საზოგადოება
როგორ უნდა გავაკეთოთ ჭერი ისე, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს?
როგორ უნდა გავაკეთოთ ჭერი ისე, რომ თავზე  არ ჩამოგვემხოს?

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა - მოსალოდნელია თუ არა მსგავსი კატასტროფა საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებშიც, სადაც შეკიდული ჭერია? როგორ უნდა დამონტაჟდეს შეკიდული ჭერი, რომ მის ქვეშ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ? ვესაუბრებით პოლიტოლოგსა და უსაფრთხოების ექსპერტს, გიორგი მკურნალიძეს:

- გიორგი, რას ნიშნავს ცნება "უსაფრთხოების ექსპერტი"?

- მე გახლავართ პოლიტოლოგი, რომელიც მუშაობს კონფლიქტოლოგიისა და ტეროროლოგიის საკითხებზე და უსაფრთხოების სისტემებზე. სამოქალაქო თავდაცვას და უსაფრთხოებას სკოლებშიც ვასწავლი. უსაფრთხოების ექსპერტიზა მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზოგად კომპენტენციებს - ევაკუაციების განხორციელების მეთოდებს, სისტემების უსაფრთხოდ მოწყობას, ხანძრების და კატასტროფების შემთხვევაში უსაფრთხოდ მოქმედების სპეციფიკას. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციით იწყება ხოლმე მოწყვლადი, საზოგადოების მასობრივად თავშეყრის ობიექტების მშენებლობა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა სახურავთან დაკავშირებული შემთხვევბი, რაც ობიექტების მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის პირდაპირ შედეგად უნდა მივიჩნიოთ - რამდენიმე წლის წინ ახლადგარემონტებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახურავი პირდაპირი მნიშვნელობით, ქარმა გაიტაცა, ხოლო იუსტიციის სახლში მუყაო-თაბაშირის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ადამიანები ბეწვზე გადაურჩნენ ტრაგედიას. ახლა კი, ვარკეთილის მეტროში მოხდა სახიფათო შემთხვევა.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მეტროში ჭერის ჩამოშლა?

- მოდით, ნუ გავუსწრებთ გამოძიების დასკვნებს, თუმცა, მე შემიძლია მოგახსენოთ, როგორ უნდა დამონტაჟდეს ასეთ ადგილებში შეკიდული ჭერი, რათა მის ქვეშ ადამიანებს ხიფათი არ ემუქრებოდეთ. პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახალი ჭერი ძველ კონსტრუქციაზე დამონტაჟდეს, არადა, უკვე გასაჯაროვდა, რომ ახალი ჭერი ვარკეთილის მეტროში სწორედ ასე იყო დამაგრებული - ალბათ, თანხები დაზოგეს. ახლა ის არის გასარკვევი, ძველმა კონსტრუქციამ უმუხთლათ თუ ახალმა და რამდენად სწორად მოხდა ძველის და ახალის შეერთება. მხარეებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთისთვის გადაბრალება, რომ ძველი კონსტრუქციის ავტორებმა მოგვცეს უფლებაო, მაგრამ როცა ასეთ მოწყვლად საჯარო ობიექტზე ტარდება სამუშაო, დაუშვებელია თანხების დაზოგვა, ძველი კონსტრუქცია მთლიანად უნდა მოეშალათ, ვიდრე ახალს დაამონტაჟებდნენ. ამას გარდა, მეტროში შეკიდული ჭერი მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის, რადგან კეთდება დიდ სივრცეში, დაახლოებით, სამი ათას კვადრატულ მეტრზე, რაც რისკებს ზრდის. აქ წვრილმან ნიუანსებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მასალა აუცილებლად, ძალიან მაღალი ხარისხის, თან მსუბუქი უნდა იყოს. კიდევ კარგი, ამ შემთხვევაში ეს პარამეტრი დაცული იყო, თორემ მასალა მსუბუქი რომ არ ყოფილიყო, ტვინის შერყევებით და მოტეხილობებით კი არა, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დაგვირგვინდებოდა კატასტროფა. სამაგიეროდ, არ იყო დაცული სხვა პარამეტრი - ჭერი ერთიანი, მონოლითური კონსტრუქციით იყო დამზადებული, არადა, თუნდაც მსუბუქი, მაგრამ დიდი და მონოლითური მასალა მაინც მძიმეა. არსებობს უამრავი არამონოლითური მასალა, რომლის გამოყენებით უჯრედულად შეიძლებოდა ჭერის გაკეთება. ასეთ პირობებში, უკიდურეს შემთხვევაში, ჩამოიშლებოდა ჭერის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა მისი დიდი ნაწილი. წესით და რიგით, ძველი კონსტრუქცია მთლიანად უნდა მოეხსნათ, შემდეგ ჯერ საფიქსაციო ველი, ანუ ჭერი შეესწავლათ, თუ რამდენად გაუძლებდა იგი კონსტრუქციას, სათანადოდ დაემუშავებინათ იგი, რადგან მეტრო ის ობიექტია, სადაც ნესტის, მიწისქვესა წყლების და მატარებლის გადაადგილების შედეგად არსებული ჰაერის ნაკადების გავლენით მუდმივად ხდება ზედაპირის გაფხვიერება, რის გამოც იგი კონსტრუქციას ხანგრძლივად ვერ გაუძლებს. აქ საგანგებოდ არის გასათვალისწინებელი ისეთი წვრილმანები, როგორიც კონსტრუქციის დასამაგრებლად გაკეთებულ ნახვრეტებს შორის მანძილია, თუ რა ხარისხის კაფსულას მოათავსებენ ამ ნახვრეტებში და რა ხარისხის სამაგრებსა თუ გამჭედ ქანჩებს - ანკერებს გამოიყენებენ. არსებობს მყარი სტანდარტები ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებით, თუმცა ამ სტანდარტებს ზოგჯერ გვერდს უვლიან, რაც კატასტროფებეის და ტრაგედიების მიზეზი ხდება ხოლმე.

- ნუთუ კომპანიას, რომელმაც ასეთი მასშტაბის სამუშაოს შესრულება იკისრა - კომპეტენცია აკლდა? ვინ განსზღვრავს, თუ რამდენად კომპეტენტური კომპანია აწარმოებს სამუშაოებს ისეთ მოწყვლად ობიექტზე, როგორიც მეტროსადგურია?

- აქ უკვე ტენდერის პრობლემები იკვეთება. ცხადია, კომპანია, რომელიც ტენდერში მონაწილეობის მიზნით განაცხადს წარადგენს და ასეთ სამუშაოს ეჭიდება, უნდა ჰქონდეს სპეციფიური გამოცდილება, ამ მიმართულებით პროფილური მაღალი კვალიფიკაცია. კომპანიას, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური საქმე უნდა მიენდოს, მანამდე მცირე ტენდერებში უნდა იყოს გამარჯვებული და მსგავსი პროფილის, თუმცა შედარებით მსუბუქი სამუშაოები უნდა ჰქონდეს სესრულებული. ბოლოსდაბოლოს, სარემონტო სამუშაოები არაბუნებრივ პირობებში, მიწის ქვეშ ტარდება, სადაც ნესტის გარდა ვიბრაციის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ამას გარდა, არსებობს სათანადო დოკუმენტაცია და ბრძანებულებები, რომლებიც ასეთ მოწყვლად ობიექტებზე სახანძრო და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სპეციფიური მექანიზმების მონტაჟს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ასეთ ობიექტზე სამუშაო დასრულდება, ჩაბარების დროს შესაბამისმა კომისიამ ყველა ნიუანსი შესაბამის პარამეტრებს მკაცრად უნდა შეადაროს. ბოლოსდაბოლოს, ისიც ხომ შეიძლება, კომპანიამ საუკეთესო პროექტი წარმოადგინოს, თუმცა იგი ზედმიწევნით ზუსტად არ შეასრულოს! ჩაბარება რომ სათანადოდ მომხდარიყო, აუცილებლად გამოიკვეთებოდა ის ნიუანსები, რამაც 4 თვეში გამოიწვია იმ კონსტრუქციის ჩამოშლა, რომელსაც ათწლიანი გარანტია ჰქონდა! ვარაუდების დონეზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ან პროექტი არ შეესაბამებოდა მოთხოვნილებებს, ან ჩაბარება მოხდა არასრულყოფილად! ამიტომ, ან ჩამბარებელია დამნაშავე, ან მიმღები, ან, სულაც, ორივე ერთად.

- როდესაც ჭერის ჩამოშლის შესახებ საინფორმაციო სიუჟეტები იხილეთ, როგორც ექსპერტმა, კიდევ რა პრობლემა შეამჩნიეთ?

- პირველ რიგში - პანიკა. რა თქმა უნდა, როცა ასეთი კატასტროფები ხდება, საზოგადოებაში პანიკა იწყება და ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ არ მოხდა პანიკის მართვა. ეს ძალზე საგანგაშო ნიუანსია და შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მსგავს შემთხვევებში. მოვისმინე თვითმხილველთა ნაამბობები და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კატასტროფის დროს ვერავინ აიღო თავზე პასუხისმგებლობა, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი დაეკვალიანებინა, სათანადო რჩევები მიეცა, სად და როგორ გარიდებოდნენ სიტუაციას. თვითმხილველებმა ისიც აღნიშნეს, რომ იმდენად დიდი მტვერი იყო, ვარაუდით მივიკვლევდით გზას გარეთ გამოსაღწევადო, არადა, მსგავსი შემთხვევების დროს უნდა იყოს გარკვეული ხმოვანი სიგნალები, რუპორში შესაბამისი რჩევებით მოწოდება, რათა პანიკამ დაზარალებულთა რაოდენობის ზრდა არ გამოიწვიოს. არც ამ მეორე ეტაპზე აღმოჩნდა მზად პერსონალი, რათა ეს მეორე ეტაპი მაინც გადაეყვანა მართვად სიტუაციაში და შესაბამისმა ორგანოებმა ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რათა ნებისმიერ მოულოდნელობას მომზადებული შეეგებოს.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: "ასავალ-დასავალი"