მსოფლიო
„სირია ის ადგილია, სადაც მეორედ მოსვლა უნდა დაიწყოს, ეშმაკთან ბრძოლა შამაშში ანუ სირიაში ხდება, ასეა ნაწინასწარმეტყველევი“- სოსო ზაალიშვილი
„სირია ის ადგილია, სადაც მეორედ მოსვლა უნდა დაიწყოს, ეშმაკთან ბრძოლა შამაშში ანუ სირიაში ხდება, ასეა ნაწინასწარმეტყველევი“- სოსო ზაალიშვილი

ანკარა, რომელიც ქურთულ სეპარატიზმს წლებია ებრძვის, სირიაში, აფრინის რაიონში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განიხილავს. თურქეთი ბომბებით პასუხობს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, მის საზღვართან 30.000 კაციანი „სირიის სასაზღვრო დაცვის ძალები“ განათავსოს, რომლის დიდი ნაწილი ქურთი მებრძოლებით უნდა დაკომპლექტდეს. ვაშინგტონის გეგმას თურქეთი სერიოზულ საფრთხედ და ტერორისტების მხარდაჭერად განიხილავს. აქედან გამომდინარე, უკვე რამდენიმე დღეა აფრინში შეტაკებები არ წყდება. ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს და აფრინის პარალელურად შტურმს ქ. მანბიჯში იწყებს.

„შეერთებულმა შტატებმა დააზუსტოს, ტერორისტული ჯგუფების გვერდით ამჯობინებს ყოფნას, თუ მოკავშირეების? ჩვენ მივიღებთ ზომებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა ზურგს ვინ უმაგრებთ, შეერთებული შტატები, თუ სხვა ქვეყნები,“-აცხადებს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ.

პარალელურად, თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვალდებულებას ახსენებს და მოკავშირის დაცვისკენ  ამაოდ მოუწოდებს, მოწოდება მოწოდებად რჩება... ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფსონს დიდი ქურთული სახელმწიფოს შექმნაზე დებენ.

ამასთან, არც ის არის უცხო, რომ  ოსმალური იმპერიის ფერად ზმანებებში ანკარა სირიას თურქეთის პროვინციად განიხილავს.

ამ ფონზე დამასკო თურქეთს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს.ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ სირიის ტერიტორიაზე მეორე ფრონტიც იხსნება. ასადის სამთავრობო არმია იდლიბში ტერორისტულ ორგანიზაციას „ჯაფხატ ალ ნუსრას“ უტევს.

რუსეთმა ასადის ხელისუფლების გადარჩენისთვის, „აისისის“ განადგურებისა  და სირიაში პროცესების დარეგულირებისთვის დიდი ძალისხმევა გასწია. ახლა კი ერდოღანის მტკიცებით, თურქეთის მიერ აფრინში განხორციელებული შეტევა მოსკოვთან არის შეთანხმებული. ეჭვებს აჩენს ის, რომ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთს თავისი საჯარისო ნაწილები აფრინიდან გაჰყავს, მოტივად კი რუსეთის მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილება სახელდება.

ქურთთა ნაწილი რუსეთს ადანაშაულებს და თვლის, რომ მოსკოვმა ანკარას გზა გაუხსნა. „როცა რუსეთი სირიაში შევიდა, მოსკოვი აცხადებდა, რომ მათი მიზანი სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იყო, რომ რუსეთი სირიაზე არანაირ თავდასხმას არ დაუშვებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვმა მთლიანად უარი თქვა ასეთ პოზიციაზე, გადაუხვია თავის სიტყვას. თუ შევხედვათ რა ხდება, ამის უკან მხოლოდ თურქეთი არ დგას, რუსეთმა მას შესაძლებლობა მისცა ეს ოპერაცია განეხორციელებინა.“-აცხადებს ქურთი პოლიტიკოსი „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, სალიხ მუსლიმ მუჰამედი euronews-თან საუბრისას.

