პოლიტიკა
„ერდოღანი უკან არ იხევს, რაც ამერიკელების მიმართ შანტაჟადაც შეიძლება განვიხილოთ“ -აღმოჩნდება თუ არა თურქეთი მამბიჯში შეერთებული შტატების სამხედრო ძალის პირისპირ?-სოსო მანჯავიძე
„ერდოღანი უკან არ იხევს, რაც ამერიკელების მიმართ შანტაჟადაც შეიძლება განვიხილოთ“ -აღმოჩნდება თუ არა თურქეთი მამბიჯში შეერთებული შტატების სამხედრო ძალის პირისპირ?-სოსო მანჯავიძე

სირიაში, აფრინის რეგიონში თურქეთის მიერ ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული საბრძოლო ოპერაცია მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. თურქეთი არ მალავს, რომ  აფრინთან შეჩერებას არ ფიქრობს და სვლის გაგრძელებას ამერიკული სამხედრო ნაწილის ლოკაციამდე, მამბიჯამდე გეგმავს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთი შეერთებული შტატების წინააღმდეგ პირისპირ აღმოჩნდება. ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს. ამასთან, ანკარა ბაშარ ასადს აფრთხილებს, რომ ქურთი ტერორისტების მხარდაჭერის შემთხვევაში, თურქეთი სირიის სამთავრობო ძალებს დაარტყამს. პასუხად, დამასკო  აფრინში ქურთების დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად სამთავრობო არმიას გზავნის. ორი ერთმანეთის მოსისხლე მტრის, ასადის და ერდოღანის მოკავშირე რუსეთი სრულიად სპეციფიკურ ვითარებაში ვარდება. მოსკოვი ხელს არ უშლის ანკარას და ოპერაციის დაწყებამდე აფრინიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს, ამავე დროს, წინ არ ეღობება დამასკოს, რათა ქურთების დასაცავად სამთავრობო ძალები  გაგზავნოს. მოსკოვი ფრთხილობს, თუმცა რუსეთი თურქეთის ინტერესების ცალსახა უგულებელყოფას მხარს არ უჭერს და შეერთებულ შტატებს რეგიონში სიტუაციის არევაში ღიად ადანაშაულებს.

„შეერთებულმა შტატებმა ფსონი თავიდანვე ქურთებზე დადო. თურქეთის პოზიცია ზოგიერთი ქურთული ორგანიზაციის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. მაგალითად, ქურთთა მუშათა“ პარტია თურქებს და არა მარტო მათ ტერორისტული ორგანიზაციის სიაში ჰყავთ შეყვანილი. შეერთებული შტატები აირაღებს რა ქურთებს, არ ითვალისწინებს თურქეთის უკმაყოფილებას. ის თამაში, რაც შტატებმა აფრინში წამოიწყო, არის ძალიან სახიფათო.  ქურთული საკითხით თამაში საკუთარი ვიწრო გეოპოლიტიკური ამოცანების ჭრილში, რეგიონის ერთ კონკრეტულ ნაწილში, რის დემონსტრირტებასაც  შეერთებული შტატები ახდენს, ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს ქურთებით დასახლებულ მთელ რიგ ქვეყნებში. საჭიროა დაფიქრება იმაზე, თუ როგორ მოხდეს ქურთებისთვის ქვეყნის არსებულ საზღვრებში თანასწორი უფლებების უზრუნველყოფა და არა იმაზე, როგორ აირიოს ვითარება მთელ ამ რეგიონში, რითაც მთელი საუკუნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი კოლეგები იყვნენ დაკავებულნი,“-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი euronews-თან საუბრისას.

