საზოგადოება
„მიწა არის ყველაზე უღალატო - თუ მოინდომებ და მასში ენერგიას ჩადებ, ნაშრომი აუცილებლად დაგიბრუნდება” - რატომ შეიქმნა თუშური გუდის ყველის ასოციაცია
„მიწა არის ყველაზე უღალატო  - თუ  მოინდომებ და მასში ენერგიას ჩადებ, ნაშრომი აუცილებლად დაგიბრუნდება” - რატომ შეიქმნა თუშური გუდის ყველის ასოციაცია

ფალსიფიკაცია, შეცვლილი ტექნოლოგიები და დაკნინებული ხარისხი - თუშები ტრადიციული მეთოდების უგულებელყოფით გუდის ყველის დამზადების პროცესის ინტენსივობაზე ჩივიან. მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული რძის ამ პროდუქტის უნიკალურობის შენარჩუნებას მთის ხალხი ეროვნული ღირსების საქმედ მიიჩნევს. თანამედროვეობაში პოლიეთილენის პარკებით  ტრადიციული გუდის ჩანაცვლება, ახალგაზრდა თუშ ფერმერთა ერთი ნაწილის აზრით, ყველის ხარისხსა და გემოზე უარყოფითად აისახება.

გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია. საუკეთესო გუდის ყველი  კი მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით კეთდება. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები აღარ ექნება, როგორც ეს მთაში დამზადებულის შემთხვევაშია (წყარო: allwine.ge)

კარგი გუდის ყველი თვლიანია - ნასვრეტები აქვს და შუაგული ყვითლად (ერბოსფრად) ელვარებს. ეს სიყვითლე მიგვანიშნებს, რომ ყველი ნაღებმოუხდელი რძისგან დამზადდა. ცხვრის გუდის ყველის შუაგული მოყვითალო- მომწვანოა. ამით შეიძლება ვიზუალურად მისი განსხვავება ძროხის ყველისგან, რომლის გულსაც მომწვანო ფერი არ ახასიათებს. ზაფხულში გუდის ყველი ვადაგასულად ითვლება. ახალი ყველი მთიდან შემოდგომაზე ჩამოდის, როცა თუშები ცხვარს ბარში ერეკებიან. (წყარო: vinoge.com)

26 წლის გიორგი ქარსამაული თუშეთის სოფელ ვესტომთიდანაა.  ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც  თუშურ ტრადიციულ გუდის ყველს აწარმოებს.  ახალგაზრდა ფერმერი ყველის სხვა ტექნოლოგიებით წარმოების წინააღმდეგი არაა, თუმცა მის გუდის ყველად გასაღების ფაქტს კატეგორიულად აპროტესტებს. ამბობს, რომ იმ მეთოდს, რომელზე უარის თქმისკენაც დღეს სხვა ფერმერებს მოუწოდებს, რამდენიმე წლის წინ თვითონაც იყენებდა, თუმცა ტრადიციების შენარჩუნებისთვის დაწყებულ ბრძოლას ახლა უფრო მეტი შემართებით აგრძელებს.

გიორგი ქარსამაული: „90-იანი წლებიდან მოყოლებული გუდის ყველს ყველა ფერმერი პოლიეთილენის ცელოფანში ვაკეთებდით , თუმცა უკვე 3 წელია ტრადიციული მეთოდით ყველის გუდაში, ანუ ცხვრის ტყავში დაძველება დავიწყეთ. სწორედ ამ იდეის გარშემო გავერთიანდით 5 მეწარმე  და  თუშური გუდის ყველის ასოციაცია დავარეგისტრირეთ. ასოციაციის მიზანი  ტრადიციული ყველის წარმოებით რაც შეიძლება მეტი ფერმერის დაინტერესებაა.  გვინდა ყველას მოვუწოდოთ, უარი თქვან პოლიეთილენის გამოყენებაზე ამ საქმიანობაში. ასევე მინდა თქვენს მკითხველამდე მივიტანო, რომ ბაზარზე ხშირად ფალსიფიცირებული გუდის ყველი გვხვდება და მას ტრადიციულ პროდუქტთან საერთო არაფერი აქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ასოციაცია სრულად თუ ვერ, ნაწილობრივ მაინც ხელს შეუშლის ამ პროცესს.”

საკუთარი მიზნების მიღწევა-განხორციელებაში ახალგაზრდა ფერმერებს ასოციაცია „ელკანა“ ეხმარება. ახლა ორგანიზაციები ერთობლივი ლოგოს შექმნას ცდილობენ. ამბობენ, რომ პროდუქტი, რომელსაც ისინი აწარმოებენ, სწორედ ამ ლოგოთი გაიყიდება. ასე მყიდველი ზუსტად განსაზღვრავს, რა პროდუქტის შეძენას აპირებს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, ასოციაციაში გაწევრიანების საშუალება, მათი სურვილის შესაბამისად, გუდის ყველის მწარმოებელ ნებისმიერ თუშს მიეცემა.

-„ძალიან მინდა, ამ საქმიანობით ჩემი თაობის რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს. სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას, პროდუქციის გაზრდას და მის  ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ, თუმცა უმთავრესი ჩემთვის მაინც თუშეთში ყველის ტრადიციული მეთოდით წარმოების შენარჩუნება და განვითარებაა. ზოგადად, ყველის წარმოება - ეს ჩემო ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა. მამაჩემი, პაპაჩემი და ოჯახის ყველა წევრი ამ საქმით ვართ დაკავებულები. ჩემი სოფელი - ვესტომთა თუშეთში, გომეწრის ხეობაშია, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე, ხოლო ადგილი სადაც ყველს ვაწარმოებთ სოფლიდან 1 კილომეტრშია, იქ ფერმა გვაქვს, რომელსაც თუშები სალმეს ვეძახით. თუშეთი ჩვენი საზაფხულო საცხოვრებელია, მაისში ავდივართ, ხოლო  ოქტომბერში ჩამოვდივართ კახეთში, სადაც საქონელი   ზამთრის საძოვრებზე -ვაშლოვანის დაცულ  ტერიტორიაზე მიგვყავს.

თუშურ გუდის ყველს ცხვრის ან საქონლის ნედლი რძისგან ვამზადებთ, კვეთად ტრადიციულ დედოს ვიყენებთ, რასაც თუშები შაბოშს ვეძახით,  ეს არის ხბოს ან ბატკნის დამუშავებული კუჭი.  გუდის ყველი აუცილებელია ჩადედდეს ხის კოდში, შემდეგ იწურება ნაჭრის ტომარაში, ხოლო ბოლოს მარილთან ერთად გადაგვაქვს დამუშავებულ  ცხვრის ტყავში-გუდაში, სადაც რეალიზაციამდე ვაჩერებთ. გუდის ყველის გარდა, ასევე ვაწარმოებთ ნაკლებად მარილიან ყველს, რომელსაც ხის თაროებზე ვაძველებთ.“

ყველის წარმოებასთან ერთად, ახალგაზრდა ფერმერმა აგროტურისტული ობიექტიც გახსნაზეც იზრუნა და სტუმრებს ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტის დაგემოვნებისა და  ფერმერების საქმიანობაში ჩარევის საშუალება მისცა. ამბობს, რომ  ამ გზით ახალი ბიზნესის წამოწყება-განვითარება და უფრო მეტი ადგილობრივის დასაქმებაც მოხერხდა.  

 „გასულ წელს  აგროტურისტული ობიექტი ავაშენეთ, რომელიც  კომფორტულ სასტუმროს, კვების ობიექტს, ცხენებს და 8 ადგილიან ჯიპს მოიცავს. ჩამოსულ  სტუმრებს  ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს ვაგემოვნებინებთ, ასევე  მათ  საშუალებას ვაძლევთ, ნებისმიერ ჩვენ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. გარდა იმისა, რომ  მთელი ჩვენი ოჯახი ამ ყველისა და ტურიზმის ბიზნესშია ჩართული, ზაფხულის განმავლობაში ოთხი, ხოლო ზამთარში  - ორი ადგილობრივი გვყავს დასაქმებული. იმედი მაქვს,  მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ.

ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობა ახალგაზრდა თაობის მხრებზე უნდა იდგეს, მინდა ბევრი ჩემი თაობის ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს ამ სფეროში, არ ვგულისხმობ მარტო ყველის წარმოებას, უამრავი დარგია განსავითარებელი სოფლად, რომელსაც ამჟამად უფროსი თაობა უძღვება, ახალგაზრდული აქტიურობა და ახლებური ხედვა კი მეტად პროდუქტიულს გახდიდა შრომას. ყველას მინდა წარმატებები ვუსურვო და ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს,  ჩაერთოს თუ არა ამ საქმიანობაში, ვეტყი,  რომ მიწა არის ყველაზე უღალატო  - თუ  მოინდომებ და მასში ენერგიას ჩადებ, ნაშრომი აუცილებლად დაგიბრუნდება.