მოქალაქის ტრიბუნა
„სააკაშვილის სისხლიანი "დეჟავიუ", შესაძლოა, მის მომხრეებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ!“- ზაზა დავითაია
„სააკაშვილის სისხლიანი "დეჟავიუ", შესაძლოა, მის მომხრეებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ!“- ზაზა დავითაია
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე. 


ნაცების რეჟიმის სისასტიკე, სისხლის და ცრემლის ტბები ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია და ზუსტად იცის, ვერაგობას საზღვარი რომ არ გააჩნია, მართლაც ყოველ ზღვარს გადასული ერთი ჩანაფიქრის განხორციელება ეშმაკის მოციქულებმა საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოასწრეს. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან 2006 წლის სექტემბერში კოალიცია "ანტისოროსის" ლიდერთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას და 2014 წლის თებერვალში კიევში მომხდარ სისხლისღვრას? ჯერ კიდევ არ ამოწურულა ალბათობა, რომ უკვე აპრობირებული სისხლიანი სცენარი საქართველოში გაიმეორონ.

ფაქტი 1

სააკაშვილის რეჟიმმა 2006 წლის სექტემბერის დასაწყისში ჩემს 12 მეგობართან ერთად დამაპატიმრა და შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ცილისმწამებლური ბრალდება წამომიყენა. სინამდვილეში, ასეთი შეთქმულება ბუნებაში არ მომხდარა და კოალიცია ანტისოროსის წარმომადგენლებს რეჟიმის იარაღის გამოყენებით დამხობა აზრადაც არ მოგვსვლია, თუმცა რას გავაწყობდით მარიონეტი სასამართლოს წინაშე. თითოეულ მათგანს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მოგვისაჯეს. რეჟიმის შეცვლისთანავე პროკურატურამ თავიდან გამოიძია ეს საქმე და 12 ყოფილ პოლიტპატიმარს დაზარალებულის სტატუსიც მოგვაკუთვნა. უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მიყოლებით გამოდიან ის ცრუმოწმეები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც შეითითხნა ჩვენს მიმართ ბრალდებები. ამჯერად, ისინი აღიარებენ, რომ ცრუ ჩვენებები ზოგს მუქარით, ზოგს კი მატერიალური გამორჩენის შეპირებით გამოსძალეს. ჩვენს რეაბილიტაციას წინ აღარაფერი ეღობება, თუმცა თავის დროზე, არარსებული დანაშაულის რეალობა საზოგადოებისთვის დამაჯერებლად რომ წარმოეჩინა, სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდის მთავარმა იარაღმა, ტელეკომპანია რუსთავი-2-მა უშუალოდ ნიკა გვარამიას დაკვეთით ეთერში გაუშვა გაყალბებულ ფაქტებზე დამყარებული სატელევიზიო ფილმი, რომელშიც რეჟიმის ნაძირალა ძალოვნები: სოსო თოფურიძე და დავით ჩხატარაშვილი, რამდენიმე ცრუმოწმესთან ერთად საზოგადოებას თავს ახვევენ გამოძიების შეთითხნილ ვერსიას: თურმე ანტისოროსის ლიდერებმა საიდუმლო შეხვედრაზე ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდება დავგეგმეთ. ამ მიზნით გარკვეულ დღეს დედაქალაქის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი უნდა გამართულიყო, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეუერთდებოდნენ. მიტინგი გადაინაცვლებდა სახელმწიფო კანცელარიასთან, სადაც გამოცხადდებოდა დაუმორჩილებლობა და გაისმებოდა ამ სახელმწიფო დაწესებულებაში შეჭრის მოწოდება. კანცელარიისკენ დაძრულ მანიფესტანტებისთვის ცეცხლი უნდა გაეხსნა ჩვენ მიერ მოსყიდულ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, რის შედეგადაც მანიფესტანტების მოწინავე რიგები მოიცელებოდა, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრებოდა, უნდა ყოფილიყო მსხვერპლიც! ამით უნდა შექმნილიყო ფონი, რომ ხელისუფლება ხვრეტს მიტინგს და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაგეს. წინასწარ შერჩეულ ათასამდე მოქალაქეს ჩვენ გადავცემდით წინასწარვე საგანგებოდ გადანახულ იარაღს,ისინი აითქვიფებოდნენ სისხლისღვრის შედეგად გამძვინვარებულ საზოგადოებაში და შეიჭრებოდნენ კანცელარიაში, სადაც მოახდენდნენ ძალოვანი მინისტრების ლიკვიდაციას, ხოლო პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს იზოლაციაში მოაქცევდნენ, დაიკავებდნენ ყველა სტრატეგიულ ობიექტს, ხოლო ჩვენ, ანტისოროსის ლიდერები, რომლებიც შეგნებულად არ დავფიქსირდებოდით სისხლიან მოვლენებში - მოსახლეობას ვაუწყებდით, რომ ხალხმა დაამხო მოძალადე ხელისუფლება, ვისი ადგილიც ჩვენ, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ - კოალიცია "ანტისოროსში" შემავალმა პარტიებმა დავიკავეთ.


თავშესაქცევი ზღაპარია, არა, მკითხველო? თუმცა ნაცები დღემდე ირწმუნებიან, რომ ჩვენი დაპატიმრებით აღკვეთეს რუსეთიდან ორგანიზებული შეიარაღებული გადატრიალება! პირადად მე სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე, რეჟიმის მძვინვარების კულმინაციის პერიოდში მომიწია ოთხნახევარი წლით რუსთავის მკაცრი რეჟიმის ციხე-კოლონიებში ჯდომა, მაგრამ მოდით, ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ:

ფაქტი 2

2014 წლის თებერვლის მიწურულს უკრაინის დედაქალაქ კიევში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, როგორი ბრალდებითაც 6 წლით ადრე "ანტისოროსის" ლიდერები დაგვაპატიმრეს: აქამდე არსებული ოფიციალური ვერსიის თანახმად, კიევის ცენტრში მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ მომიტინგეებს "ბერკუტმა" (უკრაინულმა სპეცრაზმმა) ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 54 ადამიანი დაიღუპა. გამძვინვარებულმა საზოგადოებამ მანიფესტანტების დახვრეტაში ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა მოყვა. 


