კულტურა
,,მშობლიურ სოფელში დაბრუნება ჩემი მიზანია და არა ოცნება, უცხოეთში წასვლა გამოსავალი არ არის!“ - 28 წლის ხის ოსტატი ხალდედან
,,მშობლიურ სოფელში დაბრუნება ჩემი მიზანია და არა ოცნება, უცხოეთში წასვლა გამოსავალი არ არის!“ - 28 წლის ხის ოსტატი ხალდედან

28 წლის ხის ოსტატი ჯაბა ჯოხაძე წარმოშობით სვანეთიდან, ისტორიულ სოფელ ხალდედანაა. სოფელი ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, მისი სახელი 1875-1876 წლების მეფის რუსეთის წინააღმდეგ სვანეთის აჯანყებას უკავშირდება, სადაც მოსახლეობამ მტერს უმამაცესი ბრძოლა უჩვენა. ჯაბა ჯოხაძე აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის - ჯოხან ჯოხაძის შთამომავალია.   როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, მისი წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალდეში ცხოვრობდნენ. თვითონ კი მხოლოდ სეზონურად - ზაფხულობით ახერხებს ასვლას. მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ თბილისიდან მშობლიურ სოფელში გადასახლება და იქ დამკვიდრება აქვს გადაწყვეტილი.  

-,,ბევრჯერ მქონია უცხოეთში წასვლის შანსი, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან მიმაჩნია, რომ  ეს არ არის გამოსავალი. წავლენ და მერე ნოსტალგია აქვთ, - ჩვენი მიწა-წყალი გვენატრებაო, - ამბობენ. თითქოს ყველას უნდა უკან დაბრუნება, თუმცა  ერთი წლით უცხო მხარეში წასულები სამუდამოდ იქ რჩებიან. ალბათ, რომ წავსულიყავი, მეც ასე მომიწევდა. სოფლიდანაც ყველა თბილისში გამორბის, არადა მთაში ბევრად მეტია მარგი ქმედების კოეფიციენტი, უბრალოდ, სახელმწიფომაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებას. სამომავლოდ ჩემს სოფელში სახელოსნოს გადატანას და სახლის აშენებას ვაპირებ, მინდა, საცხოვრებლად იქ გადავიდე, ეს ჩემი მიზანია და არა ოცნება. ჩემი წინაპრები ბოლო 1000 წელია ამ მიწაზე ცხოვრობენ და ალბათ ამიტომაცაა ჩემთვის ასეთი მიმზიდველი. საერთოდაც, ხალდე ძალიან მისტიური და ენიგმატური სოფელია, რომელსაც მრავალი ლეგენდა უკავშირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობაზე, რაც რუსეთის წინააღმდეგ სოფლის მოსახლეობამ გამოიჩინა.“- აცხადებს ,,sazogadoeba.ge’’- სთან საუბარში ჯაბა ჯოხაძე.

- როგორ ფიქრობთ, არ გაგიჭირდებათ დამკვირდება სოფელში, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს?

- ამ სირთულეებზე ცხადია ხშირად მიფიქრია, სწორედ ამაზე ვთქვი ზემოთ, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩვენ მთას და არ ვიყენებთ. უცხოელი ტურისტები აღტაცებას ვერ მალავენ, როცა ჩემ სოფელს ნახულობენ, ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ჩემსავით მშობლიურ მხარეში დაბრუნდეს და თუნდაც ოჯახური ბიზნესი წამოიწყოს, ეს შემოსავლის წყაროსაც გააჩენს და სოფელიც დაიბრუნებს საკუთარ შვილებს. გული მტკივა, როცა მას ასეთ დაცარიელებულს ვხედავ. ამჟამად იქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, სულ 3 ოჯახი ვცხოვრობთ, თანაც სეზონურად - გაზაფხულიდან ავდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაც გამოვა, დავაფასებთ რაც გვაქვს და ნელ-ნელა მდგომარეობა გამოსწორდება.

 ჯაბას აგრარული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, ამჟამინდელი საქმიანობა კი ბავშვობისდროინდელ ჰობს-ხეზე კვეთას დაუკავშირა, რომელიც მისთვის, ამავდროულად, შემოსავლის წყაროა.

-,ამჟამად ხის სახელოსნო მაქვს, სადაც ვმუშაობ. 13 წლის ვიყავი, პირველად მეგობარმა ხეზე საკვეთი დანა რომ მაჩუქა. აქედან დაიწყო ამ საქმისადმი დიდი ინტერესი. პირველი, რაც გავაკეთე წმინდა გიორგის კულონი იყო, რომელსაც დღემდე ვინახავ. ამჟამად უმეტესად საეკლესიო ინვენტარს ვაკეთებ, რაც ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა, განსაკუთრებული სიყვარულით ვმუშაობ სვანურ საკარცხულებზე, როცა შეკვეთა მაქვს. ასევე ვქმნი სხვადასხვა სახის მინიატურულ ნივთებს.

- ორნამენტს, ალბათ, აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა...

დიახ, ორნამენტს მხოლოდ ქართულს ვიყენებ, რომელთა მოძიებასაც სხვადასხვა გზით ვცდილობ და შემდეგ ნამუშევარზე გადამაქვს, ამ გზით ვაძლევ ახალ სიცოცხლეს ქართულ ჩუქურთმას. მოგეხსენებათ, სვანური საკარცხული მახვშისთვის-ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი, მისი უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა და მხოლოდ საპატიო სტუმარს ეთმობოდა. დღეს მახვშის ინსტიტუტი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც მოთხოვნადი ნივთია და ხშირად მიკვეთავენ, მის დამზადებას დაახლოებით 2 კვირამდე სჭირდება, აღსანიშნავია, ისიც რომ ტრადიციული საკარცხულზე მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტები იკვეთება. თავის მხრივ, კი ყველა გეომეტრიული ორნამენტი რაღაცას აღნიშნავს: მზეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, დედამიწას, მთებს, ზღვას...საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები, როგორც ჩანს, მათ ასეთი სახით ხედავდნენ და შემდეგ ორნამენტებად აქცევდნენ.

აღსანიშნავია, რომ 1876 წელს ადგილობრივების 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის არმიამ სოფელი ხალდე სრულად გაანადგურა, კოშკების აბსოლუტური უმრავლესობა გადაწვეს ან ააფეთქეს. რუსეთის მთავრობამ გადამწვარ ხალდეში დასახლება აკრძალა  და ამ გზით დასაჯა თავისუფლებისთვის მებრძოლი სვანები. მხოლოდ 1880 წელს მიიღეს ხალდელებმა თავიანთ სოფელში კვლავ დასახლების უფლება,  დღესდღეობით კი, როგორც რესპოდენტმა აღნიშნა, ხალდეში 3 ოჯახი ცხოვრობს და ისიც სეზონურად. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია  სიმღერა - ფერხული „გაულ-გავხე.“