კულტურა
„ამაღლებული თავგანწირვით აღსავსე სიყვარული“ და "ოთხი მკაცრი ჰანგი", რომელიც იოჰანეს ბრამსმა სამოცდათექსმეტი წლის კლარა შუმანს მიუძღვნა
„ამაღლებული თავგანწირვით აღსავსე სიყვარული“  და "ოთხი მკაცრი ჰანგი", რომელიც იოჰანეს ბრამსმა სამოცდათექსმეტი წლის კლარა შუმანს მიუძღვნა

ავტ. პროფესორი– ემერიტუსი  რუსუდან ხოჯავა

 

"მე დღეს გიბედავ გაგიმეორო, რომ შენ და შენი ქმარი – ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება ხართ, თქვენ შეადგენთ მის უდიდეს სიმდიდრესა და შინაარს"

ბრამსი – კლარა შუმანს (1892 წ)

 

მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა ბრამსმა ამაღლებული თავგანწირვით აღსავსე სიყვარული კლარა შუმანისადმი, – ამ შესანიშნავი ხელოვანი ქალისადმი, თავისი სათაყვანებელი კომპოზიტორისა და ადამიანის, შუმანის მეუღლისადმი. ეს მეგობრობა, არაჩვეულებრივი სულიერი ერთიანობა, რომელის კლარას გარდაცვალებამდე გრძელდებოდა, წარმოადგენს დაჟინებული ყურადღებისა და ინტერესის საგანს მუსიკოსთა, ისტორიკოსთა და უკანასკნელ დროს კი, სამწუხაროდ, იმ მეცნიერთა მხრიდანაც, რომლებიც ფროიდისტულ თვალსაზრისს ავითარებენ.

გულისწყრომასა და სევდას იწვევს უცერემონიო ჩარევა ფარულ იდუმალებაში, იმაში, რაც ზნეობრივ ძალთა მოხმობას მოითხოვს ამ მშვენიერ სამყაროში შესაღწევად. წყენისა და ტკივილის გრძნობა ღრმავდება იმ გარემოებით, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც გრძნობათა განსაკუთრებული მოკრძალებით გამოირჩეოდა. მრავალმნიშვნელოვანი ფაქტია: 1887 წ. ბრამსი და კლარა შუმანი შეთანხმდნენ ერთმანეთისათვის  დაებრუნებინათ წერილები მათი განადგურების მიზნით. კლარა შეევედრა ბრამსს, დაეტოვებინა მისთვის წერილების ნაწილი, რომლებიც ამის წყალობით გადარჩა, დანარჩენები ბრამსმა მდინარე რეინს გაატანა. კლარამ გაანადგურა 1858 წლამდე დაწერილი ყველა თავისი წერილი. ყველაფერმა, რამაც ჩვენამდე მოაღწია კლარას ცენზურა გაიარა.

კლარა შუმანისადმი სიყვარულმა ბევრი რამ განაპირობა ბრამსის შემოქმედებასა და ცხოვრებაში, და არა მარტო მისი დრამატულ კონცეფციათა შინაარსი. ამ გრძნობის წყალობით – როგორც აღნიშნავენ, – მის შემოქმედებაში შეაღწია დაძლევისა და ნუგეშის თემებმა. „ბრამსის მთელი ცხოვრება ნუგეში იყო კლარასათვის, – ძლიერი, აქტიური, კონცენტრირებული იმ წლებში, შემდგომში ეპიზოდურად აფეთქებული, – კვლავ ფართოდ მომდინარე სიცოცხლის ბოლოს. ამ იდეით სუნთქავს მისი „გერმანული რექვიემი“, მას ჩვენ ვპოულობთ ბრამსის მრავალ წერილში, რომლებიც მიმართულია გარდაცვლილი მეგობრების, ახლობელი ადამიანებისადმი, და საერთოდ ეს სიტყვა (Trost) ძალიან ხშირად გვხდება ბრამსის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში“.

მივმართოთ კვლავ კომპოზიტორის წერილებს: „მიიღეთ ჩემი წერილები, როგორც ჩემი სულის თავდაჭერილი ალერსი“. „როგორი უდაბური და უაზროა ყველაფერი, როცა თქვენ იქ არ ხართ! მე განუწყვეტლივ ვფიქრობ თქვენზე უმხურვალესი სიყვარულის გრძნობით. რა უბედური ვიქნებოდი, რომ თქვენ არ მყავდეთ!“ „მე მსურდა შენთვის ძალზე ფაქიზად მომეწერა, რადგან შენ მე მიყვარხარ, და მიყვარხარ იმდენად, რომ არ ძალმიძს ამის გამოთქმა. შენ, ჩემო სიყვარულო, შენ, ჩემო ღვთაებრივო კლარა!“ „მე ვქმნი შენს ნაზ პორტრეტს, რომელიც იქნება ადაჟიო... ჩემი საუკეთესო მელოდიების ქვეშ მე უნდა მიმეწერა: კლარა შუმანს“.

ეს გრძნობა ასაზრდოებდა ბრამსის „უმაღლესი სულიერი სიმწიფის“ პერიოდის მუსიკის გამოუთქმელ მწუხარებას, სევდას აუხდენელზე, გასხივოსნებულ ასკეტურებას.

უკანასკნელ თავის ნაწარმოებს „ოთხი მკაცრი ჰანგი“ ბანისათვის ბიბლიის ტექსტზე, აღსავსეს განსაცვიფრებელი სიღრმით, ამაღლებულობით და რწმენით, ბრამსი წერს სამოცდათექსმეტი წლის კლარა შუმანის უკურნებელი სენით დაავადების შესახებ ცნობის შთაბეჭდილების ქვეშ. „აზრს, რომ მისი დაკარგვა გვიწერია, უკვე აღარ შეუძლია შეაძრწუნოს მეც კი, მარტოხელა ადამიანი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყნად. მაგრამ დაე, მან დაგვტოვოს კიდევაც – განა არ გაბრწყინდება  ჩვენი სახეები, როდესაც მას გავიხსენებთ? ამ დიდებულ ქალს, რომელსაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის და, რომელიც უწინდებურად გვეყვარება, რომლითაც უწინდებურად მოხიბლული ვიქნებით. მხოლოდ ასე გვმართებს მასზე გლოვა“ – წერს ბრამსი იოაჰიმს.

 „ოთხი მკაცრი ჰანგის“ დამთავრების ორი თვის შემდეგ ბრამსი წერს კლარას ასულს, მარია შუმანს: „ადამიანის სულში არცთუ იშვიათად მეტყველებს და მოქმედებს რაღაც მისთვის თითქმის შეუცნობელი. ეს რაღაც, უნდა აჟღერდეს, როგორც ლექსები ან მუსიკა. ამ საგალობლების დაკვრა თქვენთვის არ არის საჭირო, რადგანაც მათ სიტყვებს შეუძლიათ თქვენ მეტისმეტად აგაღელვოთ. მაგრამ მე გთხოვთ მიიღოთ ისინი განსაკუთრებულად, – როგორც შესაწირი თქვენი საყვარელი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და შეამკოთ ამ საგალობლებით მისი საფლავი“

ბრამსმა კლარა შუმანის შემდეგ ერთ წელზე ნაკლები იცოცხლა, და როცა ვისმენთ op.119, №1 ინტერმეცოს, უნებლიედ ეჭვი შეგვაქვს მის დევიზში – F.A.F. „თავისუფალი, მაგრამ ბედნიერი“.