მაიდნის მოვლენების გამოძიების შედეგად ახლახან გამოიკვეთა საპირისპირო ვერსია, რომლის მიხედვითაც მომიტინგეები არც მეტი, არც ნაკლები - მიხეილ სააკაშვილის მითითებით დახოცეს! ამ მიზნით სააკაშვილმა თავისი ერთგულ პირებზე დაყრდნობით კიევში ჩაიყვანა ის მკვლელები და ზონდერები, რომელთაც მანამდე საქართველოში მიტინგების დასრბევად, ოპოზიციონერი ლიდერების დასალეწად და დასაშინებლად იყენებდა. სწორედ მათ, სასტუმრო "უკრაინის" და კონსერვატორიის შენობებიდან ცეცხლი გაუხსნეს მანიფესტანტებს და რომ არა ეს ბარბაროსული ქმედება, უკრაინაში გადატრიალება არ მოხდებოდა, ტერიტორიული მთლიანობა არ დაიშლებოდა და ხალხი იმ სამოქალაქო ომში არ ჩაებმებოდა, რომელიც ამ ქვეყანაში დღემდე მძვინვარებს!

აი, რას ყვება მაიდნის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე კობა ნერგაძე:

"2014 წლის 10 თებერვალს ჩემს ჯგუფთან ერთად სასტუმრო უკრაინას მესამე სართულზე ვიყავი, როცა ჩვენთან შემოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი, ანდრეი პარუბი, მამუკა მამულაშვილი, სერგეი პაშინსკი და კიდევ ერთი - კომუფლიაჟში ჩაცმული კაცი. სააკაშვილი ყველას მოგვესალმა და კომუფლიაჟიანი კაცი წარგვიდგინა, როგორც აშშ-ს არმიის სამხედრო, კრისტოფერ ბრაიანი. მოგვიანებით მამულაშვილისგან გავიგე, რომ ბრაინი სნაიპერი იყო. მამულაშვილს და სააკაშვილს იგი ინგლისურად ესაუბრებოდა. 18 თებერვალს სასტუმროში პაშინსკი მოვიდა, რომელსაც რამდენიმე დიდჩანთიანი ახალგაზრდა მოყვა. ჩანთებიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები და ოპტიკურსამიზნეებიანი კარაბინები ამოიღეს. მამულაშვილმა მრავალმნიშვნელოვნად გაგვიმარტა ამოცანა - არ უნდა დაგვეშვა უკრაინის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება და მაიდანზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა! გვითხრა, რომ მაიდანზე ქაოსის შესაქმნელად იარაღი უნდა გამოვიყენოთ და ვესროლოთ როგორც მომიტინგეებს, ისე პოლიციას. მოქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგნაირად განისაზღვრა: პაშინსკი თავის ჯგუფთან ერთად, რომელსაც უკრაინელები, ქართველები, პოლონელები და ლიტველები შეადგენენ, კონსერვატორიის შენობაში გადადიან და იქიდან უნდა დაიწყონ სროლა მომიტინგეების მიმართულებით. 3-4 წუთის მერე სროლა სასტუმრო უკრაინიდან უნდა გაგრძელდეს... მართლაც, დილის 8 საათზე, კონსერვატორიის მხრიდან სროლის ხმები გავიგონე. 3-4 წუთში ამ სროლას მამულაშვილის ხალხი სასტუმრო "უკრაინიდანაც" აყვა. მე ამ დროს სასტუმროს მესამე სართულზე, დერეფანში ვიდექი და ვხედავდი, მაიდანზე გამავალი ფანჯრებიდან როგორ ესროდნენ ხალხს სნაიპერთა წყვილები - ერთი აღებდა ფანჯარას და მაშინვე კეტავდა, როგორც კი მეორე გაისროდა, შემდეგ კი წყვილები სხვა ნომერში გადადიოდნენ და იმავეს აკეთებდნენ. შემიძლია თითოეულმა წყვილმა 20 წუთის განმავლობაში 4-5-ჯერ მოასწრო გასროლა."


დიახ, ეს ამაზრზენი მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს მომხრეების გაწირვას, რის ხარჯზეც ლიდერები ძალაუფლებას იღებენ. საქართველოში სააკაშვილის ერთი მუჭა მხარდამჭერები მზად არიან 20 ლარის სანაცვლოდ მოვიდნენ ნაცების ორგანიზებულ ნებისმიერ თავყრილობაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ შესაბამისი მომენტის დადგომისთანავე პატრონები საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ, რათა შემდეგ ნამოქმედარი ხელისუფლებას გადააბრალონ და თავის მხრივ, ძალადობა და დესტაბილიზაციისკენ მოწოდებები გაამართლონ. მსგავსი პროვოკაციული სცენარით მოხდა არეულობა ბათუმში; რიგით მომხრეებთან ერთად ეს ზნედაცემულები არც მაღალ საფეხურზე მყოფ საკუთარ ლიდერებს ინდობენ, რასაც წინასაარჩევნოდ გივი თარგამაძის აფეთქება ადასტურებს. სააკაშვილი დღემდე ამ ბინძური სცენარით მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინაშიც და საქართველოშიც მის ავანტიურას აყოლილ უგუნურ ბრბოს ტყვიების ჯერი პირდაპირ საკუთარი კერპისგან მოელის!