პოლიტიკა
„თუკი დასავლეთი ამ პროვოკაციაზე წავა, ჩვენ ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონად ვიქცევით“- რა შეიძლება მოჰყვეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლის გეგმას?
„თუკი დასავლეთი ამ პროვოკაციაზე წავა, ჩვენ ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონად ვიქცევით“- რა შეიძლება მოჰყვეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლის გეგმას?

"ახლა მეორე ეტაპი იწყება უკვე საქართველოსთან მიმართებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ ალყის დარტყმის პროცესს წარმოადგენს"-დიმიტრი ლორთქიფანიძე

დასავლეთი რუსეთს კავკასიაში საქართველოს სახით კიდევ ერთ ახალ ხელთათმანს ესვრის.  უკვე დაიწყო განხილვა საქართველოს ნატოში შესვლის ე.წ. კომპრომისულ ვარინტზე. ორგანიზაცია Heritage Foundation-ის ხელმძღვანელი და პოლიტიკური მიმომხილველი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში მიღება ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეც შესაძლოა მოხდეს. “ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ არალეგალური ოკუპაციებით საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას ვერ შეაჩერებს. მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, - აცხადებს ლუკ კოფი.

ამასთან, Heritage Foundation-ის ანგარიშის თანახმად, ნატოს რიგი წევრები შიშობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება რუსეთთან ომს ავტომატურად გამოიწვევს. ლუკოფი არც იმას მალავს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში ნატოში ქვეყნის გაწევრიანების კომპრომისულ ვარიანტს სიხარულით იღებენ.

„ბოლო ათი წელია, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ერთსა და იმავე დისკუსიას ვისმენ – როგორ შეუძლია საქართველოს ნატოს წევრი გახდეს. ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ დადგა ახალი, კრეატიული მიდგომების დრო“, — აღნიშნა კოფიმ.

უსაფრთხოება თუ პირდაპირი საფრთხე? რა შეიძლება მოჰყვეს ლუკოფის ე.წ. კომრომისული გეგმის განხორციელებას რუსეთის მხრიდან? შეიძლება თუ არა, რომ Heritage Foundation-ის რეკომენდაცია-ანგარიში შეერთებული შტატების პოზიციად განვიხილოთ? არსებობს თუ არა საქართველოს დანარჩენი რეგიონების დაკარგვის საშიშროება? როგორ უჭერს მხარს ფარულად ჩვენი დასავლელი მოკავშირე აფხაზურ სეპარატიზმს? აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრება:

-რას ნიშნავს ლუკ კოფის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლოა კომრომისული გეგმის მიხედვით მოხდეს? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შეერთებული შტატების პოზიციაა, რომლის გაჟღერებაც ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან ხდება?

-ლუკ კოფის მიერ გაკეთებული ანგარიში არც ვერსიაა და არც ხედვა, ეს უკვე  ჩამოყალიბებული პოზიციის გაჟღერებაა. ჯერ კიდევ ორი თვის წინ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ამ საკითხთან დაკავშირებით   გავაკეთე განცხადება, რომელიც თავისი არსით ძალიან სენსაციური იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მედია არ გამოეხმაურა. ამ განცხადების კვალდაკვალ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ვრცელი  ინტერვიუ   გამოაქვეყნა. მოსკოვში ამერიკის საელჩოს ყოფილი თანამშრომლი აცხადებს, რომ ხელში  ძალიან სერიოზული დოკუმენტაცია ჩაუვარდა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ  დეფაქტო აფხაზეთის მოქალაქეები სოხუმში განთავსებული რუსეთის ე.წ. საკონსულოში რუსული პასპორტების აღებების შემდეგ მიემართებიან მოსკოვში, ამერიკის საელჩოში, სადაც საემიგრაციო ვიზებს იღებენ.

-გამოდის, შეერთებული შტატები ირიბად მხარს უჭერს აფხაზეთის დამოუკედებლობას?

-ეს არათუ ირიბი, არამედ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სუვერენულ სახელმწიფოდ ცნობის პირდაპირი აქტია. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შეერთებული შტატები უკვე პრაქტიკულ დონეზე დგამს. ისტორია, რაც მოგიყევით, ცხადყოფს, რომ ლუკ კოფის განცხადებას მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯები უსწრებდა წინ.  