პარალელურად ისრაელსა და ირანს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს აგრესიაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება. მიუნხენის კონფერენციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ დარბაზს ისრაელის მიერ ჩამოგდებულ ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტს აჩვენებს და იქვე მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ თეირანმა ისრაელის მოთმინება აღარ გამოსცადოს. მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს სირიაში ირანის სამხედრო ბაზები შექმნას, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნეთანიაჰუს გამოსვლას „ცირკს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გამონათქვამები პასუხსაც არ იმსახურებს. „ისრაელი ახორციელებს მასობრივ რეპრესიებს მეზობლების წინააღმდეგ და ყოველდღიურად იჭრება სირიასა და ლიბანში. როგორც კი სირიელებმა მისი ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მათ ეს კატასტროფად წარმოაჩინეს. ბოლო დღეებში მომხდარმა მოვლენებმაისრაელის უძლეველობის მითი დაანგრია. ასევე გარწმუნებთ, რომ თუ ირანის ინტერესები არ იქნება დაცული ბირთვული შეთანხმების საფუძველზე, ირანი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. ჩვენ არ ვიქნებით პირველები, ვინც დაარღვევს ამ შეთანხმებას. პასუხი კი იმდენად სერიოზული იქნება, რომ მსოფლიო ამას ძალიან ინანებს,“ - აცხადებს ჯავად ზარიფი.

რეგიონში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს და ახალ ფლოტს ქმნის. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონში პირველად ორი ამერიკული მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი სამხედრო გემი შემოჰყავს. ვიცე-ადმირალ ქრისტოფერ გრედის თქმით, შავი ზღვა აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მობილურ გემებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვან აშშ-ის ინტერესები. ექსპერტების შეფასებით, პენტაგონის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ პირდაპირი გზავნილია.

იზრდება თუ არა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი შავ ზღვაში ამერიკული ახალი ფლოტის შექმნით? რამდენად რეალურია ირან-ისრაელის ომი? რა პროცესები ვითარდება სირიის ჩრდილოეთით, საქართველოდან სულ რაღაც 500 კოლომეტრში? შეძლებს თუ არა ერდოღანი მამბიჯამდე მისვლას და  აღმოჩნდება თუ არა თურქეთი შეერთებული შტატების სამხედრო ძალის პირისპირ? რა პერსპექტივა აქვთ ქურთებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე? რა გავლენა ექნება სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე?  ჩვენს გარშემო განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge-ს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, სირიის პრეზიდენტმა აფრინში ქურთების დასახმრებლად სამთავრობო არმია გაგზავნა. რუსეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებამდე აფრინიდან სამხედრო ძალა გაიყვანა, რითაც თითქოს მწვანე შუქი აუნთო თურქეთს. მეორე მხრივ, ძნელი საფიქრებელია, რომ ასადმა რუსეთთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა ქურთების მხარდაჭერა თურქეთის წინააღმდეგ. რას ფიქრობთ, როგორია რეალურად რუსეთის პოზიცია ამ ვითარებაში? ვის მხრეს დაიკავებს რუსეთი საბოლოოდ და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში?

-დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთი თავის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი არ იყო, ეს იძულებითი ნაბიჯი გახლდათ. თურქეთის ყველაზე დიდი კოშმარი და სასიკვდილო საფრთხე მის საზღვრებთან ქურთული სახელმწიფოს წარმოქმნაა. მოგეხსენებათ, ერაყში ქურთებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, იქ მიდის პროცესი, რომელიც რაში გადაიზრდება მოკლე ხანში, არავინ იცის. ქურთები ისეთ მეორეხარისხოვან როლში ყოფნას, როგორც ასადების რეჟიმისას იყვნენ, უკვე აღარ ეგუებიან. ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას აუცილებლად შეეცდებიან, რომელიც ბუნებრივია, ერბილში წარმოქმნილი ქურთული სახელმწიფოს მოკავშირე იქნება. ამიტომ „ზეთისხილის რტოს“ ოპერაციის დაწყების საბაბი სწორედ ის გახდა, რომ ამერიკელებმა სირიელი ქურთებისგან  30.000 კაციანი შეიარაღებული არმიის შექმნა დააპირეს, რომელთაც სირია-თურქეთის საზღვარი უნდა ეკონტროლებინათ. ერდოღანმა ეს ნაბიჯი ცალსახად ანტითურქულად აღიქვა. შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ეს განზრახვა უარყო, თუმცა ერდოღანმა აფრინის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა გადაწყვიტა. აფრინში მოსახლეობის ნახევარს არაბები და თურქომანები შეადგენენ, ნახევარს- ქურთები. სამხედრო თვალსაზრისით, დომინანტები სწორედ ქურთები არიან. იქ თავმოყრილია სხვადასხვა  ორგანიზაციები, რომელთაც ერდოღანი ტერორისტებად მიიჩნევს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქურთების მთავარი მოკავშირე და მთავარი სპონსორი  შეერთებული შტატები და ისრაელი არიან. ჩვენ წინა ინტერვიუში ვსაუბრობდით ამ ორი სახელმწიფოს მიერ დასახულ გამჭოლ, სტრატეგიულ ხაზზე და ვსაუბრობდით პეტერსის რუკაზე, რომელსაც  „უკეთესი ახლო აღმოსავლეთისათვის“ ჰქვია. ამ რუკაზე ჩვენ ვხედავთ დიდ ქურთისტანს, რომელიც  ერაყის, სირიის, ირანის და თურქეთის ტერიტორიის ნაწილს მოიცავს და ამოდის საქართველოს საზღვრებამდე. ეს სტრატეგია არავის უარყვია, თუმცა შეერთებული შტატები ბუნებრივია, მის სტრატეგიულ მიზნებს ღიად არ აღიარებს.

რაც შეეხება რუსეთის ფუნქციას, ერდოღანის სამხედრო ოპერაცისათან მიმართებაში, მოსკოვი ცდილობს ძალიან ფრთხილად იმოქმედოს, არ გააღიზიანოს და რუსეთის საწინააღმდეგოდ არ განაწყოს ქურთები, რომელთანაც საკმაოდ ძველი და  ღრმა ურთიერთობები აკავშირებს. რუსეთი ქურთულ განმათავისუფლებელ მოძრაობას უყურებს, როგორც ერთ-ერთ რესურსს საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად. რუსეთს არ აწყობს ასევე თურქეთთან ურთიერთობის გამწვავება, სწორედ ამიტომ  ასეთი ტაქტიკა აირჩია და აფრინიდან თავისი შენაერთები გამოიყვანა. ამავე დროს რუსეთმა ხელი არ შეუშალა ასადს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.  დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ დაარეგულირონ ევფრატის მარცხენა სანაპიროზე სიტუაცია, როგორ მოაგვარონ ეს ურთულესი სიტუაცია. დიდი სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში ხლართებში არიან გაბმულები და არ იციან, იქიდან როგორ გამოაღწიონ.

ჩვენ დავინახეთ, რომ აფრინში ასადის სამთავრობო არმიასთან ერთად „ჰეზბოლა“ და სხვა პროირანული ძალებიც გამოჩნდნენ, რასაც თურქეთის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს პოლიტიკური ინერცია. თურქეთს ამ ეტაპზე შეიძლება აწყობდეს კიდეც, რომ აფრინში კონტროლი სირიის არმიამ დაამყაროს, ვინაიდან ასადის არმია თურქეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ქურთული „პეშმერგა“თურქულ არმიას სისხლს უშრობს. მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად თურქეთს ძალიან სერიოზული დანაკარგები აქვს, ათასზე მეტი თურქი ჯარისკაცია მოკლული. ასევე ძალიან არაეფქეტურად იმოქმედა თურქულმა ჯავშანტექნიკამ. რაც შეეხება ასადს, ის  ერთიანი სირიის სახელით პოზიციონირებს, აცხადებს, რომ პატრიოტ ძალებს არავის მოპატიჟება არ ჭირდებათ და სირიელებმა  ქვეყნის ოკუპანტს ერთობლივად უნდა ებრძოლონ, ასეთია ასადის სულისკვეთება.

-აფრინის ქურთები, რომელთა წინააღმდეგაც ახლა ერდოღანი გამოდის, თავის დროზე ასადს ებრძოდნენ?

