კულტურა
„ჩემი დისერტაციის თემა ქართველი ენათმეცნიერების მიერ შესწავლილი არ არის“ - კავკასიოლოგი ბაქოდან, რომლისთვისაც სამშობლო საქართველოა, ხოლო მთავარი კვლევის საგანი - იბერიულ-კავკასიური ენები
„ჩემი დისერტაციის თემა ქართველი ენათმეცნიერების მიერ შესწავლილი არ არის“ -  კავკასიოლოგი ბაქოდან, რომლისთვისაც სამშობლო საქართველოა, ხოლო მთავარი კვლევის საგანი - იბერიულ-კავკასიური ენები

დაბადების ადგილი - აზერბაიჯანი, ბაქო

სამშობლო - საქართველო

თბილისში სასწავლებლად  რამდენიმე წლის წინ  ჩამოვიდა. იმ დროს მისი ქართული რამდენიმე აუცილებელი სიტყვითა და დედის მიერ ნასწავლი ანბანით შემოიფარგლებოდა, დღეს კი იბერიულ-კავკასიური ენები მისი მთავარი კვლევის საგანს წარმოადგენს. თსუ-ს 27 წლის დოქტორანტი ელნურ ალიევი ბოლო ორი წელია კვლევით საქმიანობას შვედეთის სამეფოს მალმოს უნივერსიტეტში აგრძელებს.

„აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ერთ-ერთ ძველ უბანში დავიბადე, თუმცა ჩემი მშობლები საქართველოში, კერძოდ კი ფონიჭალაში  არიან დაბადებულ-გაზრდილები. დედაჩემს მაშინდელი პუშკინის სახელობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მამა  ბაქოში სწავლობდა. მშობლები განათლების მიღების შემდეგ  ბაქოში დარჩნენ სამუშაოდ. ამ ფაქტს ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამაც შეუწყო, გაჩნდა საზღვრები ქვეყნებს შორის და მოხდა ისე, რომ ჩემ  ბავშვობაში საქართველოში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იშვიათად  თუ ჩამოვიდოდით. ჩემი „დიდი დაბრუნება“ 2007 წელს იყო, როდესაც სკოლა დავამთავრე და გადავწყვიტე უმაღლესი განათლება საქართველოში მიმეღო“

კვლევითი საქმიანობის პარალელურად, ლუნდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტ „შედარებითი ენათმეცნიერების დიაქრონიულ ატლასში“ მუშაობს - იბერიულ-კავკასიურ და ასევე თურქული ენების სპეციალისტია.  ახალგაზრდა კავკასიოლოგს  უკვე   ინოვაციური კვლევები და გარკვეული მიღწევებიც აქვს... ელნური კავკასიოლოგიით დაინეტრესებას საქართველოს სიყვარულს უკავშირებს და ამ პროფესიის არჩევას ტრადიციების გაგრძელებად მიიჩნევს...

„ზოგადად, კავკასიური წესია, რომ სახლის უმცროსი შვილი  მამა-პაპური კერის გამგრძელებელი და მემკვიდრეა.  პატარა  ჩვენს ოჯახში მე ვიყავი, კავკასიოლოგიის არჩევის მიზეზიც ზუსტად ეს გახლავთ. მინდოდა, ჩემი ვინაობის, ტრადიციების შესახებ უფრო მეტი მესწავლა. ბავშვობიდან მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი ნათესავები, სად იყო ჩემი წინაპრების სოფელი. დედაჩემი  საქართველოს განსაკუთრებული  სიყვარულით მზრდიდა.  პატარაობიდან მასწავლა ქართული ანბანი.  დედას თავისი დამახასიათებელი ქართული კალიგრაფია ჰქონდა. საქართველოს კავკასიოლოგიური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კლასიკურია. ალბათ იცით, რომ ეს დარგი  მულტიდისციპლინური მიმართულებაა. ენათმეცნიერების არჩევა კი ცოტა გვიანდელი გადაწყვეტილებაა. როცა რომელიმე მიმართულების არჩევაზე დადგა საკითხი, ჩემი ორიენტირი გახდა ყველაზე ზუსტი დარგის არჩევა.  იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება კი  მათემატიკურ დონეზე ზუსტია.