ნატოს წესდების მეხუთე პარაგრაფის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მქონე ქვეყნის ნატოს ქოლგის ქვეშ მიღების საკითხი არ განიხილება. ხოლო შემოთავაზებული პირობით, ნატო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა გაეროს მიერ 1991 წელს ერთიან ქართულ სახელმწიფოდ აღიარების გადახედვის დასაწყისი. ეს არის ჩვენი, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქტი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო  მზად არის ნატოში შესვლის ნებისმიერი ინიციატივა განიხილოს. პარლამენტის თავმჯდომარე კადნიერდება და საქართველოს სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის სახელით აკეთებს ასეთ განცხადებას. ბატონმა ლუკ კოფმა უკვე გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოსთვის  მეტად მნიშვნელოვანია  ნატოში შესვლა მე-5 პარაგრაფის გარეშე განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციისკენ მიმართული პოლიტიკური აქტი.  

-შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები არაერთგზის აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. რასთან გვაქვს საქმე, სიტყვიერი მხარდაჭერის კვალდაკვალ, ფარულად სხვა პროცესების პროვოცირება ხდება?

-პირდაპირ მოგახსენებთ, თქვენ როგორც კვალიფიციურ ჟურნალისტს, როცა ამ კითხვას მისვამდით, მხედველობაში აუცილებლად გექნებოდათ ბატონი იან კელის განცხადება. მან სიტყვა-სიტყვით ასეთი რამ თქვა: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ნატოში შესვლა როგორ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“.  ანუ, მან თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ნატოში შესვლა რა ფორმით უნდა მოხდეს, არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ამის მერე კი ირაკლი კობახიძე ქართული საზოგადოების სახელით განცხადებას აკეთებს. აი, ეს ფარსი გათამაშდა.

არსებობს ორმაგი სტანდარტი, ერთ მხრივ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, ხოლო მეორე მხრივ, კომპრომისის დაშვება ხდება. ამიტომაც იყო, რომ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ბატონი ირაკლი კობახიძე  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერას რომ ლობირებდნენ. არ გეცნობათ ეს ამბავი? ყველაფერი ამიტომ არის დაწყებული და „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ეს  პოლიტიკური ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. „ოცნებას“, როგორც მარიონეტულ ძალას, ერთჯერადი დანიშნულება გააჩნია, ის, როგორც ფრთოსანი რაკეტა სტარტიდან უნდა გაფრინდეს, ობიექტამდე მივიდეს  და აფეთქდეს. აფეთქება, რასაც „ქართული ოცნება“  სრულად შეეწირება, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შეყვანა იქნება.

რუსულ-ამერიკული მაღალი გარიგების დონეზე  დიდი პოლიტიკური გამბიტი თამაშდება.  საქართველო და ზოგადად ამიერკავკასია ზესახელმწიფოთა ბალანსის ჭყლეტის ადგილია და ამას ჩვენ საკუთარ თავზე არაერთგზის ვიწვნევთ ხოლმე.  არავითარი სუვერენიზაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ამერიკელები ნაბიჯებს უკვე ღიად დგამენ იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში შეყვანა  ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მოხდეს. ეს არის ახალი გეოსტრატეგია, ახალი გადანაწილების ფორმულა, რომელშიც, როგორც ჩანს, რუსეთი, ამერიკა და თურქეთი ერთდროულად იღებენ მონაწილეობას. ჩვენ კი ზესახელმწიფოთა პოლიტიკური თამაშების კონტექსტში გაცვლითი მონეტის როლს ვთამაშობთ. 

-თქვენ ბრძანეთ, რომ ზესახელმწიფოთა შორის შესაძლოა, გარიგებას ჰქონდეს ადგილი. რატომ უნდა აწყობდეს მოსკოვს აქ, უშუალოდ მის საზღვართან, პირისპირ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზის განთავსება?

-ძალიან ძნელია საკითხის ასე დაყენება, რუსეთს რა აწყობს და როგორ აწყობს. ფაქტია, რომ თუკი საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცება მოხდება, ეს ხელს შეუწყობს სამხედრო- პოლიტიკური ესკალაციის გაზრდას ქვეყნის ტერიტორიაზე. რა იქნება და როგორ იქნება, მე ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. რუსეთის დაზვერვას ალბათ ექნება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელები რუსეთის ფედრაციის ამერიკის საელჩოში საემიგრაციო ვიზებს იმ პასპორტების საფუძველზე  გასცემენ, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ არის.