-სირიის ქურთისტანი ძირითადად „აისის“ ებრძოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასადი ამ ზონას ვერ აკონტროლებდა. როდესაც ამ ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს გავლენა გავრცელდა, ასადი, რუსების ჩარევამდე, ზღვისპირა, ე. წ. სასარგებლო სირიაში იყო შეკეტილი. მაშინ ქურთებს  იარაღის ხელში აღება და „აისისთან“ და სხვა რადიკალურ დაჯგუფებებთან ბრძოლა მოუწიათ. რეალური დამოუკიდებლობა ქურთებმა სწორედ ამ ბრძოლაში მოიპოვეს. ამას ცხადია,  ხელს ამერიკელებიც უწყობდნენ. ახლა ბუნებრივია, მათ აღარ უნდათ იმ როლში ყოფნა, რომელშიც არეულობის დაწყებამდე იყვნენ. ასადი როგორც ჩანს, უკვე  თანახმაა, რომ სირიელ ქურთებს ფართო ავტონომია ჰქონდეთ.

-ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქურთებისგან თურქული ქალაქები იბომბება...

-რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგიურია, ერთეული გასროლები მხოლოდ ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს. ქურთების ძალა სულ სხვა რამეშია, პარტიზანული დაჯგუფებებით თურქებს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ. შეიარაღებული არიან ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით. ასადის არმიასთან შეერთება კი ნიშნავს, რომ ქურთებს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მაგრამ თურქეთს ამ ეტაპზე შეიძლება მართლაც აწყობდეს ასადის მიერ ამ ტერიტორიის დაკავება და ვვარაუდობ, რომ ამასთან დაკავშირებით შეიძლება მრავალსვლიანი კომბინაცია მიმდინარეობდეს.  

-აწყობს ალბათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერაცია მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხეების პრევენციას ემსახურება, მაგრამ თუ პარალელურად ოკუპაციური მიზნებიც აქვს, მაშინ ასადის ქურთებთან მოკავშირეობა თურქეთისთვის ხელის შემშლელი არ იქნება?

-თურქეთი თავისი სახელმწიფოს ერთიანობის დაცვას და მისი გავლენის გავრცელებას პრევენციად მიიჩნევს. მაშინ, როდესაც ქურთები თურქებს აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ეს ბრძოლაა, ჩვეულებრივი ჭიდილია ორ შეურიგებელ ინტერესს შორის. ერდოღანი დიდხანს ცდილობდა იდეოლოგია შეექმნა, რომლის მიხედვითაც დიდი თურქეთის მემკვიდრეები ეს ორი ხალხი იყვნენ. მას უნდოდა ქურთები ერთიანი თურქეთის დარაბებში შემოეყვანა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და როგორც ხედავთ, სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა იგივე ერაყელ ქურთებთან მიმართებაში, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორების გამო ვერ მოახერხა.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, თურქებისა და ქურთების წინააღმდეგობა არის შეურიგებელი. ქურთების მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის სირიაში, თურქეთსა და ერაყში  ტაქტიკური მოსაზრებებით შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ თვითონ ქურთი ხალხის ამ განწყობას ვერაფერი შეაჩერებს. შესაბამისად, ქურთებთან მოლაპარაკება და ახალი ქურთისტანის შექმნა სირიის ტერიტორიაზე ერდოღანს კატეგორიულად არ აწყობს. შესაბამისად მას აწყობს, რომ სახელმწიფოები შეთანხმდნენ და  მოლაპარაკება გარკვეული გარანტიებით განმტკიცდეს. ასეთ შემთხვევაში ამა თუ იმ სახელმწიფოს შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. 

