მოქალაქის ტრიბუნა
რუსუდან ხოჯავა: „ჩვენს ულამაზეს პლანეტაზე ადამიანის საქმიანობა ბიბლიური სიბრძნის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ხომ ყოველთვის ყველაფერს ღვთის სიბრძნის საწინააღმდეგოდ აკეთებს“
რუსუდან ხოჯავა: „ჩვენს ულამაზეს პლანეტაზე ადამიანის საქმიანობა ბიბლიური სიბრძნის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ხომ ყოველთვის ყველაფერს ღვთის სიბრძნის საწინააღმდეგოდ აკეთებს“
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე. 

  • სტილი დაცულია


 

ავტ. რუსუდან ხოჯავა, პროფესორ-ემერიტუსი

კაცობრიობის ისტორია თითქმის დასაწყისიდან დღევანდლამდე ტრაგიკულია, სამარცხვინო და... სევდიანი... სევდის მიზეზი ის არის, რომ უფალმა ჩვენ ულამაზესი პლანეტა გვიბოძა. რა კარგი იქნებოდა თითოეულმა ადამიანმა ნახოს ფოტოები - რა მშვენიერია პლანეტა დედამიწა და მისი ჰაეროვანი გარსი კოსმოსიდან! რა ფერებია!

საოცარი ისაა, როგორ ესადაგება ის ფერები, რომლებსაც დღეს ადამიანი კოსმოსიდან ხედავს, ათწლეულების წინ ლიტველი მხატვრის ჩურლიონისის მიერ შექმნილი ციკლის „სამყაროს შექმნის“ ფერებს!

რა ლამაზია დედამიწა ჩვენი თვალსაწიერის მასშტაბებშიც! ჩვენ, ქართველებს გვვგონია, რომ საქართველოზე ლამაზი ბუნება არსად არის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქვეყანა (კარგი იქნებოდა ეს გაცნობიერებული გვქონდეს, - უფრო მოვუფრთხილდებოდით არა მარტო მას, არამედ მის მკვიდრთ, ჩვენივე მოძმეებს!). მაგრამ მსოფლიოში უამრავია უმშვენიერესი ადგილი, და არა მარტო იქ სადაც დღეს მოდაშია შეძლებული ადამიანების სეირნობა, არამედ, მათთვის „არასაინტერესო“ ადგილებიც. მაგალითად, მდინარე ამური თავისი სოპკებით, რა ლამაზია კუნძული სახალინი (თავისი ბედკრული წარსულის მიუხედავად), ის სრუტე, რომელიც სახალინს მატერიკისაგან გამოყოფს! ჩაიკოვსკის ადგილ-მამულის, ვოტკინსკის მიდამოები... თუმცა კნუტ ჰამსუნის სიტყვებიც გავიხსენოთ, რომ მას ბევრი

რამ უნახავს - ბევრგან ყოფილა: ალპებში, კორდილიერებში - მაგრამ კაიშაურის ხეობის გადასახედის მსგავსი რამ არაფერი უნხავს.

უფალმა გვიბოძა ეს პლანეტა ჩვენ, ადამიანებს - ჩვენ ხომ არ ვიცით კიდევ ვის რა უბოძა, რადგანაც მაცხოვარი ბრძანებს: „მამის ჩემის სახლში ბევრი სავანეა“ (ინ 14,2). გვიბოძა და დაგვიბარა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ, შევისწავლოთ (ჩვენც

„გავუფრთხილდით“ - მოვწამლეთ ჰაერი, მიწა, წყალი, გავხლიჩეთ ოზონის გარსი, დავიწყეთ აისბერგების ჩამოდნობა, გავჩეხეთ ტყეები და ბევრი სხვა რამ)! ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რათა მას ეპატრონა ზღვაში თევზისათვის, ცაში ფრინველისათვის, პირუტყვისათვის და ყველა ქვემძრომისათვის (დაბ.1, 26). საზრდოდ გამოუჩინა „ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი“ (დაბ. 1.29). ადამს მისცა საშუალება სახელი დაერქვა ყოველი სულდგმულისათვის, პირუტყვისათვის, ცის ფრინველისათვის, ცხოველისათვის (დაბ. 2,19-20).

„აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ (დაბ. 2, 15), მაგრამ ცოდვად დაცემის შემდეგ ღმერთმა ადამი და ევა განდევნა ედემიდან: „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინათ მიწა, საიდანაც იყო აღებული“ (დაბ. 3, 23). აქედან ხომ ისიც კარგად ჩანს, რა მნიშვნელობას ანიჭებდა ღმერთი მიწათმოქმედებას!