ვრცელდება საწინააღმდეგო ინფორმაციებიც, რომლის თანახმად, ქურთებს შეერთებულ შტატებთან ერთად რუსეთიც ეხმარება. ქურთთა აფრინის ადმინისტრაცია დამასკოს რეგიონში  სირიის სამთავრობო არმიის განათავსებას სთხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადმა აფრინში 2.000 ჯარისკაცის შეყვანის ბრძანება გასცა. ქურთების წარმომადგენლები ასადის არმიას მიესალმებიან. "ჩვენ არასდროს გამოვდიოდით სირიის მთავრობის წინააღმდეგ, ჩვენ უბრალოდ გვსურდა კრიზისის დარეგულირებაში წვლილი შეგვეტანა. იარაღი საკუთარი ოჯახების დასაცავად ავისხით. როდესაც ვითარება პოლიტიკურად დარეგულირდება, მთელ შეიარაღებას დამასკოს ჩავაბარებთ"-აცხადებს აფრინის ქურთთა ადმინისტრაცია.

ოფიციალურად, მოკოვი და ვაშინგტონი ანკარას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ მიდის. ასეა თუ ისე, სირიაში შექმნილი ვითარება ერთ დიდ გაურკვევლობად და ნამდვილ „გორდიას კვანძად“ იქცა, სიტუაციის განმუხტვის სურვილი კი რეალურად არ ჩანს. ზესახელმწიფოთა გეოპოლიტიკურ ინტერესებს და გაუმაძღარ ამბიციებს უამრავი ხალხი, მათ შორის,  ათასობით ბავშვი ეწირება.

მოასწავებს თუ არა თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ აღმოსავლეთში წარღვნის დასასრულს, იმთავითვე საეჭვო ხდება. ბოლო წლებში განვითარებული პროცესების ქრონიკა და სიმწვავე კაცობრიობის წარღვნისკენ სვლას უფრო აჩვენებს.  

სირიაში შექმნილ კრიზისზე და საქართველოს რისკებზე szaogadoeba.ge- ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი ესაუბრება:

-ბატონო სოსო,  გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, აფრინში თურქეთის საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე  რუსეთმა ამავე რეგიონიდან თავისი საჯარისო ნაწილები გაიყვანა. გამოდის, მოსკოვმა ანკარას მწვანე შუქი აუნთო არა მხოლოდ ქურთების, არამედ ასადის წინააღმდეგ?  ბუნებრივია, დამასკო ამ ფაქტს  სირიის სუვერენიტეტის შელახვად განიხილვს. როგორ ახსნით ამ სიტუაციას?

-პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ რუსეთს აფრინიდან ჯარები არ გაუყვანია, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ინფორმაციით ეს არ დასტურდება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავადაცვის სამინისტოდან და გენერალური შტაბიდან დაწყებული, ვიდრე პრეზიდენტამდე, ყველამ გააკეთა განცხადება, რომ ჯარები არ გამოუყვანიათ.  

-ეს ინფორმაცია evroneus-მა გაავრცელა, მოტივიც დასახელდა, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ჯარი პროვოკაციის თავიდან აცილების და რუსი სამხედროების სიცოცხლის გაფრთხილების მიზნით გაიყვანეს აფრინიდან.  ფიქრობთ, რომ ეს სიცრუეა?

-ტყუილი შეიძლება არ არის და იმხელა კონტიგენტი აღარ დატოვეს, მაგრამ იმ ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები არიან. მართალია, გაყვანის შესახებ ითქვა, მაგრამ შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყველა დონეზე უარყო. ამას ადასტურებს ქურთი მებრძოლების სამხედრო წარმატებები. ტრამპის ადმინიტრაციამ ქურთ მებრძოლებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები გადასცა. თურქეთი ავიაციის გამოყენებას ერიდება, თანაც მფრინავებში ცოტა უჭირთ. თურქეთი ცნობილი იყო თავისი სახმელეთო კორპუსით და სატანკო დივიზიით. 2008 წლის ომის დროს მე-4 პირველი არმია საქართველოს საზღვარს თურქეთის მხრიდან მოადგა. თურქეთი ნატოში ერთ-ერთ ყველზე უფრო ძლიერი სახმელეთო კონტიგეტის ქვეყნად ითვლება. ამიტომ ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე უპირატესობა სახმელეთო ოპერაციას ენიჭება.

რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, სირიაში მართლაც ძალიან რთული ვითარებაა, რადგან იქ  ბევრი ქვეყნის ინტერესია გადაჯაჭვული. ეს ქვეყნებია: შეერთბული შტატები, რუსეთი, ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, იორდანია, ეგვიპტე, ისრაელი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. რატომ? იმიტომ, რომ სირიას არაბულ ქვეყნების გარემოცვაში  სტრატეგიული მდებარეობა აქვს. როგორც საქართველო არის კავკასიაში, დაახლოებით ანალოგიური მდებარეობა აქვს სირიას ახლო აღმოსავლეთში.

