პოლიტიკა
ჰამლეტ ჭიპაშვილი:„შედეგი იქნება უმძიმესი, შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს და ამბის მთქმელიც აღარ დარჩეს მსოფლიოში“ -სკრიპალის“ საქმე -კრემლის შურისძიება თუ დასავლეთის მიერ დადგმული ფარსი?
ჰამლეტ ჭიპაშვილი:„შედეგი იქნება უმძიმესი, შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს და ამბის მთქმელიც აღარ დარჩეს მსოფლიოში“ -სკრიპალის“ საქმე -კრემლის შურისძიება თუ დასავლეთის მიერ დადგმული ფარსი?

რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმდინარე დიპლომატიური ომი სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. კონფრონტაცია, რომელიც „სკრიპალის“ საქმით დაიწყო, რუსეთს კუთხეში მიმწყვდევით ემუქრება. ოცდაათი სახელმწიფო ლონდონს სოლიდარობას უცხადებს და რუს დიპლომატებს ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნიდან აძევებს.

„მოსკოვმა დიდ ბრიტანეთზე თავხედური და უგუნური შეტევა განახორციელა. ეს იყო აგრესიული ქცევა ევროპის წინააღმდეგ,“-აცხადებს ტერეზა მეი. ბრიტანეთს სოლიდარობას ვაშინგტონიც უცხადებს და უფლებამოსილებას სამოც რუს დიპლომატს უჩერებს.

შეერთებული შტატების დეპარტამენტი ქვეყნებს, რომელთაც ლონდონს მხარი აუბეს, მადლობას უხდის, მათ შორის ხვდება საქართველოც, რომელიც  თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მივლინებულ ერთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

ევროკავშირი სკრიპალის მოწამვლას გმობს, თუმცა გაერთიანება ამ საქმეში ერთსულოვანი მაინც არ არის. კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა დიპლომატების გასაძევებლად მტკიცებულებებს დაჟინებით ითხოვს. სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დიდ ბრიტანეთს ამ დრომდე არ წარმოუდგენია. 

რუსული მხარე დასავლეთის ქმედებებს „შავ პიარად“ აფასებს და სამაგიერო „სიურპრიზის“ ჰპირდება. მოსკოვი რუსი დიპლომატების გაძევებას ე.წ. სარკისებური მეთოდით, „კბილი კბილის წილ“ პაუხობს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ლონდონს აკისრებს. რუსეთს სამოცი ამერიკელი დიპლომატი ტოვებს, იხურება სანკტ-პეტერბურგში მოქმედი შტატების საკონსულოც. რუსული მხარის განცხადებით, ანალოგიური საპასუხო ქმედებები იქნება ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრიტანეთს სოლიდარობას გამოუცხადებს.

„საკუთარი თეორიის დამტკიცება არ შეუძლით და მსოფლიო მასშტაბის შავი პიარის კონცეფციაზე გადავიდნენ, ეს არის უდიდესი ავანტიურა,“-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა.“

კრემლის შურისძიება თუ დასავლეთის მიერ დადგმული ფარსი, რომლის აგორებაშიც მედიამ მთავარი როლი შეასრულა? როგორია „სკრიპალის“ საქმის რეალური არსი?  ვინ დგას საერთაშორისო სკანდალის უკან? რა არის რუსეთ-დასავლეთს შორის დაწყებული დიპლომატიური ომის ნამდვილი მიზანი? რამდენად პრაგამატულად მოიქცა საქართველო, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ცალსახად ბრიტანეთის მხარე დაიჭირა? ამ და სხვა აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე Sazogadoeba.ge-პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება:

-ბატონო ჰამლეტ, როგორია  „სკრიპალის მოწამვლის“ საქმის არსი და ანატომია? ხომ არ ფიქრობთ, რომ  სკრიპალი ასე ვთქვათ, მხოლოდ „ნივთიერი“ საბაბია რუსეთ-დასვლეთს შორის დიპლომატიური ომის დაწყების?

