მედიცინა
„ადამიანს საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვა ნაკლად ჩაუთვალეს იმიტომ, რომ ექიმია“ - ირღვევა თუ არა ექიმის უფლებები და რატომაა საჭირო სამედიცინო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა - მიხეილ დიაკონიძის ინიციატივა
„ადამიანს საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვა  ნაკლად ჩაუთვალეს იმიტომ, რომ ექიმია“ - ირღვევა თუ არა ექიმის უფლებები და რატომაა საჭირო სამედიცინო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა - მიხეილ დიაკონიძის ინიციატივა

იმედგაცრუებული პაციენტები, გაბრაზებული მოქალაქეები და მედპერსონალის მისამართით წამოსული უდიდესი რისხვა - თანამედროვე რეალობა ჯერ კიდევ ცვლილებების მოლოდინშია.

არაკვალიფიციური ექიმის ხელში მოხვედრილი ადამიანები და დაავადებულის ახლობლების მიერ ღიად გამოთქმული უკმაყოფილება თითქმის მთელ სამედიცინო სფეროს აზარალებს. ამას ემატება ფარმაცევტულ კომპანიებთან დადებული ღია თუ ფარული გარიგებები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დანიშნული მედიკამენტები და უყურადღებობა, რომელსაც კონკრეტული დაავადების მქონე პირები განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამასობაში კი საზოგადოებრივი რისხვის ქვეშ  „ჰიპოკრატეს ფიცის“ ერთგული ექიმებიც ექცევიან, რომლებიც, რეალურად, არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანური ურთიერთობებითაც გამოირჩევიან.

ჯანდაცვის მაგისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ხელმძღვანელი, მიხეილ დიაკონიძე თვლის, რომ მედიაციის სახელმწიფო სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის მიუხედავად, აქცენტი მაინც პაციენტების უფლებებზე კეთდება, მედპერსონალი კი ამ დროს, მაშინაც კი, თუ ის 100%-ით მართალია, ფაქტობრივად, დაუცველი რჩება.

-თუ საქართველოში პატრულის შეურაცხყოფა დასჯადი ქმედებაა, ექიმის შეურაცხყოფა, გარკვეულწილად, ნორმადაც ითვლება. ბუნებრივია, არსებობენ პაციენტები, რომელთა უფლებებიც დასაცავია და შესაბამისად, რეგულაციები ამ მხრივაც გასამკაცრებელია, მაგრამ მეორე მხარეც არ უნდა დარჩეს გათვალისწინების გარეშე. ხშირად ექიმთა უმრავლესობის პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კონკრეტული პირი მოცემულ საკითხში, მაგალითად, კონკრეტული დაავადების არსში,  კარგად ვერ ერკვევა. ის ექიმს, შეიძლება ითქვას, თავდაპირველად ყოვლისშემძლედაც აღიქვამს და როდესაც, რიგ შემთხვევებში, მოლოდინი შედეგს ვერ ამართლებს, ბუნებრივად ბრაზდება. გაბრაზებას კი ყველა კორექტულად არ გამოხატავს. ამ დროს უნდა არსებობდეს რაღაც რეგულაციები, რაღაც შემაკავებელი ბერკეტები, რომ პაციენტი ან მისი ახლობელი შეურაცხყოფაზე არ გადავიდეს და ჯერ რეალურ ვითარებაში გაერკვეს..  ექიმის ბრალეულობაც აბსოლუტურად ობიექტურად უნდა დადასტურდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. და კიდევ, კარგი ექიმები, კარგი ადამიანები ხშირად ერთი პირის უპასუხისმგებლო ქმედებას ეწირებიან, გარკვეულწილად, იკარგება ნდობა ექიმსა და საზოგადოებას შორის, არადა, ეს სფერო საქართველოშიც კარგად განვითარებულია. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აღდგეს ნდობა, რომ გაიზარდოს მიმართვიანობა, რომ ადამიანმა დაიჯეროს, რომ ექიმი ყველაფერს გააკეთებს მისი სიცოცხლის დასაცავად. და ეს მხოლოდ „ნაფიქრის“ დონეზე კი არ უნდა დარჩეს, თითოეულმა პაციენტმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს, ადამიანმა დაავადება მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაიმძიმოს, რომ ოდესღაც ექიმების რწმენა დააკარგვინეს. ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ საავადმყოფოში მას „გაღლეტენ“, არასწორად უმკურნალებენ, ყურადღებას არ მიაქცევენ და ა.შ. რეალურად ეს ასე არაა, ერთეულები არიან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბიან და ამ ერთეულებს სხვა მედპერსონალიც ეწირება. ადამიანებს ექიმამდე მისვლის სურვილიც აღარ აქვთ მანამ, სანამ ეს გარდაუვალ აუცილებლობად არ იქცევა, სანამ საშინლად არ გაუჭირდებათ. დღეს უამრავი ინსტიტუცია არსებობს, რომლებიც ორიენტირებულები არიან პაციენტების უფლებების დაცვაზე და ფაქტობრივად, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ექიმის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. რეალობა ასეთია - ყოველთვის მაინც პაციენტია მართალი, არადა, შესაძლოა, ექიმმა მაქსიმუმი გაიღო, სრულად დაიხარჯო, მაგრამ... მე იმას არ ვამბობ, რომ მხოლოდ ექიმის ნაამბობი უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, ვამბობ, რომ დასკვნა ობიექტური უნდა დაიდოს,  რომ იმ ექიმის პროფესიონალიზმი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას და ნდობას, ეჭვქვეშ არ დააყენონ.  