სირიაში ძალიან ბევრი რელიგიის მიმდევარი ხალხი ცხოვრობს. როდესაც ჩვენ სირიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ლიბანის მაგალითი, რომელიც  ასევე ისრაელს ესაზღვრება და სადაც ასევე ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ბეირუთში  სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ომი დაუწყეს. შემდეგ შეძლეს მოლაპარაკება და შეთანხმდნენ, რომ პრემიერმინისტრი უნდა იყოს ქრისტიანი, პრეზიდენტი-მუსლიმი, და ა. შ. ანუ, ხელისუფლება  რელიგიურმა ჯგუფებმა გაიყვეს. სირიაში ანლოგიური რამ ცოტა რთული გასაკეთებელია, ეს პრობლემა უფრო რთულად მოსაგვარებელია. სირიაში შიიტები ყველაზე ცოტა არიან, მაგრამ ხელისუფლების უდიდეს ნაწილს ფლობენ. ეს ჯერ კიდევ მამა ასადიდან მომდინარეობს, ირანის მხარდაჭერა შიიტებისადმი ამით არის განპირობებული. არის მეორე საკითხიც, რომელიც აუცილებლად საყურადღებოა, სირიელები ფრანგოფონები იყვნენ, მაგრამ ასადების ოჯახი დიდი ბრიტანეთის და შეერთებული სტატების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ერთმა ჩემმა ებრაელმა მეგობარმა, რომელიც თავის დროზე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, მომიყვა, რომ მამა ასადის დასაფლავებაზე აშშ-ს  სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაითი ჩავიდა, ბაშარ ალ ასადს ესაუბრა  და თქვა, რომ ის საკმაოდ საღადმოაზროვნე ადამიანი იყო, რომელთანაც საქმის დაჭერა შეიძლებოდა. ამის შემდეგ ასადი მართლაც პრეზიდენტი გახდა. ალბათ მაინც ის გახდებოდა პრეზიდენტი, რადგან ისლამური ქვეყანაა და ავტორიტარიზმი არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდში მას ამერიკის მხარდაჭერა ჰქონდა.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, ისიც რომ სირიაში ყოველთვის იყო რუსული სამხედრო კონტიგენტი. ხმელთაშუაზღვაზე გასასვლელი რუსეთს არ აქვთ, ამიტომ ეს ქვეყანა ყოველთვის ჭირდებოდათ. სირია რეგიონში იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო. მას ისრაელი ესაზღვრება, თავის დროზე ისრაელი რუსეთის მტერი იყო, ანუ, გეოპლიტიკურად სირია ძალიან საინტერესოა, საინტერესოა ასევე  ტრანზიტის თვალსაზრისით, რადგან ის არის ხიდი და რეგიონში ერთგვარ „საგზაო რუკას“ წარმოადგენს.

რატომ ხდება სირიაში ეს ყველაფერი? არაბულ გაზაფხულზე იმდენი დაიწერა, არაფერს ვიტყვი. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში სისხლის მეტი არაფერი მოიტანა. დღეს სიტუაცია ძალიან არეულია, ერთი მხრივ არის ირანი, რომელიც უკვე თავის თამაშს თამაშობს. ირანი რუსეთის გავლენიდან აბსოლუტურად გამოსული არ არის, მაგრამ არც მთლად კონტროლქვეშაა. ირანს სულ ერთი წელი სჭირდება იმისათვის, რომ ბირთვული იარაღი შექმნას. მაშინ ის უკვე ბირთვული კლუბის წევრი ხდება და თავის პოზიციებს სხვანაირად გაამყარებს. არის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“, რომელიც სირიის ტერიტორიაზე  სამი-ოთხი წელია ომობს და პრაქტიკულად უძლიერეს საბრძოლო ფორმირებად ჩამოყალიბდა, სამხედრო ფორმირებას ვგულისხმობ და არა ტერორისტულ ორგანიზაციას. არის აგრეთვე „რევოლუციური გვარდია“, რომლის გამოსვლები ახლანდელ ირანში სისხლში ჩაახშვეს, რომელიც აგრეთვე ომობს სირიაში და საკმაოდ კარგი წვრთნა გაირა.  ამავე დროს არსებობენ სუნიტური ჯიჰადისტური დაჯგუფებები, რომლებიც  ერაყიდან სირიაში  გადადიან, იქიდან კი გეზს თურქეთში იღებენ და კაცმა არ იცის ზუსტად სად მიდიან. „ისლამური სახელმწიფო“ ამ ტერიტორიებზე გაანადგურეს,  მაგრამ „ისლამურ სახელმწიფოში“ 170.000 მებრძოლი იყო და ამდენი არ მოუკლავთ, ე.ი სადღაც გაქრენ, დისლოკაციის ადგილი შეიცვალეს.

სირია „გორდიას კვანძია“, რომელიც რაღაცნაირად უნდა გაიხსნას. სირიას აქვს ტერიტორიული პრობლემებიც. აქ ცხოვრობენ ქურთები, შიიტები, სუნიტები, დაემატა  მიგრაცია ირანიდან. სირია თავის დროზე საკმაოდ კარგად განვითარებული ქვეყანა იყო. დამასკო სერიოზული ქალაქი იყო და ისლამური სამყაროს ცენტრად ითვლებიდა. დამასკოს უნივერსიტეტი მთელ ახლო აღმოსავლეთში ცნობილი იყო.

სირია ის ადგილია, სადაც მეორედ მოსვლა უნდა დაიწყოს, ეშმაკთან ბრძოლა შამაშში ანუ სირიაში უნდა მოხდეს, ასეა ნაწინასწარმეტყველევი. მეორედ მოსვლა შამაშში ომით უნდა დაიწყოს, არმაგედონი, სირიის ტერიტორიაზე ხდება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საქმე აქ ძალიან რთულადაა.

რუსებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში სირიაში  იგივე პოზას დაიჭერენ, რაც აფხაზეთში დაიჭირეს, ქურთებასაც და თურქებსაც დაეხმარებიან.

-ერდოღანი ირწმუნება, რომ სამხედრო ოპერაცია სირიაში შეთანხმებულია რუსეთთან ...

-ერდოღანი ბევრ რამეს ამბობს, მისი ერთი სიტყვა არ დაიჯერება. ერდოღანი ავადმყოფი ადამიანია, რომელიც განდიდების მანიით არის შეპყრობილი. მაგას უკაცრავად და ცხვარი აქვს უკვე ფეხზე გამობმული. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, დიდი ქურთული დელეგაცია ვაშინგტონში, კონგრესში იმყოფებოდა, ლობიზმში უზარმაზარი ფული ჩაიდო და ამერიკის კონგრესმა ქურთისტანის ცნობაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ამ შემთხვევაში შეიძლება რუსებმა ქურთების დახმარებაზე ცოტა თავი შეიკავონ, მაგრამ მაინც არა მგონია, ქურთები ასე ვთქვათ, თურქებს ჩააბარონ, რადგან ბოლო 50 წლის განმავლობაში ქურთები რუსების მოკავშირეები არიან.

თუ მათ ტერიტორიაზე არ არის ბრძოლა, ქვეყნები განგრძობადი კონფლიქტის წარმოქნას ცდილობენ, ამერიკელებიც ასე არიან და რუსებიც, ფაქტია ასეთი, მეტი იარაღი იყიდება, მეტი ფული კეთდება და ა.შ.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარამ "გაზპრომ"-  უფლება მისცა გაიყვანოს "თურქული ნაკადიზღვის მონაკვეთის მეორე ფაზა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ეს იყო თურქეთის მიერ აფრინში განხორციელებული ოპერაციის საფასური...

-ოპერაციის სანაცვლოდ ანკარა ვერ მისცემდა ამის უფლებას, იმიტომ რომ ან ნაკადის შესახებ გაყვანა დიდი ხანია შეთანხმებულია. სამხრეთ ნაკადის გაყვანა გამაგრებულია არა ქურთებზე შეტევით, არამედ იმ ოთხი რეაქტორით, რომლის აშენებასაც რუსეთი თურქეთის ტერიტორიაზე აპირებს. ეს ყველაფერი, რასაც წევენ, ზედაპირული მიდგომაა. რომ არ მიეცა თურქეთს ნაკადის გაყვანის საშუალება, რა?  ვერ გაიყვანდნენ რუსები? ერდოღანი ორ თვეში აღარ იქნება პრეზიდენტი და ამით დამთავრდება ყველაფერი, დაიწყება სახალხო გამოსვლები და გადააგდებენ.

