პოლიტიკა
„თურქ პოლიტიკოსებს ავადმყოფური შიში აქვთ რუსული პოლიტიკის, სანამ რუსეთი ასეთი ძლიერია, თურქები ვერც კი გაბედავენ რომელიმე მიწაზე პრეტენზია განაცხადონ”-ვალერი გელბახიანი
„თურქ პოლიტიკოსებს ავადმყოფური შიში აქვთ რუსული პოლიტიკის, სანამ რუსეთი ასეთი ძლიერია, თურქები ვერც კი გაბედავენ რომელიმე მიწაზე პრეტენზია განაცხადონ”-ვალერი გელბახიანი

ამერიკელი დიპლომატი, იან კელი საქართველოში ელჩად ყოფნის უკანასკნელ დღეებში მოულოდნელად მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მაშინ, როცა საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი, არჩილ ტატუნაშვილი იმსხვერპლა, ელჩმა განაცხადა:

„რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, მოსკოვთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. ფართოდ გახელილი თვალებით რეალისტურად უნდა მიუდგეთ საკითხს.” ელჩის გამოსამშვიდობებელი განცხადება, რუსეთის მიერ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვების და ულტრათანამედროვე იარაღის ჟღარუნის ფონზე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკა საქართველოს იან კელისთან ერთად ტოვებს.

ამასობაში რუსეთი პრემიერმინისტრის განწობას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიესალმა, თუმცა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავი სრულად აარიდა. „არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად  იქნება თბილისი,“ - მოსკოვის მიერ მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილი „ცინიზმად“ აფასებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი თვლის, რომ გზავნილი მოსკოვიდან  „ტოვებს სივრცეს შემდგომი ურთიერთობებისთვის“.

ამ მძიმე ფონზე არსებობს თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების რეალური შანსი? დათმობს თუ არა სამხრეთ კავკასიაში რუსეთი თურქეთის სასარგებლოდ პოზიციებს? რამდენად რეალურია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო დატოვოს? ამ და სხვა რთულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე Sazogadoeba.ge-ს იურისტი, ანალიტიკოსი ვალერი გელბახიანი ესაუბრება:

-ბატონო ვალერი, ამერკის ელჩმა, იან კელიმ, რომელსაც საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა, ჭეშმარიტი „რუსეთუმესავით“ განაცხადა რომ, მოსკოვთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა.  ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარი გზავნილიიმისა, რომ შტატები რუსეთთან გეოპოლიტიკურ ბრძოლებში თმობს და ტოვებს საქართველოს, მითუმეტეს, რომ ტრამპი უფრო შიდა პოლიტიკაზეა ორიენტირებული?

-არა მგონია,  ასე იყოს, ამერიკისთვის ჩვენ იმიტომ კი არა ვართ პარტნიორები, რომ ძალიან ვუყვარვართ და ჩვენზე გიჟდებიან, უბრალოდ, ეს გეოპოლიტიკური არეალი მათ სტრატეგიულ ინტერესებში ჯდება. ცხადია, მოსკოვს ეს აღიზიანებს, რადგან აქ ნატოს ჯარების განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთს ნატოს სამხედრო ძლიერება კი არ აფრთხობს, არამედ ნატო, რომელიც ხელს უწყობს რუსეთში ცეცხლის კერების დანთებას, იარაღის უკანონო მოძრაობას, ტერორისტების წახალისებას, ასე წარმოუდგენია რუსეთს ნატო. ამიტომ ის მაქსიმალურად შეეცდება თავის საზღვრებთან ასეთი საფრთხეების თავიდან აცილებას. ვიდრე რესურსი აქვს, ამას გამოიყენებს, მითუმეტეს, რომ ამერიკელები გვეუბნებიან, მეხუთე მუხლის გარეშეც მოგიღებთ ნატოშიო. ამ დროს ევროპის მინიმუმ ორი ქვეყანა მაინც საქართველოს ნატოში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია. ეს არის პოლიტიკური პინგ-პონგი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები  უარს არასოდეს იტყვის იმ პროგრამულ ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოს თუნდაც საერთაშორისო მისიებში გააჩნია.

