სპორტი
„კარგი დარტყმები მქონდა, მაგრამ ძლიერი მონაწილეები იყვნენ“ - როგორ აფასებს 11 წლის ჩოგბურთელი რუსეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის შედეგებს და რა პერსპექტივა აქვს ამ სპორტს საქართველოში
„კარგი დარტყმები მქონდა, მაგრამ ძლიერი მონაწილეები იყვნენ“ - როგორ აფასებს 11 წლის ჩოგბურთელი რუსეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის შედეგებს და რა პერსპექტივა აქვს ამ სპორტს საქართველოში

ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ მაღალი დონის ჩოგბურთელებთან თამაშის შესაძლებლობა მიეცათ  - საქართველოს ჩოგბურთის 12 წლამდელთა ეროვნული ნაკრები რუსეთში გამართული საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობით კმაყოფილია. 

შეჯიბრი ხანტი-მანსიისკის რაიონში ჩატარდა და მასში მონაწილეობა რუსეთ-საქართველოსთან ერთად კიდევ სამმა ქვეყანამ - სერბეთმა,  ბელორუსიამ და თურქეთმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ 12 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე 5 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო წელს პირველად აღმოჩნდა. შეჯიბრში მონაწილეობა ალექსანდრე შვანგირაძემ, დაჩი ყანჩელაშვილმა, მარიამ მაყაშვილმა, მარიამ შევარდენიძემ და ნატალი ცომაიამ მიიღეს.ასეთი საპასუხისმგებლო მისიით პირველად იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი, 11 წლის გიორგი ბაკურაძეც, რომელიც საქართველოში ჩატარებული არაერთი შეჯიბრის გამარჯვებულია. როგორც მოზარდი აცხადებს, რუსეთში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მისთვის დიდი გამოწვევა გახლდათ. 

გიორგი 4 წელია რაც ჩოგბურთზე ვერის კორტებზე დადის და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული. არის სხვადასხვა დროს I, II და III ადგილების მფლობელი. წელს გახდა ეროვნული ნაკრების წევრი და ხანტი-მანსიისკის საერთაშორისო შეჯიბრშიც სცადა ბედი.

-გიორგი, რა ემოცია დაგეუფლა როდესაც ეროვნული ნაკრების წევრი გახდი და გაიგე, რომ მონაწილეობა რუსეთში საერთაშორისო შეჯიბრში უნდა მიგეღო?

-საერთაშორისო ტურნირზე საზღვარგარეთ პირველად ვიყავი. პირველად წავედი დამოუკიდებლად მშობლების გარეშე. ყველაფერი მომეწონა, გარდა სიცივისა, დაბალი ტემპერატურისა.

შეჯიბრი რუსეთში, ხანტი-მანსიისკის რაიონში გაიმართა. მონაწილეობას 5 ქვეყანა - საქართველო, სერბეთი, ბელორუსია, რუსეთი და თურქეთი იღებდა.

ვერ მოვიგე თამაშები. დაბნეული ვიყავი, რადგან საერთაშორისო ტურნირზე პირველად გამოვედი. კარგი დარტყმები მქონდა. ძლიერი მონაწილეები იყვნენ - სწრაფები, კარგად მომზადებულები. ბურთს ადვილად იღებდნენ. ჩემი მეტოქეებიდან ზოგი ჩემი ტოლი იყო, ზოგიც - ჩემზე უფროსი.

- როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების თამაშს?

-წყვილებში ორჯერ ვითამაშე. ბელორუსიისა და თურქეთის წარმომადგენლებს შევხვდი. სამწუხაროდ, ქართველებმა ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ.

ჩვენმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ უცხოელი მონაწილეები მაღალი დონის მოთამაშეები იყვნენ. გამოცდილები იყვნენ. ბევრ შეჯიბრში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული.

- რა შედეგით დამთავრდა შეჯიბრი?

-შეჯიბრი რუსეთმა მოიგო, მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა.

- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ კარგი ჩოგბურთელი გამოხვიდე? აპირებ თუ არა მომავალში გაჰყვე ამ სპორტს?

-დიახ, მინდა ჩოგბურთელი გამოვიდე. ამისთვის აუცილებელია ბევრი ვარჯიში, სწორი კვება და  მონდომება. ვნერვიულობდი ხოლმე შეჯიბრებებზე, მაგრამ რუსეთში გამართული შეჯიბრის შემდეგ ნაკლებად ვინერვიულებ. რუსეთში არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, რომ ჩემზე უფრო მაღალი დონის ჩოგბურთელები იყვნენ. ვარჯიშზეც ვნახე, რომ ჩემზე ძლიერები იყვნენ.

გიორგის და ქრისტინე ბაკურაძეც ჩოგბურთელია. როგორც თავად ამბობს, მისგან განსხვავებით გიორგი ჩოგბურთს სერიოზულად უყურებს.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც გიორგი ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და რუსეთში რომ უნდა წასულიყო შეჯიბრზე. ვგულშემატკივრობდი და ვნერვიულობდი.

მე და გიორგი 4 წელია რაც ჩოგბურთზე ვერის ბაღში დავდივართ. თუმცა მე ჯერ არ ვიცი, გამოვალ თუ არა ჩოგბურთელი“ - ამბობს ქრისტინე.

 

გიორგი და ქრისტინე ბაკურაძეები მწვრთნელ მარინა მარუაშვილთან ერთად

 

გიორგი ბაკურაძის დედის, ლალი ჩაგანავას თქმით, ჩოგბურთი ძვირადღირებული სპორტია. რომ არა თბილისის მერიის დაფინანსება, ალბათ გიორგი და ქრისტინე ჩოგბურთზე ვერ ივლიდნენ. დედაქალაქის მერია დევნილ ბავშვებს ვერის კორტებზე ვარჯიშის საფასურს უფინანსებს.

- „ჩოგბურთი ძვირადღირებული სპორტია დ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ სწავლის საფასური გადავიხადოთ. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. თბილისის მერია აფინანსებს ვერის ღია კორტის საფასურს. ახლა შეჯიბრზე ახალი ჩოგანიც პირველად ვიყიდეთ. მეორადი ჩოგნები გვქონდა ხოლმე. გიორგის დიდი სურვილი აქვს ჩოგბურთელი გამოვიდეს, მაგრამ სადამდე გავწვდებით, არ ვიცით.

ეს პროექტი სკოლის მოსწავლეებს ეხება. გიორგი შერეულ ჯგუფში ვარჯიშობს. დამწყებებიც არიან და ასაკითაც დიდები. მისი დონის ბავშვები რომ იყვნენ, უფრო გაიზრდება. იქ ბავშვები ფიზმომზადებასაც გადიან. სპეციალური ვარჯიშებია ჩოგბურთელებისთვის. გიორგი ვარჯიშს სახლში ცდილობს, გირებით ვარჯიში იქნება თუ სირბილი. მამა ეხმარება. დახურულ კორტებზე რომ ყოფილიყო ვარჯიში, უფრო ინტენსიურად ივარჯიშებდნენ.

ზოგადად თამაშის მსურველთა რაოდენობა ცოტაა. როცა ბევრი თამაშობს და ბევრს მოთამაშეს შეეჯიბრები, უფრო მეტ გამოცდილებას იძენ.

- როგორ მოემზადა გიორგი საერთაშორისო შეჯიბრისთვის?

-გიორგის და ქრისტინეს მასწავლებელია მარინა მარუაშვილი, რომელიც 4 წელია თავდაუზოგავად გვეხმარება. ყველანაირ ამინდში ვარჯიშობენ, გარდა წვიმისა. თოვლში და ყინვაშიც უვარჯიშათ. ღია კორტებზე ვარჯიშობენ. რუსეთში შეჯიბრზე წასვლის წინ ერთმა პიროვნებამ კეთილი ნება გამოიჩინა და ვარჯიშის საშუალება დახურულ კორტზე მოგვცა. ერთი თვე დახურულ კორტზე ვარჯიშობდა. ეს პიროვნება გახლავთ ლეილა მესხის სახელობის კორტების ერთ-ერთი მწვრთნელი გაგა დოლიძე, რომელმაც პატივი გვცა. ასევე დაგვეხმარა ფიზიკური მომზადების მასწავლებელი მერაბ ალთუნაშვილი. ბავშვები რუსეთში შეჯიბრზე მწვრთნელებმა გოგა სანთელაძემ და ალექსანდრე ყარანგოზიშვილმა წაიყვანეს, რომლებმაც ბავშვების მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს.

- რა წვლილი შეიტანა ჩოგბურთის ფედერაციამ ფინანსური კუთხით?

- დაფინანსდა გზა და სასტუმრო. ფედერაციამ ასევე ეროვნული ნაკრების ფორმები გადასცა. დანარჩენი ხარჯები მშობლებმა გავწიეთ.