მოქალაქის ტრიბუნა
„ფულოსანად“ ქცეული ფაროსანა - გადაუჭრელი პრობლემა, თუ მორიგი( 15-20 წლიანი) ექსპერიმენტი საქართველოზე - რაში ადანაშაულებს ლერი ჯალაბაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს
„ფულოსანად“ ქცეული ფაროსანა - გადაუჭრელი პრობლემა,  თუ მორიგი( 15-20 წლიანი) ექსპერიმენტი საქართველოზე - რაში ადანაშაულებს ლერი ჯალაბაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე. 


 

ავტ. ლერი ჯალაბაძე

სამეცნიერო-საწარმოო კავშირ "ეკოსანდოს"  ხელმძღვანელი

 

თავს ვალდებულად ვთვლი,  მოგითხროთ იმ მეტად საშიში და ხანგრძლივი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც საშიში მავნებელ-ბაღლინჯოს სახელით ჩვენს ქვეყანას და თვითოეულ ჩვენგანს რეალურად ემუქრება. ამ ზემავნებელ მწერს ლათინურად helumorpha halus, რუსულად aziatckii shitnik-mramornii klop, ხოლო ქართულად აზიური ფაროსანა ჰქვია, ხოლო მე მას "ფულოსანა" შევარქვი, თუ რატომ თავად მიხვდებით.

გემახსოვრებათ, რა ამბავი ატყდა შარშან საქართველოში მასმედიის საშუალებებით ე.წ. ფაროსანასთან დაკავშირებით, რომელიც გარდა იმისა, რომ 100-მდე კულტურას აზიანებს, მყრალი სუნით,  აგრესიული მოქმედებით და ალერგიული აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არსებობს კვლევა, რომლის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ფაროსანა ბაღლინჯოს მონათესავე ხორბლის "მავნე  კუსებურას" მიერ დაზიანებული ხორბლის ფქვილი სისხლის გათეთრებას იწვევს. რეალურად, რა გართულებები და დაავადებები მოჰყვება ფაროსანას კატასტროფულ მომრავლებას, მეცნირულად დასაბუთებული კოპეტენტური პასუხი დღემდე არ არსებობს.

 უადგილო არ იქნება მოკლედ მიმოვიხილოთ ამ მხრივ მსოფლიოში არსებული სავალალო მდგომარეობა. როგორც მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს და სასულიერო ლიტერატურითაც დასტურდება, ამ მავნებლის უძველესი თაობები ასეული და ათასეული წლების წინ ჩამოყალიბდა. მაქსიმალურ განვითარებას კი ჩვენს ეპოქაში მიაღწია, განსაკუთრებით წინა საუკუნის მეორე ნახევარში ძლიერმოქმედი პესტიციდების და ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის, სხვა არაბუნებრივი პროცესების და სოდომ-გომორული ცოდვების მომრავლების გავლენით. არსებობს სხვა აზრიც, რომ იგი სადღაც ლაბორატორიაშია შექმნილი  ბიოლოგიური იარაღის სახით და არის მავანთა მიერ მართვადი. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ უფლის დაშვებით მავნებელი მთელ მსოფლიოს როგორც შავი ჭირი ისე მოედო და ბოლო 15-20 წელია, კაცობრიობა რაც უფრო ებრძვის, მავნებელიც მეტად ვითარდება. ფაროსანას სამშობლოდ თვლიან ჩინეთს, ტაივანს, კორეას, იაპონიას, ვიეტნამს. აშშ 90 იანი წლების ბოლო მიაჩნიათ მისი შემოსვლის პერიოდად. 1998 წელს აზიიდან ხილის ყუთებს შემოყვაო პენსილვანიაში და აქედან მთელ ქვეყანაში გავრცელდაო, - ამბობენ და დღეს ქვეყნის 40- მდე შტატში მავნებლის მიერ მიღწეულ ზარალს 21 მილიარდ დოლარში გამოსახავენ. ძლიერ წუხან, რომ მთელ რიგ შტატებში, როგორც შენობა- ნაგებობებიდან, ასევე სავარგულებიდან, 20 კილოიანი ვედროებით გამოაქვთ ეს მყრალი მავნებელი.  კალიფორნიაში ამ მოვლენას ეძახიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემოსევას ქვეყნის ისტორიაში. ქიმიური ღონისძიებებით შედეგს ვერ აღწევენ და ეს ზესახელმწიფო ფაროსანასთან ბრძოლის მუდმივ ექსპერიმენტის რეჟიმშია. ე. ი. მისი სასურველი ოდენობით განადგურების საშუალება ჯერ დადგენილი არ აქვთ?! მავნებელი სწრაფად ეგუება ე. ი. ქიმიურ საშუალებას, საჭიროა ახალი და უფრო ეფექტური, რასაც ფაროსანების გამრავლება ბევრად უსწრებს წინ.

როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის გარდა  ეს სუნიანი ბაღლინჯო კარგად გრძნობს თავს ევროპის კონტინენტზეც, აზიაშიც და ახალ ზელანდიაშიც. სერიოზული პრობლემებია შექმნილი რუსეთშიც, სადაც მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული მავნებლის წინააღმდეგ და იბრძვიან ყველა ხელთ არსებული საშუალებებით, როგორიცაა: ნავთი, სკიპიდარი, ძმარმჟავა, საპნის ხსნარი, ცხელი წყალი, ორთქლი და სხვა, ასევე ფართოდ იყენებენ მექანიკურ და დამაფრთხობელ საშუალებებს. ბაღლინჯო ძირითადად რუსეთის სამხრეთ ნაწილში  აქტიურობს   კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეების და დონის როსტოვის  სამხრეთით. განსაკუთრებით სოჭის ზონაში, საიდანაც ვარაუდობენ მის შემოჭრას საქართველოში. ამის დამადასტურებლად მოჰყავთ აფხაზეთში მანდარინის და თხილის მოსავლის კატასტროფულად შემცირება. როგორც ჩანს ჯერ კიდევ 2-3 წლის და მეტი ხნის წინ უკვე ფულოსანად ქცეული ფაროსანა სამეგრელოსაც შემოესია, შემდეგ გურია აჭარაშიც გავრცელდა და მთავრობამ ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაპყრო, როცა განვითარების საშიშ დონეს მიაღწია. ატყდა განგაში გამოიყო თანხა, შეძენილ იქნა შხამები და ფერომონები, დაურიგდა ხალხს, ჩატარდა ინსტრუქტაჟები და შეხვედრები რეგიონებში. შეიწამლა ფართობები..... 

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა  ა. წ. 10 იანვარსაც გაიმართა დღევანდელ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც ჩვენი ორგანიზაცია "ეკოსანდოდან" 3 წევრი გახლდით წარმოდგენილნი.  მოკლედ გაგაცნობთ სამინისტროს პოზიცის: ფაროსანა ძალიან ძლიერი მავნებელია, მას ვერ უმკლავდება მსოფლიო და ისეთი ძლიერი ქვეყანაც კი როგორიც აშშ. 15-20 წელია ებრძვიან და ვერ ამარცხებენ, მთელი ეს პერიოდი იქ ექსპერიმენტი ტარდება, საქართველოშიც ასევე ექსპერიმენტის დონეზე ვიმოქმედებთ, სამწუხაროდ ჩვენ თუ მოვახერხებთ და ბაღლინჯოს დონეს 20 პროცენტამდე შევამცირებთ, დიდი მიღწევა იქნება. შხამების შემოტანა გაგრძელდება 360 ათას ლიტრამდე(?!) შემდგომში რაოდენობა გაიზრდება(?!) შემოვიტანეთ და შემოვიტანთ მოქმედი ნივთიერება  "ბიფეტრინის", "ფოსფორორგანულ" და სხვა ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც არც ისე მაღალი რისკის პრეპარატებია(?!)  ასევე ითქვა, რომ გაიზრდება კვლევითი სამუშაოების და  მონიტორინგის  დაფინანსება, თუმცა დეტალებზე არაფერი თქმულა. სამინისტროსვე მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად შემოდის 3000000კგ.ლტ  პესტიციდი და მისი ერთბაშად გაზრდა 360000 ლიტრით ჩვენისთანა მცირე ქვეყნისათვის ძალიან სარისკო არ არის?!. შარშან არცერთი ფუტკარი არ მომკვდარაო?!  მოკლედ იყო სიცრუის დემონსტრაცია,  გარკვეული უღიმღამო დისკუსია  და თავის მართლება.

სინამდვილე კი ისაა, რომ საქართველოში  კონტრაბანდული გზით შემოტანილი, ფალსიფცირებული თუ ადგილზე წარმოებული აღურიცხავი შხამების დამატებით პესტიციდების საერთო რაოდენობა  3 ათას ტონას მინიმუმ 2-ჯერ აღემატება, ასევე ფარსია დაგეგმილი 360 ტონის შემოტანა, რადგან თავისსავე მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ მინიმუმ 600-1000 ტონის შემოტანა იქნება აუცილებელი, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მავნებელს მხოლოდ 1 მილიონ ჰექტარზე ვერავინ შეაჩერებს  ეს მაჩვენებელი კიდევ 2-3 ჯერ გაიზრდება. უფრო მეტიც, ერთჯერადი შეწამვლა ცხადია შედეგს არ მოგვცემს და საჭირო იქნება კიდევ დამატებით შხამების შემოტანა, თანაც რაც შეიძლება მაღალ ტოქსიკური და დაბალი ხარისხის საბოლოოდ კი ქვეყაში არსებული ისედაც დიდი რაოდენობის შხამები გასამმაგდება და მინიმუმ 10000 ტონას მიაღწევს, რასაც ვერ გადაურჩება ვერც სასაგებლო მწერი და ფუტკარი და ვერც ადამიანის ჯანმრთელობა. ფაროსანა კი ისევ იქნება.

იმ უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკით და მასშტაბით წამლობები, რასაც მთავრობა აპირებს ადმინისტრაციული ძალით განახორციელოს გაანადგურებს ისედაც მცირე ბიომეურნეობებს,  ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიებს  და ასეთივე საკარმიდამო ნაკვეთებს, რომლის აღდგენას შემდგომში მრავალი წელი დასჭირდება.

ამ შეხვედრაზე მხოლოდ ერთი "სასიკეთო" რამ მოხდა-აღიარება იმისა, რომ   საქართველოს წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენება ქიმიური იარაღი, თუმცა ვის მიერ და რატომ არაფერი თქმულა... ბოლოს   "კრება მაინც მხიარული დარჩა " და იქ დამსწრე ხალხს მხოლოდ ის გვერგო წილად, რომ ჩვენი აზრები წერილობით მივაწოდოთ სამინისტროს.

რა მოხდა და რისთვის დაგვიძახეს? იმისთვის ხომ  არა, რომ ფაროსანას სახელით აქამდე საეჭვო შხამებზე დახარჯული ფული 15 მილიონი ლარი"გაპრავდეს", ხოლო მომავალი დიდი ფულის ხარჯვა იდეოლოგიურად შემზადდეს? ყოველ შემთხვევაში იქ დამსწრეთა ნაწილს ასეთი შთაბეჭდილება  ნამდვილად დაგვრჩა . მით უმეტეს რომ წელს შარშანდელთან ერთად ფაროსანა-ფულოსანას სახელით საერთო დანახარჯებმა 100 მილიონამდე შეიძლება მიაღწიოს! არადა  მთელ მსოფლიოში ცნობილია რომ, რაც მეტ ფულს ხარჯავ და ექსპერიმენტულ შხამებს ასხავ ბაღლინჯო- ფულოსანას,   მით უფრო  სწრაფად იმუშავებს იმუნიტეტს და შესაბამისად ძლიერდება, აქედან გამომდინარე იმ პრეპარატებზე ფულის გადაყრა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ფაროსანას წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს წინასწარგანზრახული დანაშაულის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ გურიიდან, ასევე სამეგრელოდან  არის ცნობები, რომ დარიგებული პრეპარატები ან სუსტია, ან არაეფექტური  ყურებს არ იბერტყავენ. რაც გვაფიქრებინებს, რომ დიდი ფული დაიხარჯება, ქვეყანა გაღატაკდება,  განადგურდება სოფლის მეურნეობა, და ისედაც გაღატაკებული და მოშიმშილე ხალხი საერთოდ სარჩოს გარეშე დარჩება. მით უმეტეს, რომ ამჟამად ერთი მავნებელი გვატერორებს და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რამდენიმე  სახის მაღალი საშიშროების მავნებლის ერთდროულად გააქტიურების შემთხვევაში, რომელთა რიცხვიც ათასეულებია. და ასეთი უგუნური პოლიტიკის შედეგად, ალბათობა იმისა, რომ უარესი მოხდება, ძალიან დიდია.

 მიუხედავად იმისა, რომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა, მთავრობა ბრმა და ყრუა ჩვენ მიმართ.  შარშან   ჩვენ სამეცნიერო-საწარმოო კავშირ "ეკოსანდოს" უმწირესი ძალებით შევქმენით ორი პრეპარატი "ბიოფაროციდი" და "ფაროციდი'', ჩამოვაყალიბეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები  და 3 ჯერ შემოვიარეთ გურია-სამეგრელო, ფოთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ტყეები და ღელეები, სას. სამ. სავარგულები და შენობა-ნაგებობები, დავაკვირდით და შევისწავლეთ სუნიანი ბაღლინჯოს (როგორც მას სამართლიანად ეძახიან) თავისებურებები და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩვენივე აპარატით და ტექნიკით ვხოცეთ მილიონობით მავნებელი, როგორც შენობებში, ისე მის გარეთ და დავრწმუნდით, რომ მისი დამარცხება არც ისე შეუძლებელია, თუმცა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიზიანდა ტექნიკა და მწყობრიდან მთლიანად გამოვიდა ავტომანქანა, მთავრობის მხრიდან ერთი თეთრით დახმარება, ან ერთი ტკბილი სიტყვა არ მოგვისმენია. პირიქით დაგვიწუნეს ნამუშევარი, კი დახოცეთ მავნებლები, მაგრამ ბევრი სითხე დაღვარეთო, იყო პასუხი. თანაც მეორე დღეს ზოგიერთი მკვდარი გაცოცხლდა და გზას გაუდგაო, - ''გაგვახარეს". ჩვენ ფარ-ხმალი მაინც არ დაგვიყრია, გავაუჯობესეთ პრეპარატები და როგორც გვითხრეს მივიტანეთ სამინისტროში გამოსაცდელად, თუმცა მთელი კვირეების განმავლობაში ისინი ლაბორატორიიდან კვლევით ცენტრში, შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში აცოდვილეს და ბოლოს გვითხრეს, - ფაროსანები დაგვეხოცა,  რაც დარჩა მრჩეველმა წაიყვანაო და გამოცდები გაურკვეველი ვადით გადადეს. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ კიდევ ახალი უფრო ეფექტური და იაფი ბიოპრეპარატი "ANTISEMIPTERA" შევქმენით და წარმატებით გამოვცადეთ კიდევაც, მაგრამ სახელმწიფოს აღიარების გარეშე ჩვენ მას ვერ დავარეგისტრირებთ და ვერც ვაწარმოებთ.  არჩევანი გვაქვს იმისა, რომ უცხოელებს დავუკავშირდეთ, რისი გაკეთებაც ძალიან არ გვინდა, ან უნდა  ველოდოთ გაზაფხულს, იმ პერიოდს, როცა ფაროსანები აბზუილდებიან და თავზე დაგვაჯდებიან, (კიდევ კარგი ჯერ არ იკბინებიან), თუმცა ისიც საკითხავია, ვინ იქნება ჩვენი პრეპარატის და შრომა-წვალების შემფასებელი თუ დამფასებელი...  ამ დღეშია საქართველოს  ყველა მეცნიერი თუ მკვლევარი ვინც შხამ-ქიმიკატების ალტერნატივაზე მუშაობს.