ფაქტი ის არის, რომ ამერიკული ჩანაფიქრი საქართველოს დარჩენილი ნაწილი შეიყვანოს ნატოში, არის დიდი პოლიტიკური თამაში. ლუკ კოფის მიერ წამოწყებული ეს „სარეკომენდაციო“ კამპანია მხოლოდ გაჟღერებაა, ტესტია საზოგადოებისთვის, რამდენად შევძლებთ ჩვენ ამის გადაყლაპვას. ამ კონტექსტში ქართულ-რუსული დიალოგის განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩვენს ე.წ. დასავლელ პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთს კარი მოახურინონ. ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც შანსს უნდა ჩავებღაუჭოთ, გამოსავალი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში უნდა იყოს გამონახული.

ჩვენ დასავლელი პარტნიორების იმედი ვეღარ გვექნება, მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს პლაცდარმად გადაქცევაა. ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, ჯაველინების გადმოცემის შესახებ გაკეთებული განცხადებები ამის ნათელი დადასტურება არ არის? თქვენ ხომ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ბირთვული ზესახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ჯაველინების გადმოცემა სამხედრო პრობლემას არანაირად არ წყვეტს, პირიქით, უფრო აღრმავებს და საქართველოს კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მაშინ, რაშია საქმე?ხომ არ აქვს ადგილი  ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ავღანიზაციის ან ჩეჩენიზაციის პროვოცირების მცდელობას?

თქვენ ძალიან ლოგიკურად დასვით შეკითხვა, რაში აწყობს რუსეთს, რომ დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსდეს ნატოს ბაზები და შესაბამისად, ახალი სამხედრო საფრთხეებისა და ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს რუსეთი? ძალიან კარგად ხედავთ, რომ რუსეთი არ ტოვებს თავის ინტერესებს სირიაში, რომელიც მისთვის შორეული ბუფერია და მაქსიმალურად ცდილობს ბოლომდე მთავარი დომინანტი ძალა იყოს. როგორ შეიძლება, რუსეთმა დაუშვას ის, რომ საქართველოს დარჩენილ ტერიტორიებზე განთავსდეს ნატოს შეიარაღებული ძალების ბაზები? ეს მოასწავებს იმას, რომ თუკი დასავლეთი  ამ პროვოკაციაზე წავა, ჩვენ ზესახელმწიფოთა პოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონად ვიქცევით.

-გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დიდად არც არავინ არაფერს გვეკითხება, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რუსული მხარის რეაქციის მოსინჯვა უფროა?  

-კი, რა თქმა უნდა, ეს ტესტი იყო ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც პროვოცირების მიზნით რუსულ ინტერესებზე მიკროდარტყმები იქნა მიტანილი, იმის შესასწავლად, რუსული სამხედრო მანქანა თუ რა მოქმედებებს განახორციელებოდა. 2008 წელს ტალიავინის კომისიამ ქართული მხარე პროვოცირებული ომის აყოლაში დაადანაშაულა. დაადანაშაულა თუნდაც იმაში, რომ რუსული სამშვიდობო ჯარებისთვის მანდატის გაუქმების პრეროგატივა საქართველოს პარლამენტს ჰქონდა და მან უფლებით არ ისარგებლა. ევროკავშირის დასკვნაში ეს ყველაფერი დევს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები გრძელდება და ახლა უკვე ახალი ფაზა შეიძინა.  როგორც ჩანს, საქართველოს კვიპროსიზაციაა ჩაფიქრებული და ამ პროცესში რა როლს შეიძენს რუსეთი და თურქეთი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა დიპლომატიური მისიის არარსებობის პირობებში, როდესაც რუსულ-ქართული დიალოგი მკვდარია და მხოლოდ აბაშიძე-კარასინის იმედადაა დარჩენილი, ჩვენი ინტერესების გატარება ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვნახოთ იმისათვის, რომ რუსულ-ქართული დიალოგი არამცთუ შეჩერდეს, არამედ თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე განვითარდეს. ხალხის ნების მიტანა რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საზოგადოებრივ ცენტრებზე დატვირთვით უნდა მოხდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ პროვოცირებულ სპექტაკლში საქართველოს მოსახლეობა განტევების ვაცის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუკი ქართულ საზოგადოებას არავინ არაფერს შეეკითხება და ეს პროცესები დაიწყება, მაშინ ჩვენ  პირდაპირ სერიოზულ კონფლიქტში ჩათრეული აღმოვჩნდებით.  

