ეკონომიკა
AISI COIN - პირველი ქართული კრიპტოვალუტა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციისთვის იბრძოლებს - მეოთხე თაობა, ანუ ნდობით შეკრული სახალხო პროექტი - რატომ გარისკეს ახალგაზრდებმა საკუთარი ქონებით
AISI COIN - პირველი ქართული კრიპტოვალუტა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციისთვის იბრძოლებს - მეოთხე თაობა, ანუ ნდობით შეკრული სახალხო პროექტი - რატომ გარისკეს ახალგაზრდებმა საკუთარი ქონებით

ტექნოლოგიური პროგრესი და ციფრულ სამყაროს მიჯაჭვული მომხმარებელი - 21 საუკუნემ მატერიალური სამყაროს სრულად გაციფრულების მოთხოვნა წარმოქმნა. ის, რაც მატერიალიზებულ, ფულად ერთეულად გარდაიქმნებოდა და არაციფრულ, ხელშესახებ და რეალური სამყაროს ვიზუალურად აღქმად ნაწილად მოიაზრებოდა, დღეს ციფრულ ანალოგთან თანაარსებობის გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა. ბაზარზე დამკვიდრებულმა კრიპტოვალუტამ და ციფრული სამყაროს „მეფედ კურთხეული“ ბიტკოინების თემამ სხვა კოინების შექმნის იდეაც წარმოშვა. მსოფლიოს ფეხის ხმას საქართველოც აჰყვა. რკ „ლუნა გრუპ“-ის დამფუძნებელი გიორგი შერვაშიძე პირველი აღმოჩნდა, ვინც საკუთარ გუნდთან ერთად ქართველ საზოგადოებას ქართული კრიპტოვალუტა AISI COIN- ი შესთავაზა.

მეოთხე თაობის! ყველაზე სწრაფი! გამჭვირვალე! მყარი ინვესტიციის საფუძველი! ლარის გამყარების ერთ-ერთი გზა! პირდაპირი კომუნიკაცია გუნდთან! ყველაზე დაცული! გრძელვადიანი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი! მრავალი მიმართულების მქონე!“ - ასე ახასიათებს დამფუძნებელთა ჯგუფი ახალი პროექტს, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე კვირის წინ „ფაბრიკის“ ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში ჩატარდა.  პრეზენტაციის ფარგლებში „ლუნა გრუპ“-სა და და არაბულ კორპორაცია  „ემ. ბი. ჯგუფს“  შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაცვლას ითვალისწინებს.

გიორგი შერვაშიძე, „ლუნა გრუპ“-ის დამფუძნებელი: „ემ. ბი. ჯგუფის“ წარმომადგენლები ბარაკ ჰოლმ აისი  და ნაბილ ასსაფი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში 2015 წლიდან მოღვაწეობენ და  მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კრიპტოვალუტების სივრცეში ოპერირებად კომპანიებთან თანამშრომლობენ. ეს კი, თავის მხრივ, რკ „ლუნა გრუპ“-სა და კერძოდ, პირველ ქართულ კრიპტოვალუტა „AISI coin”-ს კრიპტობირჟების უკვე ფეხმოკიდებულ პლატფორმებზე განთავსების უნიკალურ შანსს აძლევს. როგორც უკვე აღნიშნეთ, “AISI coin”-ის დამფუძნებელი რკ „ლუნა გრუპია“. პროექტს საკუთარი საქმის პროფესიონალები ხელმძღვანელობენ. ერთიანი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებით შეკრული გუნდი ვართ და ვფიქრობ, ამ წამოწყებას იდეალურად განვავითარებთ.  ლევან სალია (ფინანსური დირექტორი), ირაკლი კვარაცხელია (აიტი დირექტორი), ზიკო ჯინჭარაძე (მარკეტინგის ჯგუფის მმართველი), გიორგი ყუფარაძე (პროექტის მენეჯერი) თორნიკე ჩხვიმიანი (ინოვაციური პროექტების მენეჯერი), ჯონი ქობალია (ფინანსური ანალიტიკოსი), ნინო გაგელაშვილი (სოციალური მედია მენეჯერი), გიორგი სალია (ტრეიდერ -ანალიტიკოსი) პაატა კაკულია (იურისტი) და სხვები პროექტის სრულყოფისა და იდეალურად წარმართვისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.  პრეზენტაციაზე შევეცადეთ დაინტერესებული საზოგადოებისთვის „AISI coin”-ისა და ბლოკჩეინ პლატფორმის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვფიქრობ, ეს შევძელით. თუმცა თუ კითხვები კიდევ არსებობს, მზად ვართ, ინტენსიურ რეჟიმში ვუპასუხოთ.