ამერიკაში შეიძლება პრეზიდენტი რაღაც როლს თამაშობს, მაგრამ გადამწყვეტს -ვერა. ტრამპმა ასეთი რამ რომც  მოინდომოს, შეუძლებელია, სენატი თანხმობას არ მისცემს. მითუმეტეს, ამერიკის შიდა პოლიტიკაში ტრამპის უპირატესობა ჯეჯერობით არ ჩანს. მან რამდენჯერაც საკითხის გატანა მოინდომა, იმდენჯერ დაიბლოკა, ხან სასამართლომ გაუუქმა ბრძანება და ხან სენატმა არ დაუმტკიცა. ამერიკა ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა არ არის, არცერთ პრეზიდენტს სახელმწიფო ამოცანებისგან გადახვევა არ შეუძლია, რადგან იმპიჩმენტი გარანტირებული აქვთ. ამერიკას ძალიან სერიოზული სტაბილური ინსტიტუტები აქვს.  შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია პიროვნებების მიხედვით არ იცვლება. შეიძლება კორექტირება მოხდეს რაღაცის, მაგრამ ასე რადიკალური ცვლილებები არ ხდება.   ამიტომ ამერიკისგან ზურგის შექცევას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ რუსეთის გამო ზურგი შეიძლება ევროპამ შეგვაქციოს. რუსეთი გვინდა, თუ არა, არის ის სახელმწიფო, ვისაც უნდა ველაპარაკოთ. მტერია თუ მოყვარე, პრობლემას ასე არ უნდა შევხედოთ. ჩვენი მტრები იყვნენ თურქები, ირანელები და ვინ არა. ჩერჩილის სიტყვები ამ სიტუაციას კარგად ესადაგება, „არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები.“ ეს საერთო ინტერესები უნდა მოიძებნოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სულ მცირე, რუსეთიდან საფრთხე ავიცილოთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთს სომხეთის სერიოზული პრობლემა აქვს. სომხეთი რუსეთთან სახმელეთო და საზღვაო კავშირებს მოწყვეტილია,  მტრულ დამოკიდებულებაშია თურქეთთან და აზერბაიჯანთან, პრაქტიკულად, ანკლავურ ჩიხშია. თუ მათ მაგისტრალური კავშირის საშუალება არ მიეცათ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდება. არადა, რუსეთს სამხედრო ბაზები სომხეთში აქვს განლაგებული. ამიტომ რუსეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიზე საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობას ემსახურებოდეს. რადგან მათ ასეთი მაღალი ინტერესი აქვთ,  ეს ინტერესი ჩვენთვისაც მომგებიანი უნდა გახდეს, რაღაცაში გაიცვალოს. ხომ გეუბნებით, არის ისეთი საგანი, რომელიც ორივე მხარისთვის თემატურ ინტერესს აჩენს. რამდენად სწორად იქნება ეს დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და რამდენად მოემსახურება ქვეყნის  ამოცანებს, ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და არა რუსეთზე. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ძაღლის თავი ჩვენს ხელისუფლებაშია დამარხული და არა რუსეთის ხელისუფლებაში.

- რუსეთმა სირიაში სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვა, ხომ არ ფიქრობთ, საქართველოსთვის შანსი უკვე ხელიდან გაშვებულია? მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ ერთპოლუსიანი იყო და ამერიკის ჰეგემონიის ქვეშ იმყოფებოდა, ვერ მოვახერხეთ რუსეთთან მოლაპარაკება და უკეთესი პოზიციებიდან საკუთარი ინტერესბის დაცვა. რუსეთი უკვე სხვა ტონით ესაუბრება მსოფლიოს. პუტინმა ულტრათანამედროვე იარაღის ჟღარუნის ფონზე ღიად განაცხადა: ახლა მოგიწევთ ჩვენთან დალაპარაკება”. ხომ არ ფიქრობთ, რომ იმაზე გვიანია, ვიდრე გვგონია? ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოსკოვის მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებაც ამის დასტური ხომ არ არის?

-ტატუნაშვილის მკვლელობა პირდაპირ პოლიტიკური არ არის, მაგრამ სარჩული, ცხადია, პოლიტიკური აქვს.მითუმეტეს, რომ ის ნაბრძოლი იყო და იქაურ ხელისუფლებას ანგარიშსწორების მოტივაცია ჰქონდა. პრობლემებს ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლება ქმნის,

მე ვფიქრობ, რომ შანსი ყოველთვის არსებობს, საქართველო  რუსეთთან მიმართებაში საპირწონე არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. რუსეთი დასუსტდება თუ არა, ის მაინც დომინანტ მოთამაშედ დარჩება. საქართველო ისეთ გზაჯვარედინზეა, ყველას ჭირდება, ამერიკასაც, რუსეთსაც, ევროპასაც.  ინტერესთა თანხვედრა სხვადასხვა მოთამაშეებთან რაც მეტი მოხდება, საქართველოს მით მეტი პოლიტიკური ფუნქცია ექნება. ამიტომ შანსი  არსებობს, ეს ისეთი გეოპოლიტიკური არეალია, ვერცერთი დიდი ქვეყანა ინტერესებს ვერ გაექცევა. მითუმეტეს, როდესაც გარშემო ამდენი ცხელი წერტილია. ამ ერთ გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველაფერი  თავს იყრის, ისლამური და ქრისტიანული სამყარო, ეკონომიკური პროექტები, რაც ჩვენს სახელმწიფოს ფუნქციას სძენს. მაგრამ როგორ იყენებს ამას მთავრობა, ეს სრულიად სხვა საკითხია.

-განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ამ ქვეყანას თავსატეხიც ხშირად უჩნდება. აჭარაში სამხრეთის მეზობლის გავლენების და  პოლიტიკურ-ეკონომიკური მადის ზრდა სერიოზულ გამოწვევად იქცა.  გრძელვადიან პერსპექტივაში აწყობს რუსეთს მის საზღვრებთან თურქული ფაქტორის გაძლიერება? ან შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ „ერთ მშვენიერ დღეს“ თუნდაც ყირიმის აღიარების სანაცვლოდ რუსეთმა სამხრეთ კავკასიის რაღაც ნაწილი თურქეთს  დაუთმოს?

-რუსეთი არავის არაფერს დაუთმობს, ეს არის „ველიკოდერჟავული“ სახელმწიფო  და ერთ მტკაველს არავის დაუთმობს, მითუმეტეს, თურქებს.  თურქეთი პანისლამისტური ცენტრია, მისი გაძლიერება რუსეთის დასუსტებას ნიშნავს. ამიტომ მოსკოვის ინტერესებში  თურქეთის დასუსტება უფრო შედის. როგორი სიახლოვეც არ უნდა ჰქონდეთ ერდოღან-პუტინს, რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებში თურქეთის აღზევება არც ყოფილა და არც იქნება, ეს ბოლოს და ბოლოს რელიგიური დაპირისპირებაა.

-მაგრამ დღეს აჭრაში თურქული ეკონომიკური ექსპანსია სახეზეა...

-ეს არის დღეის ინტერესი, რომელიც თუნდაც ამერიკასთან საპირწონედ რუსეთს ამ მომენტისთვის გააჩნია. სირიის ომში თურქეთის განეიტრალებამ რუსეთს წარმატებები მოუტანა, მაგრამ პირიქით რომ ყოფილიყო და თურქეთს სირიაში ანტირუსული პოზიცია დაეკავებინა, რუსები წარმატებებს ვერ მიაღწევდნენ. ანუ, დასჭირდა რუსეთს? - დაათბო თურქეთთან. აღარ დასჭირდება? -გააციებს ისევ.  ასეთი ტიპის სახელმწიფოების თამაშის წესი ასეთია.

