პოლიტიკა
„არ გვინდა ეს შეშფოთება-აღშფოთება, უნდა იყოს უმკაცრესი რეაქცია ასეთ ქმედებაზე“ - რას სთხოვენ სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია ევროკომისარს
„არ გვინდა ეს შეშფოთება-აღშფოთება, უნდა იყოს უმკაცრესი რეაქცია ასეთ ქმედებაზე“ - რას სთხოვენ სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია ევროკომისარს

„დასავლეთს არ აღელვებს არც საქართველოს და სიმართლე უნდა ვთქვათ, არც უკრაინის ბედი, მას მხოლოდ საკუთარი ბედი აღელვებს, ეშინია, რუსეთი არ გაძლიერდეს“

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე თვითნებობას აგრძელებს. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ექცევა. მომდევნო მსხვერპლი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილია. ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალში მოკლეს.  საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვს, თუმცა დეფაქტო ხელისუფლება, ექსპერტიზის ჩატარების საბაბით, ცხედრის გადმოსვენებას აჭიანურებს.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავა. ორივე დღემდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. დეფაქტო ხელისუფლებამ მათ საბუთები ჩამოართვა. ამის გამო, გათავისუფლების მიუხედავად,  ისინი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ.  

საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მათ მომხდარის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, ფაქტი დაგმეს და რუსეთის ფედერაცისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაატარონ სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, ხოლო დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.

დღეს „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა, სოსო შატბერაშვილმა და კახა ძაგანიამ ქმედითი დახმარებისთვის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილ მუჟნიეკს, სამხრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტული რეჟიმის თავაშვებული ქმედებების გამო, ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებისა და ოკუპანტ რუსეთთან საქართველოს მხარდაჭერის მიზნით, წერილობით მიმართეს.

კონკრეტულად, რა მოთხოვნები აქვთ ევროსაბჭოს მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებს, აქვთ თუ არა მათ არსებული მდგომარეობის გამოსწორების მოლოდინი და იქნება თუ არა შედეგის მომტანი დასავლეთის ტრადიციად ქცეული „ღრმა შეშფოთება“, - ამ და სხვა კითხვებზე „sazogadoeba.ge”-s სოსო შატბერაშვილმა უპასუხა.

-უკვე რამდენი დღეა, რაც  საზარელი ფაქტი მოხდა, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა აყვანილი. ჩვენი ინფორმაციით, ის ნაწამებია. დანარჩენი ორნი არიან დატყვევებულები. რამდენი ხანია უკვე, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში  საკითხს ინტენსიურად აყენებს, რომ ეს საქმე მოგვარდეს, გადმოცემულ იქნას ცხედარი, ხოლო ორი დატყვევებული იქნას გათავისუფლებული.  

ჩვენი პარტია კიდევ ერთელ მიმართავს ევროსტრუქტურებს, ევროსაბჭოს იმის თხოვნით, რომ უფრო აქტიურად ჩაერიოს, რადიკალური ნაბიჯები გადადგას ამ საკითხის მოსაგვარებლად და ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ხელისუფლება ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს. ამ ტერიტორიებზე არის სრული განუკითხაობა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დაწყებული, აი, ამ ბოლო მომენტამდე  არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ევროსტრუქტურებს და ვთხოვთ დახმარებას. არამარტო ვთხოვთ, არამედ მოვითხოვთ კიდეც. ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა. აღასრულონ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა აქტიურად, ყველანაირი მეთოდებით, ეკონომიკური სანქციების გამოცხადებითაც კი! მოაგვარონ ეს საკითხი!

- საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა მომხდარი დაგმეს და შეშფოთება გამოთქვეს.  იქნება თუ არა შედეგის მომტანი დასავლეთის კიდევ ერთი „ღრმა შეშფოთება“?

-მე დღესაც მოვისმინე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისევ მოვისმინე სიტყვა „შეშფოთება“. აი, ამ სიტყვა „შეშფოთებით“ არაფერი გამოდის. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, სანამ არ იქნება ეს საკითხი მოგვარებული - ეს ბოლოდროინდელი უბედურება, რომელიც თავს გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად საქართველს დაატყდა.

არ გვინდა ეს შეშფოთება- აღშფოთება. უნდა იყოს უმკაცრესი რეაქცია ასეთ ქმედებაზე. პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანა ძნელბედობა დაუდგება, როგორც დღეს, რადიკალური ქმედება უნდა განახორციელონ. ბლოკირება უნდა მოახდინონ რუსეთის ტვირთების, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრონ, თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, თუმცა...  ასეთი ნაბიჯების შემდეგ  საკითხის მოგვარებას რამდენიმე საათი დასჭირდება მხოლოდ.

კახა ძაგანია: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში საგანგებო სხდომა უნდა მოიწვიონ.  პარტნიორი ქვეყნები არიან და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც პარტნიორ ქვეყნებს შეეფერება. უნდა ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები, მთავრობის ხელმძღვანელები და მხარდაჭერა აქედან გამოგვიცხადონ. არ ვითხოვთ ომის დაწყებას და 2008 წლის ომის გამეორებას“

- უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. მოსალოდნელია თუ არა საქართველოს გამო დასავლეთმა რუსეთთან კიდევ უფრო გაიფუჭოს ურთიერთობა და ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცროს?

სოსო შატბერაშვილი: „შეიცვალა ის, რომ რუსეთს ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა. რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკურ სანქციებს არ იმჩნევს, მაგრამ დღეს რუსეთში სინამდვილეში ძალიან მძიმე  ეკონომიკური მდგომარეობაა და ეს სანქციები თუ კიდევ გაგრძელდა, დამერწმუნეთ, რუსეთი წავა დათმობაზე კი არა, იძულებით ნაბიჯებს გადადგამს. აი, მაგალითად, საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეები ვართ ჩვენ და მაშინაც გვეგონა, რომ ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც დასავლეთმა გამოაცხადა, ვერაფერს დააკლებდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ის დაიშალა. ეკონომიკურ ბლოკადას დრო სჭირდება. ის ბლოკადა, რომელიც უკრაინის გამო არის გამოცხადებული, უნდა დაემატოს საქართველოც. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი უკრაინის და საქართველოს გამოა.

როგორ უნდა აიძულოს საქართველოს ხელისუფლებამ  დასავლეთი, რომ  რუსეთის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგას?

-დასავლეთს არ აღელვებს საქართველოს ბედი და სიმართლე უნდა ვთქვათ, არც უკრაინის ბედი აღელვებს. დასავლეთს აღელვებს თავისი ბედი, რომ რუსეთი არ გაძლიერდეს. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ და რუსეთი ვაიძულოთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, ცხინვალში და სოხუმში სამხედრო ბაზები ნამდვილად არ აწყობს დასავლეთს. ამიტომ ჩვენ აქედან ყველანაირად უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ ჩაერიონ ამ საკითხში და ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს. თუ დეოკუპაცია არ მოხდა, მუდმივად გაგრძელდება საზღვრის გადმოწევა, ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია გალში და ზოგადად, აფხაზეთის ტერიტორიაზე. სკოლები დაუხურეს, საკუთარ ენაზე საუბარს უკრძალავენ. იგივე ხდება ცხინვალში, ახალგორში. ეს ძირითადად ქართველებითა და პროქართულად განწყობილი ოსებით დასახლებული ტერიტორიაა. მათაც სკოლებს უხურავენ და დისკრიმინაცია ხდება. სწორედ ამ ფაქტებით უნდა ვაიძულოთ დასავლეთი, რომ უფრო აქტიური გახდეს.

- ნაურუს, ვანუატუსა და სხვა განვითარებადი თუ ჯუჯა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარდა, რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ, ალბათ, ნამდვილი მოკავშირე სჭირდება. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფარული ალიანსი აშშ-ის წინააღმდეგ?

-მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფარული ალიანსი „ჩრდილო კორეა-რუსეთი“ არსებობს. რადგან ჩრდილო კორეის ხელისუფლება არის ძალიან კეთილად განწყობილი რუსეთის მიმართ. რუსეთი ჩრდილო კორეას ძალიან თანაუგრძნობს, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, რადგანაც ატომური იარაღის გაუვრცელებლობაზე რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, ხელი აქვს მოწერილი. ოფიციალურად ამას არ აღიარებენ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მაქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილო კორეის ხელისუფლებას დახმარებას რუსეთი ფარულად  უწევს.