- გეთანხმებით, დღეს პაციენტის უფლებებს ცალკეული ორგანიზაციებიც იცავენ. არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტიც და სახელმწიფოც, ფაქტობრივად,  მათი ინტერესების სადარაჯოზე დგას. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში მაინც დადგა ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხი.  რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა უფლება-ვალდებულებები შეიძლება შევიდეს მის ფუნქციებში?

-  ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას, კანონის გარდა, წლების განმავლობაში ზნეობრივი და მორალური ნორმები აწესრიგებდა. ეს გამოწვეული იყო ურთიერთნდობითა და პატივისცემით. დღესდღეობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიგი ფაქტორების ხელშეწყობითა და ორმხრივი შეცდომების დამატებით, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის მანდატი ძალიან დაბალია, რაც იძლევა ნოყიერ ნიადაგს იმისა, რომ მოხდეს ექიმთა უფლებების შელახვა და თუ დღეს ათობით ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი არსებობს, რომელიც პაციენტების უფლებების იცავს, ექიმთა უფლებების დაცვის ბერკეტად მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატი გვაქვს. ამასთანავე, ვიცით, რომ არსებობს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც , ვფიქრობ, ბიზნესის შემთხვევაშიც იმ რიგი ფაქტორებისა და პრობლემების გამოძახილი გახლდათ, ბუნებრივია, გარკვეული სპეციფიკური განსხვავების გათვალისწინებით, რომელიც დღეს ექიმებსა და სამედიცინო სფეროს აწუხებს.

- მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უფლებების დაცვის პროექტზე 2002 წლიდან საუბრობენ, ხოლო ჯანდაცვის ომბუდსმენის სისტემის შექმნას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილი ცდილობდა,  ეს ინსტიტუტი, ყოველ შემთხვევაში, სრული დატვირთვით დღემდე არ მოსულა მოქმედებაში. 2015 წელს კიდევ ერთხელ გაიწერა პროექტი, თუმცა პროცესი ისევ ჩიხში შევიდა. რატომ თვლით, რომ ამ ეტაპზე ნამდვილად არსებობს შანსი, რომ პაციენტისა და ექიმების უფლებების ორმხრივი დაცვის საკითხის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა მოხერხდეს?

- მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი რომ სამედიცინო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის დიდი შანსი არსებობს, თუმცა აუცილებლობის ზღვარი რომ მაღალია, ეს ფაქტია და ამას მოწმობს გახმაურებული ფაქტების სიმრავლე ექიმზე ძალადობის, დაწესებულებების კარის აჭედვის, ოჯახში მივარდნების და სხვა. გარდა ამისა, არსებობს პროფესიული ღირსების შელახვა, რაც ძალიან მარტივად ხდება ბუნებრივად ემოციებს აყოლილი პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან და დამერწმუნეთ, ეს ფიზიკურ ძალადობაზე ბევრად მტკივნეულია ნებისმიერი ექიმისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ მასმედია ორიენტირებულია ნეგატივზე, სკანდალზე და უარყოფითზე, რომელიც ბევრად უფრო მარტივად ვრცელდება და ,,იყიდება“, ასე რომ ვთქვათ, ვიდრე რაიმე პოზიტიური ამბავი. შესაბამისად, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან ექიმის დადანაშაულება და ამას ყველა საინფორმაციო საშუალება გადმოსცემს, ეს პირდაპირ ექიმის პროფესიულ საქმიანობასა და მომავალზე, ასევე პაციენტების მისდამი დამოკიდებულებაზე აისახება, რომლის მეშვეობითაც ექიმი და მის უკან მყოფი ოჯახები არსებობენ და ამის შემდეგ რაც არ უნდა დიდი გამამართლებელი ოქმი გამოიტანონ ექიმის სასარგებლოდ, თვით ამ ოჯახმაც რომ ბოდიშები უხადოს უდანაშაულო ექიმს არასწორად ტალახში გასვრისთვის, დამერწმუნეთ, იმ ნეგატიური მასალის მნახველთა ნახევარიც კი ვერ ნახავს და რომც ნახოს, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, მაინც ამჯობინებს სხვა ექიმთან მივიდეს საჭიროების შემთხვევაში,  ვიდრე ამ შეცდომით დადანაშაულებულ ექიმთან. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მე არ ვამბობ, რომ პაციენტის უფლებების არ უნდა დავიცვათ, არც იმას ვამტკიცებ, რომ ცალსახად ექიმის უფლებაა მხოლოდ დასაცავი, ვამბობ, რომ მათ შორის ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, ნდობა უნდა აღდგეს, ორივეს (ექიმისა და პაციენტის) უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ზოგადად, ზედმეტის უფლება თავს არც პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა უნდა მისცენ და არც ექიმმა უნდა გადაუხვიოს თავის პროფესიულ ვალდებულებას. ბოლოს და ბოლოს სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დგას და ჩვენ თანაბრად ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მას.

- და მაინც,  ჩვენ უკვე გვაქვს კანონი „პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“, არსებობს ევროსაბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, ფუნქციონირებს ასევე სამედიცინო მედიაციის სახელმწიფო სამსახურიც და ა.შ. ეს ყველაფერი სახალხო დამცველის ინსტიტუტის პარალელურად. ფიქრობთ, რომ მაინც უნდა დადგეს ცალკე სამედიცინო ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხი?

-ძალიან კარგია,  რომ ბუნებაში არსებობს ისეთი ზუსტი მეცნიერება, როგორიცაა მათემატიკა. მარტივია ამოვიღოთ სტატისტიკა, ვნახოთ ექიმთა მიმართვიანობა თითოეულ ჩამოთვლილ უწყებაში და ნახავთ, რომ ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. ამას თავისი მიზეზები აქვს და ძალიან ობიექტურიც. ერთი კონკრეტული შემთხვევა გამახსენდა, როდესაც პაციენტს უჩივლა ექიმმა შეურაცხყოფის გამო და ეს ქალბატონი ამბობდა, რომ დღემდე წამომაძახებენ ხოლმე ,,გაჭირვებული პაციენტი მოგადგა, ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა და თავი ვერ შეიკავა, - მაგის გამო ისედაც გაჭირვებულ ადამიანს როგორ უჩივლეო“.  სხვათა შორის, ამგვარი შეფასება, სამწუხაროდ რამდენიმე კოლეგისაგანაც მიიღო, ანუ ადამიანს საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვა  ნაკლად ჩაუთვალეს იმიტომ, რომ ექიმია.  ექიმობა ეს არის პროფესია, რომელმაც არ იცის დღე და ღამე, ხოლო სასამართლო პროცესები დაკავშირებულია დროსთან, რომელიც ექიმს, ბუნებრივია, პროფესიულ საქმიანობას წყვეტს.  ანუ ეს არ არის ეფექტური და მოქნილი უწყება, რომელიც მოერგება ამ სპეციფიკურ პროფესიას. ამასთან ერთად, დღეს ექიმის უფლებები ირღვევა არა მხოლოდ პაციენტების, არამედ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდანაც, იგივე შრომითი უფლებები. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ეფექტური, მოქნილი და ექიმის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ისეთი,  როგორსაც ექნება სრული ნდობა და მაღალი ავტორიტეტი და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რას დავარქმევთ, სამედიცინო ომბუდსმენს თუ ორგანიზაციას ექიმებისთვის.

- აქცენტს უფრო მეტად ექიმებზე აკეთებთ, ფიქრობთ, რომ ექიმები მეტად არიან დაჩაგრულები ამ შემთხვევაში?