- გამორიცხვთ, რომ არსებობდეს რაიმე მოლაპარაკება მთავარ მოთამაშეებს შორის იმის თაობაზე, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთმა ჩაიგდოს ხელში, დიდი ოსმალეთის ზმანებებიდან გამომდინარე?

-ჯერ ამის საფუძველი არ არსებობს, ვარაუდის დონეზე ყველა სცენარის განხილვა შეიძლება. მოსალოდნელია თურქეთი საერთოდ დაიშალოს და სირია გაკეთდეს და პირიქით, სირია აღარ იყოს და სირიის ჩრდ. ნაწილი თურქთმა მიიერთოს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია.

-თურქეთი ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას ასადის ოპოზიციასთან ერთად აწარმოებს, მათ რიცხვში ქურთებიც არიან?  ანუ, ქურთებში რამდენად არსებობს ერთობა?

-საერთოდ, თურქები „ტიურკები“ არიან. შექმნილია კიდეც ორგანიზაცია, სადაც ეს ხალხები გაერთიანდნენ, იქ არიან თურქმენები, ჩრ. კავკასიის ზოგიერთი ტომი და.ა.შ. მათ „ტიურკული ერები“ ჰქვიათ.

საუბარია იმაზე, რომ სირიაში და ერაყში ცხოვრობენ ტიურკები, ისინი სუნიტები არიან. აი, ეს ტიურკები ეომებიან ქურთებს, ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. ქურთი სუნიტი მულიმებიც ეომებიან იეზიდ ქურთებს. თურქეთსა და  ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების ძირითადი ნაწილი სუნიტი მუსლიმია, თუმცა არიან შიიტი ქურთებიც. მათ შორის დიალოგის ჩამოყალიბებაზეა საუბარი, საკითხი ეხება „დიდი ქურთისტანის“ შექმნას. ასადმა გამოსცა კიდეც ბრძანებულება სირიის  ტერიტორიაზე ქურთისტანის ავტონომიის შექმნის შესახებ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქურთული სახელმწიფოს შექმნისკენ გადადგმული, რომელსაც მხარს  იერუსალიმი და ვაშინგტონი უჭერს. ისრაელისთვის ერთგვარი ბუფერული ზონის ჩამოყალიბება იგეგმება. მაიკ პენსისი ვიზიტმა იერუსალიმში დაადასტურა ის, რომ ამერიკა ისრაელს მთავარი მოკავშირედ მიიჩნევს.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ „დიდი ქურთისტანის“ სახელმწიფოს შექმნა ხორცს ისხმს და სრულიად რეალურია?

-როგორ არ არის რეალური, 40-დან 60 მილიონამდე კაცი ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე. თუმცა თუ ჩვენ „დიდ ქურთისტანში“ ერაყის, სირიის, ირანის და თურქეთის ტერიტორიებს   ვგულისხმობთ, ეს ჯერჯერობით რელური არ არის, მაგრამ სირიის და ერაყის ნაწილზე ქურთული სახელმწიფოს შექმნა ნამდვილად რეალურია. 1945 წელს ვერავინ ივარაუდებდა, რომ ებრაელთა სახელმწიფო შეიქმნებოდა. ასე რომ, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ქურთული სახელმწიფოს შექმნის დიდი შანსი არსებობს. ქურთული სახელმწიფო რელიგიური ნიშნით იქნება შექმნილი, თუ ეთნიკური ნიშნით, ეს უკვე მეორე საკითხია. სწორედ, აქ არის პრობლემები. თუ ეს სახელმწიფო ისლამური იქნება, მაშინ თურქეთთან დაპირისპირების გამო იქ უფრო ფუნადამენტალური ისლამი წავა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ამ ტერიტორიაზე მუჰამედის დროინდელი მებრძოლი ისლამის აღდგენა მოხდეს. ხოლო თუ ქურთული სახელმწიფო პოლირელიგიურ ნიადაგზე შეიქმნა, მაშინ ის უფრო ეთნიკური სახელმწიფო იქნება, ჩვენს ინტერესშიც ალბათ, უფრო ეს შედის...

-თუ ეს პროცესები მართლა დაიძრა და თურქეთს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები დაეწყო, რა ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს თურქეთისაგან მიტაცებული ქართულ მიწები?