ადამიანმა ცოდვა იდეალურ პირობებში ჩაიდინა. ღმერთმა ადამიანს უძვირფასესი რამ უბოძა - თავისუფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება, მაგრამ ადამიანმა ცოდვის გზა აირჩია - სატანას დაუჯერა.

ადამის და ევას მიერ ჩადენილმა ცოდვამ, იმან რომ ისინი განუდგნენ ღმერთს და უკეთურის გზა აიჩიეს, მყისიერი შედეგი გამოიღო - იმ მომენტიდან ცოდვამ ადამიანთა მოდგმის ბუნებაში დაისადგურა - ადამის პირმშომ, კაენმა, შურის გამო საკუთარი ძმა, აბელი მოკლა (დაბ. 4,8). ამრიგად, ადამის პირმშო პირველი მკვლელია დედამიწაზე და პირველი ძმათამკვლელიც!

ღმერთმა კაენს უთხრა: „ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან... დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას: დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე“ (დაბ. 4, 11- 12). იმისათვის, რათა ყოველ შემხვედრს არ მოეკლა კაენი, უფალმა მას ნიშანი დაადო. აბელის სიკვდილის შემდეგ ადამს გაუჩნდა ვაჟი, შეთი (ჯილდო, შენაცვლება). შეთი მართალთა მთელი თაობის მამამთავარი იყო. მისი ვაჟის, ენოშის, დროს დაიწყეს ადამიანებმა უფლის სახელის ხსენება (დაბ. 4, 26). კაენი გადაიხვეწა, „გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი შვილი სახელი - ენოქი“ (დაბ, 4, 17).

გამოდის, რომ პირველი ქალაქი ძმის მკვლელი კაენის შექმნილია, ხოლო მისი ჩამომავლები, იუბალი “მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა“ (დაბ.4, 21), თუბალი-კაენი, “რვალისა და რკინის საჭურველთ მჭედელი“ (დაბ. 4, 22).

ყოველი ამის შემდეგ ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ცივილიზაცია, კულტურა და ღმერთის სიყვარული და მორჩილება ერთი და იგივე არ არის, რასაც დღევანდელი მსოფლიოს მდგომარეობაც ნათლად გვიდასტურებს. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, კულტურა წარმოადგენს რთულსა და წინააღმდეგობრივ წარმონაქმნს, რომელიც თვით „მიწიერმა ქალაქმა“ წარმოშვა და რომლის წიაღშიც იგი არსებობს. კულტურა „მიწიერი ქალაქის“ მოქალაქეების ხორციელი ცხოვრებიდან „სულიერ ცხოვრებაზე“ გადასვლას უწყობს ხელს. უფალი გვაფრთხილებს:

„19. ...შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის მაძიებელი ამ საუკუნის? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ ქვეყნიური?“ 1 კორ. 19.20.

„ღმერთი სიყვარულია“ (1 ინ. 4,8), ამიტომაც მთავარი უფლისა და ადამიანის სიყვარულია და არა ვერსალების შენება. მაგრამ ბიბლია იმასაც ამბობს, რომ ყოველი ნიჭი და კეთილი ნაბოძვარა უფლისგანაა - ამრიგად, კულტურის და მეცნიერების გენიალური ნიმუშები „ღვთიური თანაქმედებისა და ადამიანური ქმედების შედეგია“, და „ადამიანის ქმედება მხოლოდ ღმერთთან ერთობლივი მოქმედების მეშვეობით ხდება“ (ავგუსტ ბრუნერი).

„17. მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება.

18. დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი.

19. წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება.

20. ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა.

21. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ გვასწავლა, ყოველთა შემოქმედმა.“

სიბრძ. 7. 17-21 მაგრამ ადამიანთა ცოდვების მომრავლების გამო, ერთ დღეს ეს ყველაფერი ცეცხლს მიეცემა. „ხოლო მოვა დღე უფლისა, როგორც მპარავი ღამით: და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და ყველა მიწიერი ქმნილება გადაიბუგება“.

2 პეტ. 3.10

პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაუქმდება, დარჩება მხოლოდ სიყვარული.

„8. სიყვარული არასოდეს გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან, და უქმი გახდება ცოდნა.

9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი ვწინასწარმეტყველებთ.

10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.

. . . . . . . . . . . . . . . ,

13. ჯერჯერობიოთ კი ეს სამია: სარწმუნება, სასოება და სიყვარული, ამათში უმეტესი სიყვარულია“.

1. კორ. 13, 8-10; 13.