-როგორ  შეაფასებთ   ისლამიზაციისკენ მიდრეკილი თურქეთიდან მომდინარე საფრთხეებს? მართალია, ანკარა სირიაში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციებს ქურთულ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ხსნის და ოკუპაციურ მიზნებს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ დამასკოს ამის სულაც არ სჯერა. აფრინში უკვე თურქული დროშა ფრიალებს და ერდოღანი იქ შეჩერებას არ აპირებს. სახელმწიფოებს სამხედრო ინტერვენციების განხორციელება ტერორიზმთან ბრძოლის,“ „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ თუ  „გაგანია“ მუსლიმანურ ქვეყნებში „დემოკრატიის დამყარების“ სახელით უხეხულობას სულაც არ უქმნით. აქედან გამომდინარე, თუკი თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში მიზანს მიაღწია, არსებობს თუ არა საშიშროება იმისა, რომ საფრთხის ქვეშ საქართველოც აღმოჩნდეს? მითუმეტეს, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან პარტნიორობის მიუხედავად, რუსეთმა თურქეთს ხელი არ შეუშალა და აფრინიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანით თურქეთს ერთგვარად მწვანე შუქიც აუნთო...

-საერთოდ, სირია, როგორც სახელმწიფო, ისტორიულად არასდროს არსებობდა. ოტომანთა იმპერიის მთელი ისტორიის განმავლობაში სირია თურქეთის შემადგენლობაში შედიოდა, ალეპო ყოველთვის თურქი სულთნების დედაქალაქი იყო. და დღემდე ასე თვლიან.

-ერდოღანმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა: "თურქეთი მარტო ეს თურქეთი არ არის, თურქეთის ინტერესებში შედის  ქალაქ-რეგიონები: კვიპროსი, ხალეპი, მოსული, ერბილი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა და ეგეოსის კუნძულები.თუკი თურქეთი ოტომანთა იმპერიის ზმანებებიდან გამომდინარე, ალეპოს დღესაც თავის ქალაქდ განიხილავს, რამდენად რეალურია საფრთხე იმისა, რომ მათ პოლიტიკურ თვალსაწიერში ბათუმიც მონიშნული იყოს?  

-ეს ნოსტალგიაა, თურქეთს დღეს იმის ძალა არ გააჩნია, რომ ოტომანათა იმპერიის საზღვრებზე იფიქროს, თუმცა აჭარაში მუშაობისას ნანახი მაქვს  1927 წელს თურქეთის მეჯლისის მიერ მიღებული „საღვთო კანონი“, რომლის მიხედვითაც, ის ტერიტორიები, რომელზედაც მათ ისტორიული პრეტენზიები აქვთ, თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. ამავე კანონით, აჭარა თურქეთის შემადგენლობაში განიხილება. ეს არავის გაუუქმებია, პირიქით, 1967 წელს კიდევ დაამტკიცეს და ამ კანონს ვადა გაუგრძელეს. სასკოლო ლიტერატუარში ის ტერიტორიები, რომლებზედაც თურქებს პრეტენზია გააჩნიათ, დღემდე შტრიხებით არის ილუსტრირებული. ამ შტრიხოვან ნაწილში არის აჭარაც, ბავშვებს ასწავლიან, რომ ეს მიწები  საერთაშორისო ურთიერთობების გამო დროებით დაკარგეს და რომ ამოცანა თურქული ნაციისა, ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. კი, ბატონო, ეს არის შიდა იდეოლოგია, მაგრამ ამ საზღვრებში თურქთის აღდგენა, მე ფანტაზია მგონია. ბათუმთან მიმართებაში არსებობს როგორც „ყარსის“, ასევე „მოსკოვის“ხელშეკრულება. “ყარსის“ ხელშეკრულება სულ რომ გადახიონ, „მოსკოვის“ ხელშეკრულებას ვერსად წაუვლენ, რადგან ეს  რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას ნიშნავს. ამას თურქეთი არ დაუშვებს. თურქეთის იმპერია რუსეთის დანგრეულია, არავინ დაიტრაბახოს, რომ ოტომანთა იმპერია ვინმე სხვამ დაასრულა. მე თვითონ არაერთხელ მისაუბრია თურქ პოლიტიკოსებთან, რომელთაც როგორ გითხრათ, ავადმყოფური შიში აქვთ რუსული პოლიტიკის. სანამ რუსეთი ასეთი ძლიერია, თურქები ვერც კი გაბედავენ რომელიმე მიწაზე პრეტენზია განაცხადონ.