ქართული ჩემს მშობლიურ ენასთან შედარებით ძალიან ძნელია.  გრამატიკულადაც და უბრალოდ, ასო-ბგერების მრევალფეროვნებითაც. ქართულის სწავლა ჩამოსვლისთანავე დავიწყე. ერთი თვე ყოველდღიურად კერძო მასწავლებელთან დავდიოდი. ქალბატონი მზია გახლდათ ჩემი პირველი მასწავლებელი. სპეციალობით ის არც მასწავლებელი და არც ენათმეცნიერი არ ყოფილა, ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ჩვენი სოფლის თურქულენოვან ბავშვებს ასწავლიდა ქართულს სასკოლო დონეზე. მასთან მხოლოდ ზმნებს ვსწავლობდი აწმყო, ნამყო და მომავლის მიხედვით და შეძლებისდაგვარად შესწავლილი სიტყვების გამოყენებას ვცდილობდი საზოგადოებაში. ვაკვირდებოდი მახვილს, ინტონაციას და ასე შემდეგ. 16 წლის ვიყავი და ამით ვერთობოდი. ერთი თვის მერე თსუ-ში კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ცირა ბარამიძესთან ინტენსიური კურსი გავიარე. მერე კი პროფესორ მერაბ ჩუხუას  ქართული ენის კურსებზე ვიარე, რომელიც უცხოელებისთვის შედგენილი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა.  ამ  2-3 თვიანი ინტენსიური კურსის გავლის მერე დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა, ლექცია-სემინარების მოსმენა, გამოცდების ჩაბარება. პირველი ორი წელი საშინლად ძნელი იყო ჩემთვის. მაგრამ შემდეგ წლებში გამიადვილდა, ქულებიც კარგი მქონდა, ორჯერ სტიპენდიაც ავიღე. ყველაზე მეტად გამიჭირდა სასაუბრო ენა. ქალბატონ ცირასთან, ასევე ბატონ მერაბთან გავლილ კურსებში გრამატიკა ძალიან კარგად დავახვეწე. ამას დაემატა  ქალბატონ ნათელა ქუთელიას, რუსუდან ზექალაშვილის, ლელა გაგუჩაძის კურსებიც. მაგრამ, რადგანაც ფონიჭალაში ვცხოვრობდი,  გარშემო ძალიან ცოტა ხალხმა იცოდა ქართული და ვინც იცოდა, მაინც აზერბაიჯანულად მესაუბრებოდა, სასაუბრო ენა რჩებოდა  ჩემს მთავარ სიძნელედ. თუმცა ამ ყველაფერში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, რომლებიც ცოცხალი ლექსიკონის როლს ასრულებდნენ.“

მეგობრები ელნურს კიდევ ერთი ინტერესის რეალიზებაში ეხმარებიან. ენათმეცნიერს მოგზაურობაც იტაცებს, მისი კავკასიოლოგი მეგობრები კი ლაშქრობის მოყვარულები არიან. ამიტომ ისტორიული ადგილებისა და ტაძრების მოსანახულებლად ერთად ხშირად დადიან.

,,ყოველ ზაფხულს საქართველოს თუ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში მივდივართ, ადგილობრივებს ვესაუბრებით, მათგან ბევრს ვსწავლობ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლაშქრობა 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში იყო. წუნდა, კუმურდო, თმოგვის ციხე და სარო მოვინახულეთ. 2 დღის განმავლობაში 50 კმ-მდე მანძილი გავიარეთ, 3-4 ჯერ ვისარგებლეთ ავტოსტოპით, ღამე კი თმოგვის ციხეზე დავრჩით -ეს საოცრება იყო“

ამჟამად კავკასიის მცირერიცხოვან ენებს იკვლევს, მიზეზად კი საერთაშორისო ორგანიზაციების  მიერ ამ ენების საფრთხეში მყოფად აღიარებას ასახელებს... ამ მიზნით შეადგინა ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხის - ბუდუხელების გენეტიკური რუკაც. მანვე აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ხელნაწერები. გასულ წელს კიდევ ორი ინოვაციური პროექტი წამოიწყო - ბუდუხური ენის აუდიო/ვიდეო არქივი და კრიწული ენის სამენოვანი ელექტრონული ლექსიკონი.