-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა euronews-თან საუბრისას განაცხდა: „აირაღებს რა ქურთებს, შეერთებული შტატები არ ითვალისწინებს თურქეთის უკმაყოფილებას. ის თამაში, რაც შტატებმა აფრინში წამოიწყო, არის ძალიან სახიფათო.... ფიქრია საჭირო იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ქურთებისთვის ქვეყნის არსებულ საზღვრებში თანასწორი უფლებების უზრუნველყოფა და არა იმაზე, როგორ აირიოს ვითარება მთელს ამ რეგიონში, რითაც მთელი გასული საუკუნის განმავლობაში იყვნენ  დაკავებული ჩვენი დასავლელი კოლეგები.“  ამ განცხადების მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის პოზიცია თურქეთისკენ იხრება?

-ასეც იყო მოსალოდნელი, ჩვენ ძალიან უცნაურ პროცესს ვხედავთ, შეურიგებელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომელთაც ერთმანეთთან უამრავი ომი ჰქონდათ,  გაერთიანდნენ. მე ამას მგლის წინააღმდეგ ძაღლების გაერთიანებას შევადარებდი, ზუსტად ეს სიტუაციაა. სამი სახელმწიფო, სამი დიდი გეოპოლიტიკური ძაღლი- თურქეთი, ირანი, რუსეთი ერთმანეთს უღრენს, მაგრამ მგლის მოსაგერიელებლად, რომელიც სამივეს დაგლეჯით ემუქრება, ერთიანდებიან. ამერიკა-ისრაელის სტრატეგია ძალიან რაციონალური სტრატეგიაა, მათ საერო სახელმწიფოების ღერძის შექმნა უნდათ. ეს სახელმწიფოები ისრაელი, დიდი ქურთისტანი, საქართველო, აზერბაიჯანი არიან, როლებიც რეგიონში ირანს, თურქეთს და არა მარტო მათ დაშლის. იქ ლაპარაკია საუდის არაბეთზეც და ა. შ.  ვის რა რესურსები უნდა დარჩეს, ესეც ძალიან საინტერესოდ არის დათვლილი. ეს სტრატეგია რუსეთს, თურქეთს და ირანს ძალიან დასუსტებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მოკავშირე სომხეთი დიდ ქურთისტანსა და დიდ აზერბაიჯანს შორის რჩება გამომწყვდეული. ირანს მოწყდება ბელუჯისტანი და ქურთისტანი. ნახევარი თურქეთი ფაქტიურად ქურთისტანი იქნება. ერაყში კი ვხედავთ რა ტერიტორიებზეც არის ლაპარაკი, იქ ქურთებს სამხრეთისკენაც აქვთ პრეტენზია. ჩრდილოეთ სირია თურქეთს ესაზღვრება და დიდი ქურთისტანის ნაწილი გახდება.

-საქართველოს რა ელის ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში?

-ჩვენ ამ ღერძის ერთ-ერთი ნაწილი ვართ და ამ თეორიულ გათვლებში საქართველოს არაფერი აკლდება, პირიქით, ამ რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაშია მოქცეული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს რუკა დოგმა არ არის, რუსკები და გეგმები რეალობასთან მიმართებაში იცვლება, მაგრამ ძირითადი ლაიტმოტივები რჩება.

-როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? არსებობს საშიშროება იმისა, რომ აფრინის სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადაიზარდოს?

-უნდა გვესმოდეს, რომ ახლა საბრძოლო მოქმედებებთან ერთად ძალიან ინტენსიური ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგებში შეიარაღებული ძალების წარმატება-წარუმატებლობა ერთ-ერთი ფაქტორია. თურქეთი აფრინის განეიტრალებას შეეცდება. თუ  შეიარაღებული დაპირისპირება გამწვავდა, ეს მოლაპარაკება შედგება. ამერიკელებს ყოველთვის შეუძლიათ სიტუაცია კვლავაც არასტაბილურ მდგომარეობაში დატოვონ. თუ თურქეთმა აფრინში თავის მიზანს მიაღწია, ის აუცილებლად დაიძვრება მამბიჯისკენ, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ქურთული ანკლავია ევფრატის მარცხენა სანაპიროზე. მამბიჯში შეიძლება  ძალიან სერიოზული დაპირისპირება მოხდეს, ვინაიდან იქ ამერიკული შეიარაღებული ძალები დგანან და ისინი იქიდან არ გავლენ.

