რელიგია
"რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ადამიანური სამართლით გამოტანილ უმკაცრეს განაჩენს თავად ინატრებდნენ!" - მამა დავითი
"რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ადამიანური სამართლით გამოტანილ უმკაცრეს განაჩენს თავად ინატრებდნენ!" - მამა დავითი

მცირე გამონაკლისის გარდა ჯალათები და უსამართლობის ჩამდენი თანამდებობის პირები დაუსჯელები დარჩნენ. ამქვეყნად მათ ძლიერი მფარველები აღმოაჩნდათ. როგორია უფლის დადგენილი კანონზომიერება, რა შემთხვევაში აქვს გამართლება ჯალათებზე პირად შურისძიებას, მოუწევთ თუ არა პასუხისგება ჯალათების შთამომავლებს და რა ხვედრი ელით, როცა საშინელ სამსჯავროზე წარსდგებიან? ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ისაკაძეს:

- ადამიანის და ღმერთის მართლმსაჯულება ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანი ხშირად განცვიფრებულია იმით, რომ აშკარა ბოროტება დაუსჯელი დარჩა, რომ ავი საქციელის ჩამდენმა პირმა ადამიანური კანონებით პასუხისმგებლობას თავი გავლენიანი ნაცნობების თუ სხვა მექანიზმების წყალობით დააღწია და არც ღმერთმა დასაჯა სიცოცხლეში. ადამიანის მართლმსაჯულება უმრავლეს შემთხვევაში უძლურია, დაამყაროს ამქვეყნად წესრიგი და აღადგინოს სამართლიანობა. ხშირად, ადამიანის მართლმსაჯულება, რომელსაც ბოროტებისთვის ფორმალურად განაჩენი გამოაქვს, არა სამართლიანობის, პირიქით - უსამართლობის განმტკიცების საფუძვლად გვევლინება. ადამიანის ამგვარი, ფარდობითი მართლმსაჯულება მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოქმედებს განსხვავებით ღმერთის სამართლისგან, რომელსაც ადამიანთა განკითხვა თანაბრად ხელეწიფება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც!

- ღვთის სამართლის არსი რაში მდგომარეობს?

- ღვთის სამართლის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უფალს ყველა ადამიანის ცხონება სურს, განურჩევლად იმისა, ჯალათია თუ მსხვერპლი. ღმერთს ყველა ადამიანისთვის ემეტება სასუფეველი, თუმცა თითოეული თავად აკეთებს არჩევანს, იცხონოს სული თუ დაღუპოს! ადამიანებს უსამართლობად მიაჩნიათ, როცა გარკვეული ვადით დაუსჯელი რჩება მკვლელობა, გაუპატიურება თუ სხვა მძიმე, ამაზრზენი დანაშაულები, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ განსაცდელებსაც ღმერთი უშვებს ხოლმე, რათა იგივე მსხვერპლი იხსნას კიდევ უფრო მეტ ცოდვაში შთავარდნისგან, მიახვედროს, რომ არასწორად იქცევა. ხან კი, პირიქით - როცა მსხვერპლი ამქვეყნიდან გადის ნაძალადევი სიკვდილით, ან სხვა ადამიანის მიერ მისთვის ტანჯვის მიყენების შედეგად, უფლის სამსჯავროზე იგი უფრო მეტ სასოებას ღებულობს.

- იმქვეყნად სამართალს თვით უფალი აღასრულებს, ამქვეყნად კი, მოსამართლე ადგენს. მოსამართლეს როცა უფლის წინაშე წარსდგება, სხვების განკითხვის გამო დაისჯება?

- მოსამართლემ შესაძლოა, მკაცრი, თუმცა ობიექტური განაჩენი გამოიტანოს. მართალია, ის ადამიანური სამართლის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ დამნაშავეს თუ ობიექტურად განსჯის, მიუკერძოებლად აღასრულებს კანონს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მარტო ამ ადამიანისგან დაზარალებული საზოგადოების, არამედ თვით დამნაშავის სულისთვისაც სასარგებლოა, მაშინ ასეთი მოსამართლე ღმერთისგან დასჯას არ დაექვემდებარება. გამოტანილი მსჯავრი დამნაშავეს თუ სინანულისკენ და ამ გზით ცოდვების შემსუბუქებისკენ უბიძგებს, ღმერთისთვისაც მისაღებია, მაგრამ უმკაცრესი სასჯელი ელით იმ მოსამართლეებს, რომლებიც ღებულობენ ათობით ათასი სხვა ადამიანის ცოდვისკენ წაქეზების გადაწყვეტილებას, მაგალითად ისეთს, როგორიც არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

- მამაო, თუ ადამიანი რაიმე დანაშაულის გამო სიცოცხლეშივე დაისჯება, იმქვეყნად აღარ მოეკითხება ის ცოდვა?

- ამქვეყნიური სასჯელი არ არის იმის გარანტია, რომ დამნაშავემ ცოდვა გამოისყიდა. ადამიანური სამართლით დამნაშავეს მიეზღო ადამიანთა წინაშე, მაგრამ თუ ჩადენილის გამო სინანულის გრძნობა არ გააჩნია, საპატიმროში სიკვდილამდეც რომ მოუწიოს ყოფნა, უფლის სამსჯავროზე მაინც დაისჯება და შესაძლოა, უფრო მკაცრადაც, რადგან სიცოცხლეში ღმერთის მიერ მიცემული შანსი სინანულისა - არ გამოიყენა! ხოლო თუ ცოდვილი გულწრფელად ნანობს, შესაძლოა, ის ამქვეყნიურ სასჯელსაც გადაურჩეს და იმქვეყნადაც მიეტევოს! ანუ, უფლისგან, ამ უზენაესი მსაჯულისგან ცოდვების მიტევების ერთადერთი მოტივაცია გახლავთ სიცოცხლეშივე გულწრფელი სინანულის განცდა!

- სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი ჯალათების უმრავლესობა კოაბიტაციის შედეგად არა მხოლოდ დაუსჯელია, მათი ნაწილი თანამდებობებსაც ინაჩუნებს. ეს რით აიხსნება?

- მხოლოდ იმით, რომ მათ ჯერ კიდევ ეძლევათ შანსი სინანულისა. დამნაშავეებმა, რომლებმაც არა ცალკეული ადამიანების, არამედ საზოგადოების წინაშე ჩაიდინეს სისასტიკე, გაცილებით მკაცრი სასჯელი ელით იმქვეყნად. მათ რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ადამიანური სამართლით გამოტანილ უმკაცრეს განაჩენს თავად ინატრებდნენ და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს სინანულში გაატარებდნენ, რათა იმქვეყნად მოსალოდნელი უსაზარლესი ხვედრი აერიდებინათ! ასეთები ისევ ხელისუფლებისკენ კი არ უნდა ილტვოდნენ, მთელი ცხოვრება თავჩაღუნულები და თვალცრემლიანები პატიებას უნდა ითხოვდნენ მსხვერპლთაგან. უნდა ახსოვდეთ, რომ მფარველები, რომლებიც მათ დაუსჯელობას უწყობენ ხელს, იმქვეყნად აღარ ეყოლებათ და თითოეული მოუნანიებელი ცოდვის გამო უფლის წინაშე უმკაცრესად მოეკითხებათ! უმკაცრესად დაისჯებიან ჯალათების მფარველებიც, ვინც ამქვეყნიური სასჯელები აარიდა! ჯერ არავინ იცის, როგორ დასრულდება მათი ცხოვრება, შეიძლება, ამქვეყნადვე დაისაჯონ მტანჯველი ავადმყოფობით ან შვილის გარდაცვალებით, რადგან ამჯერად ასეთი ტრაგედიაღა რჩება სინანულისკენ მათი მიდრეკის საშუალებად!

- ამის მაგალითები თუ არსებობს?

კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მაგალითია, როცა სინანულის არმქონე ცოდვილი მტანჯველი სიკვდილით დაღუპულა, ხოლო იმქვეყნად, კიდევ უარეს ხვედრში შთავარდნილა. მაგალითად, სალომეას, რომელმაც მეფე ჰეროდეს იოანე ნათლისმცემლისთვის თავი მოაკვეთინა, მოგვიანებით, საზარელი სიკვდილი ეწვია - გაყინულ მდინარეზე გადასვლისას ყინული ჩაუტყდა და დაძრულმა ყინულმა თავი ისე მოკვეთა, როგორც მისი ნებით იოანეს მოკვეთეს... ხოლო ვიდრე ეს მოხდებოდა, სხეული ამჯერად, სიკვდილის შიშით იმგვარდვე თრთოდა, როგორც თავის დროზე ჰეროდეს წინაშე როკავდა. რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, წამებასა და მკვლელობაში მონაწილე ცოდვილებისთვის უფრო დიდი გულშემატკივრები უნებურად მათი მსხვერპლები გამოდიან, რომლებიც თავიანთი მტანჯველების ადამიანური კანონებით გასამართლებას ითხოვენ, რადგან ამგვარად უბიძგებენ სინანულისკენ, განსხვავებით მფარველებისგან, ვინც მათ ამქვეყნად გასამართლებას ხელს უშლის. ჩვენ კი, დანარჩენი საზოგადოება, ასეთ ვითარებაში არ უნდა ვდუმდეთ, არამედ განუწყვეტლივ ვამხელდეთ ცოდვილებს, ვიდრე სინანულში ჩავარდებიან. მითუფრო, თუ მძიმე დანაშაულების ჩამდენები ხელისუფლებაში იმყოფებიან, რადგან ასეთ დროს მთელს ქვეყანას შეიძლება დაატყდეს მათ გამო განსაცდელი.

- თუმცა ხშირად მხოლოდ მხილება არ კმარა. ისეთი მაგალითებიც ხომ უამრავია, როცა განრისხებული საზოგადოება აჯანყებულა და ჯალათები თავად გაუსამართლებია?

- დიახ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სარწმუნოება ძალადობას ემიჯნება, როცა საზოგადოების მიმართ ცალკეული ჯგუფის ძალადობას ისეთი მასშტაბებისთვის მიუღწევია, რომ საფრთხის ქვეშ დამდგარა სრულიად საზოგადოება, ამგვარადაც მომხდარა. ამ შემთხვევაში წინა პლანზე უკვე მოყვასისადმი თავდადება იწევს. როცა ძალმომრეობა მასშტაბურად ხდება, უსამართლობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ითელება ღირსება - ადამიანები ვალდებულნიც კი არიან, დაიცვან ოჯახის წევრები და შთამომავლობა!

- პირდაპირ მინდა გკითხოთ - რა მოელის სააკაშვილს, რომელიც ჯერჯერობით, ადამიანურ სამართალს საქართველოშიც და უკრაინაშიც დაუსხლტა?

- ვინაც აღიღოს მახვილი, მახვილითვე შეიმუსროს - ღაღადებს უფალი. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მახვილი. ზოგი ამქვეყნად ისჯება, ზოგი - იმქვეყნად! ჯერ არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ადამიანურ სამსჯავროს თუნდაც დაუსხლტეს, უფლის სამსჯავროს ვერსად წაუვა!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"