მოქალაქის ტრიბუნა
„ბახი – დაგვირგვინებაა. მისგან არაფერი არ მომდინარეობს, მაგრამ ყველაფერს მასთან მივყავართ“ - კომპოზიტორი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეკლესიაში, პასტორის გვერდით გაატარა
„ბახი – დაგვირგვინებაა. მისგან არაფერი არ მომდინარეობს, მაგრამ ყველაფერს მასთან მივყავართ“  -  კომპოზიტორი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეკლესიაში, პასტორის გვერდით გაატარა

ავტ. პროფესორი – ემერიტუსი რუსუდან ხოჯავა

 

„13. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებთ.

                  14. მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი“.

იერ.29,13–14

 

 

მუსიკისმცოდნეობაში არსებობს ორი თეზისი: „ბახი – დაგვირგვინებაა. მისგან არაფერი არ მომდინარეობს, მაგრამ ყველაფერს მასთან მივყავართ“ (ალბერტ შვაიცერი); „ყველაფერი ბახისგან მომდინარეობს“ (არნოლდ შერინგი).

მაქსიმ გორკი იმავეს გამოთქვამს ხატოვნად; „თუ გენიოს კომპოზიტორებს ქედის სახით წარმოვადგენთ, ბახის მწვერვალი ყველაზე მაღლა, ღრუბლებს ზემოთაა აღმართული, სადაც მარად მცხუნვარე მზის სხივები კიაფობენ მის თეთრ თოვლის საფარზე. ასეთია ბახი, ყინულივით წმინდა, სპეტაკი“...

ბახი გამოცანაა... „განვიხილე რა ყველაფერი, რაც შეიძლება მის წინააღმდეგ მეტყველებდეს, ახლა ვხედავ, რომ ეს ლაიფციგის კანტორი ღვთის მოვლენაა, ნათელი და იმავდროს მაინც ამოუცნობი“ – წერდა ცელტერი გოეთეს 1827 წლის 9 ივნისს.

გამოცანაა ბახის პიროვნება. „... გარეგანი და შინაგანი ადამიანი მასში იმდენადაა გათიშული, რომ ერთს საერთო არა აქვს მეორესთან. ბახთან უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა გენიოსთან, გარეგანი ადამიანი, როგორსაც იგი ცხოვრებაში სხვებისათვის წარმოადგენდა, მხოლოდ და მხოლოდ შეუღწევადი საფარი იყო, რომ დაეფარა მასში დავანებული მხატვრული სული“ – წერს ალბერტ შვაიცერი.

ბახი, რომლის მუსიკას ესოდენ მაღალი ეთიკური მნიშვნელობა აქვს, გიმნაზიის მეგობარს ერდმანს სწერს: „თუ კი თქვენ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, გაიგებდით ან ნახავდით თქვენი ძველი ერთგული მეგობრისათვის შესაფერის თანამდებობას, უმორჩილესად გთხოვდით, მოგეცათ ჩემთვის კეთილგანწყობილი რეკომენდაცია, მე კი ჩემი მხრივ დაუდევრად არ მოვეკიდებოდი ჩემს მოვალეობებს და არ ვუღალატებდი თქვენს კეთილგანწყობილ ნდობას და ბეჯითად ვიშრომებდი. ჩემი ახლანდელი სამსახური 700 ტალერამდე მაძლევს და თუ დასაფლავებები მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ, მაშინ შემოსავალი შესაბამისად იზრდება; მაგრამ კარგი ამინდების დროს ეს შემოსავალი მცირდება, – ასე, მაგალითად, შარშან, ჩვეულებრივ დასაფლავებებზე მე დავკარგე 100 ტალერზე მეტი“.

ნათესავს, რომლისგანაც საჩუქრად კასრით ღვინო მიიღო, ბახი წერს: „თუმცა ბატონი ბიძაშვილი მთავაზობს მომავალშიც გამომიგზავნოს მსგავსი ლიქიორი, მიუხედავად ამისა, მეტისმეტი ხარჯების გამო იძულებული ვარ უარი  ვთქვა ამაზე,რადგანაც გადმოგზავნა დაჯდა 16 გროში, მოტანა 2 გროში და 3 პფენინგი, გენერალური აქციზი 3 გროში; ბატონ ბიძაშვილს შეუძლია დაინაგარიშოს თვითონ, რომ თითოეული ტოლჩა თითქმის 5 გროში დამიჯდა, რაც საჩუქრისათვის ძალზე ძვირია“.

შვაიცერის აზრით, ბახი ორ სამყაროს ეკუთვნის, მის შემოქმედებასა და სულიერ ცხოვრებას თითქოსდა არა აქვს თანხმობა მის ბანალურ, ბიურგერულ არსებობასთან. ამას ბევრი მოჰყავს განცვიფრებაში. ვფიქრობ, ეს ფენომენი უფრო გასაგები გახდება ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევის შუქზე; მხედველობაში მაქვს მისი იდეა „ორი ქალაქის“ არსებობის შესახებ, რომელიც მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „De civitate Dei“ – „ღვთაებრივი სახელმწიფოს შესახებ“.

ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ არსებობს ორი სახელმწიფო, ანუ „ორი ქალაქი“ – ღვთაებრივი (civitas Dei) და მიწიერი (civitas terrena): „ორი ქალაქი ბიწიერთა და მართალთა არსებობებენ კაცთა მოდგმის დასაწყისიდან და იქნებიან ქვეყნის ბოლომდე, ამჟამად ორივეს მოქალაქეები ცხოვრობენ ერთად, მაგრამ სხვადასხვა სურვილები აქვთ, სამსჯავროს დღეს კი მათ ცალ–ცალკე დააყენებენ“.

ღვთის ქალაქი მოგზაურობს მიწიერი ქალაქის შიგნით, როგორც „civitas peregrina“ და მუდმივად განიცდის მის დევნას, ეს ორი ქალაქი იმდენად არის გადაჯაჭვული, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ატარებდეს როგორც ერთი, ისე მეორე ქალაქის საწყისებს.

„ღვთაებრივ ქალაქში“ ავგუსტინეს მოჰყავს ჩვენი სამყაროს საგნებისა და მოვლენების შეფასების მინიმუმ სამი კრიტერიუმი: სარგებლობის პოზიციიდან, ანუ უტილიტარული; ჭეშმარიტების პოზიციიდან, ანუ ფილოსოფიური და ტკბობის პოზიციიდან, ანუ ესთეტიკური.

ავგუსტინეს აზრით, საგნებისადმი უტილიტარული მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ მიწიერ ქალაქს სჩვევია, იგი გაჩნდა ადამიანის ცოდვად დაცემის შემდეგ, როდესაც ადამიანი უძლური გახდა და ამდენად იგი მომავალში, ადამიანთა მატერიალურ მოთხოვნილებათა გაქრობასთან ერთად, გაუქმდება.

ფილოსოფიური მიდგომაც წარმავალია, რამდენადაც ჭეშმარიტების ძიება ღვთის ქალაქისაკენ გზების ძიებისას არის საჭირო. ღვთის ქალაქის ბინადართათვის კი მარტოოდენ არაუტილიტალური ტკბობის კრიტერიუმი არსებობს.

ავგუსტინეს აზრით, კულტურა რთულსა და წინააღმდეგობრივ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც თვით „მიწიერმა ქალაქმა“ წარმოშვა და რომლის წიაღშიც იგი არსებობს. კულტურა „მიწიერი ქალაქის“ მოქალაქეების „ხორციელი“ ცხოვრებიდან „სულიერ ცხოვრებაზე“ გადასვლას უწყობს ხელს.

ბახი ყოფიერებაში ჩვეულებრივი ბიურგერი იყო, „მიწიერი ქალაქის“ მოქალაქე – მოყვარული მამა (21 შვილის) და მეუღლე, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავისი დიდი ოჯახის რჩენაზე, ბიურგერულ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხო ბახის წერილი დრეზდენის ახალგაზრდა კურფიურსტისადმი, რომელსაც მან h-moll მესის, თავისი უდიდესი ნაწარმოების Kyrie და Gloria  უძღვნა. წერილში ბახი ჩივის, რომ „...განიცდის დაუმსახურებელ გულისტკივილს, ხანდახან კი შემოსავლების შემცირებას“... და უმორჩილესად სთხოვს კურფიურსტს მიანიჭოს მას კარის მუსიკოსის წოდება.

ხარჯვის არაჩვეულებრივ ყაირათიანობასთან ერთად ბახი საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. „ხელოვნების ყოველ მოყვარულს, უცხო ქვეყნიდან იყო იგი თუ მისი თანამემამულე, შეეძლო მისულიყო ბახის სახლში და იქ მას გულთბილი მიღება ელოდა. ასეთი გულზიარობის გამო, რომელიც შერწყმული იყო დიდი ხელოვანის სახელთან, ბახის სახლში თითქმის გამუდმებით იმყოფებოდნენ სტუმრები“ – წერს ბახის პირველი ბიოგრაფი ფორკელი.

გასაოცარია ბახის შრომისმოყვარეობა. ფაქტობრივად მასში ცოცხლობდა კარგი ხელოსანი, რომელიც არაჩვეულებრივი გულმოდგინებით აკეთებდა თავის საქმეს. აქ აუცილებლად გაგვახსენდება შუასაუკუნეების გერმანიის ხელოსანთა საამქროები, მათი კულტურა, მუსიკა. ამ შემთხვევაშიაც ბახი გერმანული კულტურის განუყოფელ ნაწილად გვევლინება.

ბახის ცხოვრებას  ესადაგება ის, რასაც გერმანელი მისტიკოსი იოანე ტაულერი ამბობს თავის ერთერთ ქადაგებაში: „უწყოდეთ: ამქვეყნად ცხოვრობს ვინმე დედაკაცი და ჰყავს ქმარი და ბავშვი; და ვინმე კაცი ზის და კერავს წაღებს, ისინი თავიანთ შრომაში ღვთისკენ ილტვიან და ცდილობენ თავისა და ბავშვების რჩენას. და ვინმე ღარიბი სოფლად ნაკელს დაატარებს და თავის მცირეოდენ ლუკმას მკაცრი, ძნელი შრომით იპოვებს... ამ ადმიანებს აქვთ შიში ღვთისა და ალალმართლად მიჰყვებიან ღვთის მოწოდებას“.

ბახი მომავალი თაობებისათვის არ წერდა მუსიკას და არც იმაზე ზრუნავდა, რომ თანმედროვეებს ეცნოთ მასში დიდი კომპოზიტორი და ბუნებრივად მიაჩნდა ის, რომ მათთვის იგი პირველ რიგში კლავირზე და ორღანზე საუკეთესო შემსრულებლი იყო. „მუსიკა მისთვის ღვთისმსახურება იყო. ხელოვნება მისთვის იყო რელიგია. ამიტომაც ამ ხელოვნებას არაფერო ჰქონდა საერთო არც ამ სოფელთან და არც ამქვეყნიურ წარმატებასთან“ – წერს ალბერტ შვაიცერი

აი, რას კარნახობდა ბახი თავის მოწაფეებს მუსიკის გაკვეთილებზე: მთლიანობაში მუსიკის საბოლოო და უკანასკნელი მიზანია ემსახუროს ღვთის დიდებასა და სულის განახლებას. სადაც ამას არ ექცევა ყურადღება, იქ არ არის ჭეშმარიტი მუსიკა, არამედ ეშმაკეული ლაყბობა და ხმაურია“.

ასეთივე აზრისაა ხელოვნებაზე მარტინ ლუთერი. 1524 წელს ქორალების შესავალში იგი წერს: „მე არ ვიზიარებ იმათ აზრს, ვინც თვლის, რომ სახარება ყველა ხელოვნებას გაანადგურებს და ზიანს მიაყენებს, როგორც ამას ზოგიერთი თვლის, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია ყველა ხელოვნება, და განსაკუთრებით მუსიკა, ვიხილო იმის სამსახურში, ვინც იგი შექმნა და მოგვცა ჩვენ. ამიტომ, დაე, ყველა ღვთისმოსავი ქრისტიანი ამ მიმართულებით მოქმედებდეს – ისე, როგორც ეს მას მოეწონება, იმ ძალების შესაფერისად, რომლებიც მან ღმერთისაგან მიიღო“.

მარტინ ლუთერისა და ბახის ეს მსჯელობანი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ვიწრო კონფესიური, რადგანაც ფსალმუნები, განსაკუთრებით უკანასკნელი, 150–ე ფსალმუნი ლაპარაკობს მუსიკის უმაღლეს დანიშნულებაზე – „ადიდეთ უფალი!“

ბახი თავისი ნაწარმოებების ბოლოში წერდა ხოლმე: S.D.G. – Soli Deo Gloria (ერთარსებასა ღმერთსა დიდება). (ასეთი შინაარსის წარწერები ჯერ კიდევ ჰაიდნის დროსაც იყო მიღებული).

ბახის საორღანო პრელუდიების კრებულს „Orgelbuchlein“, (საორღანო წიგნი) შემდეგი სიტყვები ახლავს: „ღვთის სადიდებლად, მოყვასის დარიგებისათვის“. უფროსი ვაჟიშვილის, ვილჰელმ ფრიდემან ბახისათვის შექმნილ საკლავირო რვეულში“ („Klavierbuchlein“) პირველი პიესების წინ ბახმა დაწერა „სახელითა იესოსი“.

ძველებური მუსიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეოლოგიურ წარმოდგენებთან. ეს კავშირი სიმბოლიკით გამოიხატებოდა – მელოდიური წარმონაქმნების, სივრცითი წარმოდგენების, ფერწერული, სანოტო გრაფიკის, რიცხვების, ასოების სიმბოლიკით.