იმის მაგივრად, რომ სამინისტრო თვითონ ჩადგომოდა სათავეში ბაღლინჯოების შენობა-ნაგებობებში განადგურებას, (რაც მათი მაქსიმალურად და მცირე დანახარჯებით მოსპობის საუკეთესო საშუალებაა) ჩვენს თხოვნაზე, გამოეყოთ ავტომანქანა და მცირეოდენი ფინანსური დახმარება გაეწიათ და ჩვენ  ჩვენი ბრიგადით და ბიოპრეპარატით გაზაფხულის დადგომამდე ამოვხოცავდით მავნებელს, რითაც მნიშვნელოვნად შევამცირებდით წლევანდელ გარდაუვალ ზარალს,  კატეგორიული უარი მივიღეთ. ასევე იგნორირება გაუკეთეს ჩვენი მონიტორინგის შედეგებს, რომელმაც აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ფაროსანა ტრანსპორტის საშუალებით უპრობლემოდ გადმოდიოდა აღმოსავლეთ საქართველოში და საჭირო იყო ელემენტალური პრევენცია, თუ არა კარანტინი, ან მძღოლებისათვის  სადეზინფექციო გამტარის მოწყობა, თუნდაც როკის გვირაბთან.

ჩვენდა სამწუხაროდ, წელს აღმოსავლეთ საქართველოში ფულოსანის გაცილებით დიდი გავრცელებაა მოსალოდნელი, ვიდრე შარშან დასავლეთში, რადგან შარშანდელი "შემოჭრილების" გარდა, დათბობისთანავე მოსალოდნელია მფრინავი კოლონების გამოჩენა დასავლეთიდან და ცხინვალის მხრიდან გვირაბის გავლით, ასევე ლარსის მხრიდან, ამავე დროს  არ ვიცით როგორი იქნება სამხრეთიდან მეზობელ ქვეყნების ეკოსისტემებში  თავშეფარებული მავნებლის მარშრუტი.  განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ დასავლეთ საქართველოში ამ ბაღლინჯოს ერთი სახეობა შეიმჩნეოდა ძირითადად, აღმოსავლეთში 4 სახეობა გამოჩნდა.

არსებული და მოსალოდნელი სინამდვილე ნამდვილად არ შეგვილამაზებია, მაშ რა ვქნათ? დავუჯეროთ სამინისტროს მითებს: რადგან ამერიკელები ფულოსანას ვერ ამარცხებენ,  ჩვენც ვერ დავამარცხებთ და 15-20 წელი ექსპერიმენტები ვატაროთ საკუთარ თავზე ერთეულების ჯიბის გასასქელებლად და  ჩვენს კიდევ უფრო გასაღატაკებლად, თუ ვიღონოთ რამე? ჩვენი აზრი ასეთია, რომ უბედურების დამარცხება შესაძლებელია, მხოლოდ საჭიროა სწორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, სწორი დასკვნის გაკეთება და აქტიური ერთობლივი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოქმედება.