თანაც ახლა თურქეთს ევროპასთან და ამერიკასთან ძალიან გართულებული ურთიერთობა აქვს. თურქეთი ვერც ევროპას და ვერც ამერიკას ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებით საბაბს ვერ მისცემს. ეს თურქეთის დასასრული იქნება, მითუმეტეს, თუ თურქეთს რუსეთიც გამოეცალა ხელიდან. არა, ამას ისინი ვერ გაბედავენ.

- გამოდის, რუსეთი  ბუნებრივი მოკავშირე და  სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეების  გამანეიტრალებელი ფაქტორია მისივე ინტერესბიდან გამომდინარე?

-  კი ბატონო, ამ შემთხვევაში, როგორ ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი გარანტია ყარსის ხელშეკრულების პირობებისა, არის რუსეთი.

-ბოლო დღეებში კიდევ უფრო დამძიმდა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ბოლო დაძაბულობა დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი მზვერავის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას მოჰყვა. რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს რუსეთსდა ევროპის რიგ ქვეყნებს შორის მიმდინარე დიპლომატიური ომი?  

-გერმანიაში რუსეთის მიმართ ერთსულოვანი პოლიტიკა არ არის. ზეწოლებია მერკელზე. გერმანიაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვს სანქციები მოუხსნან და ამერიკის დირექტიული პოლიტიკის შესასუსტებლად რუსეთთან  ითანამშრომლონ. შეერთებული შტატები ევროპისთვისაც პრობლემად იქცა, მითუმეტეს, აღმოსავლეთის საკითხებში, სადაც ამერიკა არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ ახედებს. ერთადერთი, რუსეთს აქ სამხედრო თვალსაზრისით მოუწია როლის შესრულება. ხაზის გასმა ხდება იმაზე, რომ ძალა სამართალი არის და არა დიპლომატიური ურთიერთობა. ეს თამაში რა ფორმას მიიღებს, ჯერჯერობით გაურკვეველია, იმიტომ რომ თავად რუსეთიც არ არის დაზღვეული იმ საფრთხისგან, რომელიც დასავლეთის მიმართ არსებობს. თუ რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან საერთო ენა ვერ გამოძებნა, მარტო მოთამაშედ დარჩება.  ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი,  ცივი ომი არ დასრულდება, მაგრამ რუსეთის ამოგდება ამ დიდი თამაშიდან შეუძლებელი იქნება. მგონია, რომ რუსეთს სანქციებს მოუხსნიან და გერმანია რუსეთს დაუახლოვდება.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ის თავს ყოველთვის დამოუკიდებლად გრძნობდა, არც ამერიკაზე და არც ევროპაზე ჩამოკიდებული არ ყოფილა. ერთი საუკუნეა, რაც ინგლისის ფუნქცია ამერიკამ აიღო, თორემ მანამდე  მსოფლიო „დერჟავა“ ინგლისი იყო. ის კარნახობდა მსოფლიოს ყველაფერს, მაგრამ შემდეგ მათი პოლიტიკა იმ აზრამდე მივიდა, რომ ინგლისს ინგლისელებისთვის უნდა მიეხედა და რეზერვაციებთან კონფლიქტი დაესრულებინა. ასეც მოხდა, მისი კონტროლიტრებადი სახელმწიფოები გათავისუფლდნენ კოლონიალიზმისგან. სად იყო ამერიკა, როდესაც მსოფლიო წესრიგს ინგლისი ქმნიდა.  ისინი კვლავ რჩებიან მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებად და თავიანთ პოლიტიკას ამერიკისგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ. ბოლო ორი საუკუნეა ბრიტანეთი ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას ეწევა. არცერთი კონფლიქტის მოთავე არ არის, მაგრამ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერში მონაწილეობს, ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ- ფარულად. თუ სარგებელს ნახავს კიდევ მიიღებს მონაწილეობას და თუ დანაკარგს ნახავს,- არა.

-გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილმა რუსეთი სირიაში მოსახლეობის ქიმიური იარაღით დახოცვაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ თუ გაერო არ იმოქმედებს, ამერიკა მზადაა, სირიაში რუსეთის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. რეალურად მოსალოდნელია თუ არა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკებები სირიაში?

-ასეთი შეტაკება უკვე მოხდა, როდესაც ამერიკელებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სირია არის პოლიგონი, სადაც ძალების დემონსტრირება ხდება, მაგრამ სირიელების ბედი არავის აინტერესებს. იქ მხოლოდ იარაღის გამოცდა, ფულის შოვნა, ნავთობზე კონტროლის მოპოვება აინტერესებთ. ამერიკა და რუსეთი მსოფლიოს აჩვენებენ, რომ მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ვისთანაც უნდა შეთანხმდენ, თორემ კონფლიქტი არ აცდებათ. მე ვფიქრობ, სირიის კონფლიქტით ისრაელის და ირანის პრობლემაც რეგულირდება. არაბულ სამყაროს და ისრაელს შორის საომარი რიტორიკა სულ იყო.. სირიის მაგალითმა ირანსაც და ისრაელსაც დაანახა, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებიან,  მათ ქვეყნებშიც იგივე განმეორდება.

ტერორისტებს დიდი სახელმწიფოები რომ არ ეხმარებოდნენ, ერთ დღეში გაქრებოდნენ, მაგრამ ტერორისტებს  ფულითაც ამარაგებენ  და იარაღითაც. არმიას რომ ებრძოლო, ფილთა თოფი არ გეყოფა, შესაბამისი შეიარაღება უნდა გქონდეს, რასაც  კოლოსალური სახსრები ჭირდება.

-ტერორისტების მხარდაჭერაში ყველა სახელმწიფო ერთმანეთს ადანაშაულებს.  სხვათაშორის, ტრამპა წინასაარჩევნო პროცესის დროს ჰილარი კლინტონს „ისლამური ხალიფატის“ შექმნაში ღიად დასდო ბრალი...

-ჰოდა, გამარჯობა, თუ შეერთებული შტატები ტერორისტებს ახალისებს და ხელს უწყობს, ე.ი. პროვოცირებული იყო იმისთვის, რომ ამ ყველაფერში მერე შტატები ჩართულიყო.  თურქებსაც აწყობთ სირიის არეულობა, იმიტომ, რომ  მათი პრობლემა ქურთებია. მე არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთმა თავის ტერიტორიაზე ქურთული კონფლიქტი მიიღოს.  როგორც კი სირია დალაგდება, შემდეგ ქურთული კონფლიქტი დაიწყება.

-მაშინ, როცა ჩვენს სამეზობლოში ცეცხლის კერებია, ხოლო რეგიონში მოთამაშე მთავარ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობს, საქართველოს ხელისუფლებამ რა ტიპის პოლიტიკა უნდა განახორციელოს?

-ეს საერთაშორისო კონფლიქტია, ამიტომ საქართველომ ნეიტრალური როლი უნდა ითამაშოს, სხვა შემთხვევაში სარგებელს ვერნაირად ვერ მივიღებთ. ქვეყნის და ხალხის მოყვარული ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს, მოდუნებული და კონფორმისტი მთავრობა კი პირად ხეირზე ფიქრობს, არ უნდა ძალაუფლება  დაკარგოს, სხვა ინტერესი არ ამოძრავებს. აი, ეს არის, თორემ შანსები ამ ქვეყანას თავისი ადგილმდებარეობის გამო ყოველთვის ექნება.