-დიახ, ასეა, რუსეთს საერთოდ არ სჭირდებოდა არც სკრიპალის და არც მისი ქალიშვილის მოწამვლა. სკრიპალი იყო ბრიტანეთის აგენტი, თავის დროზე  რუსეთის სამხედრო დაზვერვაშიც მუშაობდა. სკრიპალი მოსკოვში გაასამართლეს, ციხეში იჯდა, შემდეგ ერთ-ერთ პიროვნებაში გაცვალეს. სკრიპალს რომ რაღაც უმაღლესი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონოდა, მაშინ მას რუსეთი არც გაათავისუფლებდა და არც დასავლეთში გაუშვებდა  საცხოვრებლად. ეს  თავიდანვე აბსოლუტურად შეთითხნილი ამბავია. ის ცხოვრობდა ინგლისში, როგორც ირკვევა, საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა როგორც ამერიკის, ასევე ინგლისის სპეცსამსახურებთან. ამდენი წლის განმავლობაში სკრიპალი საერთოდ არავის გახსენებია. ახლა უცებ ახსენდებათ და ხდება მისი მოწამვლა.

„ნოვიჩოკი“, ნივთიერება,  რომლიც სკრიპალის მოსაწამლად გამოიყენეს, საბჭოთა კავშირის დროს უზბეკეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში  მზადდებოდა, მისი ფილიალი იყო უკრაინაში. „ნოვიჩოკი“ ეს არის კრებსითი სახელი, იქ კიდევ რამდენიმე ქიმიური კომპონენტია დამატებული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ქარხანა იყო, ამერიკელები შევიდნენ და ეს ქარხანა მათ ხელში აღმოჩნდა. ასე რომ, რუსეთს ამ ქარხანასთან კავშირი არ ჰქონია. რუსეთი იმ სახელმწიფოთა შემადგენლობაშია, რომელიც საერთოდ ქიმიური იარაღის დამზადების წინააღმდეგია. საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც დაკავშირებულია გაეროსთან, შეამოწმა ყველაფერი და ჩათვლა, რომ რუსეთმა ყველა მოთხოვნა შეასრულა და გაანადგურა ყველა ქიმიური იარაღი, რაც მას სსრკ-ს დროიდან ჰქონდა გადმოცემული. ამ დროს შეერთბულ შტატებსაც ჰქონდა ვალდებულება აღებული, რომ ქიმიური იარაღის საწარმოები მასაც გაენადგურებინა. ამერიკლელებმა თქვეს ასეთი რამ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამისთვის ფული არ გვაქვს და ვერ გავანადგურებთო. ამით მათ დაარღვიეს ხელშეკრულება, რაც შეერთებულ შტატებს კარგად ნამდვილად არ წარმოაჩენს. ასეთი ისტორია აქვს ამ ამბავს.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და იურიდიულად -არა, რაში დასჭირდა მოსკოვს რუსული წარმოშობის ბრიტანეთის ყოფილი აგენტის მოწამვლა? თანაც რა პერიოდში, როდესაც რუსეთში  საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია  კულიმინაციურ ეტაპზე იყო? აწყობდა რუსეთს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ დამდგარიყო და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩირქი მოსცხებოდა?  გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ზაფხულს  ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატრება რუსეთში. მას სულაც არ აწყობს მსოფლიოში ასეთი სახის აჟიოტაჟის შექმნა.

-იქნებ რუსეთი მოვლენების ამგვარ განვითარებას და ასეთ შედეგს არც ელოდა?

- „ასეთ შედეგს არ ელოდა“ -უბრალოდ, სასაცილოა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს  სერიოზულ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. კაცის მოწამვლა მკვლელობის მიზნით, ისიც ყოფილი აგენტის, ეს ყოველთვის გამოიწვევს სერიოზულ გართულებებს. მითუმეტეს,  ლიტვინენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს ჰქონდა  გამოცდილება. ლიტვინენკოც აგენტი გახლდათ,  ჯერ რუსეთის, შემდეგ ბრიტანეთის, მოწამლეს ინგლისში და ამასაც აბრალებენ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი დაბეჯითებით მოითხოვდა ლიტვინენკოს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართვას, ცხადია, არც არავინ ჩართო და ის გამოძიება ელემენტარულად დასრულებულიც არ არის. ასე უბრალოდ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ინგლისი ლიტვინენკოს მკვლელობაში ხელს ადებს რუსეთს. ახლა გავყვეთ, ინგლისში რუსეთიდან გაქცეული ბევრი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს, ვინაიდან მათ გაძარცვეს რუსეთი და იქ არ დაედგომებათ. ინგლისმა ამ ყველა ნაძირალას და ქურდს კარი გაუღო, ვინაიდან რუსი მილიონერები ბრიტანეთის ხაზინისათვის დიდი შემოსავლის წყაროა. თანაც ისენი თითქმის ყველა რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. ბერეზოვსკი, მილიარდერი, რომელიც ელცინის დროს მაღალ თანამდებობაზე იყო, ინგლისში ცხოვრობდა. მას ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა სპეცსამსახურებთან.  როდესაც ბერეზოვსკიმ  შეატყო, რომ ინგლისში მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა, პუტინს მონანიების წერილი მისწერა. პასუხის მიღებაც კი ვერ მოასწრო, რომ საკუთარ სახლში, აბაზანაში ჩამოხრჩვალი იპოვეს. აქ უკვე რუსეთს პირდაპირ აღარ ადანაშაულებენ, მაგრამ ინგლისის სპეცსამსახურები და პოლიტიკოსები ეჭვებს მიზანმიმართულად მაინც აჩენენ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. ავიღოთ, იგივე ბადრი პატარკაციშვილის ამბავი, რომელიც სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში გულის შეტევით, არადა მას პრობლემები არ უნდა ჰქონოდა, რადგან ორი თვით ადრე ინგლისში დისპანსერიზაცია გაიარა და ყველაფერი ნორმალურად იყო. რუსეთს უკვე მწარე გაკვეთილები ჰქონდა. ამ გარდაცვალებებთან დაკავშირებით ხელს მას ადებდნენ და ამ დროს აბსოლუტურად არანაირ შუაში არ იყო. ძალიან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო რუსეთის ხელისუფლება, რომ  სკრიპალის მოწამვლის შემთხვევაში ასეთი რეაქცია ვერ გაეთვალა.

-მაშინ ვთქვათ, რა იმალება ამ ყველაფერის უკან?

-ამის უკან ძალიან ბევრი რამ დგას, აქ არის პოლიტიკური მომენტები, ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსეთი დასავლეთისთვის მისაღები მაშინ იყო, როდესაც ელცინის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს ემონებოდა, როდესაც ამერიკელები კრემლში ფეხით აღებდნენ მაღალი თანამდებობის პირების კარს. ამ ყველაფერს ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამ წერტილი დაუსვა. რუსეთმა ელცინის დროს ფაქტირად, სუვერენიტეტი დაკარგა და დასავლეთის მონა გახდა. პუტინმა და ახალმა ხელისუფლებამ არ მოისურვეს ასეთი მონური ყოფის გაგრძელება და  სრულიად დამოუკიდებელი კურსის გატარება დაიწყეს. ეს გამოხატა კიდეც პუტინმა 2007 წელს მიუნხენში გამოსვლის დროს. მან მაშინ თქვა, რომ მსოფლიოში არის სახელმწიფო, რომელიც ყველა დანარჩენი ქვეყნის დამონებას ცდილობს და ამას უნდა დაესვას წერტილი. აქედან გამომდინარე, პუტინი ყველამ შეიძულა, ისინი ახლა ფეხზე წამომდგარი რუსეთის მაქსიმალურად გარიყვას ცდილობენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აქტიურად ჩაერთო. ეს ამერიკლელებისთვის ძალიან სერიოზული შეშფოთების საგანი გახდა. დასავლეთს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ჩამოგდება და  სირიის ენერგომატარებლების მთლიანად ხელში ჩაგდება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ ყველაფერს რუსეთი შეეწინააღმდეგა და მოახერხა, რომ ამერიკელების მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ხალიფატი“  სირიის ტერიტორიიდან გაეძევებინა. ამით რუსეთმა ამერიკელების მხრიდან  დიდი რისხვა დაიმსახურა. რაც მთავარია, სუპერ სახელმწიფოდ წოდებულ შეერთებულ შტატებს, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა მსოფლიოში, რუსეთის სახით მეტოქე გამოუჩნდა. რუსეთი დაბეჯითებით ითხოვს, რომ მსოფლიო არ იყოს ერთპოლუსიანი, რომ ბატონობას და  დიქტატს წერტილი უნდა დაესვას. რუსეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მოსურნეა, შეერთებული შტატები კი ამის წინააღმდეგია. ვაშინგტონს უნდა ის დიქტატურა შეინარჩუნოს, რომელიც ამერიკას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰქონდა. ამას ეწინააღმდეგბა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და ა. შ.

აი,  ამ პრობლემებმა მოიყარა თავი ასე ვთქვათ, იმ ვითომდა პატარა საბაბში, რასაც „სკრიპალის მოწამვლა“ ჰქვია. როდესაც არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს ჩაიდინა რუსეთმა, ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი იმისათვის, რომ რუსეთი კედელთან მიაყენონ, ჩიხში მოაქციონ და მთელი  მსოფლიო მის წინაააღმდეგ აამხედრონ. 

რუსეთმა მოახერხა ის, რომ დაიბრუნა ყირიმი. არ გამოუვიდათ არც ეკონომიკური სანქციები, არც სხვა რაღაცეები. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს იმისათვის, რომ უკრაინა გადაექციათ ისეთად, როგორიც დღეს არის, რუსეთის პოზიციები მაინც საკმაოდ ძლიერია. ეს ყველაფერი ცხადია, დასავლეთში  ძალიან დიდ გაგულისებას იწვევს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ პუტინმა სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მთელს მსოფლიოს ახალი იარაღი აჩვენა, რომელიც რომელიც გაცილებით დიდი შესაძლებლობების მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი ამერიკული იარაღი, ეს ყველაფერი არის საბაბი იმისა, რომ რუსეთისთვის კიდევ რაღაც  დაებრალებინათ, გაეშავებინათ და ქვეყნები აემხედრებინათ. ეს არის მოკლე ისტორია იმისა, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება. ვიდრე ინგლისი არ დადებს შესაბამის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას, მანამდე მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა. ასეთი დოკუმენტები მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების არაერთი მოწოდებისა, არ ჩანს.

-კონკრეტულად რის მიღწევა სურს დასავლეთს  ამ პროცესით? როგორია თქვენი პროგნოზი, სანამდე შეიძლება მივიდეს რუსეთ-დასავლეთს შორის წამოწყებული დიპლომატიური ომი?

-უპირველსყოვლისა, იმ მიზანს ისახავენ, რომ რუსეთი ყველასთვის მიღებელი გახდეს. ჩვეულებრივი მოქალაქე უყურებს იმ გადაცემებს, რომელიც დასავლური მედია საშუალებების მიერ არის მოწოდებული. ეს მედია-საშულებები პოლიტიკური კონტროლის ქვეშ არიან მოქცეული და იმ ჭორებს ავრცელებენ, რასაც მათ დასავლური პოლიტიკა უბრძანებს. ამით უნდათ, რომ რუსეთი ჩიხში მოაქციონ, რაც საბოლოო ჯამში, მას დააუძლურებს. მათ სურთ მოსკოვი დასვლეთის მონად აქციონ, ისევე, როგორც ეს ელცინის დროს იყო. ხოლო თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს, მაშინ დასავლეთმა პუტინი უნდა აიძულოს, რომ წავიდეს. რუსეთის ხელისუფლებაში ისეთი ხალხის მოსვლა აწყობთ, ვინც დასავლეთს კარს გაუღებს და ქვეყნის გამოხვრის საშუალებას მისცემს, ისევე, როგორც მთელი ახლო აღმოსავლეთი დახრეს და შეჭამეს ნავთობის თუ სხვა თვალსაზრისით.

-დიდი ბრიტანეთს 30-მა ქვეყანამ მხარი უკვე დაუჭირა. რა შედეგით დამთავრდება ყოველივე ეს?

- იცით, რა არის, დასავლეთის წყალობით ძალიან დაძაბული ვითარებაა. ეს მარტო დიპლომატების გაგდებას არ ნიშნავს. რუსეთმაც იგივე ნაბიჯი გადადგა. მოგეხსენებათ,  60 ამერიკელი დიპლომატი გააძევეს და სანკტ-პეტერბურგში ამერიკის საკონსულო დახურეს. ევროპის ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებითაც რუსეთს ყველგან სარკისებური რექცია ჰქონდა.

შედეგი შეიძლება იყოს უმძიმესი, არ არის გამორიცხული სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს, რადგან სხვა გზა უკვე აღარ რჩება. დასავლეთის წყალობით ეს ცივი ომი შესაძლოა, ცხელში გადაიზარდოს. შეიძლება თავიდან ეს არ იყოს ფართომასშტაბიანი და სულ უმნიშვნელო რაღაცით დაიწყოს, მაგრამ მერე ამას რა მოჰყვება, არავინ იცის, შეიძლება  ამბის მთქმელიც აღარ დარჩეს მსოფლიოში, იმიტომ, რომ დღეს სამხედრო კონფლიქტი არის კატასტროფა, კაცობრიობის დაქცევა და მეტი არაფერი. ამას ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ანგარიშს არ უწევენ. არ შეიძლება ასეთი ბრიყვული მოქმედებებით დაუპირისპირდე ისეთ სახელმწიფოს, როგორიც არის რუსეთი, მითუმეტეს, როდესაც ის ამ საქმეში აბსოლუტურად მართალია. ყოველშემთხვევაში, ის რომ რუსეთმა მოწამლა ვიღაც სკრიპალი, ამის დამადასტურებელი ფაქტები დღეს არ არსებობს. ბრიტანეთმა ასეთი დოკუმენტი ვერა და ვერ დადო, არ არის ასეთი ფაქტები და რას დადებს.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები კი არ აძევებს რუს დიპლომატებს, არამედ ახდენს მათ როტაციას, ანუ, ჩანაცვლებას. თუ ეს ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელია, გამართლდა, მაშინ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

-იცით რა, მაგაზე იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა ერთ-ერთ რუსულ არხზე,  „rtr-planeta“-ზე, არის ასეთი გადაცემა „60 წუთი“,  სადაც დასავლელი და რუსი ექპერტები სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას. გაჟღერდა ამის შესახებ, რომ თითქოს ამერიკა სამპც რუს დიპლომატს კი არ აძევებს, არამედ მათ შეცვლას სხვა 60 კაცით აპირებს. ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მსჯელობა მიდის. რამდენად შეეფერება ეს რეალობას, მე ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მთლად კატასტროფასთან გვქონია საქმე.

-რას გულიხმობთ?

-იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი მსოფლიო  მასხრად აიგდო, ააყვირა და  ახლა თავისივე ექსპერიმენტის საწინააღმდეგოდ გამოდის. თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, ეს ამტკიცებს იმას, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. ასეთ შემთხვევაში, ის ქვეყნები, რომელთაც ბღავილი დაიწყეს და რუსეთის დიპლომატები გამოაძევეს, ხახამშრალი დარჩებიან. მაშინ გამოდის, რომ  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა მშრალზე დატოვა, რაც არ გამიკვირდება იმ ტიპის პოლიტიკოსისგან, როგორიც ტრამპია. 

-როგორ ფიქრობთ, დიდი ბრიტანეთი ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ შეერთებული შტატების კარნახით?

-ცხადია, შეერთებული შტატებთან შეთანხმებით, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთს გაქეზება არ სჭირდება. ბრიტანეთი რუსეთის ისტორიული მტერია და ყოველთვის ცდილობდა რაღაც ევნო მისთვის. ასე იყო თუნდაც მეფის რუსეთის დროს და შემდეგაც, საბჭოთა კავშირის პერიოდში. ერთადერთი, მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა მოახერხა და ჩერჩილი მოდრიკა, მაგრამ შემდეგ ჩერჩილმა ამერიკაში წარმოთქვა სიტყვა, რომელიც „რკინის ფარდისკენ“ და ცივი ომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ასე რომ, ინგლისი ყოველთვის გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ახალი ამბავი არ არის, ამერიკის წაუქეზებლადაც დგამდა რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯებს.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკას, დღეს ამერიკა არის ლიდერი. სრულიად შესაძლებელია, რომ ამერიკამ და ინგლისმა ზეწოლა იქონიეს იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომლებმაც  რუსი დიპლომატები გამოაძევეს. ისინი აცხადებენ, რომ ამერიკის და ინგლისის მხრიდან მათზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო.

-ნატოს წევრი თურქეთი და ისრაელი დიდ ბრიტანეთს არ აჰყვნენ...

-თურქეთს ეს საერთოდ არ აინტერესებს, იმიტომ, რომ თურქეთი დღევანდელ რუსეთთან მეგობრობს. ისრაელმაც ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა  და თქვა, რომ ვიდრე შესაბამისი მასალები არ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ არვითარ შემთხვევაში ნაბიჯს არ გადავდგამთო. ასევე მოიქცა ავსტრიაც. ავსტრიამ  ინგლისს პირდაპირ მოუწოდა დადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, „სხვა შემთხვევაში კატეგორიული წინააღმდეგი ვართ გადავდგათ ის ნაბიჯი, რასაც თქვენ გვთხოვთ, ანუ გავაძევოთ რუსი დიპლომატები,“-ასე განაცხადა ავსტრიის ხელისუფლებამ.