 მწარე ფაქტია, რომ მავნებლების გაძლიერება ლომის წილად შხამების გაძლიერებამ გამოიწვია,  შეხედეთ ჩვენს ქვეყანას, როგორ დაემსგავსა შხამ-ქიმიკატების საერთაშორისო ცენტრს, სადაც მსოფლიო ქიმიური ნაგავი სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩასატარებლად  ჩვენი ქალაქების ცენტრებში და სოფლებში იყრის თავს. ამდენი  შხამების მაღაზიების სოკოსავით მომრავლება მით უმეტეს წისქვილებში, ბაზრობებში, საზ. კვების ობექტებთან, თუ აფთიაქებთან და საზ. თავშეყრის ადგილებში, სამინისტროს თავსგასული და საზოგადოების აბუჩად აგდების პოლიტიკის გარდა, რას უნდა მივაწეროთ?   ბუნებრივია პრობლემა ამ დაწესებულებამ სასწრაფოდ თვითონვე უნდა გამოასწოროს .

 მაქსიმალურად უნდა  გასაჯაროვდეს  ე. წ. ფაროსანაზე გაწეული ყველა სახის ძველი თუ ახალი  ხარჯები.

არა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, არამედ აგროეკოლოგიური განვითარების სამინისტროს ფორმირება უნდა მოხდეს. უწყებაში ეროვნული-ეკოლოგიური ხედვის ადამიანები უნდა მოვიდნენ და ქვეყანა ამ შხამების კოლაფსიდან უმტკივნეულოდ გამოიყვანონ.

კვლევითი საქმიანობის გაძლიერება ყოვლად უკანონოდ განადგურებული აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აღდგენის გარეშე არის აბსოლუტურად შეუძლებელი. პირველ რიგში საწრაფოდ უნდა აღდგეს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიოწარმოების სამსახური უნდა გარდაიქმნას მინიმუმ 15 კაციან ქმედით დეპარტამენტად და მკვეთრად გაძლიერდეს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი-სამთავრობო  კომისია, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში ადგილებზე (და არა ლაბორატორიებში მკვდარ მავნებლებზე) მოახდენს სხვადასხვა ეფექტიანი ბრძოლის (ბიოლოგიური, მექანიკური,ულტრაბგერითი, სხივური და ა.შ) გამოცდა-აღიარებას და ეს საკმარისი უნდა იყოს ექსტრემალურ პირობებში სამამულო საშუალებების რეგისტრაციასა და დანერგვისათვის.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, სანამ ჯერ კიდევ არის დრო   დათბობამდე, შენობა-ნაგებობებში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მავნებლების გამოვლენა და განადგურება. კვლავ მზად ვართ ამ საშვილიშვილო საქმეში აქტიურად  დავუდგეთ სახელმწიფოს მხარში .

 უნდა აღვადგინოთ ნაკვეთების, თესლეულის, პირუტყვის სადგომების და სხვა ნაგებობების კურთხევის წესი. მავნებლებთან ბრძოლისათვის მოვუხმოთ წმინდანებს და შენდობა ვითხოვოთ უფლისაგან საკუთარი ცოდვების გამო.

ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს სოდომ-გომორული ცოდვების წინარე კანონების მიღებაზე და გააუქმოს ამ მხრივ უკვე მიღებული, მიხედოს ახალგაზრდობას, რომლებიც პრაქტიკულად უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული.

რაც შეეხება პირადად სამინისტროს, უპირველესად უნდა შებრუნდნენ ეკლესიისაკენ, რომელიც იქვე აქვთ აშენებული და ყოველდღე მისი კარები ღიაა, შევიდნენ და უფალს ჩააბარონ ანგარიში, - რისთვის არიან სამინისტროში - ქვეყნის დასაქცევად თუ ასაშენებლად?  აღიარონ ცოდვები და დაიწყონ ახალი პატიოსანი ცხოვრება, ან დატოვონ თბილი სკამები, მით უფრო იმათ, რომლებიც რამდენიმე სავარძელს ერთბაშად ებღაუჭებიან.

განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, მერწმუნეთ, რომ  მხოლოდ მთავრობის იმედზე ყოფნა,  სხვაზე მოიმედეობა და წაყრუება გარდაუვალ კატასტროფამდე მიგვიყვანს.