-ეს მიწები ქურთისტანის ანკლავთან გეოპოლიტიკურად არანაირ შეხებაში არ არის. ქურთული სახელმწიფოს შექმნა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში ზის, მაგრამ ტაო-კლარჯეთის დაბრუნება საქართველოსთვის მსოფლიოს ამ არქიტექტურაში არ ზის. რაც გვაქვს, იმას ვერ ვუვლით და კიდევ ტერიტორია რომ დავიმატოთ მუსლიმი ქართველებით დასახლებული, მსოფლიოს ინტერესებში არ ზის.

-საქართველოზე რა გავლენა ექნება სამეზობლოში ახალი სახელმწიფოს შექმნას?

- ჩემი აზრით, საქართველოსთვის კარგი იქნება, მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ ქურთებით დასახლებული ტერიტორია ნავთობით ყველაზე მდიდარია. ნავთობის საბადოები ერაყშიც, თურქეთშიც, ირანშიც და სირიაშიც სწორდ ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზეა.  ნავთობის ტარნსპორტირების ბევრი გზა უნდა არსებობდეს. ლაპარაკი მარტო რუსეთზე  არ არის, არაბები, ოპეკის ქვეყნები ნავთობის ფასს როგორც უნდათ ისე ათამაშებენ. აქედან გამომდინარე, დანარჩენ მსოფლიოს პრობლემები ექმნება. თანაც უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ებრაულ-არაბული კონფლიქტის დასრულება. ეს კონფლიქტი დეფაქტოდ არასოდეს, მაგრამ დეიურედ ოთხ-რვა წელიწადში ამოიწურება. არაბები ბოლო-ბოლო ცნობენ ისრაელს, იქ პატარა ტერიტორიული გაცვლა-გამოცვლა მოხდება და დამთავრდება.

-რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

-ამის საფუძველს მაძლევს ის მოლაპარაკებები, რომელიც იმართება. ასევე ჩემი კონტაქტები იერუსალიმსა და ვაშინგტონში, ინფორმაცია მაქვს, კი არ ვიგონებ.

-კრიზისი, რომელიც თურქეთსა და  შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და ნატოს შორის არსებობდა, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა. ერდოღანი მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთს, ადანაშაულებს და მოუწოდებს დაიცვას მოკავშირე, ამასთან,  ნატოდან გასვლით იმუქრება. როგორ წარმოგიდგენიათ ნატო-თურქეთის ურთიერთობების განვითარება? რამდენად რეალურია, რომ თურქეთმა ნატო მართლაც დატოვოს?

-დატოვებს თუ არა თურქეთი ნატოს ჯერჯერობით, ამის თქმა ძნელია, თუმცა ამ საკითხზე გარკვეული ძალების მხრიდან მუშაობა მიდის, როგორც თურქეთში, ასევე ვაშინგტონსა და პარიზში. რეალურად ეს არ შედის დასავლეთის ინტერესში. დასავლური დიპლომატია ასეთ ნაბიჯებს არასოდეს დგმას. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთი მათ მოკავშირეთა რიგებში ითვლებოდეს, ვიდრე გაბრაზებულმა ნატოს კარი გაიჯახუნოს. ასეთ შემთხვევაში  თურქეთი უკონტროლო გახდება. რუსეთთან მიმართებაშიც მრავალი დასავლელი კონსერვატორი პოლიტიკოსი თვლის, რომ გაბრაზებული და სანქციებდადებული რუსეთი კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება. ასე ფიქრობს, მაგალითად, დენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტრარტეგიულ საკითხებში. ამავე პოზიციას ევროპაშიც ბევრი პოლიტიკოსი იზიარებს. ამიტომ დასავლეთი ცდილობს ეს შეცდომა მეორედ არ დაუშვას და თურქეთი ისე არ გაანაწყენოს, რომ ნატო დატოვოს. თქვენ წარმოგიდგენიათ, თურქეთმა რომ ნატო დატოვოს, რა იქნება, რომელ ბლოკში შევა, რას იზამს...

პრაქტიკულად, დეფატოდ თურქეთი ნატოს წევრი უკვე აღარც არის. როდესაც მან S-400 თავის ტერიტორიაზე ტრიუმფით შეიყვანა, ეს უკვე ნატოს წესდების დარღვევა იყო. იმიტომ შეიყვანა, რომ ამერიკელებმა „პეტრიოტები“, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეს იცავდა, გერმანიაში გადაიტანეს. თურქეთი იძახის, ის კარგი იყო რუსეთისგან ვეტმფრენებს რომ ყიდულობდით ავღანეთის ოპერაციის დროსო? აქ თამაში მიდის, ორივე მიზეზს ეძებს. 