-მოგეხსენებათ, საქართველომ დასავლეთს მხარი აუბა და შვეიცარიის საელჩოში მომუშავე ერთი რუსი დიპლომატი გააძევა. რამდენად პრაგმატული იყო ეს ნაბიჯი საქართველოს მხრიდან?

-საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, არის იმის ცხადი ნიშანი, რომ ჩვენ დასავლეთის მონები ვართ. ამას დიდი დამტკიცება არ სჭირდება. საქართველოს სრულიად თავისუფლად შეეძლო გაეძლო ზეწოლისთვის, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობდა, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს მიმართ ზეწოლა იყო. უბრალოდ, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა ინიციატივა. ჯერ ერთი, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, აქ არსებობობს მხოლოდ შვეიცარიის ეგიდით მომუშავე რუსეთის ტექნიკური პერსონალი, რომელიც ვიზებს გასცემს. მას ძალიან თავისუფლად შეეძლო ეს ეთქვა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება დღეს ერთს ამბობს, ხვალ-მეორეს. გუშინ კვირიკშვილმა წერილი მისწერა რუსეთს, კონტაქტები დავიწყოთო და დღეს შვეიცარიის ეგიდით მომუშავე „ყვავის ჩხიკვის ვიღაცას“ აძევებს. ეს იმდენად სასაცილოა და იმდენად პარადოქსულია, რომ ლაპარაკიც არ ღირს. ეს არის უცხოეთის აბსოლუტური მონობა. თქვენ რომ ბრძანეთ, 30 ქვეყანა შეუერთდა ბრიტანეთსო, მსოფლიოში 192 ქვეყანაა და გამოაკელით 30, რამდენი დარჩება, ნახავთ.

-რუსეთის წარმომადგენლის გაძევება საქართველოდან ხომ არ ზრდის რისკებს?  ხომ არ ფიქრობთ, რომ როგორც მინიმუმ, ტატუნაშვილის ტრაგედიის მსგავსი ფაქტები და გატაცებები,  მოიმატებს საზღვართან?

-როდესაც ქვეყნებს შორის დაძაბულობაა და არ არსებობს მექანიზმი, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ, სრულიად მოსალოდნელია, რომ ასეთი ინციდენტები გახშირდეს. გარდა ამისა, განაწყენებულ რუსეთს სრულიად თავისუფლად შეუძლია ეკონომიკური კავშირები გაწყვიტოს. თუ რამე დიდი რაოდენობის ღვინო იყიდება ჩვენი უცხოეთში, იყიდება რუსეთში. ის, რაც ევროპის ქვეყნებში გადის, არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც რუსეთში გადის.

-რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრებთან, ჩრდ. ოსეთსა და დაღესტანში უპრეცედენტო მოცულობის არმიის შეყვანას იწყებს. რითია ეს გამოწვეული და რა მიზანს ისახავს? ძნელი წარმოსადგენია, რომ „უპრეცედენტო მოცულობის“ არმიის მობილიზება რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდეს...

-იცით, რაშია საქმე? ის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, მართლაც ხდება, რუსეთი არმიას აძლიერებს. მოსკოვს მიაჩნია, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთი განსაკუთრებული დაძაბულობის კერაა. ახლო აღმოსავლეთთან ტერიტორიულად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. სამხედრო დანაყოფების რეორგანიზაცია სწორედ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს. ამას ისინი არც მალავენ, ხდება გადაიარაღება, ახალი დივიზიების დამატება, მაგრამ საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომელთანაც რუსეთს შეიძლება ამდენი ჰაიჰუი დასჭირდეს.

-ანუ, ადრესატი საქართველო ვერ იქნება?

-არა, აბსოლუტურად, არა. საქართველო სამხედრო და სხვა თვალსაზრისით არ არის ისეთი ძლიერი, რომ რუსეთმა ასეთი ძალა და ენერგია შეალიოს. აქ  ძირითადად, ლაპარაკია ახლო აღმოსავლეთზე.

-თუმცა, შეიძლება, პარალელურად საქართველოს მიმართ გამაფრთხილებელ მესიჯებსაც შეიცავდეს?

-გამაფრთხილებელს რა, ახლა, თუ ჭკუა გაქვს და გონება, შენც ფხიზლად უნდა იყო და რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა შეეცადო ვითარება არ დაძაბო, მაგრამ  სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს. რუსეთიდან საშიშროება არ გველის, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ თუ ევროპელ ავანტიურისტებს არ აჰყვა, რაც არ არის გამოირიცხული. დასავლელი პოლიტიკოსები რა ავანტიურისტები არიან, 2008 წელს კარგად დავინახეთ. სააკაშვილი ისეთი გიჟი არ იყო, რომ ომი დაეწყო, ის ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად არ გადადგამდა, მაგრამ ამაზე თანხმობა შეერთებული შტატებიდადან ჰქონდა მიღებული.

-საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ რუსეთმა შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ქიმიური იარაღის ლიკვიდაციისთვის იყო საჭირო, თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ განაცხადა: „რუსეთი სირიაში უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს და ამას წერტილს შეერთებული შტატები დაუსვამს“. თუკი რუსეთის ხელი არ ურევია ამ საქმეში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასე ხელაღებით როგორ ხდება მისი დადანაშაულება?

-რაშია იცით საქმე? ჯერ ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა წარმოდგენელი გაეროში იმდენად დიდი სისულელეებით და არაპროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. სირიას ქიმიური იარაღი ჰქონდა. შტატებს, ჯერ კიდევ ობამას დროს უნდოდა, რომ  დამასკო ამ ქიმიური იარაღის საბაბით დაებომბა. პუტინმა ობამას შესთავაზა, ასეთი რამ, რუსეთი აიძულებდა სირიას დაეთმო ქიმიური იარაღი და ამერიკას თვითონ უნდა გაენადგურებინა ის. შედგა შეთანხმება, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელიც  ქიმიურ იარაღს აკონტროლებს, ამერიკელებთან შეთანხმებით, ეს იარაღი გაიტანეს და მოხდა მისი ლიკვიდაცია. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებდა ლიკვიდაციის კონტროლს.საერთაშორისო ორგანიზაციამ შეამოწმა ყველა ქიმიური ქარხანა, რომელიც სირიაში ოდსეღაც ქიმიურ იარაღს ამზადებდა და მიღებულ იქნა დასკვნა, რომ სირიამ კეთილსინდისიერად შეასრულა ყველა დავალება. ეს ხდებოდა ობამას დროს.

მინდა გითხრათ, რომ ამ ქიმიურმა ორგანიზაციამ ამ საქმისთვის ნობელის პრემია მიიღო.  ამის შემდეგ შეერთებული შტატები გამოდის და ამბობს, რომ ასადი ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. ეს არის მტკნარი სიცრუე.

-მაშინ ვთქვათ, ვინ იყენებს, ხომ ფაქტია, რომ ქიმიური იარაღით მოსახლეობა იხოცება?

-ვინ იყენებს და თვითონ დასავლეთი. დასავლეთი ამარაგებს ტერორისტებს სხვადასხვა იარაღით და მათ შორის, ქიმიურითაც. ტერორისული ორგანიზაციები კი მოსახლეობის წინააღმდეგ იყნებენ. შემდეგ მედიით აპიარებენ, რომ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. არადა, ტერორისტები ან იარაღს დასვლეთის წაქეზებით იყენებენ, იმიტომ, რომ შემდეგ ამერიკამ დამასკო დაბომბოს და ასადი დაამხოს. ეს ყველაფერი არის დადგმული სპე-ქტა-კლი. 

-რატომ ვერ ამტკიცებს რუსეთი საკუთარ უდანაშაულობას?

-როგორ ვერ ამტკიცებს, დაამტკიცა, მაგრამ ამათ გაგონება არ უნდათ. დამასკოს შემოგარენში ტერორისტები იყვნენ დაბანაკებულები და  6 წლის განმავლობაში სულს ხდიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ახლა  შეტევა განახორციელეს და ეს რაიონი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. რუსეთმა აჩვენა, რომ ასადის არმიამ ეს ტერიტორია გაათავისუფლა. იქ იყვნენ ჟურნალისტებიც და მათ ანახეს ქიმიური ბომბები, რომელიც  ტერორისტებს ჰქონდათ. ვისაც უნდა დანახვა, დაინახავს და ვისაც არ უნდა, იყვირებს ისე, როგორც ყვირის ნიკი ჰეილი.

-ეს ყველაფერი დასავლეთის პოლიტიკური ძალების მხრიდან მედიის მონოპოლიზირების შედეგია?

-აბა, რა არის, იქ არის უსაზიზღრესი ბრიტანული ორგანიზაცია “თეთრი ჩაჩქანები“, რომელიც თხზავს ამ ჭორებს. ეს ორგანიზაცია აღმოჩნდება ხოლმე იმ ტერიტორიაზე, სადაც თითქოს სირიის ხელისუფლებამ ეს ქიმიური იარაღი  გამოიყენა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი.

-საქართველოს უშუალო პრობლემებს,  ჟენევის მოლაპარკების 43-ე რაუნდიც უშედეგოდ დამთავრდა. კარასინმა განაცხადა: „გვესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური ბრძოლაა, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბდეს ხელისუფლება რა პოლიტიკას ირჩევს“. როგორ ფიქრობთ, რას ელის ზოგადად, რუსეთი საქართველოსგან?

-იცით რაშია საქმე, კარასინმა რაც თქვა, მართალია, იმიტომ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს და საქართველოს დელეგაცია-მეორეს. კარასინს აღარ დარჩა სხვა სათქმელი, ჯერ თვითონ შეთანხმდით რა გინდათ და მერე ვილაპრაკოთო. ასი წელი არაფერი გაკეთებულა, ახლა გადაწყვიტა კვირიკაშვილმა რაღაცა და საქართველოს დელეგაცია ამის საწინააღმდეგოს აკეთებს. რა უნდა თქვას კარასინმა? რუსეთი სულ სხვა რაღაცას ელოდა და  სულ სხვა მიიღო. იყო ლაპარაკი თავდაუსხმელობის ზეპირ შეთნხმებაზე, რომ თბილისი არ დაესხმება თავს ცხინვალს და სოხუმს და პირიქით. ზეპირშეთანხმებაზე ჩვენი დელეგაცია იყო თანახმა, მაგრამ გადააგდეს.

ზოგადად, რუსეთს უნდა, რომ  სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ საქართველო ვერ ბედავს რუსეთთან ლაპარაკს. ამ ტიპის მოლაპარაკება არასდროს უწარმოებია, არ იცის როგორ ელაპარაკოს. შე მამაცხონებულო, თუ თავს დებ, რომ ხარ სუვერენული, მაშინ უნდა წახვიდე და დამოუკიდებლად ელაპარაკო. რუსეთს საქართველო გვერდით ამერიკელები და ვიღაცეები რაში სჭირდება? თუ გვინდა მოლაპრაკება, ერთი-ერთზე უნდა მოვილაპარაკოთ. ამის სურვილი აქვს რუსეთს,   კვირიკაშვილს გაუჩნდა ამის სურვილი და რა დღეში ჩააგდეს, კი ვხედავთ.

რუსეთმა წაიღო ტერიტორიები და არაფერი არ უნდა, მაგრამ ეს შენ გჭირდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ის ტერიტორიები უფრო იკარგება, იქ უკვე სხვა სიტუაცია ყალიბდება. თუკი ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული, უპირველესყოვლისა, საქართველო. რუსეთი მზად არის დიალოგისთვის და საქართველო თავს იკავებს.

- რაც შეეხება რეგიონში მთავარ გეოპლიტიკურ მოთამაშეებს შორის ძალთა გადანაწილებას, შესაძლოა, რომ საქართველო  რუსეთ-თურქეთს  შორის გარიგების საგანი გახდეს?

- გარიგებული და მორჩენილი არ არის? თურქეთი შემოსულია აჭარაში, ვერ ხედვთ? თოფის გასროლის გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს. ეს მოხდა თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში, სულ რაღაც 13 წელიწადში, რაც ასლანი გააგდეს, მას მერე არ დაიწყო? ასალანის დროს თურქების ჭაჭანება არ იყო, აბა ნახეთ დღეს რა ხდება აჭარაში...

-მაგრამ გრძელვადიან პერსპექტვიაში აწყობს რუსეთს საქართველოში თურქეთის გავლენის გაძლიერება?

-მე ვერ გეტყვით, რა აწყობს რუსეთს, მაგრამ საქართველოს აწყობს ეს თუნდაც მოკლევადიან პერიოდში? თუ ასე გაგრძელდა და თუ თურქეთს აქ საპირწონედ რაღაც არ შეექმნა,  თურქეთი არამარტო აჭარას, მთელ დასავლეთ საქართველოს და თბილისსაც წაიღებს. ისე მშვენივრად გაიდგამს ფეხს, რომ ამას აღარაფერი ეშველება.

-რეალურია ეს საფრთხე?

-ძალიან რეალურია, როდესაც აჭარაში თურქი ისე დადის, როგორ საკუთარ ქვეყანაში და შენ ისე ვერა ხარ, როგორც უნდა იყო, რეალურია, აბა რა არის?!