საზოგადოება
„რატომ თვლის ამერიკა ისრაელს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მაშინ, როდესაც ქართველების მიერ საკუთარ სამშობლოში სარწმუნოების დასაცავად ატაცებულ ნებისმიერ ლოზუნგს ქსენოფობიად და ფაშიზმად ნათლავენ” - ისრაელში მცხოვრები ქართველი
„რატომ თვლის ამერიკა ისრაელს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მაშინ, როდესაც  ქართველების მიერ საკუთარ სამშობლოში სარწმუნოების დასაცავად ატაცებულ ნებისმიერ ლოზუნგს ქსენოფობიად და ფაშიზმად ნათლავენ” - ისრაელში მცხოვრები ქართველი

 „იუდაისტური სარწმუნოების მიხედვით შაბათი დასვენების დღედ ითვლება. ისრაელის პარლამენტმა - ქნესეთმა რამდენიმე კვირის წინ ხმათა უმრავლესობით საგანგებოდ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც შაბათობით სავაჭრო ობიეტების მუშაობა აიკრძალა. პოლიცია  მიიღებს ზომებს, რომ შაბათობით არცერთმა მაღაზიამ არ იმუშავოს“ - მითხრა პრივატულ საუბარში ისრაელში ლეგალურად მცხოვრებმა გიორგიმ, მართლმადიდებელმა ქართველმა, და მთხოვა, მისი ვინაობა არ დავასახელო, თორემ შესაძლოა იქ არა მარტო სამსახური, არამედ ცხოვრების უფლებაც დაკარგოს. როცა გიორგისთან საუბარი დავასრულე, საკუთარ სამშობლოში ჩემი, როგორც მართლმადიდებლის უუფლებობა განსაკუთრებით მკვეთრად გავიაზრე.

- ისრაელს რელიგიური ჯგუფები მართავენ, რომლებიც ქნესეთშიც არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული კანონი სწორედ მათი ინიციატივით გავიდა, იმის მიუხედავად, რომ კანონის მიღებას წინააღმდეგობას უწევდნენ ქნესეთში წარმოდგენილი რუსულენოვანი ებრაელები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პარტიაში "ჩვენი სახლი - ისრაელი", თუმცა მათ ხმები არ ეყოთ. მორწმუნე იუდეველებისთვის შაბათი წმინდა დღედ ითვლება. ბიბლის მიხედვით უფალმა 6 დღეში შექმნა სამყარო და მეშვიდე, ანუ შაბათ დღეს შეისვენა. აქ სამუშაო კვირა ორშაბათიდან კი არა, კვირიდან იწყება. ქრისტიანულ სამყაროში კი, საუფლო დღედ კვირა ითვლება, რადგან ჯვარცმული მაცხოვარი კვირას აღდგა.

- რამ განაპირობა ასეთი კანონის მიღება? მაღაზიები ვის უშლის ხელს?

- საქმე იმაშია, რომ ისრაელში საბჭოთა რესპუბლიკებიდან ამოსულმა რუსულენოვანმა ებრაელებმა ისრაელში თავიანთი კულტურა და ცხოვრების წესი ამოიყოლეს, რომელიც შაბათობით შრომის ჩვეულებრივ რიტმს გულისხმობდა. ბიზნესმენებმა მაშინვე გახსნეს მაღაზიები, როცა დაინახეს, რომ შაბათობით მათ კლიენტი ეყოლებოდათ, ამან კი, რელიგიური წრეების გაღიზიანება გამოიწვია, რადგან იუდაისტური რჯულის მიხედვით, მორწმუნე ებრაელს შაბათობით მუშაობა ეკრძალება. მორწმუნე ებრაელი შაბათობით მანქანითაც არ უნდა დადიოდეს, არამედ ამ დღეს მხოლოდ ღმერთს უნდა უთმობდეს.

- მაგრამ ყველა ებრაელი მორწმუნე ხომ არ არის? მათ რაღა დააშავეს?

- შაბათობით ისრაელში მხოლოდ აეროპორტი და სასწრაფო დახმარება მუშაობს და იქაც ძირითადად, არამორწმუნე ებრაელები არიან დასაქმებულნი. როგორც არსებობს ქართველი მუსულმანი და ქართველი ათეისტი, ებრაელიც შეიძლება სხვა სარწმუნოებაზე მოექცეს ან საერთოდ არ სწამდეს ღმერთი, მაგრამ ებრაელი საზოგადოებისგან ასეთი მაინც გარიყულად ითვლება, ასეთ მოქალაქეს დანარჩენები "გოეს" უძახიან, რაც არამორწმუნეს, არაებრაელს ნიშნავს, რადგან ისრაელში ეროვნება და სარწმუნოება ერთმანეთთან გაიგივებულია. არამორწმუნეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს - ქალაქ აშდოდში მიტინგიც კი გამართეს, რომელზეც რელიგიური წესების იძულებით თავს მოხვევა გააპროტესტეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. მაღაზიების მუშაობაზე ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაცრი კონტროლი დააწესა, მინისტრი, არიე დერი კი, იმავდროულად, ერთ-ერთი რელიგიური პარტიის თავმჯდომარეა! მან საჯაროდ განუცხადა ყველას, ვინც შაბათ დღეს მაღაზიების დაკეტვა გააპროტესტა: "თუ თქვენ გსურთ იაროთ მანქანით შაბათობით და ჭამოთ ღორის ხორცი - მოძებნეთ სხვა ქვეყანა! ეს ისრაელია!

- გიორგი, პირადად თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი - როგორ აფასებთ ისრაელში მიღებულ ამ ახალ კანონს?

- ყველას აქვს უფლება, თავის სახლში ის ცხოვრების წესი დააკანონოს, რასაც ამ სახლის ბინადართა უმრავლესობა მისდევს. პირადად მე, ამ კანონმა მრავალი წინაღობა შემიქმნა, რადგან მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ და პროდუქტების თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად მხოლოდ შაბათს შემეძლო სიარული, მაგრამ ამ კანონს მაინც გაგებით ვეკიდები. აქ საუბარი კანონის ვარგისობაზე კი არა, იმაზეა, თუ როგორ აფასებს დანარჩენი სამყარო ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, ისრაელი რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიულობაზე სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ამერიკაც და ევროპაც ისრაელის ამ საკანონმდებლო ცვლილებას დუმილით შეხვდა, რაც მათ ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებს. ისინი ებრაელებს პატიობენ იმას, რასაც საქართველოში არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ. ამ კანონის შემხედვარეს, მახსენდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც გამუდმებით შეურაცხყოფენ ადგილობრივი ლიბერასტები და იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოქმედებს კონკორდატი, მართლმადიდებლები საკუთარ სამშობლოში არამცთუ უუფლებონი, არამედ დისკრიმინებულებიც არიან. ამიტომ ამერიკელ და ევროპელ მიაზნთროპებს, ვისაც მართლმადიდებლობა ყელზე დასდგომიათ, აუცილებლად უნდა ვკითხოთ - პატივცემულებო, რამდენი სახე აქვს თქვენეულ დემოკრატიას? რატომ ითვლება ასეთი კანონის მიმღები ისრაელი დემოკრატიულ სახელმწიფოდ, მაშინ როცა ჩვენ, მართლმადიდებელი ქართველების მიერ საკუთარ სამშობლოში სარწმუნოების დასაცავად ატაცებულ ნებისმიერ ლოზუნგს ქსენოფობიად და ფაშიზმად ნათლავენ, როცა უცხო ქვეყანა დიდგორობის ზეიმის აღნიშვნას გვიკრძალავს?!

ფოტოზე: ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი არიე დერი

ესაუბრა ზაზა დავითაია