, საუბარია ჩრდილოეთ სირიაზე, სადაც სირიელი ქურთები კომპაქტურად სახლობენ. „სირიის სასაზღვრო დაცვის“ შექმნას თურქეთი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად განიხილავს. აქედან გამომდინარე, მისი რეაქცია ადეკვატური იქნება. ბოლო ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ საჯარისო ნაწილები აღნიშნულ პერიმეტრზე სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და მოხდება თუ არა თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ინტერვენცია, დამოკიდებულია იმაზე, რა საფრთხეს დაინახავს ანკარა შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილების მხრიდან. თავისთავად, თურქეთი გულხედაკრეფილი ვერ დაჯდება და რეაგირება ადეკვატურად მოუწევს.

თურქეთის ინტერესებში რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაა, იქ 20 მილიონი ქურთი ცხოვრობს. „ქურთთა მუშათა პარტია“ თურქეთის არმიის წინააღმდეგ წლებია საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. თუ ირანში დესტაბილიზაცია დაიწყო, წინა პლანზე ქურთული საკითხი წამოიწევს, რაც სირიასა და ერაყში ჩავარდნას გამოიწვევს, თუ ამას ირანიც დაემატა, ჯერი თურქეთზე დადგება.

ამიტომაც თურქეთი და რუსეთი  პირველი სახელმწიფოები იყვნენ, რომელთაც ირანის  ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყნის საქმეებში გარე ძალების მხრიდან უხეში ჩარევა დაგმეს. ასეთ ვითარებაში თურქეთის პოზიცია გაკვირვებას არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სირიასა და ერაყთან მიმართებაში მათ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, ქურთულ და რიგ რეგიონალურ საკითხებში მათი პოზიციები ჯერდება.

- მთავარი მოთამაშე ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხშირად სწორედ შეერთებული შტატებისკენ ხდება ხელის გაშვერა. სხვათაშორის, ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონს „დაიში“-ს შექმნაში ბრალს ღიად სდებდა...

- წლებია სირიის კინფლიქტის პირობებში რეგიონალური და არარეგიონალური სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება. ამან განაპირობა ის, რომ კონფლიქტი უკიდურესობამდე მივიდა და გამოსავალი არ ჩანს. დასავლეთი რომ ბაშარ ასადის შეიარაღებულ ოპოზიციას უჭერს მხარს, ამას არც მალავენ.

- მოსალოდნელია მოვლენების ესკალაცია 2018 წელს რეგიონში?

- ახლო აღმოსავლეთი ათობით წლის მანძილზე სტაბილური არასდროს იყო, საკმაოდ ხშირად ხელისუფლებები გადატრიალების გზით იცვლებოდა, რამაც არაერთი სისხლიანი კონფლიქტი გააჩინა. დღეს ვხედვათ, რომ რეგიონალური უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ვერც დასავლეთი და ვერც რეგიონალური სახელმწიფოები გეოპოლიტიკიურ  საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ასეთ სიტუაციაში დაპირისპირება თავისთავად გაგრძელდება  და რა სახეს მიიღებს, არავინ იცის. ეს კონფლიქტში ჩაბმული სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. პირადად მე სიტუაციის განმუხტვის სურვილს ვერ დასავლეთის და ვერ რეგიონალური სახელმწიფოების მხრიდან ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.

- საქართველოს ჰყავს როგორც შიიტი, ასევე სუნიტი მუსლიმი მოქალაქეები, მათგან რამდენიმე ათეული სირიაში საბრძოლო ოპერაციებშია ჩართული. ვნახეთ საქართველოში ჩატარებული ორი კონტრტერორისტული სპეცოპერაცია. ამასთან,  ჩვენს არცთუ შორეულ სამეზობლოში სიტუაცია ფეთქებადსაშიში რჩება, ამ მოცემულობაში როგორ შეაფასებდით რისკებს საქართველოსთვის?

- როდესაც ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არათუ ლაგდება, არამედ ყოველ წლიურად სხვადასხვა დინამიკით უფრო და უფრო რთულდება, რისკები რა თქმა უნდა, არსებობს. ასეთ ვითარებაში არმიის და სპეცსამხაურების გაძლიერება აუცილებელია. ეკონომიკაზე და რელიგიურ პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილება უნდა ხდებოდეს. საუბარია მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებზე, რათა გარე ძალების მიერ კონფლიქტის ინსპირირება თავიდან ავიცილოთ. როდესაც საკითხი სარწმუნოებას ეხება, მუსლიმურ თემს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. შესაბამისმა ორგანოებამა უნდა იზრუნონ, რომ ამ რეგიონებში დესტაბილიზაცია არ დაიწყოს, ამას მარტო კონტრტერორისტული ოპერაციებით ვერ აღმოფხვრი, საგანმანათლებლო და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

პანკისის საკითხი საკმაოდ რთული და მტკივნეულია. პანკისს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სათავისოდ იყენებს, რათა თბილისი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულოს.

საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ნეიტრალური, ჩვენს ახლოს რეგიონალური და არარეგიონალური სახელმწიფოების ჭიდილი მიმდინარეობს. ასეთ სიტუაციაში რომელიმე მხარის დაკავება არასერიოზული იქნება და ქვეყნის უსაფრთხოებას შეარყევს. ვინ გაიმარჯვებს და რა კონფიგურაცია დალაგდება, მსოფლიოს ვერცერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი ვერ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ზედმეტი განცხადებებისგან, რომელიც რომელიმე მხარის ღია მხარდაჭერას გამოხატავს, თავი უნდა შევიკავოთ. სახელმწიფოების ჭიდილის გარდა რეგიონში სუნიტებსა და შიიტებს შორის საუკუნოვანი რელიგიური ბრძოლა მიმდინარეობს. ასეთ დროს რამდენად გვაწყობს ჩვენ წინა ხაზზე აღმოჩენა, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ...

საქართველოს გარეთ მიმდინარე პროცესები აქ უარყოფითად აისახება. ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს... ვხედავთ, რომ რეგიონში საფრთხეები არ ნელდება. გვინდა თუ არა, ეს პროცესი ყველას შეგვეხება. აქედან გამომდინარე, პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ძალოვანმა უწყებებმა საზღვრის კონტროლი უნდა გააძლიერონ, ეს საფრთხე  ჩვენს წინაშე აქამდე არ მდგარა...

პს. ინტერვიუ მზად იყო, როდესაც თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რეგიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა და მოსკოვი სამხედრო ოპერაციის შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ.