მოქალაქის ტრიბუნა
"არაოფიციალურად გაოფიციალურებული ფული, რომელიც რეალობაში არ არსებობს, უახლოეს მომავალში ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის" -კიბერდანაშაული და კორუფციული სქემა, ანუ საფრთხე, რომელიც კრიპტოვალუტისგან მოდის
"არაოფიციალურად გაოფიციალურებული ფული, რომელიც რეალობაში არ არსებობს, უახლოეს მომავალში ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის" -კიბერდანაშაული და კორუფციული სქემა, ანუ საფრთხე, რომელიც კრიპტოვალუტისგან მოდის
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე. 


ავტ. ერმილე ნემსაძე

მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ცვლის, ამაზე უკვე დიდი ხანია აღარავინ დავობს, ინტერნეტის მარტივად ხელმისაწვდომობამ უამრავი პრობლემა მოაგვარა, როგორც ადამიანურ ურთიერთობაში, ასევე სახელმწიფო და კომერციულ სფეროში, მაგრამ პლიუსებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიები კრიმინალურმა სამყარომაც წარმატებით გამოიყენა და  საკუთარ საქმიანობაში დანერგა. 


ბოლო ერთი წელია კრიპტოვალუტის მოპოვება,  ე.წ. „მაინინგი“ პოპულარული და მიმზიდველი საქმიანობა გახდა. მთავარია გაიღო ხარჯი დასაწყისში და შემდეგ თავად აპარატი ზრუნავს თქვენი ბიუჯეტის გაზრდაზე, მით უფრო, როცა საქმიანობა არ იბეგრება, მუშახელი არ სჭირდება და ერთადერთი ხარჯი ელექტროენერგიაზე მოდის. უშრომელი შემოსავალი ქმნის ხვავს და ბარაქას ოჯახშიო- იფიქრებ ადამიანი, იდეალური საქმეა და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო ამ ახალ საქმიანობაში სამომავლოდ, მაგრამ დღეს მე კრიპტოვალუტის მომავალზე არ მინდა გესაუბროთ, მე მინდა მის მავნე როლსა და ამ მავნე გავლენაზე გავამახვილო ყურადღება.


დავიწყოთ იქედან, რომ, როდესაც კრიპტოვალუტა შემოვიდა აქტიურ მოხმარებაში, ჰაკერებმა შვებით ამოისუნთქეს. მათ მიერ შექმნილი მავნე პროგრამული უზრუნელველყოფა, რომელიც ვირუსი „დრაჰმას“ სახელით მოედო სამყაროს და უცნობი კრიპტოალგორითმული შიფრით შიფრავდა მომხმარებლების მონაცემებს, ასეთ შეტყობინებას ტოვებდა:


„მოგესალმებით, თქვენ შემოგიტიათ ვირუსმა „დრაჰმამ“, ტყუილად ნუ ეცდებით მიიღოთ რაიმე ზომები ინფორმაციის აღსადგენად, დე შიფრაციის კოდისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, ხოლო თანხა კრიპტოვალუტის საშუალებით გადარიცხეთ მითითებულ მისამართზე.“ 


ბუნებრივია ჰაკერები რა „პიონერები“ აღმოჩნდენ თაღლითური საქმიანობით ელქტრონული ფულის მითვისებაში, მაგრამ ახალმა გამოწვევამ თავსატეხი გაუჩინა სამართალდამცავებს და ახალი დანაშაულის კერები გააჩინა, ტრადიციულ დანაშაულებს ახალი სული შთაბერა, რომლის გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება იმდენად გაართულა, რომ გონივრული ეჭვის დონეზე შეიძლება დარჩეს ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც არა მხოლოდ რიგით დანაშაულად ჩაითვლება, არამედ სახელმწიფო დონის კორუფციული სქემის ნაწილი გახდება, მტკიცებულების მოპოვება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება!


განვიხილოთ უბრალო მაგალითი, ტიპიური მექრთამეობის სქემა - როდესაც მოქალაქე ჩინოვნიკს რაიმე უკანონო პრივილეგიის სანაცვლოდ სთავაზობს თანხას. ჩინოვნიკიც უკანონო შემოთავაზებას პირადი გამორჩენის მიზნით თანხმდება და დანაშაულებრივ გარიგებაში შედის მოქალაქესთან. სანაცვლოდ კი იღებს უკანონო შემოსავალს. ამ ტრადიციული დანაშაულის საქმეში სამართალდამცავებიც გამოცდილები არიან და შესაბამისი ნივთმტკიცებების მოპოვების საშუალებით ახდენენ რეაგირებას და საქმის გახსნას. 


ახლა შევხედოთ ამ დანაშაულს 21-ე საუკუნის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებებით. დავტოვოთ ყველაფერი უცვლელად, გარდა ტრადიციული თანხის გადაცემის ფორმისა. თუ კორუმპირებული ჩინოვნიკი და დამნაშავე მოქალაქე შეთანხმდებიან, რომ დანაშაულის ჩადენის სანაცვლოდ ანგარიშსწორება მოხდეს „კრიპტოვალუტის მეშვეობით“,  ამ შემთხვევაში რა ხდება? დანაშაულის ჩამდენი მოქალაქე და კორუმპირებული პირი მესამე და მეოთხე პირების მეშვეობით, რომლებიც შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები, ანდა უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირები, მარტივად ანგარიშსწორებას მოახდენენ კრიპტოვალუტაში. ერთი ელექტრონული საფულიდან მეორე ელექტრონულ საფულეში კანონის სრული დაცვით მარტივად მოხერხდება გადარიცხვა, რომლის კონვერტირებაც შესაბამის ვალუტაში მყისიერად მოხდება და შესაბამის ბანკში შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება. მსგავსი ქმედება კი პრაქტიკულად გამორიცხავს დანაშაულის მტკიცებულების მოპოვებას. რადგან არსებობს უამრავი საშუალება, რისი მეშვეობითაც აღნიშნული ოპერაციის შესრულება ანონიმურ და დამნაშავისთვის უსაფრთხო ფორმას სრულად შეინარჩუნებს. 


დღევანდელი კანონმდებლობით მცნება - ვირტუალური(ელექტრონული) ფული პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე ის არ მიიჩნევა ქონებად. მილიარდი ბიტკოინის მეპატრონეს პრაქტიკულად ვერავინ შეედავება იმის გამო, რომ მან დეკლარაციაში არ მიუთითა რომელიმე კრიპტოვალუტის ქონა. პასუხი მარტივია - არცერთი კრიპტოვალუტა არ იბეჭდება არცერთი ბანკის მიერ, მის გამოყენებას ეროვნული ვალუტის ფორმით არ ახდენს არცერთი სახელმწიფო, თანხას რეალობაში ვერავინ ხედავს და არსად ჩანს. სხვა პრობლემაა ის, რომ ამის გამო კრიპტოვალუტას ჯერ -ჯერობით პრობლემა არ ექმნება. მოთხოვნის ზრდა კრიპტოვალუტაზე განაპირობა იმანაც, რომ მისი ტრანსპორტირება რეალობაში არ ხდება, ხოლო გადარიცხვის განხორციელება მარტივზე მარტივია. გასაგებია რომ ეს გლობალური გამოწვევაა. ამ მხრივ,  სამხრეთ კორეაში კანონმდებლები ოფიციალურად ითხოვენ კრიპტოვალუტის აკრძალვას. რუსეთში შრომის სამინისტრომ კრიპტოვალუტა საერთოდ არ სცნო და ჩინოვნიკები არ დაავალდებულა მიუთითონ კრიპტოვალუტის ქონა. 
მოკლედ, არაოფიციალურად გაოფიციალურებული ფული, რომელიც რეალობაში არ არსებობს, ყველაფერ სიკეთესთან ერთად უახლოეს მომავალში ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის, რაც საკანონმდებლო ბაზის არარსებობით ვალუტასთან გამოცდილების არქონით და სიახლით არის გამოწვეული.