-ძალიან მრავლისმთქმელი იქნება, თუ  ნატოს ორი წევრი ქვეყანა ერთმანეთს მამბიჯში დაუპირისპირდა...

-ყოფილი პატრონის წინააღმდეგ გალაშქრება გამოდის, თანაც ერდოღანი უკან არ იხევს. ეს ამერიკელების მიმართ ერთგვარ შანტაჟადაც შეიძლება განვიხილოთ. ანუ, თუ შტატები თამაშს არ შეწყვეტს, ვაბანკზე წავა. იმასაც უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ თურქეთში სრული ისტერიაა, სერიოზული პროპაგანდა მიმდინარეობს, ინერცია ძალიან დიდია და შეიძლება სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგები დადგეს. თურქეთი რომ  დაწოლას გააგრძელებს, ეს ნათელია. ლავროვის ინტერვიუდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი მკვეთრი ანტითურქული ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს. მას ამ ეტაპზე  თურქეთთან პირდაპირი დაპირისპირება ნამდვილად არ აწყობს.

ჩვენ ასევე უნდა ვითვალისწინებდეთ ირანის ფაქტორს, რომელიც სირიაში ძალიან ძლიერია. ირანი სირიაში სუნიტური რადიკალიზმის დამარცხების პროცესის მთავარი ბენეფიციარია. თეირანი ახლა ძალიან სპეციფიკურ სიტუაციაშია, სამივე სახელმწიფო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კერძოდ, აფრინში პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლაც“ გამოჩნდა. უკვე გაჟღერდა, რომ ირანის, რუსეთის და თურქეთის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართება. ძალიან მალე პუტინი  ანკარაში ჩავა. შემდეგ როუჰანს, ერდოღანს და პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა გაიმართება. ეს მყიფე, უცნაური სამკუთხედი ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. მათი ინტერესები რეგიონში დიამეტრალურად განსხვავდება, მათი ინტერესების ერთ ნიშნულ ქვეშ მოქცევა ძალიან რთულია,  მაგრამ საერთო საფრთხის წინაშე ისინი რაღაც კომპრომისების მიღწევას ცდილობენ. გარდა საერთო საფრთხისა, თურქეთსა და რუსეთს შორის  ასევე ძალიან სერიოზული ეკონომიკური კავშირები არსებობს.

აქ კიდევ აუცილებლად უნდა ითქვას ისრაელზე, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეა და რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში ძალიან შეცვლილია და ეს ექვსათიანმა ბრძოლამაც დაადასტურა, რომელიც  ისრაელის ავიაციასა და სირიულ შენაერთებს შორის გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში   სირიის ბაზების დაბომბვა რაკეტებით მიმდინარეობდა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ამ ბაზაზე ირანის სამხედრო მოწყობილობები იყო განთავსებული. სირიის ჰაერსაწინააღმდეგო შენაერთებმა, რომლის შეიარაღებაშიც რუსული საბრძოლო მოწყობილებებიც შედიოდა ისრაელის ავიაციის დაბომბვა გაანეიტრალა. მათ ისრაელის გამანადგურებელი F-16 პირველად ჩამოაგდეს, რაც ისრაელისთვის ძალიან არასასიამოვნო სიგნალია. ისრაელში აცნობიერებენ, რომ ირანი გაძლიერდა და ის ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც მათ ჰქონდათ, სამხედრო მიზნის მიღწევისთვის არსაკმარისია, ეს კი ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. არცთუ იმედის მომცემი აღმოჩნდა ისრაელისთვის ასევე ირანის დაპირისპირება საუდის არაბეთთან. რეგიონში ძალთა ბალანისის ცვლილება ისრაელის სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდ პერსპექტივას ატარებს. ამან არ შეიძლება გადამჭრელი ღონისძიებების გატარების სურვილი არ გამოიწვიოს.

-მიუნხენის კონფერენციაზე ისრაელის და ირანის ლიდერებმა ერთმანეთის მიმართ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთეს. ფიქრობთ, რომ ირან-ისრაელის ომი რეგიონში დამოკლეს მახვილივით ჰკიდია? 

-ომი სირიაში ისრაელსა და ირანს შორის არ შეიძლება ლოკალური იყოს. აქ მოკავშირეები ჩაერთვებიან და ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდება. ისრაელი ატომური სახელმწიფოა და ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ირანის წინააღმდეგ  ატომურ იარაღს გამოიყენებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ  ირანთან ცნობილი შეთანხმება გაწყვიტა. ეს შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ირანი ატომურ იარაღს არ დაამზადებდა და სანაცვლოდ სანქციები მოეხსნებოდა. ეს არ იყო მარტო ამერიკული შეთანხმება, ამაში  ევროპის სახელმწიფოებიც მონაწილეობდნენ. ბუნებრივია, ირანი ამ ვალდებულებას მოიხსნის. ამიტომ თუ ირანმა ეს გადაწყვიტა, ერთ წელიწადში ატომური ბომბი ექნება, ამის „ჩამორთმევა“ კი  შეუძლებელი გახდება. აქედან გამომდინარე, ყველას კარგად ესმის ისრაელისთვის ატომური ომი რა შედეგებით შეიძლება დამთავრდეს. აქედან გამომდინარე, ისრაელ-ირანის ომი ძველ ომებს არ ემგვანება. ეს გაცილებით მძიმე რამ იქნება და მთელი კაცობრიობის ინტერესშია, რომ ეს არ მოხდეს.

-კიდევ ერთი ინციდენტი რაც წინა დღეებში სირიაში მოხდა, იყო რუსეთის მოქალაქე სამხედროების განადგურება ამერიკული ძალების მხრიდან. რუსეთმა გადაყლაპა კიდეც ეს ფაქტი. როგორ ფიქრობთ, რატომ?

-რუსი მებრძოლებისგან კერძო საბრძოლო შენაერთი „ვაგნერი“იყო დაკომპლექტებული. აფხაზეთსა და ცხინვალში ასეთი პრაქტიკა ჩვენ გვახსოვს. ეს ძალიან სპეციფიკურია, ამერიკაში კერძო საბრძოლო შენაერთები ოფიციალურად არსებული სტრუქტურებია და ისინი მსოფლიოს უამრავ კონფლიქტში და სამხედრო გადატრიალებებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ რუსეთში ასე არ არის, რუსეთის სახელმწიფო მათ არ ცნობს. „ვაგნერი“ასადისტებთან ერთად ომობდა. დეირ ეზ ზორის პროვინციაში არსებობს რუსეთის, ქურთების და სხვა დაჯგუფებები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციები, რამდენიმე სოფელს „ისლამური სახელმწიფო“და „ჯეფხატ ალ ნუსრა“ აკონტროლებენ. იქ არის ნავთობის სარეწები, რომელიც ფულია და ამ ფულის მოსაპოვებლად სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის კერძო დაჯგუფებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.  როგორც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, როდესაც 400-კაციანი დაჯგუფება ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბს ჰკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, რაზედაც უარყოფითი პასუხი მიიღეს. ლოგიკურად ასეც იყო, რადგან კერძო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები რუსეთის სამხედრო მოსამსხურეები არ იყვნენ. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ამერიკელებმა თავიანთი ავიაცია ჰაერში აწიეს, არტილერია ჩართეს და  ეს დაჯგუფება გაანადგურეს. როგორც შემდეგ გაირკვა, „ვაგნერი“სირიელი ქრისტიანებისგან, ასადის მომხრე სხვა ძალებისგან და რუსი დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა. ამერიკელთა გადმოცემთ, 120 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 რუსეთის მოქალაქე იყო, შეიძლება ცოტა მეტიც, ვინაიდან ზოგიერთი მათგანის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. ამას „ფეიკ ნიუსები“ მოჰყვა, რომ 300 რუსი დაიღუპა. რამდენიმე ბლოგერი გამოვიდა და თქვა, რომ ათასობით რუსის კუბო მიდის რუსეთში და ა. შ. ცხადია, არც 15 ადამიანი არის ცოტა, მაგრამ ის, რაც ვრცელდება, აშკარაა, რომ ფალსიფიკაციაა. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებას ამ მწარე ამბის გადაყლაპვა მოუწია, რადგან სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ. გაკეთდა მკვახე განცხადებები. თუმცა, არ ითვალისწინებენ იმას, რომ რუსები ძალიან შურისმაძიებელი ხალხია და შეიძლება სამაგიერო ძალიან მწარედ გადაუხადონ.