-ფიქრობთ, რომ ამ პროცესით აფხაზეთის და ცხინვალის გარდა დანარჩენი რეგიონების საფრთხეც შეიძლება დადგეს?

-დიახ, კარგი შეკითხვაა, მადლობა ამ შეკითხვისთვის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისგანაც შედგება. ჩვენ არანაკლები საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით სეპარატიზმის წახალისების შემთხვევაში და გარკვეულ რეგიონებთან მიმართებით შესაძლოა, საქართველოს პრობლემები გაუჩნდეს. ეს არ იქნება ძნელად გამოსაწვევი პროცესი.  გლობალურად ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე ვიმყოფებით. თუ  დეზინტეგრაციული პროცესები გაგრძელდა და საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პოლიტიკურ დონზე უარი თქვა, ეს იმას მოასწავებს, რომ დანარჩენ საქართველოში არაერთი რეგიონი აგვიფეთქდება, უბრალოდ  დაჩქარდება ის  ქაოსი, რომელში ჩათრევის მცდელობა დაპირისპირებულ მხარეებს ექნებათ. 

-ნატოს ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს და არ მალავს, რომ  თუნდაც ლუკ კოფის გეგმის მიხედვით საქართველოს ნატოში შეყვანა რუსეთთან ავტომატურად ომს გამოიწვევს...

-გამოიწვევს, ხომ ხედავთ, თავისი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე რამხელა სამხედრო ექსპანსია ჩაატარა და რა ხარჯები გაიღო?  სირია ეს არის შორეული ბუფერი რუსეთისთვის და ამ ბუფერის შემტვრევას ის არაფრით არ დაუშვებდა, ვინაიდან შემდეგი უკვე კავკასიაა.  კავკასიაში, ისევე როგორც სირიაში, რუსეთს თავისი ბაზები და ინტერესები გააჩნია, ამ ინტერესების შელახვა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებისა და კონფრონტაციის გზით შეიძლება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ის აქლემი აღარ არის, რომელმაც შეიძლება ვირის საპალნე ზიდოს, მე ასე არ მგონია და ამაში საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც დამეთანხმება. რუსული სამხედრო მანქანა ომების პერიოდში კიდევ უფრო ძლიერდება. ის, რაც წესით მას უნდა ასუსტებდეს, პირიქით, უფრო აძლიერებს და ომებში კიდევ მეტ პოტენციალს წარმოჩენს. შესაბამისად, თუკი სირიასა და ერაყში არსებული დაპირისპირება კავკასიაში უნდა გადმოვიდეს, მაშინ აქ ცეცხლის გაჩაღება ძალიან ადვილი იქნება. რუსეთი ამას თავიდანვე არ დაუშვებს, პროცესს ესკალაციამდე არ მიიყვანს და შეეცდება მანამდე ჩააქროს, სანამ აქ დიდი ხანძარი გაჩნდება. ეს კი დიდი რუსული სამხედრო მანქანის ამოქმედებას ნიშნავს. თუკი ვინმეს ჩანაფიქრი არის, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიოს, ამაზე დღესვე უნდა დაფიქრდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივ განცხადებებს არ აკეთებს, როდესაც ღიად აცხადებს, რომ თურმე საქართველო მზად არის ნატოში ინტეგრაციის ნებისმიერი სცენარის განხილვისთვის.

-ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლის მომხრეებს არგუმენტად გერმანიის მაგალითი მოჰყავთ. რამდენად სწორია ამგვარი პარალელის გავლება?

