საზოგადოება
თუ პლასტიკური ბარათი დაკარგეთ ან/და ანგარიშიდან თანხის გაქრობის ფაქტები აღმოაჩინეთ!... - როგორ დავიცვათ თავი ინერნეტთაღლითებისგან? - რჩევები მომხმარებლებს
თუ პლასტიკური ბარათი დაკარგეთ ან/და ანგარიშიდან თანხის გაქრობის ფაქტები აღმოაჩინეთ!...  - როგორ დავიცვათ თავი ინერნეტთაღლითებისგან? - რჩევები მომხმარებლებს

ბოლო 50 წლის განმავლობაში პლასტიკური ბარათებით გადახდა გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცა. მსოფლიოში ბიზნესის განვითარებამ ეკონომიკური ზრდა ვირტუალურ სამყაროსთან დააკავშირა.

ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კორპორაცია „მასტერ ქარდის“ მონაცემებით, 2004 წელს საბარათე სისტემით ტრანზაქციების ოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 12 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

პლასტიკური ბარათების შექმნის დღიდან (1946 წელი) გადახდის ელექტრონული სისტემა უსწრაფეს, ყველაზე დაცულ, მოსახერხებელ და რენტაბელურ გადახდის ფორმად ითვლება.

თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, პლასტიკური ბარათების უკანონოდ გამოყენება/თაღლითობა ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემად იქცა.

ისტორია 1

მომხმარებელმა პლასტიკური ბარათი დაკარგა, გამვლელმა - იპოვა. მომხმარებელს არ განუცხადებია. ბარათი მეორეც ჰქონდა და რაიმე ტიპის საფრთხე ნამდვილად არ უგრძვნია. რამდენიმე დღე ზედიზედ ტელეფონზე შეტყობინებებს იღებდა, რომელიც თანხის ჩამოჭრას აცნობდა, ყველაფერს მაღაზიაში იმდღევანდელ ვიზიტს უკავშირებდა და ბანკიდან მოსულ სმს-ს ყურადღებასაც აღარ აქცევდა. მომხმარებელი მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც მესიჯები პასიურობის ჟამსაც მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში ბარათით საერთოდ არ უსარგებლია. ამან დააეჭვა და ბანკში გადარეკა. აღმოჩნდა, რომ ვიღაც, ვინც ეს ბარათი იპოვა, მაღაზიებში პროდუქტის ღირებულებას სწორედ მისი გამოყენებით იხდიდა. პინ-კოდის შეყვანას უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ მაღალ თანხაზე ითხოვენ... ბუნებრივია, ბანკმა პრობლემა აღმოფხვრა, ბარათი დაიბლოკა, თანხის ანაზღაურება კი იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ მოხმარებელს ის დაზღვეული არ ჰქონდა.

ისტორია 2

მეორე მსხვერპლი ონლაინ მაღაზიების ხშირი მომხმარებელია. სასურველი ნივთის გამოწერისას, ჩვეულებისამებრ, ბარათის მონაცემები მოცემულ ველებში შეჰყავს  მოთხოვნის შესაბამისად. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი გახდა ინტერნეტთაღლითობის განმაპირობებელი.  დამნაშავემ ონლაინრეჟიმში ბარათით სარგებლობა დაიწყო. მართალია, სიმართლე სულ რამდენიმე დღეში გაირკვა, მაგრამ „ინტერნეტთაღლითმა“ გვარიანი თანხის ჩამოჭრა მაინც მოახერხა. ბარათი დაზღვეული იყო და შესაბამისად,  ბანკმა ზარალის ანაზღაურება სრულად უზრუნველყო.

რა შემთხვევაში უნაზღაურდებათ დაკარგული პლასტიკური ბარათების მფლობელებს თანხა, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში და რა მექანიზმები არსებობს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “sazogadoeba.ge-  „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბენდელიანი ესაუბრება.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბარათს დაკარგავს და გვიან შეამჩნევს, რომ მისი ბარათი გამოიყენეს. როგორ ეხმარება ბანკი დაზარალებულს? ხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება ამ  შემთხვევაში?

-თუ მოხმარებელს დაზღვეული აქვს საკუთარი ბარათი, ზარალის ანაზღაურება ხდება. ამ სერვისს ბანკი კლიენტს თავიდანვე სთავაზობს, მაგრამ შეიძინოს თუ არა სადაზღვეო პაკეტი -ეს უკვე კლიენტის გადასაწყვეტია.

- არსებობს თუ არა კონკრეტული ვადა,  როდესაც მომხმარებელმა ბანკს დაკარგული პლასტიკური ბარათის შესახებ უნდა შეატყობინოს?

-დაკარგული ბარათის შესახებ კლიენტმა ბანკს 45 დღის განმავლობაში უნდა შეატყობინოს.

- რატომ უნდა დააზღვიოს ბარათი მომხმარებელმა?

- ბარათის დაზღვევა საჭიროა იმისთვის, რომ დაკარგვის ან თაღლითობის შემთხვევაში მომხმარებელს დანაკარგი აუნაზღაურდეს.

- უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაზღვევის გარდა სხვა მექანიზმი თუ არსებობს?

- ბარათის მიღებისას შეინახეთ ბარათი და პინ-კოდი უსაფრთხო ადგილას, ცალ-ცალკე ისე, რომ გარეშე პირებს არ ჰქონდეთ მათზე წვდომის საშუალება;

მიღებისთანავე მოაწერეთ ხელი ბარათზე ხელმოწერისათვის განკუთვნილ ველზე. ეს აგარიდებთ გაუგებრობებს ბარათით შემდგომი სარგებლობისას.

არ გადასცეთ ბარათი სხვა პირებს; არავის გაანდოთ ბარათის CVV კოდი; არასდროს ჩაინიშნოთ პინ კოდი, დაიმახსოვრეთ და არ გადასცეთ სხვა პირებს; ბარათის გამოცვლის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ძველი ბარათი დაზიანებულია (დაჭერით ოთხ ნაწილად).

ბანკომატით სარგებლობისას არ მიმართოთ უცხო პირს დახმარებისთვის; დარწმუნდით, რომ ვერავინ ხედავს თქვენ მიერ აკრეფილ პინ კოდს; ტრანზაქციის დასრულებისთანავე შეინახეთ  ბარათი და ნაღდი ფული დათვალეთ ფული ბანკომატის არეალის დატოვებამდე და არა - მის გარეთ; არ დატოვოთ თქვენი ტრანზაქციის ჩანაწერი (ქვითარი) ბანკომატთან. გადაგდებამდე დააქუცმაცეთ ის; ხშირად ცვალეთ თქვენი პინკოდი, ყოველთვიურად მაინც.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ანგარიშსწორებისას ბარათი გამოიყენეთ მხოლოდ სანდო სავაჭრო ობიექტებში. არ გაატანოთ მომსახურე პერსონალს თქვენი ბარათი სხვა ობიექტში/ოთახში. გადახდა უნდა განხორციელდეს თქვენ თვალწინ. დააკვირდით ტერმინალზე გადასახდელი თანხის ოდენობას; აკრიფეთ პინ-კოდი ისე, რომ გარეშე პირისთვის ის შეუმჩნეველი დარჩეს; დარწმუნდით, რომ ანგარიშსწორების დასრულებისას ბარათი დაგიბრუნდათ და რომ ეს ბარათი თქვენია; ანგარიშსწორების შემდეგ ყოველთვის შეინახეთ ქვითარი; ყოველთვიურად შეამოწმეთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების ამონაწერი. განაცხადეთ ბანკში ნებისმიერი არაავტორიზებული/საეჭვო ტრანზაქციის შესახებ;

ინტერნეტ-გადახდებისას გადახდები აწარმოეთ მხოლოდ საკუთარი კომპიუტერიდან, რომელზეც დაყენებულია ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და რეგულარულად ხდება მისი განახლება; ისარგებლეთ ცნობილი და საიმედო ორგანიზაციებისა და კომპანიების ვებ-გვერდებით; შეამოწმეთ ვებ-გვერდებზე იმ საგადამხდელო სისტემების ლოგოტიპების არსებობა, რომელთა ბარათითაც დაშვებულია გადახდა; დარწმუნდით ვებ-გვერდის უსაფრთხოებაში/დაცულობაში: ვებ-გვერდის მისამართი უნდა იწყებოდეს https:// -ით და ბროუზერის მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა ჩანდეს „ჩაკეთილი ბოქლომის“ გამოსახულება; დარწმუნდით იმ ვებ-გვერდის მისამართის სისწორეში, რომელზეც აპირებთ შესყიდვის განხორციელებას. ეჭვის არსებობის შემთხვევაში არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები; არ გამოიყენოთ პინ-კოდი! გადახდის შესასრულებლად საკმარისია თქვენი სახელის, გვარის, ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის და CVC2/CVV2 კოდის შეყვანა (ზოგიერთ შემთხვევაში ასევე მოითხოვება დამატებითი პირადი ინფორმაციის მითითება); გამოიყენეთ დამოუკიდებელი ბარათი, რომელზეც განთავსებული გექნებათ ლიმიტირებული თანხა. ნებისმიერ შემთხვევაში, ისარგებლეთ საბარათე ანგარიშის უსაფრთხოების სერვისით; არ დაამახსოვრებინოთ ვებ-გვერდს თქვენი ბარათის მონაცემები.

- ზემოთ აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, თუ არსებობს რაიმე ტიპის ორმაგი დასტურისისტემა, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოყენებით?

-თუ ბარათი აღჭურვილია უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით, 45 ლარამდე თანხის გადახდა შესაძლებელია პინ კოდის შეყვანის გარეშე. ყველა სხვა შემთხვევაში ბარათით გადახდისას საჭიროა პინ კოდის შეყვანა. შესაბამისად თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების წესებს, დამატებითი უსაფრთხოების ზომები საჭირო არ არის.