რატომ „AISI COIN“-ი?

„სახელის დარქმევა შემთხვევითობამ განაპირობა. თავად პროცესი არ იყო მარტივი. შინაარსობრივ ბალანსთან ერთად, დომენური სახელიც უნდა ყოფილიყო თავისუფალი.  გადაწყვეტილებამდე მისვლას რამდენიმედღიანი, როგორც იტყვიან, „თავის მტვრევა დასჭირდა“. მორიგი ღამისთევის შემდეგ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფანჯარაში გაიხედა, თენდებოდა... უეცრად, გონება გაუნათდა და... აი, ამას რა ქვიაო, გვეკითხება... რამდენიმე სინონიმი დავასახელეთ და მათ შორის იყო აისი. გადავამოწმეთ, დომენიც თავისუფალი იყო. მომენტალურად ავიღეთ სახელი.

გარდა იმისა, რომ სიტყვა ყველა ენაზე შთამბეჭდავად ჟღერს, სიმბოლური დატვირთვაც აქვს. აისი ახალი დღის დასაწყისია, ახალი იმედია, სიახლეა, ზღვარია სიბნელესა და სინათლეს შორის, ამ სიბნელიდან გამოსვლის საშუალებაა.. ვფიქრობ, რომ პროექტის არსს სახელწოდებაც ამართლებს.

ეს უფრო სოციალური, სახალხო პროექტია. არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამოსვლის საშუალებაა, საკმაოდ პერსპექტიულია და ვფიქრობ, არაერთი ადამიანისთვის იქცევა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ. ჩვენი ჯგუფი მისცემს საშუალებას დაინტერესებულ პირებს,  განახორციელონ საკუთარი პროექტები. ეს არც ისე რთული პროცესი იქნება. თუმცა, სანამ ამას დეტალურად აგიხსნით, ჯერ მოკლედ განგიმარტავთ, რა განსხვავებაა ტერმინებს შორის.

დავიწყოთ ბლოკჩეინით - პასუხი თავად სახელწოდებაშია. «Block» – ნიშნავს ბლოკს, ხოლო «chain» არის ჯაჭვი. გამოდის, რომ Blockchain არის ბლოკების ჯაჭვი. ამასთან, ეს არ არის მხოლოდ ჯაჭვი. მასში გარკვეული, უფრო ზუსტად კი მკაცრი თანმიმდევრობაც იკითხება. ბლოკებში კრიპტოგრაფიული ფორმით ინახება მონაცემები ტრანზაქციების, შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესახებ. ისინი ერთმანეთს ჯაჭვური ბრინციპით და მკაცრი თანმიმდევრობით უკავშირდებიან. ახალი ბლოკის ჩასაწერად, აუცილებელია ძველი ბლოკების შესახებ ინფორმაციის თანმიმდევრულად გათვალისწინება. ბლოკჩეინის ყველა მონაცემი გროვდება და მუდმივად განახლებად ბაზად ფორმირდება. ამ მონაცემთა ბაზიდან არაფრის წაშლა არ შეიძლება. შეუძლებელია ასევე ბლოკების ჩანაცვლება, ან გადანაცვლება.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, წარმოვიდგინოთ ბანკი, რომელშიც ფულს ვინახავთ გარკვეული სარგებლის მიღების მოტივით. ბანკში ინახება ასევე ინფორმაცია ყველანაირი ტრანზაქციის შესახებ. როდესაც რომელიმე ქვეყნიდან ან ქალაქიდან ფულის გაგზავნის საჭიროება დგება, შუამავლის ფუნქციას კისრულობს ბანკი. ბუნებრივია, ამაში იღებს გარკვეულ სარგებელს. აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას ვხედავთ კრიპტოვალუტით სარგებლობის შემთხვევაში. აქ არ გჭირდება შუამავალი, არავის უხდი თანხას. უბრალოდ, აკოპირებ შენი საფულის მისამართს და ის პირდაპირ გირიცხავს კოინს.