- რადგან მათ უფლებებს არავინ იცავს, ფაქტობრივად, ასე გამოდის, თუმცა ეს ჩემი პოზიცია ცალსახა არაა. ვფიქრობ, მხოლოდ ექიმების უფლებების დაცვითაც კი იქნება დაცული პაციენტის უფლებები. ექიმი პროფესიონალი უნდა იყოს, პროფესიონალ ექიმს თავისი ეთიკა აქვს, არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი და მისი დაცვის აუცილებლობაც. თუ ექიმი კეთილსინდისიერად აღასრულებს თავის საქმეს, ეს პაციენტის ინტერესებშიც შევა ავტომატურად. შესაბამისად, შემცირდება უკმაყოფილო პაციენტების რიცხვიც. როდესაც ვსაუბრობ ექიმების უფლებების დაცვაზე, სულაც არ მაქვს მხედველობაში პაციენტების უფლებების შელახვა, პირიქით. ექიმის უფლება მხოლოდ მაშინ უნდა იქნას დაცული, თუ ის აბსოლუტურად მართალია, პაციენტმა უნდა დაინახოს ექიმის ძალისხმევა, მისი შრომა, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, უფლებებზეც ვერავინ ილაპარაკებს. ჩვენთვის მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ პროცესები დინამიურად, კეთილსინდისიერად, ადამიანზე ორიენტირებულად განვითარდეს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ორივე მხარის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული - ესაა მიზანი.

- როგორ ფიქრობთ, რამ შეუწყო ხელი დღემდე ამ საკითხის „გაყინვას“? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არ შედის ცალკეული სამედიცინო დაწესებულებებისა და კონკრეტული პირების ინტერესში?

- არა, მე ასე არ ვუყურებ ამ საკითხს. ვფიქრობ ხელისუფლებაშიც ბევრია ისეთი პირი, ვინც ამ ტიპის უწყების საჭიროებას ხედავს. ასევე სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესია პროფესიული საზოგადოების ამ მეტად მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებისა და უფლებების დაცვა. პირადი საუბრებიდან თუ გამოვალთ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ თემაზე ორიენტირებულნიც კი არიან გარკვეული პირები სახელმწიფოდან, თუმცა მიზეზის დასახელება, თუ რატომ ჭიანურდება ამ საკითხის ქმედით ნაბიჯებამდე მიყვანა, ალბათ, ძალიან გამიჭირდება.  ეს კითხვა სახელმწიფოს უნდა დაუსვათ.

- თუ ჩვენ ექიმების კეთილსინდისიერებაზე ვსაუბრობთ, თუ ვიტყვით იმას, რომ ყველამ საკუთარი ვალი უნდა აღასრულოს და ამით თვითონვე დაიცვან საკუთარი პაციენტების უფლებები, ჩნდება კითხვა, ხომ არ შეუშლის  სამედიცინო ომბუდსმენის არსებობა ხელს ფარმაცევტულ ბიზნესს, გამომდინარე იქიდან, რომ ექიმების უმრავლესობა კონკრეტული მედიკამენტების დანიშვნაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებს და ხშირ შემთხვევაში, პაციენტის რეცეპტიდან გამომდინარე მკურნალობის მეთოდოლოგია რეალური დიაგნოზით გამოწვეულ სწორ მედიკამენტოზურ მკურნალობას სცდება? ეს კი, ბუნებრივია, არღვევს, პაციენტის უფლებებს. არის თუ არა შესაძლებელი, რომ სწორედ ეს იყოს ამ ინსტიტუტის შექმნის ხელშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი?

-ეს საკმაოდ რთული და დღემდე დაურეგულირებელი საკითხია, რომელსაც კეთილი ნების შემთხვევაში არცთუ ისე დიდი ძალისხმევა სჭირდება. ,,ფარმაცევტული ბიზნესისა და ექიმის გარიგების“  საფუძველი, ძირითადად,  სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების დაბალი ანაზღაურებაა. თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ამის გამო ექიმი პაციენტს არასაჭირო მედიკამენტს უწერს, არასწორია. მაგალითად, ინფექციური ან ანთებითი დაავადების დროს, როდესაც ექიმი ანტიბიოტიკს უნიშნავს პაციენტს, მან იცის, რომ  სარეგისტრაციო სახელწოდებების მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ამ პრეპარატს აბსოლუტურად ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს. აქ განსხვავება არის მხოლოდ ფასში და ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან ექიმის დაინტერესებაში.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არსებობს კარგი პრაქტიკა, როდესაც ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის ფორმდება ღია ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და ბონუსსა თუ სარგებელს აბსოლუტურად კანონიერად იღებს ექიმი. არსებობს ნდობაც, როგორც ექიმის, ასევე მედიკამენტის, ვინაიდან ეს არ არის რაიმე ფარული ტიპის გარიგება.

თუ ამ მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილებამდე მივედით, როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის გამოცდილების გამოყენება იქნება უპრიანი?

-,,სამედიცინო ომბუდსმენის“ ინსტიტუტი იმ ფორმით, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, სიმართლე გითხრათ, არ მინახავს არსად,  თუმცა ჩვენგან განსხვავებით ევროპაში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებიც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობებზე მუშაობენ და სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა, ანუ ექიმისა და პაციენტის მიმართვიანობა და მათი უფლებების დაცვა,  ქართულ რეალობისგან ძალიან განსხვავებულია. მათ შორის, უნდა აღინიშნოს პროფესიული კავშირები, რომლებიც  დაზარალებული ექიმების ერთ-ერთი დიდი და პირველი მხარდამჭერები არიან.

- აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სამედიცინო ბიზნესი, ისევე  როგორც სხვა დანარჩენი, ბიუჯეტს მნიშვნელოვანწილად ავსებს. არის თუ არა შესაძლებელი, რომ სახელმწიფოს ინტერესებშიც იყოს მსგავსი ინსტიტუტის ვერშექმნის საკითხი?

- არა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს ნაბიჯი ვინმეს დააზარალებს, ან ვინმეს უპირატესს წარმოაჩენს. ექიმებიც ამ საზოგადოების ნაწილია და მათ უკან არასამედიცინო პროფესიისა და სფეროს უამრავი ადამიანი და გულშემატკივარი დგას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ექიმი ადამიანია და ის, რომ მან ესოდენ რთული პროფესია აირჩია, ვფიქრობ, პატივისცემას უფრო იმსახურებს, ვიდრე მომსახურე პერსონალივით დამოკიდებულებას. ექიმებსაც აქვთ ის ყოველდღიური ოჯახური და საზოგადოებრივი პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და ამას ემატება თითოეული დამწუხრებული და გაჭირვებული პაციენტი, რომლებიც ყოველდღიურად ათეულობით სტუმრობს და საკუთარ სატკივარს უზიარებს. არ ვაჭარბებ იმიტომ, რომ ნებისმიერი ღირსეული ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა გასაჭირის და ტკივილის გაზიარება და თანადგომაა და მინდა, ამ ურთიერთობას ამ ჭრილში ხედავდეს ყველა. სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სახელის და გვარის მითითებით  შემიძლია დაგისახელოთ არაერთი ექიმი, ვისაც არათუ უსასყიდლოდ მიუღია გაჭირვებული პაციენტი, არამედ იქეთ დახმარებია წამლის ფულით. რაც შეეხება სამედიცინო ბიზნესიდან ბიუჯეტის შევსებას, ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის ჯანმრთელი საზოგადოება უფრო მეტად ეფექტური და შრომისუნარიანი იქნება, რაც ბიუჯეტზეც ბუნებრივად აისახება, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და შრომისუუნარო.

- თქვენ როგორ ფიქრობთ პროცესში მონაწილეობის მიღებას? გაქვთ თუ არა დაწყებული კონკრეტული აქტივობები თუ ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივის დონეზეა განსახილველი?

პირადად ჩვენ ააიპ ,,საზოგადოებრივი აზრის“  სახელით ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივებითა და ხედვებით და პასუხად მივიღეთ მზაობა ინიციატივის კომისიურ განხილვაში ჩვენი ჩართულობის შესახებ. გვქონდა ორი შეხვედრა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში იქნება გარკვეული ინიციატივები ამ მიმართულებით,  სადაც ჩვენის მხრიდან კიდევ ერთხელ დავადასტურებთ სრულ მზაობას თანამშრომლობის შესახებ.

აქვე აღვნიშნავ, რომ 2000 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», რომელსაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია საზოგადოების ჯანმრთელობით განათლებაზე ზრუნვა, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დაავადებათა პრევენციას და მეორე მხრივ, გამოიწვევს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას. ხშირად პაციენტებს სამედიცინო განათლების არქონის გამო უჭირთ გარკვეული ინფორმაციის მიღება-გაანალიზება და სწორად აღქმა. ვფიქრობ, სწორად აქედან უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა.

შეჯამებისას დავამატებდი იმას, რომ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა არის უწყვეტი ჯაჭვი და სანამ არ აღდგება ნდობა ამ ორ სეგმენტს შორის, სანამ ბოლო არ მოეღება თვითმკურნალობას და სანამ ექიმი აღიქმება მომსახურე პერსონალად და პაციენტი მას მხოლოდ იძულებითი მდგომარეობის გამო ეწვევა, მანამდე ამ და სხვა ზემოთჩამოთვლილი რიგი პრობლემების გადაჭრა ძალიან გაჭირდება.