,,ძირითადად კავკასიის მცირერიცხოვან ენებზე ვმუშაობ. ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, მე არნოლდ ჩიქობავას საენათმეცნიერო სკოლის წარმომადგენელი ვარ. ჩვენს სკოლაში კი აზერბაიჯანში გავრცელებულ შაჰდაღურ ენებზე არავინ მუშაობს. კერძოდ, ხინალუღური ენა, რომელიც ჩემი დისერტაციის თემაა, ამჟამად  ქართველი ენათმეცნიერების მიერ შესწავლილი არ არის  და აქედან გამომდინარე,  სამეცნიერო, თუნდაც ემპირიული მასალა ძალიან მცირეა, ეს კი  სამუშაოს ართულებს, ფაქტიურად, ნულიდან ვიწყებთ ყველაფერს. გვიწევს ექსპედიციებში წასვლა, ენის მცოდნეების პოვნა და მათთან მუდმივი თანამშრომლობა. ვესაუბრები ამ ხალხს, მერე მათი საუბრის საფუძველზე ვქმნი გრამატიკას. ჩემი ნაშრომები ხინალუღური და ბუდუხური ენის სახელურ ძირთა ფონემატურ სტრუქტურას უკავშირდება. ეს ენები ამჟამად საფრთხეში მყოფებად მოიაზრებიან, ანუ  კვდებიან, იკარგებიან. ენა კი კულტურაა, ის ისტორიის, კულტურლი მემკვიდრეობის, ტრადიციების მატარებელია. ამჟამად იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ რომელიმე მცირე ენის დიალექტში აღმოჩენილი სიტყვა, თუ გრამატიკული ნორმა სხვა ენებში იგივეს, ან განსხვავებულის აღდგენაზე შანსს გვაძლევს. ამ მაღალმთიან სოფლებში ექსპედიციისას მე ვცდილობ ასევე ისტორიულ ეთნოგრაფიული მასალებიც მოვაგროვო. ბუდუხური ენის არქივის პროექტის შესრულებისათვის აზერბაიჯანის 16-მდე სოფლის  მოსახლეობა ვინახულე, უმაღლესი დონის 17-19 საათიანი აუდიო-ვიდეო მასალა მოვაგროვე, რომელის დამუშავებაზეც ვმუშაობ ამჟამად. სამაგალითო ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია. ასევე, კრიწული ენის ლექსიკონი  ქართულ სივრცეში ყველაზე მოდერნული ლექსიკონი გახლავთ, რომელზე მუშაობაც დღემდე გრძელდება“

კავკასიოლოგიაში არჩეული გზის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს და ამ გზაზე არაერთი ინოვაციური პროექტის შემოტანას გეგმავს. ამ მიზნით კავკასიოლოგ მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტი“ დააარსა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს,  წარმატებული და თავისი სპეციალობის ოსტატი მეცნიერები გააერთიანა. ამბობს რომ ერთად საქართველოსა და კავკასიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებას შეძლებენ. 

„ჩემს სამომავლო გეგმებში ახალი ქართული ენის გრამატიკისა და აზერბაიჯანული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოების  მომზადებაც შედის. ვფიქრობ ქართულ-აზერბაიჯანული ლექსიკონის (აზერბაიჯანულ-ქართული ინდექსით) შექმნასაც.  იმედი მაქვს,  რომ  დაწყებულ საქმეს ნელ-ნელა ბოლომდე მივიყვან“