- თურქეთი მისი მოკავშირის, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ ქურთებს ებრძვის. გამოსდის, თურქეთი სირიაში, აფრინის რეგიონში, შეერთებულ შტატებს ებრძვის?

-ამერიკის მიერ მხარდაჭერილი  მარტო არ არის. ქურთები ყველა მოკავშირის, ამერიკის, რუსეთის, ისრაელის, გერმანიის მხარდაჭერილნი არიან. გერმანიაც აძლევს ქურთებს იარაღს და ჯავშანჯილეტებს, მარტო ამერიკაზე არ არის ლაპარაკი. ამერიკამ ქურთებს  საჰაერო თავდაცვის სისტემები მისცა, რუსებმა ანტისატანკო სისტემები გადასცეს, იარაღიც რუსული აქვთ. ერთი სიტყვით, ძალიან დაძაბული სიტუაციაა.

-ის ქურთები, ვისაც თურქეთი ბომბავს,  ცალკე „აისის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ცალკე-ასადის, ახლა ასადის მოკავშირეები გამოდიან?

-დიახ, ისინი ასადის მოწინააღმდეგეები იყვნენ, „აისის“ წინააღმდეგ ბრძოლა  ასადის მოკავშირეობას არ ნიშნავს. ასადიც ებრძოდა ქურთებს, სადამ ჰუსეინი რატომ ჩამოაგდეს ამერიკელებმა? იმიტომ, რომ ქურთებით დასახლებულ სოფლებში ხალხი ზარინით დაწამლა. არც ასადი აკლებდა ქურთებს თავის დროზე. ეს ასადი მართლა დიქტატორია, კარგი ადამიანი კი არ არის, ეს არის საძაგელი ადამიანი, მაგრამ „ისლამურ სახელმწიფოს“ ჯობია, ამაშია საქმე.

-თეირანმა გააფრთხილა თურქეთი, პატივი სცეს სირიის სუვერენიტეტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ირანი, როგორც ასადის მოკავშირე, შესაძლოა ჩაერთოს ამ მიმართულებით?

-არა მგონია ირანი ჩაერთოს, იმიტომ რომ თვითონ აქვთ ქურთების პრობლემა.

-ირანში საპროტესტო ტალღის აგორება და სირიაში თურქეთის საზღვართან ქურთული სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნა ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ირანი- თურქეთი-რუსეთის ურთიერთობების ჩასაშლელად იყოს პროვოცირებული? თეირანიც და ანკარაც თითს შეერთებული შტატებისკენ იშვერენ და პროვოცირებაში ვაშინგტონს ადანაშაულებენ...

-არა მგონია, ირანში მართლა საშინელი მდგომარეობაა, გამოვა ხალხი ქუჩაში, აბა რას იზამს? მიშა ვერ ავიტანეთ ცხრა წელი და იქ 1978 წლიდან მიშაზე უარესი მართავს.

-...თუმცა ვინ რისთვის იყენებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ესეც ხომ საკითხავია?

-ეგ სხვა თემაა, პოლიტიკაში ყველა ყველას იყენებს, ისე არაფერი ხდება. ვიღაცამ შეიძლება მართლაც გამოიყენოს ირან- თურქეთ-რუსეთის  ურთიერთობების ჩასაშლელად, თუმცა მე  ასეთ კონსპირაციულ თეორიებს არ ვემხრობი.

-თურქეთი შტატების მოკავშირე და ნატოს წევრია, რატომ არ უწევს ანგარიშს შეერთებული შტატები თურქეთს და რატომ არის ვაშინტონი  „დიდი ქურტისტანის“ შექმნით ასე დაინტერესებული? რა გეოპოლიტიკუტრი ინტერესებით არის ეს ნაკარნახევი?

-ამას ვინც გეტყვით, ვიციო, ის ან ცეერუს აგენტია, ან ამ გეგმის შედგენაში იღებს მონაწილეობას. რუსეთს რატომ აქვს განასაკუთრებული ინტერესი? ზუსტად იგივე ინტერესი აქვს ამერიკასაც. უნდათ, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ჰყავდეთ. ახლა ამერიკას იმ ტერიტორიაზე ერთი მოკავშირე ჰყავს, ეს არის ისრაელი, როდესაც შეიქმნება ქურთისტანი, ეყოლება ორი მოკავშირე...

