პოლიტიკა
გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?!
გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?!

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, საზოგადოებამ უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ. მოქალაქეების ნაწილის აზრით, მმართველ ძალას ძალიან გაუჭირდება კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება, მაშინ როდესაც ისეთ საინტერესო და ძლიერი რესურსების მქონე პირსაც, როგორიც კახი კალაძე იყო, საკმაოდ გაუჭირდა თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვება, კიდევ უფრო არაეფექტურად მოჩანს მმართველი პარტიის სხვა კანდიდატები. სახელისუფლებო ძალის მხარდამჭერები აქტიურად ვარაუდობენ საპრეზიდენტო კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას, ასევე საუბარია ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ და უმრავლესობის ლიდერ არჩილ თაკლაკვაძეზეც, თუმცა სპეციალისტების ნაწილი მათ კონკურენტუნარიანად არ მიიჩნევენ და გაყალბების გარეშე წარმატებას არ უწინასწარმეტყველებენ.

საპრეზიდენტო არჩევნები არა მხოლოდ პოლიტიკური რეიტინგების და ძალთა ბალანსის მაჩვენებელი იქნება, არამედ ის გახდება კატალიზატორი პოლიტიკური პროცესებისაც. ის ან გაამტკიცებს მმართველ ძალას, ან დაშლის აქტიურ რეჟიმში გადაიყვანს, თავის მხრივ, მისცემს ბიძგს ან ოპოზიციის წინ წამოწევას ან ქართული ოცნების წიაღში ერთ-ერთ ჯგუფს.

უფრო და უფრო იმატებს მსჯელობა  ჯერჯერობით არც ისე რეალისტური იდეის - ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო პერსპექტივის შესახებ. პოლიტიკიდან  წასული ბიძინა ივანიშვილი დღეს ცალმხრივი კომუნიკაციის რეჟიმშია, მასზე ლაპარაკობენ, ის არ პასუხობს; ის კვლავ ყველაზე აქტუალურია - თუმცა, მას არ აქვს ტრიბუნა; მე ვიტყოდი, რომ მმართველი ძალა აქტიურად სარგებლობს იმითაც, რომ ხელისუფლების მიმართულებით გამოხატული ნებისმიერი ბრალდების ადრესატი საბოლოო ჯამში მაინც ბიძინა ივანიშვილია და „ქართული ოცნება“ ერთგვარად დღემდე წყლიდან მშრალი გამოდის - მეტაფორულად რომ ვთქვათ. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, დღემდე სიჩუმის ზონაში რჩება.

დაარღვევს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიჩუმის ზონას და გახდება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატი? მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ეს არადამაჯერებლად მოჩანს, თეორიული დაშვების შემთხვევაში, ის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი იქნება და უდიდესი ალბათობით, პრეზიდენტიც.

რატომ არ უნდა აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა? - პირველ რიგში იმით, რომ სიჩუმის კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწევს, მეორე მხრივ, თავის სახელით ბიზნესის წარმოებას და სამეწარმეო საქმიანობას შეძლებს, თუმცა, მოქმედი კონსტიტუციით ფლობის უფლება ექნება, ასევე ხილვადად მოუწევს ოპონენტებთან კომუნიკაცია. მესამე მხრივ, კი, უბრალოდ, მოუწევს დაუბრუნდეს იმ საქმეს, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონია, ეს სახელმწიფო და პირდაპირი კომუნიკაცია იქნება ოპონენტებთან.

რატომ უნდა აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა? - პირველ რიგში იმიტომ, რომ დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს არსებითად პოლიტიკური ფუნქცია გააჩნია და არა აღმასრულებელი, ის არაა აღსრულების ნაწილში ვალდებული ამომრჩეველთან, რაც მას ფორმალურ პასუხისმგებლობას მოუხსნის და მხოლოდ მორალურს დაუტოვებს, ის, რაც დღემდე ისედაც დარჩა; უნდა აწყობდეს იმითაც, რომ როგორც უკვე ფორმალურ ლიდერს, პროცესებზე ზეგავლენის საშუალება ექნება და არც უხერხულობას შექმნის; მასვე ექნება შესაძლებლობა, მხოლოდ ადრესატი კი არ იყოს ბრალდებებისა თუ ცალმხრივი კომუნიკაციისა, არამედ მოპასუხეც გახდეს და თავისთვის არასასურველ ბუნდოვანებაში სიმკვეთრე შეიტანოს. რაც მთავარია, უკვე უფლებრივად და ფორმალურადაც, მას შეუძლია სრული კონტროლი შექმნას მმართველ ძალაზე, ჩაუდგეს ოპოზიციაში, გამოარჩიოს რომელიმე ჯგუფი და ხელი შეუწყოს მას სამომავლოდ ჩაანაცვლოს მმართველი ძალა, ანდაც სულაც ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და იმით ჩაანაცვლოს დღევანდელი მმართველი ძალა.

ერთი შეხედვით და ზედაპირული შთაბეჭდილებით, ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიდენტობა უფრო სასურველი უნდა იყოს, ვიდრე იგივე მოცემულობის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, პირადად, მე, მაინც ჯერჯერობით არადამაჯერებელ პერსპექტივად მეჩვენება ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი.

კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ ბოლო არჩეული პრეზიდენტი აღმსრულებელი პირი არ იქნება, ისევე როგორც ძალაუფლების მქონე, თუმცა ის იქნება ხალხისგან მიღებული ლეგიტიმაციის მქონე, მთავარი პოლიტიკური სუბიექტი. პრეზიდენტის მთავარი ძალაუფლება იქნება სიტყვა და პოლიტიკური იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ექნება უფლებები, ამის გამოც, პროცესებზეც ის არ იქნება არც მოპასუხე და არც პასუხისმგებელი, სამაგიეროდ, მისი სიტყვის წონა იქნება ანგარიშგასაწევი, მას თავისუფლად შეეძლება შექმნას პოლიტიკური ამინდიც, საზოგადოებრივი განწყობებიც და საზოგადოებრივი პროცესებიც, ხოლო თუ პრეზიდენტი შეძლებს შექმნას თავისი ერთგვარი დამცავი გუნდი პოლიტიკური მხარდამჭერებისგან და ასევე თუ შეძლებს, ძალაუფლების სივრცეებში, საკრებულოში, პარლამენტში და ასე შემდეგ თავის მხარდამჭერი გუნდები პირდაპირ ან არაპირდაპირ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ექნება ძალაუფლება გადაწყვეტილებების ნაწილშიც.

 

არჩილ გამზარდია,

პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი

ტელეწამყვანი