უბედურებაა, რომ კაცობრიობის დიდ ნაწილს ძალზე გვიჭირს სიყვარული, რადგანაც უარვყავით უფალი. მე და ჩემი 15 წლის მოწაფე, ცოტნე ჯიქია ვსაუბრობდით, რატომ არის ამდენი უბედურება დედამიწაზე. უცებ მომიბრუნდა და სრული სერიოზულობით მიპასუხა: „იმიტომ რომ დავშორდით უფალს“!

ადამიანი სატანას რომ არ მიმხრობოდა, გააკეთებდა იმას, რომ ამ ულამაზეს პლანეტაზე - ეს პლანეტა უფალმა ხომ ყოველ ჩვენგანს უბოძა - ყველა ადამიანს ქონოდა საზრდო, ჭერი თავზე, ბავშვები შიმშილისგან მიწას არ შეჭამდნენ. წაგიკითხავთ ანდერსენის ზღაპარი „ასანთი“? მეტყვიან: დემოგრაფიული ბუმია დედამიწაზე. მაგრამ როდესაც კინოს „ვარსკვლავი საქორწონო კაბაში ერთ მილიონს ხარჯავს, რადგანაც კაბა ბრილიანტებით არის მოჭედილი, და კიდევ არც კი ვიცით რა ზნეობრივი ინფორმაციის მატარებელია ამ „ქალბატონის“ ნათამაშევი როლი?! მართლაც ჩვენ ხომ ყოველწუთიერად ვიმეორებთ იგივე შეცდომას, რაც დაუშვეს ადამმა და ევამ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ჩვენს სფეროში „მეფეები“ გავხდეთ, იმის მაგიერ, რომ დავემორჩილოთ ღვთის კანონებს. ჭეშმარიტად ადამის და ევას შვილები ვართ და მათ ნაკვალევს მივსდევთ. ჩვენ ხშირად ზურგს ვაქცევთ ყოველივე მშვენიერს, ამაღლებულს, წმინდას, ნათელს, კეთილს და მივილტვით ყოველივე უგემოვნო, დამამცირებელი, იაფფასიანისკენ...

ჩვენს ულამაზეს პლანეტაზე ბიბლიური სიბრძნის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს ადამიანის საქმიანობა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ხომ ყოველთვის ყველაფერს ღვთის სიბრძნის საწინააღმდეგოდ აკეთებდა და დღესაც გამალებით აკეთებს (ავიღოთ თუნდაც ატომური ბომბი) - ამის დასტურია კაცობრიობის ისტორიაც და კაცობრიობის დღევანდელი დღეც!

ტყუილი, ძარცვა, მრუშობა, მკვლელობა, შური და რაც ყველაზე უარესია, ყოველივე ამის პროპაგანდა, როგორც „დამხმარე სახელმძღვანელოს“ (учебное пособие) წარმოჩენა. აბა, ჩართეთ ტელევიზია, (არხების დიდი ნაწილი დაინახავთ ცხედარს) - პირდაპირ

თქვენსკენ მოშვერილ პისტოლეტის ლულას, ქალისა თუ მამაკაცის ბოღმისგან დეფორმირებულ სახეებს... რა თქმა უნდა, ნათქვამი ყველას უკლებლივ როდი ეხება... ბევრიც, თუმც კი ცოდავს - ინანიებს, ცრემლებს ღვრის, იმედი აქვს, რომ მაცხოვრის წმინდა სისხლი მას ცოდვებს ჩამობანს. ეს ისინი არიან, ვისაც მაცხოვარი მიმართავს „ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგცეთ სასუფეველი“ (ლუკ. 12, 32).

მე არავის განკითხვის უფლება არ მაქვს, მაგრამ, აბა, რას ნიშნავს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“ (ეს 1. 17), ან კიდევ „არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით...“(ეს. 59, 4).

p.s. ადამიანი მთელი ძალისხმევით სამყაროში ეძებს მოაზროვნე არსებებს, ეძებს სიცოცხლეს. რისთვის? იმისთვის, რომ იგივე რისხვა, ომი, უბედურება დაატეხოს თავს, რაც ამ დედამიწაზე დაატეხა სხვა კონტინენტების მაცხოვრებლებსა თუ მეზობლებს?

p.p.s. მართალია, ძალიან ძნელია შეეგუო, იმას რომ ოდესღაც (შეიძლება არც ისე დიდი ხნის შემდეგ) ჩვენი ულამაზესი ცისფერ-იისფერ-იასამნისფერი პლანეტა ცეცხლს მიეცემა, მაგრამ იმავდროულად ვხარობთ, რომ „... ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, რომელზედაც მკვიდრობს იმართლე“ (2 პეტ. 3, 13).

ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა სიღრმისეულად ვერ წარმოვაჩინე...

ვიფიქროთ...