-საფრანგეთი თურქეთს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა  ევროკავშირისგან დიდ აქტიურობას ვერ ვხედავთ ამ მიმართულებით....

-დიახ, ევროკავშირი ფრთხილად აკვირდება პროცესებს...

-დასკვნის სახით რომ ვთქვათ, „ისლამური ხალიფატის“ ძველი ლოკაციის ადგილიდან განდევნის შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყო და ახლა სირიის ტერიტორიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს?

-გადანაწილების პოროცესი, არა, აქ ხომ მარტო სირია არ არის, ლაპარაკია ახლო აღმოსავლეთში ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაზე. აი, ეს პროცესი დაიწყო. ამ უსაფრთხოებას ვინც თავის სასარგებლოდ ააშენებს, ამაზეა ახლა ბრძოლა.  

-„გორდიას კვანძი“  ახსენეთ, მაკედონელი იქეთ იყოს და სურვილს ხედავთ, რომ ვითარების  განმუხტვა რეალურად მოხდეს?

-როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლა ერთად მოუწიათ, ასევეა ეს საქმეც,  უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა მოუწევთ, სხვანაირად მსოფლიოში ნორმალური ცხოვრება არ იქნება. ჩვენ მიჩვეულები ვართ არანორმალურ ცხოვრებას, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებიც ამას მიჩვეული არ არიან. პირველ რიგში, მათ ინტერესებშია  უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს.

- ფიქრობთ, რომ პროცესი აქეთკენ მიდის? მოვლენების განვითარება ხშირად საპირისპიროს აჩვენებს...

-როგორ არა, ამაზე მუშაობა მთელს მსოფლიოში მიდის. ისლამური სახელმწიფო დაამარცხეს, ახლა ქურთისტანის პრობლემამ წამოიწია წინ. არის ლაპარაკი, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შეჩერდეს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები პაკისტანს დახმარებას აღარ გაუწევს. ინდოეთში ისრაელის პრემიერმინისტრის ერთკვირიანი ვიზიტი იყო და საჰაერო თავადაცვის სისტემების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უბრალოდ, ამას დრო უნდა, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“.

-საერთო ჯამში მაინც გამოდის,რომ  ეს გეოპოლიტიკური ინტერესები ნავთობამდე, გაზამდე, იარაღამდე, ნარკოტიკამდე და საბოლოოდ მაინც ფულამდე დადის, ხალხი კი ყოველდღიურად ეწირება, მათ შორის უამრავი ბავშვი...

-რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფულამდე დადის, აბა სადამდე უნდა დავიდეს? მართლა ასეა, ხალხი ისედაც სულ ეწირება ყველაფერს. ფულზე საქმე საბჭოთა კავშირში არ იყო, მაგრამ ხალხი მაინც იხოცებოდა. სტალინმა თქვა „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა“, მილიონის კი -სტატისტიკა“, ამიტომ მეზიზღება სტალინი.

-ასეთ ვითარებაში საქართველო რისკის ზონას რა დოზით განეკუთვნება?

-ჩვენს მეზობელ ქვეყანაში რომ ომი მიდის, რა თქმა უნდა, ჩვენც რისკის ზონაში ვართ. თან გაითვალისწინეთ ისიც, ეს ომი ტუნისში დაიწყო, მერე გადავიდა ლიბიაში, სირიაში, ალჟირშიც კი. ეს ხომ მოძრავი პროცესია, ერთ ადგილზე კი არ ჩერდება. რისკის ზონაში რეალურად ვართ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი  დასავლელ პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას და აღმშენებლობის გაგრძელებას შეძლებს.

-გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ეს დასავლელი პარტნიორები თურქეთის უფრო მჭიდრო და დიდი ხნის პარტნიორები არიან, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, არათუ გვერდით დაუდგნენ თურქებს სეპარატიზმთან ბრძოლაში, არამედ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე დადგნენ და ანტითურქულ პროცესებს დაუდეს სათავე...

-ჰო, ნუ, აბა სხვა შანსი ჩვენ არ გვაქვს, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ჩვენი საქმე. აბა, რა უნდა ვქნათ? სამწუხაროდ, ღმერთმა ასეთი ბედი გვარგუნა...