იოჰან გოტფრიდ ვალტერი, პირველი გერმანული მუსიკალური ენციკლოპედიური ლექსიკონის (1732) ავტორი, წერს ამ ლექსიკონში, რომ ბახი გაოცებული იყო იმით, რომ მისი გვარი მუსიკალურია – შედგება ბგერებისაგან: BACH და გრაფიკულად კათოლიკურ ჯვარს გამოსახავს. ჯვრის მოტივი, რომელიც ქრისტეს ვნებების სიმბოლოს წარმოადგენს, გვხვდება „მათეს ვნებებში“, h-moll მესაში, ჯვრის მოტივია „კარგად ტემპერირებული კლავირის“ I ტომიდან cis-moll ფუგის პირველი თემა. ჯვრის თემა ბახამდელი წარმოშობისაა და დღევანდლამდე გვხვდება. „ბგერითი მუსიკალური მოვლენები, რომელბიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდნენ, ბახთან გარკვეული შინაარსის მატარებელ ორგანიზაციულ სტრუქტურებად, სიმბოლოებად გადაიქცნენ“ – წერს ბ.ლ. იავორსკი.

საკუთრივ მოტივი BACH ბახს არ გამოუყენებია, გარდა ერთი ნაწარმოებისა, რომელზედაც იგი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა, მაგრამ ვერ დააბოლოვა. ეს არის სამთემიანი ფუგა „ფუგის ხელოვნებიდან“, რომელშიც მესამე თემაა BACH. პირველი თემაა ქორალი „განსაცდელთა უფსკრულიდან მოგიწოდებ შენ“ („Aus tiefer Not schrei’ ich zu dir), მეორე თემა – ქორალი „ყველა ადმიანი მოკვადავია“ (Alle Menschen mussen sterben). იმ ადგილას, სადაც ბახი აპირებდა სამივე თემის ერთდროულად გატარებას, ხელნაწერი წყდება...

ბახი ბიბლიის საუკეთესო მცოდნე იყო, ცხოვრების დიდი ნაწილი მან ეკლესიაში გაატარა, პასტორის გვერდით. გერმანული და ლათინური ბიბლია მისი სამაგიდო წიგნები იყო. ბახი მეტად გათვიცნობიერებული იყო თეოლოგიის საკითხებში. ბახის წიგნებს შორისაა თეოლოგიური ნაშრომები: ლუთერის ნაწარმოებთა სრული კრებული, იოანე ტაულერის ქადაგებანი...

ალბერტ შვაიცერი წერს, რომ ბახის ჭეშმარიტი რელიგია იყო მისტიკა. „თავისი შინაგანი არსით ბახი გერმანული მისტიკის ისტორიას ეკუთვნის. ეს მკვრივად აგებული ადამიანი, რომელსაც წარმოშობისა და თავისი შემოქმედების წყალობით მყარი ადგილი ეკავა ცხოვრებასა და საზოგადოებაში, რომლის ბაგეებზე ჩვენ ვხედავთ ყოფიერების თითქმის თვითკმაყოფილ სიხარულს, შინაგანად განდგომილი იყო ამქვეყნიურობისაგან. მთელი მისი აზროვნება გამსჭვალულია სიკვდილის საოცარი, სასიხარულო, მგზნებარე სურვილით. კიდევ და კიდევ, როგორც კი ტექსტი ამის საბაბს იძლევა, იგი თავის მუსიკაში სიკვდილისაკენ მგზნებარე ლტოლვაზე ლაპარაკობს, და არსად მისი ბგერების ენა არ არის ისეთი სულისშემძვრელი, როგორც კანტატებში, სადაც იგი სიკვდილის ჟამს ადიდებს... არსებობა, რომელიც გარედან გვეჩვენება როგორც ბრძოლა, მტრობა, გულისტკენა, სინამდვილეში გაბრწყინებული იყო სიმშვიდითა და სიხარულით“.

სიკვდილის წინ დაბრმავებული კომპოზიტორი თავის მოწაფეს და სიძეს ალტნიკოლს კარნახობს უკანასკნელ ნაწარმოებს, ქორალურ პრელუდიას „შენი ტახტის წინაშე წარვდგები“ (Von deinen Thron tret’ich hiemit).

ბახის მუსიკის განმწმენდი, ამამაღლებელი, დამამშვიდებელი, შეიძლება ითქვას, სულის მკურნავი ძალა ამ მუსიკის ღვთივსულიერებაშია, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ბიბლიის კითხვის შემდეგ მსგავს ზემოქმედებას ადამიანზე ვერაფერი  ახდენს! „თითქოს მარადიული ჰარმონია ესაუბრება თავის თავს ღმერთზე სამყაროს შექმნის წინ. იგივე იყო ჩემს სულშიაც, მე ვერ ვგრძნობდი და თითქოს არ გამაჩნდა არ ყურები, არც თვალები, არც გრძნობის სხვა ორგანოები,“ – წერდა გოეთე ბახის მუსიკაზე.