კულტურა
„რა გზასაც ახლა შეგვაყენეს გადამთიელმა სახელმწიფოებმა, ეს გარდაუვალი დაღუპვაა“ -რატომ ვერ მოხერხდა მეწარმეების ჩართვა გურამ ქართველიშვილის ფილმის -„ბახტრიონი 1659“-ის გადაღების პროცესში?
„რა გზასაც ახლა შეგვაყენეს გადამთიელმა სახელმწიფოებმა, ეს გარდაუვალი დაღუპვაა“ -რატომ ვერ მოხერხდა მეწარმეების ჩართვა გურამ ქართველიშვილის ფილმის -„ბახტრიონი 1659“-ის გადაღების პროცესში?

ერთი საწარმო = სამს, სამი - ცხრას და ასე დაუსრულებლად... ყოველმა მათგანმა მოცემულ ანგარიშზე გარკვეული თანხა უნდა ჩარიცხოს და ქველმოქმედებისთვის სხვა საწარმოებიც „გამოიწვიოს“. აქცია, რომელიც თუშმა მეწარმემ, გიორგი სეხნიაიძემ წარმოიწყო, მიზნად ფილმ ,,ბახტრიონი 1659‘’-ის გადაღებისთვის საჭირო თანხების შეგროვებას ისახავს. საქველმოქმედო აქციაში, ქართველ მეწარმეებთან ერთად, პროექტის ფინანსური დახმარებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ, ჩაერთონ.  

-,,მიმაჩნია რომ პროექტი ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია“ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ქართველი ხალხისთვის, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, გადამღებ ჯგუფს  იმ ეპოქის გაცოცხლებაში დავხმარებოდი, რომელშიც თუშებს ლომის წვლილი აქვთ შეტანილი. აქციის წესები მარტივია: ესა თუ ის ქართული საწარმო  იწვევს სხვა სამ საწარმოს, კომერციულ, სასტუმრო ან კვების ობიექტს, რომლებმაც ,,ბახტრიონის“ გადაღებისთვის შექმნილ ანგარიშზე 5, 10, 15, 20  ან მეტი ლარი უნდა  ჩარიცხონ  და სამი სხვა ობიექტი გამოიწვიონ. თანხის გაღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებსაც...

როცა ეს კამპანია წამოვიწყე, დიდი იმედი მქონდა, რომ ბევრი მეწარმე ჩაერთვებოდა საქმეში, თუმცა, რეალურად, ეს ასე არ მოხდა,  არადა ისტორის ცოდნის და დაფასების გარეშე  არაფერს არ აქვს აზრი, აღნიშნული პროექტი კი ამის სწავლის კარგი შანსია. სხვათა შორის, ამ ქვეყნის მეწარმეები ქართული მიწიდან ვიღებთ შემოსავალს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ბახტრიონის და სხვა ბრძოლებით მოგვიტანეს აქამდე და მათ მსგავსად სისხლს თუ არა ცოტა ოფლს მაინც თუ მოვიდენთ სამშობლოსთვის  და ცოტა წვლილს ჩვენც შევიტანთ მისი ისტორიის გაცოცხლებაში,  ამით არაფერი დაგვაკლდება“ - აღნიშნავს   20 წლის მეწარმე, თუშური ბალახეული ჩაი ,,უშარო“-ს დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაიძე  ,,sazogadoeba.ge-სთან საუბარში.

პროცესში მეწარმეების ჩართულობის სიმცირეზე sazogadoeba.ge-სთან საუბრობს ფილმ ,,ბახტრიონ 1659“-ის რეჟისორი,  პროექტ  ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიის“ ავტორი გურამ ქართველიშვილიც:

-,,შიდა მეწარმეებს უჭირთ პროექტში ჩართვა, ისიც უნდა ითქვას, რომ იდეოლოგიური ფონიც სხვანაირია ჩვენთან. საქართველოში ნაკლებად აინტერესებთ და უფრო მეტიც, პირდაპირ უპირისპირდებიან და ებრძვიან აღნიშნულ თემას. დახმარებით სულ სამიოდე მეწარმე დაგვეხმარა, ძირითადად, ემიგრანტებმა გაიღეს თანხები   და პირველი სცენაც დაიდგა, რომელშიც დიდი შრომაა ჩადებული. ფილმის  თრეილერს, რომელსაც სარეკლამო სახე ექნება, მაყურებელი მალე იხილავს და შეაფასებს. ფინანსებიდან გამომდინარე,  ამჟამად  იმასაც ვფიქრობ, რომ  ფილმი, შეიძლება, მთლიანად მხატვრული არ გავაკეთო, მაგრამ გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შედეგი მაინც კარგი დაიდება...

მინდა, მკითხველსაც და სპონსორებსაც მივაწვდინო ხმა, რომ მე ამ ფილმს არ ვუყურებ კომერციულად, მიმაჩნია, რომ ასეთი  პროექტის კეთებისას  მოგებაზე  და თანხის ამოღებაზე არ უნდა იფიქრო, გადაღებისას ვახერხებთ თანხის დაზოგვას.  ზოგჯერ 500 ლარიან საქმეს ვაკეთებთ 200 ლარში. ამაში ის მოსახლეობა გვეხმარება, სადაც გადაღებები მიმდინარეობს, მაგალითად,  გადასაღებ მოედანზე  მოხალისედ ცხენით თუ მოგვივიდა მხედარი მარტო ამაში დღეში 300 ლარამდე   იზოგება. რაც შეეხება მსახიობებს და  გადამღებ ჯგუფს, ისინიც არ იღებენ იმ ჰონორარს, რაც წესით ეკუთვნით ასეთი სამუშაოსთვის, ზოგი უარსაც კი ამბობს ჰონორარზე,  მაგრამ მოგეხსენებათ დღევანდელი ყოფა- ძირითადად გაჭირვებულია საზოგადოება და ძნელია უფულოდ მუშაობა.