რა არის კოინი?

ეს არის ელექტრონული ფული და სწორედ ამ ფულის გამომუშავების ერთ-ერთი ხერხია მაინინგი.

ზოგადად, რას წარმოადგენს რეალური ფულადი ერთეული? ფული არის გარკვეული ნიშნული, რომელზეც ვთანხმდებით და ვუცხადებთ ნდობას. სწორედ ამისი ციფრული ანალოგია კოინი.

თქვენ იცით, როგორი პოპულარულია ბიტკოინი. ეს არის კოინების, ასე ვთქვათ, ბაბუა. ახლა მისი ღირებულება შედარებით დაბალ ნიშნულზეა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ერთი ბიტკოინის ფასი 20 000 დოლარზე იყო ასული. არ ვფიქრობ, რომ ამ კრიპტოვალუტად გაქრობა ან გაუფასურება ემუქრება. თუ მას რამე დაემართება, დანარჩენი კოინებიც დაკარგავს ნდობას. ვფიქრობ, ამ შედეგს არავინ დაუშვებს. ზოგადად, 2017 წელი კრიპტოვალუტის ტესტირების წლად შეიძლება მოვნათლოთ. რა თქმა უნდა, არსებობს მოსაზრებები, თითქოს ეს გარკვეული ფინანსური პირამიდაა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოიშლება, თუმცა ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უფრო პირიქით შეიძლება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, გარკვეულ ეტაპზე ელექტრონული ფული აუცილებლად ჩაანაცვლებს დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ფულად ერთეულს. დრო განსაზღვრავს, რომელი კოინი დაიმკვიდრებს ადგილს და რომელი გაქრება პლატფორმიდან, მაგრამ ყველაფერი რომ გაციფრულების ტენდენციამდე მიდის, ეს ცხადზე ცხადი ხდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კოინების ფულად ერთეულში გადაყვანა და ეროვნულ ან ნებისმიერი სხვა სახის ვალუტაში გამოტანა არის შესაძლებელი. საქართველოში, მაგალითად, არსებობს e-money-ს სისტემა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან მომსახურების პროცენტია საკმაოდ მაღალი.

არსებობს ასევე ძალიან საინტერესო პროდუქტი - ტოკენი. ეს არის ციფრული აქცია, რომელიც კოინის მსგავსად, ფულად ერთეულში გადაიყვანება. ვიცით ალბათ, რომ დღეს თუ გარკვეული იდეის, პროექტის განხორციელებისთვის აქციების გამოშვებაზე დაფიქრდები, შეიძლება, კონკრეტული ფაქტორებიდან გამომდინარე, განხორციელების შანსი არც კი მოგეცეს. თუ მაინც მოახერხე,  მისი ღირებულება, დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,  შეიძლება, ძალიან მაღალ ნიშნულზე ავიდეს. ბევრ ქვეყანაში კი მოსახლეობას ასეთი, პირობითად, 40 000 დოლარის ღირებულების აქციების შეძენის საშუალება არ აქვს. კიდევ უფრო რთულადაა საქმე ქართულ ბაზარზე. ქართულ ბიზნესსექტორში არ არსებობს ხელმისაწვდომი ლენდინგ (საინვესტიციო) პლატფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპებისა, თუ უკვე არსებულ ბიზნესპროექტების განხორციელებას. არასაკმარისი პირობებია ინოვაციური იდეების რეალიზაციისათვის. უკვე არსებული საინვესტიციო პლატფორმები სტარტაპით დაინტერესებულ სუბიექტებს სთავაზობენ კაბალურ პირობებს, საინვესტიციო და საბანკო სესხების მაღალ პროცენტს, რთულ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, უზრუნველყოფის არაპროპორციულ თანაფარდობასა და მოგების არასამართლიან განაწილებას და ა.შ.

