პოლიტიკა
“გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ როგორ აღმოჩნდება, ერთიანი სხეულით, თუ კიდევ უფრო დაქუცმაცებული, ეს არის საკითხავი“-ნიკოლოზ მჟავანაძე
“გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება  და საქართველო  რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ როგორ აღმოჩნდება, ერთიანი სხეულით, თუ კიდევ უფრო დაქუცმაცებული, ეს არის საკითხავი“-ნიკოლოზ მჟავანაძე

 „თუ რუსეთს ყელში ამოვუყვანთ, თურქეთს მწვანე შუქს აუნთებს, თურქული შენაერთები შემოჯლიგინდებიან და აჭარა-გურიას ნახევარ საათში აიღებენ“

ერთპოლუსიანი სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება. რუსეთის მიერ სირიაში მოპოვებული სამხედრო უპირატესობის და ულტრათანამედროვე იარაღის ჟღარუნის ფონზე ამერიკის ცალმხრივი ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ამ ვითარებაში რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობა და რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილება საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გასრესილი ქვეყანა ახალ რეალობას სრულიად მოუმზადებელი ხვდება. რუსული ოკუპაციისა და თურქული ექსპანსიის პირობებში ქართული სახელმწიფოს მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

საქართველოში გლობალისტების და ულტრალიბერალების მრავალწლიანი მმართველობის  ფონზე იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ნაციონალისტური ძალები  აღწევენ. ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „წარმოუდგენელ პროგრესს“ და „ეროვნული გამოფხიზლების ახალ ეტაპს“ უწოდებს. გონზე მოსული ევროპა საკუთარ თავთან დაბრუნებას ცდილობს.

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge-ს უფლებადამცველი, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება:

-ბატონო ნიკოლოზ, რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლა, სადაც ის ულტრთანამედროვე იარაღზე საუბრობს, შეერთებული შტატების მიმართ პირდაპირ და ღია გაფრთხილებას წარმოადგენს. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა გეოპოლიტიკური კონტექსტის შეცვლა სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში?

-საქართველოში ამერიკული გავლენა ეტაპობრივად მთლიანად გაქრება. ახლა ბოლო გაფართხალებაა, ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც ამერიკის ელჩი საქართველოში პრეზიდენტს დანიშნავს. ამის შემდეგ საქართველოში მათი გავლენა დასრულდება.  

პუტინმა თქვა, ჩვენი არ გესმოდათ, მაგრამ ახლა მოგიწევთ ჩვენთან დალაპარაკებაო. ეს  ნიშნავს, რომ ნატოს ჰეგემონია დაემხო. რუსეთის გარშემო განლაგებული ნატოს სარაკეტო  სისტემები გარანტი იყო იმისა, რომ ატომური იარაღის გასროლა ამერიკის მიმართულებით ვერ მოხდებოდა. რუსეთი მიზნის განხორციელებას ამ სარაკეტო სისტემების გვერდით ავლით მოახერხებს. მთელი რესურსი, რაც ნატომ თავდაცვითი და თავდასხმითი სისტემების განლაგებაზე დახარჯა, წყალში ჩაეყარა. არც  აქამდე იყო რუსეთი სუსტი, მაგრამ თუ ნატოს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, ისიც აღარ აქვს. რუსეთი ამერიკელებისგან უკვე ბევრ რამეს მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს საქართველოც. საქართველო როგორი სახით შევა რუსეთის შემადგენლობაში, ეს უკვე მოლაპარაკების საგანი გახდება. ამიტომ  მეშლება ნერვები, როცა ჩვენ გვქონდა შანსი რუსეთთან გვევაჭრა, მაშინ ეს შანსი ხელიდან გავუშვით. გვეხვეწებოდნენ, ჩამოდით, დავილაპარაკოთ, ახლა ჩვენ უნდა ვეხვეწოთ დაჩოქილებმა, რომ მთლად არ დაგვშალონ და არ  დაგვაქუცმაცონ. ვიღაც გენეტიკურ მოღალატეებს და მჩხავანა ჟურნალისტებს რომ ჰგონიათ, გადმოხტებიან, ოკუპაციას გააპროტესებენ და ამერიკა დაგვეხმარება, ასე არ არის. საქართველოს, სამწუხაროდ, არავინ ეკითხება, სად აღმოჩნდება- ამერიკული თუ რუსული გავლენის ქვეშ. საქართველო არ არის სუბიექტი, ის არის ობიექტი. ანუ, საქართველოზე ვიღაცეებმა შეიძლება მხოლოდ მოილაპარაკონ, თორემ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართვას კაციშვილი არ შეგვეკითხება. ეს ახალი კი არ არის, ჩვენი მეფეები ხან ბიზანტიის გავლენის ქვეშ ყოფნას ამჯობინებდნენ, ხან- ირანის. მხოლოდ დავითის, თამარის და გიორგი ბრწყინვალის დროს იყო, როდესაც დამოუკიდებელი პოლიტიკა გვქონდა.

ახლა გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება  და საქართველო  რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ როგორ აღმოვჩნდებით, ერთიანი სხეულით, თუ კიდევ უფრო დაქუცმაცებულები, ეს არის საკითხავი.

-თუ რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა სურს, ნუთუ, არ შეუძლია საოკუპაციო ხაზთან გატაცებები და მკვლელობები აღეკვეთოს? რუსეთისთვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოსთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება?

-შევთანხმდეთ, რომ ის, რაც დღეს ხდება, არავის შეიძლება სიამოვნებდეს. ოსი სეპარატისტები  ჯაყოს შთამომავლები არიან, ცხედრებით ვაჭრობენ. იქ უკონტროლო სიტუაციაა, არსებობენ ჯგუფები, არის იარაღი.ეს  მკვლელობა ოსი სეპარატისტების ჩადენილია. ასევე ხდება აფხაზეთშიც. ეს რომ აღმოიფხვრას, უნდა დავილაპარაკოთ რუსეთს. რამდენჯერ შემოგვითვალეს, მოდით, დავილაპარაკოთო. გაკეთდა განცხადება, უვიზო მიმოსვლა შევწყვიტოთო, გამოვიდა ჩუგოშვილი და თქვა, ამ პროვოკაციას ჩვენ არ დავუშვებთო. პუტინი რაზე გვეპატიჟება? ბალეტზე და პოეზიაზე სალაპარაკოდ გვეძახის? იცის, ჩვენ რა გვინდა რუსეთისგან, მათ რაც უნდათ, ისიც გასაგებია, უნდათ, რომ აქ გარკვეული რუსული გავლენა იყოს. როდესაც არ ელაპარაკები, მერე გატაცებები რატომ გვიკვირს? პროცესები ისე მიდის, რომ ასეთი ქმედებები კიდევ გაგრძელდება. რამდენიმე შვილი რომ გყავს, ერთი ვიღაცამ გაიტაცოს, არ დაელაპარაკები? არ იზრუნებ, რომ დანარჩენი შვილები მაინც დაიცვა? იმას უნდა შეხვდე, ვისაც  ამის გადაწყვეტა შეუძლია. რუსეთი არის გარანტორი, ის რასაც ეტყვის ოსებს და აფხაზებს, ისე იქნება. ოსურ-ქართული და აფხაზურ-ქართული დიალოგი სასაცილოა. არც ოსებს და არც აფხაზებს არავინ არაფერს ეკითხება. თანაც ოსები და აფხაზები იმ ტერიტორიაზე ძალიან მალე აღარ იქნებიან, მათი  გენოფონდი ძალიან მცირეა.

ქვეყანას, რომელმაც ამერიკის ჰეგემონია დაამხო, კიდევ სააკაშვილის რიტორიკით ვესაუბრებით. ვითომ რაღაც რეზოლუციებს იღებენ, ვის რაში აინტერესებს ამათი რეზოლუცია?  კარასინს არ დაველაპარაკებითო, ნუ დაელაპარაკებიან, თავში ქვა უხლიათ. ამათ ახლა რა ჰგონიათ, კარასინს თუ არ დაელაპარაკებიან და გაიბუტებიან, რუსეთი რამეს დაკარგავს? ადგება ის რუსეთი და  ნელ-ნელა ყველაფერს ჩამოგაჭრის, დაგამცირებს, მაგრამ ამათაც ეს უნდათ. ესენი ხომ ქართველი ხალხის ნების გამომხატველები არ არიან. ქვეყანა თავზე გვენგრევა და ვითომც არაფერი. დღეს ახალი ანგარიში გამოაცხვეს, თურმე  კაცებს ქალები ჩაგრავენ, ცემენ, ტყეპენ, სრული სიგიჟეა. ავლიპ ზურაბაშვილი ცოცხალი რომ იყოს, ამდენი გიჟის შემხედვარე, ისიც გაგიჟდებოდა. ტელევიზიები ეთერს „გირჩს“ და რაღაც სისულელეებს უთმობენ.  „გირჩი“ სულ იმის ფიქრშია, ქვეყანას როგორ ავნოს. იმისთვის, რომ ჯარში ახალგაზრდები აღარ წავიდნენ, რაღაც სექტები შექმნეს,  ნარკოტიკების გაყიდვას ითხოვენ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. აი, ეს ხალხი დღე და ღამე ზის ტელევიზორში, სრული სიგიჟეა. მე არ ვიცი, ამ ქვეყანას კიდევ რამე თუ ეშველება. ამ ყველაფრის შემხედვარეს კაცს შეიძლება გული გაგისკდეს. ყველა გაყიდულია, ხალხი კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს ელოდება. ნუ ელოდებით, ხალხო, ყველა გაყიდულია, ყველა რაღაცაზე ზის. ვინ უნდა გამოვიდეს, როდესაც ეს ქვეყანა ყველას ფეხებზე ჰკიდია, ვინმეს რომ გული შესტკიოდეს, ასეთ ადამიანებს მე იშვიათად ვხედავ.

ჩვენ სირაქლემას პოზაში ვართ. ამერიკა, რომლის გავლენის ქვეშაც არის დღეს საქართველო, ჩვენს ქვეყანას რუსეთთან მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს. ასეთ დღეში რომ გაგდებს, ხომ უნდა მიხვდე? ამერიკამ რომ გითხრას, თავი მოიკალიო, უნდა მოიკლა? შენც ხომ უნდა გაანძრიო ტვინი?  ყველაფერი უბედურება ამიტომაც გვჭირს და რაც ხდება, ესეც ჩვენი ბრალია.  

საქართველო საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ ქვეყანა ერთიანი იყო, ჩვენი გერბი და ჰიმნი გვქონდა, ხალხი მშიერი არ იყო, კულტურა და ხელოვნება ჰყვაოდა. გერმანიის დამარცხების შემდეგ, პოსტდამის კონფერენციაზე, ყველა ქვეყანა  თავისთვის რაღაცის მიღებას ცდილობდა, მსოფლიოს გადანაწილება ხდებოდა.  გერმანიის ტერიტორიები პოლონეთმა მიიერთა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ჰეგემონია საბჭოთა კავშირმა დაამყარა, სტალინმა ივაჭრა და  ტერიტორია ისე გადაანაწილა, ჩერჩილი ხახამშრალი დატოვა. ზოგიერთები ახლა სტალინს აგინებენ, იმ პერიოდში მას ტაო-კლარჯეთის დაბრუნება უნდოდა, დაისვა კიდევაც ეს საკითხი, მაგრამ მაშინ ამერიკას ატომური ბომბი ჰქონდა და სტალინი ამას ანგარიშს უწევდა.

საქართველო საბჭოთა კავშირში შვეიცარიასავით იყო. ამ 25 წლის განმავლობაში კი, როდესაც ჩვენ ამერიკელების გავლენის ქვეშ მოვექეცით, საქართველო ქართველებისგან დაიცალა, ყველა გადამთიელი თავზე დაგვაჯდა, ეკლესიაზე შეტევები დაიწყო... საქართველოში ძალიან მალე ქართველი აღარ იქნება. როცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევედით, 400.000 ვიყავით და  როცა გამოვედით- 5მილიონ 400.000. შეადარეთ ახლა ის გავლენა და ეს გავლენა. ესენი ჩვენ გვანადგურებენ. ახლა ზოგიერთი იმას ლაპარაკობს, რომ ის დრო ცუდი იყო და  რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთო. გეუბნები, ესენი არიან საქართველოს მტრები. საქართველოს გადარჩენის შანსი არის მოსკოვში და არა სხვა ქვეყნებში. თუ ქართული ეთნოსის გადარჩენა გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა გააკეთოს, რაც ერეკლე მეფემ გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქურთებივით ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ისინი არიან მიმოფანტული ყველგან და თავიანთი მიწა-წყალი არ გააჩნიათ, საბოლოოდ ჩვენც ასე ვიქნებით.

დღევანდელი ჩვენი ყოფა შექსპირის 66-ე სონეტს ძალიან ჰგავს, შეიძლება უარესი დღეებიც ჰქონოდა ამ ქვეყანას, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს არის კატასტროფა. ქვეყანა იღუპება და ამ დროს ვითომც, არაფერი ხდება. ხელისუფლებას იმის თავიც არ აქვს, რომ საკუთარი ვაჟკაცის ცხედარი დაიბრუნოს. ესენი ცხედრას ვერ იბრუნებენ და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაიბრუნებენ?  იხტიბარს მაინც არ იტეხენ და კონცერტებით და აქცია-პერფომანსებით საზოგადოების ყურადღების  მიპყრობა უნდათ.

-რაღაც მოჯადოებული წრე იკვრება იმისათვის, რომ მოსკოვთან ურთიერთობები არ აღდგეს, ამას რუსეთიც ხელს უწყობს. საოკუპაცოი რეჟიმის მხრიდან ყოველი მორიგი გატაცება და მსხვერპლი ანტირუსულ განწყობებს ზრდის. შემდეგ კი დასავლეთის თუ საზოგადოების მხრიდან დაშანტაჟებული ხელისუფლება რუსეთთან დალაპარაკებას ვერ ბედავს...

-ჩვენ რატომ გვგონია, რომ რუსეთმა საქართველო უნდა გადაარჩინოს. არცერთი ქვეყანა სხვისთვის თავს არ მოიკლავს, ყველას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ჩვენ რატომ გვგონია, რომ ქართველი კაცის გონების განათებაზე რუსეთმა უნდა იფიქროს. ვეუბნებით, რომ არ გვინდა მათთან ლაპარაკი, ვლანძღავთ, ვთათხავთ. მერე ეს ურთიერთობები რომ ფუჭდება, რის გამო ფუჭდება? პარლამენტში და მთავრობაში რომ შეყარეთ ხალხი, რომელთაც ანტირუსული განწყობები აქვთ, რის მოლოდინი გაქვთ? თქვენ გგონიათ კრემლი ჩუგოშვილის განცხადებებს არ უსმენს? ჩუგოშვილი მართლაც არაფერს წარმოადგენს, მაგრამ თანამდებობა აქვს, ვიცესპიკერია. ასეთ ხალხს ნიშნავ, იმ ქვეყანას აღიზიანებ და მოლაპარაკებაზე არ მიდიხარ. წადი რა, რას გეუბნება იქნებ ის კაცი... ადრე მეფეები მტრებთან რომ მიდიოდნენ, იმის გარანტიაც არ ჰქონდათ, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ. დღეს ის მაინც იციან, რომ ცოცხალი დაბრუნდებიან. ამიტომ რაც ხდება, არის ჩვენი ბრალი. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთს არ ეშლება, რუსეთი იმპერიაა და თავისი გეგმები აქვს. სათნოების განსახიერება არცერთი იმპერია არ არის, ყველას თავისი შეცდომები აქვს. რუსეთმა რაც საკუთარ ქვეყანას გაუკეთა, ისეთი ჩვენთვის არ გაუკეთებია. მირონცხებული მეფე დახვრიტეს, რეპრესიები მოაწყვეს, ნახევარი გენერალიტეტი ჩახოცეს. როდესაც შეცდომებზე ლაპარაკობენ, კი ბატონო, რუსებმა ბევრ შემთხვევაში თავიანთ ქვეყანასაც ავნეს. ჩვენ გვგონია, რომ რუსეთმა უნდა გადაგვარჩინოს, შენ არ გინდა თავად გადარჩენა. აი, ეს არის დღეს მთელი პოლიტიკა.

-როგორ ფიქრობთ, რა შანსი არსებობს იმისა, რომ გარკვეულ გარემოებებში რუსეთმა საქართველო, როგორც გავლენის ზონა, მთლიანად თურქეთს დაუთმოს?

-იცით რა,  ბევრი ამტკიცებს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ რატომ არ დაუთმობს, თუკი მისი ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს? გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება რუსეთს ეს არ აწყობდეს, მაგრამ პოლიტიკა ცვალებადია. ორი წლის წინ რუსეთი და თურქეთი  ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ შესაძლებელი იყო ერთმანეთისთვის დაერტყათ. ახლა მოსკოვი და ანკარა ჩახუტებულები არიან. გაზის ნაკადი რუსეთიდან თურქეთის  მიმართულებით გადის. წარმოიდგინეთ, ნატოს წევრ ქვეყანას რუსეთი იარაღსაც აწვდის. სამხედრო გადატრიალების დროს ერდოღანი რუსეთმა გადაარჩინა. რომ არა პუტინის დახმარება და ინფორმაციის მიწოდება, ერდოღანი ციხეში ამოლპებოდა. ახლა თურქეთი რუსეთის გულის მოგებას ცდილობს. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც შენ  აქედან ცდილობ რუსეთს პრობლემები შეუქმნა და რაკეტები დაუყენო, იმისგან კარგს რატომ ელი?

მსოფლიოში ბევრ რამეს დღესაც ამერიკა-რუსეთის შეთანხმება წყვეტს. ყარსის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აჭარის და გურიის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის გარანტორი რუსეთიც არის. თუ რუსეთს ყელში ამოვუყვანთ, თურქეთს მწვანე შუქს აუნთებს და თურქული შენაერთები მაშინვე შემოჯლიგინდებიან, აჭარა-გურიას ნახევარ საათში აიღებენ, მერე ჩაატარონ კიდევ აქციიები, აქციები რომ წყვეტდეს საქმეს... წარმოიდგინეთ ახლა, საქართველოს მეფეებს, რომელთაც სხეულზე ადგილი არ ჰქონდათ ნაიარევის გარეშე დარჩენილი, აქციები რომ ეტარებინათ. ისინი ან იბრძოდნენ, ან მტერთან მოლაპარაკებაზე მიდიოდნენენ. მონღოლებმა დემეტრე თავდადებულს საკუთარი დედა მოუკლეს, ქვეყანა აუოხრეს და კაცი მათ მხრდამხარ იბრძოდა. ბოლოს კიდევ მონღოლებს ეახლა, რომ ქვეყანა გადაერჩინა და თავი შესწირა. დაიწყებენ ლაპარაკს, მაშინ სხვა დრო იყოო, არაფერი სხვა დრო არ იყო. როგორებიც იყვნენ თურქეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები მაშინ, ისეთივეები არიან ახლაც.  ყველას  მტაცებლური პოლიტიკა აქვს, უბრალოდ მეთოდები და ხერხებია განსხვავებული. ადრე თუ ხანჯალს გიქნევდა, დღეს ეკონომიკურად  გიპყრობს ან რაკეტას გესვრის. პოლიტიკა იგივე რჩება, მაგრამ არცერთი ჩვენი წინაპარი ისე არ მოქმედებდა, როგორც ესენი მოქმედებენ, მტერს არ ელაპარაკები, ომით ვერ იბრუნებ.  ქვეყანა იღუპება, ტელევიზორში კი სექტანეტები გამოდიან  და მარიხუანაზე ლაპარაკობენ. ყველა გაყიდულია. დასკვნა ის არის, რომ ქვეყანა მტრის ხელშია.  ტელევიზიები, პოლიტიკიური სპექტრი, თურქული სპეცსამსახურების ხელშია. ის ვინც ამბობს, რუსეთთან დალაპარაკების წინააღმდეგია, თურქეთის, აზერბაიჯანის ან  სხვა ქვეყნის  სპეცსამსახსურების ინტერესებს ატარებენ. აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი კრემლში ლობისტებზე უამრავ ფულს ხარჯავს. ლობისტები მარტო ამერიკელებთან გვყავს და რუსეთთან არ უნდა ვიმუშაოთ?

ნატო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა და მერე რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკად ავტომატურად გადაიქცა. შენ ამ ბლოკის შემოყვანა აქ გინდა. ზოგი ამბობს, შევარდნაძე ხომ იყო რუსეთთან უფრო ლოიალური, მაშინ რატომ მოხდა აფხაზეთის ომიო? შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის დანგრევაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რუსები მას ამიტომაც არასდროს ენდობოდნენ. შევარდნაძე, როგორც „თეთრი მელა“ ორმაგ თამაშს თამაშობდა, ამერიკელებთანაც აბამდა ურთიერთობას და რუსეთთანაც. შევარდნაძე რომ არა, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა.  თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთს დაზვერვა არ აქვს, ვერ გაარკვიონ ვინ ვისთან რას ლაპარაკობს, თუ რა? თუ შენ მტერს შემოიყვან, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს გადაკარგვა „ნატო-ნატოს“ ძახილს მოჰყვა. არავის აწყობს, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს.

ახლა ლაპარაკი  დაიწყეს, პრეზიდენტი ქალი უნდა იყოსო, ესეც ამერიკის საელჩოს მოთხოვნაა. გაგიგიათ ასეთი უსირცხვილო პოზიცია? იმას კი არ ამბობენ, ღირსეული პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთო, ქალი უნდა ავირჩიოთო, ამბობენ. მე ქალების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ მაინცდამაინც ქალი რატომ უნდა ავირჩიოთ? ეს რა მიდგომაა? ასეთი ავადმყოფები რატომ გააჩინა ღმერთმა, მე ვერ ვხვდები. ეს არის ამერიკის საელჩოს მოთხოვნა და ვისაც ისინი მოიფიქრებენ, ის იქნება. ჩუგოშვილს პრეზიდენტად გასვლა გაუჭირდება, ხალხს მის მიმართ დადებითი განწყობები არ აქვს. ამიტომ ისეთ ვინმეს არჩევენ, რომ  მოსახლეობას ცოტა სიმპათიაც ჰქონდეს და თან ყურმოჭრილი მონა იყოს.

-თქვენს სტატუსს "მოღალატე პოლიტიკურო ელიტავ, მოღალატე ტელევიზიებო, მოღალატე ინტელიგენციავ! შეეგუეთ და შეაგუეეთ არა, ქვეყნის აღსასრულს ქართველი ხალხი?!"- სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსში აქცენტს ქართული გენოფონდის მძიმე მდგომარეობაზე აკეთებთ და თურქეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზეც მიანიშნებთ. რა გაძლევთ  ამგვარი შეფასების და მძიმე პროგნოზის გაკეთების საფუძველს? ფიქრობთ, რომ თურქულ ექსპანსიას უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს?

-რა თქმა უნდა, ასეა. თურქეთს არამარტო აჭარაზე, არამედ გურიაზეც აქვს პრეტენზია. მათი სპეცსამსახურები ყველგან ძალიან აქტიურად მუშაობენ. თურქეთს საქართბელო-რუსეთს სორის ურთიერთობის დალაგება არაფრით არ აწყობს. ტელევიზიები დღე და ღამე თურქულ სერიალებს უშვებენ და ქადაგებენ, თურქეთი რა კარგია, ესენი უთავმოყვარეო ხალხია. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2017 წელს ქართველ ქალებზე 557 თურქი მამაკაცი დაქორწინებულა. ეს რა არის იცით? ჩვენ ვართ გადაგვარების გზაზე, მერე იტყვიან სად ვკარგავთ ქართველობასო. ქართველმა ქალებმა, რომელთაც ქართველები უნდა მოევლინათ ამ ქვეყანაზე, თურქები მოავლინეს. ისედაც მომაკვდავი ერი კიდევ უფრო აჩქარებს თავის აღსასრულს.

აზერბაიჯანი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. აზერბაიჯანს პრეტენზია დავით გარეჯზე აქვს და ქვემო ქართლზეც „ნამიოკებს“  გვაძლევეს. სამცხე-ჯავახეთზე თვალი სომხეთს უჭირავს. საქართველო დაქუცმაცდება, არსებობს დაქუცმაცებული საქართველოს რუკაც. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებთ, უნდა ვიფიქროთ ისეთ ქვეყანაზე, რომლის მფარველობის ქვეშაც ვიქნებით. საბჭოთა კავშირის დროს ის რუსული ბაზები საქართველოს იცავდა, ახლა ამერიკელები გეუბნებიან, რომ მათი მოკავშირეები ვართ, მაგრამ თუ ვინმე ომს დაგიწყებთ და გადაგბუგავთ, თქვენი გულისთვის ხელს არ გავანძრევთო. ეს რანაირი მოკავშირეობაა? მოკავშირეობა ომის დროს დახმარებას ნიშნავს, ესენი კიდევ გვეუბნებიან, თუნდაც ამოწყვეტილხართ, ჩვენ ვერ დაგეხმარებითო. ერთადერთი, რასაც იზამენ, შეშფოთდებიან, პამპერსს და წყალს გამოგვიგზავნიან. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, ვის დროს რა ვიყავით,  საქართველოს ისეთი მფარველი უნდა ყავდეს, რომელიც მას დაიცავს და ასეთი ქვეყანა არის რუსეთი, უნდა ეს ვინმეს, თუ არ უნდა.

- დასავლეთში გლობალიზაციის და  ლიბერალიზაციის საწინააღმდეგო პროცესები დაიწყო. ევროპის რიგი ქვეყნების შემდეგ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსი და ნაციონალისტური ძალები იმარჯვებენ. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი იტალიის არჩევნების შედეგებს ეროვნული გამოფხიზლების ახალ ეტაპად აფასებს. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესები დასავლეთში?   

-მე გეუბნებით, რომ ნატოს და ამერიკის ჰეგემონია სრულდება. თვითონ ტრამპიც ამერიკის შიდა პოლიტიკაზეა ფოკუსირებული, საგარეო მიმართულებით ის არ არის ისეთი აქტიური. იტალიაში ნაციონალისტები მოვიდნენ. სანამ სირიაში, ლიბიასა და ერაყში  ეს ომები დაიწყებოდა, ევროკავშირის ზონა ლტოლვილებით  სავსე არ იყო. მაშინ ევროსაც საკმაოდ მაღალი ფასი ჰქონდა. ომების შედეგად ლტოლვილთა ნაკადი დასავლეთს მიაწყდა, ევროპა გაშავდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ევროპელები ამ ყველაფერს ვერ ხვდებიან? მათ ამ ჭაობისგან გათავისუფლება უნდათ. ყველამ იცის, ვისგანაც წამოვიდა ეს. ყველა ხვდება, რომ  ძლიერი ევროპა სწორედ ამერიკელებს არ აწყობდათ. ახლა ევროპის ლიდერები გადარჩენაზე ფიქრობენ. გერმანელები აღშფოთებულები არიან რამდენიმე ქართველის მხრიდან კბილის ჯაგრისის მოპარვით და უკან აბრუნებენ. ჩვენთან კიდევ ირანელებით თუ ერაყელებით გავსებული თვითმფრინავი თვითმფრინავზე ჩამოდის, ეს იმ ფონზე, როდესაც ქართველები აქედან გარბიან. წულუკიანი გამოვა და იტყვის, რა მოხდა მერე, ჩვენ ხომ გულმოწყალე ერი ვართო.

გარშემო ყველაფერი შეიცვალა და ვატყობ, ყველაზე ბოლოს ესენი მიხვდებიან, რა ხდება. ისე არ მოხდეს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყვარყვარესავით თქვას, თუ ხელისუფლება შეიცვალა, რატომ დროზე არ მაცნობეთო. ბოლოს ამათ მართლა ყვარყავარესავით მოუვათ და  სახელმწიფო კანცელარიის დატოვება ქალის კაბაში გადაცმულებს მოუწევთ... მე მგონი, საქმე აქეთკენ მიდის...