-და მაინც, რატომ ვერ შეგროვდა თანხა? როგორ ფიქრობთ, ეს ინფორმაციის ნაკლებობის გამო მოხდა, თუ თვითონ საზოგადოება ღმოჩნდა გულგრილი?

-უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ თემას ტელევიზიები არ აშუქებენ, როგორც უკვე მკითხველმაც და მაყურებელმაც კარგად იცის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია“ საერთოდ დახურეს და  ვისგან რა დახმარებას ან მხარდაჭერას უნდა ველოდო, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

წელიწადი და 2 თვეა მე და ჩემი მეუღლის დაუღალავი შრომით, ჩვენვე გაკეთებული პიარით   რაღაცეები დავძარით.   ვფიქრობ, როდესაც თრეილერი გამოვა, ხელს შეუწყობს ამ საქმის ახალი ძალებით გააქტიურებას და როდესაც მაყურებელი იხილავს, რას ვიღებთ, მეტად ჩაერთვებიან ე.წ ,,მოტორი“ ადამიანებიც.

გადასაღებად ბახტრიონი შემთხვევით არ ამირჩევია, ქართველების გამოფხიზლების დროა. თქვენ რა გგონიათ, მართლა სძინავს ხალხს?  მოგეხსენებათ, ვიდეომიმართვები დავიწყე ფეისბუქის საშუალებით, ჩემთან მოდის უამრავი ინფორმაცია, უამრავი ადამიანი ნახულობს   ამ ვიდეოებს, ძალიან დიდი დაინტერესებაა საზოგადოების მხრიდან, პირად მიმოწერებს ვეღარ ავუდივარ. ვგრძნობ, რომ ხალხმა ყველაფერი იცის, მაგრამ არ სჯერა პოლიტიკოსების, მათ ჩემნაირი ხალხოსნების უფრო სჯერა, ვისაც არაფერი უნდა ამ ქვეყნის კარგად ყოფნის გარდა. მინდა, რომ მაკეთებინონ ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მტერი აღარ უნდა მოვიყვანოთ სათავეში, ამას, რასაც დღეს ესენი აკეთებენ, ჰქვია მტრობა, რასაც, მაგალითად, შაჰ-აბასი აკეთებდა. ყველა ერს თავისი პასპორტი აქვს, ეს პასპორტი არის მისი ისტორია - გავლილი გზა დაბადებიდან-დღემდე, ისევე როგორც პიროვნებამ, ერმა თუ საკუთარი ვინაობა არ იცის,  წარმოუდგენელია რაღაცის შექმნა ან აშენება. ასეთ რეჟიმში მყოფი ერი სხვა სახელმწიფოს ხელში და გავლენის სფეროში ძალიან ადვილად ექცევა და იწყებს მისი თამაშით თამაშს. გაუცნობიერებელ ერზე ზემოქმედება ძალიან ადვილია, ხოლო როდესაც შეიარაღებულია ცოდნით და კარგად იცნობს საკუთარ თავს, ისე მოქმედებს და ლავირებს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში, როგორც თავისი წინაპარი მოქმედებდა. ფაქტია, რომ აქამდე მოვედით და რა გზასაც ახლა შეგვაყენეს გადამთიელმა სახელმწიფოებმა, ეს გარდაუვალი დაღუპვაა. 

„ვაი იმ ერს, ვისაც ღმერთი გასწყრომია და თავის ისტორია დაუვიწყებიაო“ - ამბობს ილია. საზოგადოებასთან ერთი  თხოვნა მექნება,  მივეჩვიოთ და ვისწავლოთ შიშველი სიმართლის მოსმენა! ეს არა მარტო გამოსავალია ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან, არამედ წარმატების საწინდარია.ტყუილად უმტკიცებენ ხალხს, რომ წარმატების საწინდარი ქვემძრომობა და ყველაფრის კადრებაა, რასაც დღეს ტელევიზიიდან გვიქადაგებენ. დააკვირდით, თუნდაც ბიზნესში ვის რად უნდა ასეთი თვისებები, ყველას პირიანი კაცი სჭირდება საქმის დასაჭერად, უსმინეთ სიმართლეს, ეს სახლემწიფოსაც შეგვინახავს და პირად ცხოვრებასაც ბევრად უფრო გააუმჯობესებს. თავის მოტყუება სავალალო შედეგებს იწვევს და საბოლოოდ სიკვდილამდე მივყავართ".

 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ,,ბახტრიონი 1659“-ის  გადაღებები თიანეთში დაიწყო, თუმცა  გარკვეული პერიოდის შემდეგ სამუშაოები შეწყდა. რეჟისორის თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მართული პროცესი იყო.  ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა ყაზბეგში-სოფელ ყანობში გადაინაცვლა. გადაღებებში  ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. ამჯერად პროცესი ფინანსების არქონის გამო შეჩერდა. ამ ეტაპისთვის უცნობია მისი განახლების დრო და შესაბამისად, დასრულების თარიღიც.