-ამ ფონზე შეერთებული შტატები შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს და  ახალ ფლოტს ქმნის. რუსეთ-ამერიკას შორის მიმდინარე უაღრესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რამდენად არსებობს საშიშროება იმისა, რომ შავი ზღვის აკვატორია მათი დაპირისპირების პოლიგონად იქცეს? საქართველოსთვის ეს მართლაც უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს თუ პირიქით, საფრთხის შემცველია?

-მე საერთოდ რუსულ-ამერიკული დაპირისპირების პერსპექტივას, კონვენციურ ომს ვგულისხმობ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ეს ჩემი აზრით, შეუძლებელია, ვინაიდან არცერთი ჭკუათმყოფელი ამერიკელი ომს რუსეთის წინააღმდეგ არ დაიწყებს. ზოგადად, ამერიკელები ომს მანამდე არ იწყებენ, სანამ მოწინააღმდეგის სისუსტეში არ დარწმუნდებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს გამაღიზიანებელია. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვვარდებით, იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ჯერ კიდევ არაფეთქებული ნაღმების რაოდენობა ძალიან დიდია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაინახავს, რომ კავკასია და კერძოდ, საქართველო ნატოს ბაზა ხდება, ის სულაც არ დაგიდევთ მე-5 პუნქტის ამოქმედების მექანიზმს. რუსეთის სტრატეგია არის ის, რომ კავკასიაში ნატოს რაკეტები არ დაუშვას. ამიტომ ამის აღსაკვეთად რუსეთი  ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება საქართველოში სრული დესტაბილიზაცია მოაწყოს, იგივე, ჯავახეთის საკითხის გამოყენებით. ამისთვის მას მთელი რიგი ინსტრუმენტები გააჩნია  და ამ ინსტრუმენტების გასანეიტრალებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან მე ვერანაირ მზადყოფნას ვერ ვხედავ.

-ამას ემატება ისიც, რომ დაიწყო საუბარი მე-5 პუნქტის გარეშე საქართველოს ნატოში შესვლის საკითხზე, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას ითვალისწინებს...

-გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ეს თეორიაა, როგორც კი ეს რეალურ პოლიტიკაში გადავა, ძალიან მძიმე ფაქტების წინაშე დავდგებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი არსებობს ასეთი ფორმით და ასეთი ძალით, ჩვენი სიმპათიები და ანტიპათიები აქ არაფერ შუაშია, პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ. რუსები არ მალავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე  რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აღმოჩნდება, ისინი  იმპერიულ ინსტრუმენტებს ჩართავენ. რას ნიშნავს ეს იმპერიული ინსტრუმენტები, მე მგონი, ვიცით. რა გარანტიები გვაქვს ამის წინააღმდეგ იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთს თურქეთთან ახალი ტიპის ურთიერთობა უყალიბდება?! ეს უცნაური ალიანსი სწორედაც ამერიკელების ამ სტრატეგიის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდა. ჩვენ უნდა დავთვალოთ ეს რისკები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის დამთვლელი და ამაზე მოფიქრალი არავინ არის.  ყველა ცდილობს ვიღაცას „ჩესტი“ აუღოს  და ისეთი რამეები ილაპარაკოს, თითქოს ჩათვლის წიგნაკისთვის ნიშნის დაწერა ჭირდებოდეს. ჩვენ ვერ ვხედავთ მწიფე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი ძალიან არასერიოზულ დონეზე არის...