-გერმანიის მაგალითის მოყვანა ამ შემთხვევაში არარელევანტურია, გამომდინარე იქედან, რომ გერმანიის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში მკვიდრი მოსახლეობა სწორედ გერმანელები არიან. გერმანელი ერი იმ ტერიტორიიდან არსად არ წასულა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 250.000 ქართველი აფხაზეთიდან ეთნიკური ნიშნით იქნა გამოგდებული, ისევე როგორც  ცხინვალის რეგიონიდან. ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ფაქტიურად, ზეჰუმანიტარული მისია აიღო საკუთარ თავზე, გვყავს ჩეჩნეთიდან დევნილები, ასევე ეკომიგრანტები, გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები დევნილთათვის თავშესაფრის გამოყოფის თვალსაზრისით. ჩვენ  ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე ვართ. თუკი საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საბოლოოდ ჩამოაშორებენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ხელს მოაწერს და ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური ექსპერიმენტები ვატაროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ შეუვალი და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. სხვათაშორის, ეს ხელისუფლება იმ დაპირებით მოვიდა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებდა. რუსეთის პრეზიდენტისგან არაერთგზის ღიად მოვისმინეთ მზაობა იმის შესახებ, რომ ის საქართველოს პრემიერს ან პრეზიდენტს შეხვდებოდა. ვერც ერთმა და ვერც მეორემ საკუთარი პოლიტიკური ლიდერშიპის გათვალისწინებით დიალოგის დასაწყებად პოლიტიკური ნების გამოხატვა ვერ შეძლო. შესაბამისად, მე მგონია, რომ აბსოლუტურად მონური მორჩილებით გვიპირებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ხელი აგვაღებინონ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად დაუშვებელი, ყოვლად წარმოუდგენელი და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამას ხელს მოაწერს, მომავალი თაობების წინაშე საკუთარი თავით იქნება პასუხისმგებელი.

- საგარეო საქმეთა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა: „რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას“. არსებული რეალობის ფონზე, რამდენად ადეკვატურია საგარეო საქმეთა მინისტრის ამგვარი განცხადება?

-ჯანელიძის სიტყვები კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების გაგრძელებაა. საზოგადოებისთვის ხდება ილუზოლური შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ნატოში შესვლა ტერიტორიებდაკარგული ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა. ისინი წინასწარ ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ, ასეთ განცხადებებზე საზოგადოების რეაქცია ძალიან მწვავე უნდა იყოს და ასეც იქნება. არჩევნებზე ხელისუფლებამ პოლიტიკური ველის სტერილიზაციისთვის ყველა ღონე იხმარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი მათ ავანტიურისტულ, მოღალატეობრივ და დამღუპველ პოლიტიკას შეეგუება. დროებით დაკარგული ტერიტორიების დეზინტეგრაციული პროცესები, რომელიც დასავლეთის დაკვეთით ხორციელდება, საქართველოს ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონად  გადაქცევას გულისხმობს.

-თუკი ვაშინგტონს ლუკ კოფის ე.წ. გეგმით საქართველოს ნატოში შეყვანა მართლაც სურს, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა შეეერთებულ შტატებს სათანადოდ გააზრებული რუსეთის ფაქტორი? მიმდინარე ცივი ომის და არსებული მრავალი ცხელი კერის ფონზე რა მიზანს ისახავს კიდევ ერთი ახალი დესტაბილიზაციის კერის შექმნა?

-აქ საუბარია იმაზე,  დასავლეთმა უკრაინაში აღებული ვალდებულებები ვერ განახორციელა და პირიქით, უკრაინის ძალიან მძიმე ომში ავანტიურისტულად ჩათრევა მოახერხა. ახლა მეორე ეტაპი იწყება უკვე საქართველოსთან მიმართებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ ალყის დარტყმის პროცესს წარმოადგენს, ადგილი აქვს  რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოებას. ხდება რუსული სამხედრო მანქანის და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ტესტირება, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მათ ნებისმიერ ასეთ შემთხევევაში, მაგალითად, რა მიზეზით მოახდენს რუსეთი რეგიონში ახალ დეესკალაციას? როგორი იქნება მისი პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველო შედის ნატოში და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ქართული სახელმწიფოს მოსახლეობის სახელით. რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე რუსეთს? ამიტომ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრიც ამაზე უკვე ღიად გვესაუბრებიან, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი აღარ მიდის. მე ვფიქრობ, აღნიშნულ ავანტიურასთან დაკავშირებით ძალიან მალე, ხელისუფლებას ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს.  

"ასავალ-დასავალი"- "ამერიკის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი სკანდალურ საიდუმლოს ახმიანებს" https://www.facebook.com/photo.php?fbid=551737245198382&set=pcb.551737278531712&type=3&theater