სულ სხვა ვითარებაა ტოკენის შემთხვევაში. აქ პრობლემის გადაჭრა ბლოკჩეინის საშუალებით ხდება შესაძლებელი.  აი, მაგალითად, რეალურ სამყაროში, თუ  მე გავაკეთებ სააქციო საზოგადოებას და მოგყიდი აქციებს, შენ ჩამიჯდები წილში, ანუ გახდები მეწილე, მაგრამ ამას ჩვენი კანონმდებლობით, დასჭირდება დამოუკიდებელი რეგისტატორი.  ტოკენის შემთხვევაში დამოუკიდებელ რეგისტრატორს ანაცვლებს ბლოკჩეინი. აქ კი შენი თანახმობის გარეშე ვერავინ ვერაფერს ეხება. ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. შენ იღებ შენი აქციების შესაბამის დივიდენდებს. დივიდენდების გაცემა განსხვავებული სახით ხდება - იქნება ეს კოინები, ტოკენები თუ სხვა.

ახლა რაც შეეხება ს და ქათველი  მომხმარებლის სარგებელს.

ვთქვათ, შენ გაქვს პროექტი. მოგაქვს ჩვენთან, ჩვენ, ჩვენი მხრივ, განვიხილავთ და ვაფინანსებთ. ანუ მე ვდებ გარკვეულ თანხას და შენ მაძლევ ამ ღირებულების შესაბამის აქციებს. მე ვხდები შენი მეწილე, შესაბამისად, შენთან ერთად ვიყოფ სარგებელს. მაგალითად, თუ იდეაა შენი, მაშინ ვთანხმდებით, რამდენი ღირს იდეა და გიხდით შესაბამის თანხას და ა.შ. ანუ ჩვენ ინტელექტუალურ მაინინგს ვქმნით. ბუნებრივია, პროექტის შეფასება, რისკებისა და სარგებლის გათვლა ხდება კომპეტენტური პირების მიერ, კეთდება ე.წ. SWAT ანალიზი, მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს ექპერტთა ჯგუფი გადაწყვეტილებას, უნდა დაფინანსდეს თუ არა პროექტი. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენთან გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე რეალური აქციებისა და აქციონერების არსებობის შემთხვევაში. აქ ყველაფერი მაინც ნდობაზეა დამყარებული.

გარდა ამისა, ქართველ მომხმარებელს ამ ეტაპზე საშუალება აქვს შეიძინოს ჩვენი AISI COIN-ები მიზერულ ფასად. მაგალითად, 19 თებერვლამდე Pre sale-ის ფარგლებში ერთი კოინი $0,005 ღირდა, რომლის რეალიზაცია  განსაზღვრულ ვადებში 100%-ით მოხერხდა. 10 მარტიდან 10 აპრილამდე კი ერთი AISI COIN-ის შეძენა $0,02 -ად  იქნება შესაძლებელი.  კოინების შეძენის ხერხები და საშუალებები დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენი სოციალური ქსელის საშუალებით მოიძიოს. ამისთვის სპეციალური ვიდეორგოლიც ჩავწერეთ. კითხვების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენს ოპერატორ გოგონებს უნდა მიმართონ. საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მითითებულია საიტსა და სოციალურ გვერდებზე.

რა არის Aisi.io  პლატფორმა და რატომაა ის უნიკალური

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, Aisi.io არის  პლატფორმა უნიკალურია მასშტაბებით, რომელიც გაფართოების უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა. ის, რასაც პლატფორმის საშუალებით მომხმარებელი პირველ ეტაპზე იღებს, არის AISI COIN -ი, რომელიც, თავის მხრივ,  სამომავლო განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი, რაც ამჟამინდელი მდგომარეობით პლატფორმაში ხორციელდება, არის საინვესტიციო გარემოს გენერირება. გარემო, რომელშიც, ერთი მხრივ, ინვესტორი მიიღებს ბენეფიტებს მის მიერ განხორციელებული ინვესტიციით ინოვაციურ წამოწყებებში, მეორე მხრივ კი -  ინოვაციური ბიზნესგეგმები,  რომლებიც (განხილვის შემდგომ) მიიღებენ დაფინანსების პლატფორმაში ჩაშვების შესაძლებლობას. არანაკლებ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს პლატფორმის ფარგლებში გადარიცხვების სისწრაფე, დაგეგმილი ინტეგრაციებითა და მრავალმხრივი პარტნიორობით შექმნილი შესაძლებლობა (გადაიცვალოს AISI COIN -ი სასურველ პროდუქტში, სერვისში, კრიპტოვალუტასა თუ სხვა სახის, მომხმარებლისათვის მისაღებ ღირებულებაში).

ჩვენი პროექტი ორიენტირებულია მომხმარებლების ტექნოლოგიურად მზარდ პროცესებში ჩართვაზე. ჩართულობისათვის კი, პროექტის ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით, რაც თავისთავად განაპირობებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხში. პროცესი უზრუნველყოფს მომხმარებელზე ორიენტირებული, მოსახერხებელი და სწრაფი სერვისის შექმნას. AISI პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პროცესში.

ვფიქრობთ, ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს. ფილიალების გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში ვაპირებთ. დუბაით დავიწყებთ. შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. კიდევ მრავალი მემორანდუმი გაფორმდება დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, გვაქვს ინოვაციაც. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე სუპერმარკეტთან. დამზადდება ბარათები, რომელზეც დაირიცხება ჩვენი კოინები და სურსათის ყიდვა ამ ბარათითაც იქნება შესაძლებელი. სამწუხაროდ, სამართლებრივი რეგულაციები არ არსებობს ამ მიმართულებით, თუმცა ეს ხელშემშლელ ფაქტორად არ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენი ფინანსისტის განმარტებით, გაკეთდება ჩუქება, პროდუქტი დაიბეგრება, ანუ მაღაზია გადაიხდის შესაბამის ღირებულებას შესაბამის ორგანოში, ხოლო სანაცვლოდ მომხმარებლის მხრიდან დაერიცხება მის მიერ შეძენილი ან გამომუშავებული კოინები. სახელმწიფო არაფერს იზარალებს, მოგებაში იქნება მაღაზიაც, ჩვენც და მომხმარებელიც.  ვფიქრობ, ეს პროექტი დაფიქრებად და გარისკვად ღირს. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი გადარჩენის შანსია, ჩვენი ბედნიერი მომავალია! სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ყველაფრით გავრისკეთ, ლამის მთელი ჩვენი ქონება ჩავდეთ, რომ პროექტი შემდგარიყო! დარწმუნებულები ვართ, რომ მიზანს უმოკლეს ვადაში მივაღწევთ!

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ უკვე გავხდით პროგრამისტთა მხარდამჭერი ასოციაციის მიერ გამართულ მეოთხე საშობაო ოლიმპიადის გენერალური სპონსორი, რომელსაც 19 თებერვალს უმასპინძლა ევროპულმა უნივერსიტეტმა. ოლიმპიადა ორ ნომინაციას მოიცავდა - ეს იყო კომპიუტერული და არაკომპიუტერული ტურები.

ოლიმპიადის მსვლელობის პროცესში სხარტი აზროვნებითა და გონიერებით ძალიან ბევრმა ბავშვმა გამოიჩინა თავი. ვეცადეთ,  წამახალისებელი პრიზები გადაგვეცა თითოეულისთვის. რაც შეეხება გამარჯვებულს, მან სხვა საჩუქრებთან ერთად, გარკვეული რაოდენობის AISI COIN-ებიც  მიიღო. 

ჩვენი მიზანია,  ხელი შევუწყოთ ბავშვებს განათლების ამაღლებასა და განვითარებაში, შესაბამისად, აქტიურად დავაფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, დავგეგმავთ ახალ ოლიმპიადებს და მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში მონდომებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს.