პოლიტიკა
„დასავლეთი სირიაში გავლენის სფეროების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა...სირიის კონფლიქტის ტრაექტორია თერმობირთვულ ომამდე მიდის“-სოსო მანჯავიძე
„დასავლეთი სირიაში გავლენის სფეროების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა...სირიის კონფლიქტის ტრაექტორია  თერმობირთვულ ომამდე მიდის“-სოსო მანჯავიძე

უკანასკნელ დღეებში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. იმ დროს, როდესაც ბაშარ ასადის არმია მოკავშირეებთან ერთად ტერორისტების მიერ უკანასკნელ კონტროლირებად ქალაქს, დუმას ათავისუფლებს, სირიაში დაპირისპირების ახალი ტალღა იწყება. შეერთებული შტატები დამასკოსა და მოსკოვს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს,  „ჭკვიანი რაკეტებით“ ემუქრება და სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახდენს. თუმცა ზუსტად 40 წუთის შედეგ ტრამპი ტონს საგრძნობლად არბილებს და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე სინანულით საუბრობს.  

ამ ფონზე თავის გამოსვლაში ხისტ ნოტებს ინარჩუნებს ნატოს გენერალური მდივანი. "სირიაში განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლები უნდა დაისაჯონ,“- აცხადებს სტოლტენბერგი და წევრ სახელმწიფოებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს.   

ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ითხოვენ ტერეზა მეი და ანგელა მერკელი. „გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამისთვის ჩვენ მყარი მტკიცებულებები გვჭირდება“,-აღნიშნავს გერმანიის კანცლერი. საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ასევე არ გეგმავს იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი და მოკავშირეებს დახმარებას  ლოჯისტიკის სფეროში ჰპირდება. საფრანგეთი კი, მაკრონის თქმით, შეტევას არა რუსულ და ირანულ ბაზაზე, არამედ სირიულ სამხედრო შენაერთებზე განახორციელებს. შეერთებულ შტატებს მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში სრულ მხარდაჭერას  უცხადებს ავსტრალია.

რუსეთის და სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მეტიც, კადრებს, რომელზედაც მოწამლული მოსახლეობაა ნაჩვენები, დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

მოსკოვი ადეკვატური ზომებით იმუქრება, „თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის არმია არა მარტო რაკეტებს გაანადგურებს, არამედ საპასუხო დარტყმას მიაყენებს იმ ობიექტებს, საიდანაც შეტევა დაიწყო”-ამ განცხადებას რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ „კინო“ აკრძალული ნივთიერებების შესახებ მსოფლიოს ჯერ კიდევ მაშინ ნახა, როცა სადამ ჰუსეინს ამავე საბაბით ახრჩობდნენ, შემდეგ კი ბოდიშობდნენ, ხოლო ლიბიის პრეზიდენტს მუამარ კადაფს „ადამიანის უფლებების დაცვის დროშით“ აუპატიურებდნენ და სასტიკი წამებით სულს ხდიდნენ. „დემოკრატიის“ სახელით წარმოებულ საერთაშორისო ავანტიურის შედეგებს სირია ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან ერთად უკვე წლებია იმკის.

„დასავლეთის ლიდერებისთვის არავის მიუცია უფლება იყვნენ მსოფლიო ჟანდარმები და ამავე დროს ერთდროულად იკისრონ გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის და ჯალათის როლი,“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს.

სირიაში განვითარებულ უმწვავეს პროცესებზე და რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების გეოპოლიტიკურ ასპექტებზე sazogadoeba.ge-ს  პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-მაშინ, როდესაც ტერორისტები მათ მიერ კონტროლირებად ბოლო რეგიონს, აღმოსავლეთ ღუთას  ტოვებდნენ, სირიაში დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. როგორ შეაფასებთ რუსეთსა და ამერიკას შორის შექმნილ ვითარებას? როგორ ფიქრობთ, რამდენად მოხერხდა ამ დროისათვის სიტუაციის განერიტრალება?

-მინდა ვთქვა, რომ ერთი შეხედვით ძალიან ალოგიკური მოვლენები განვითარდა. ის მოლოდინი, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდოდა და ორი ზესახელმწიფო ატომური იარაღით ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა, თითქოს აღარ არსებობს. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული ფარული არხებით სიტუაცია განიმუხტა.

გაღიზიანება, რომელსაც შეერთებული შტატების მხრიდან ვხედავთ, არ ყოფილა განპირობებული არც სკრიპალის საქმით და არც აღმოსავლეთ ღუთაში დაუდასტურებელი ქიმიური იარაღის გამოყენებით.

წინასწარ იყო დაანონსებული, როგორ მზადდებოდა ახალი პროვოკაცია ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ მეშვეობით, რათა ასადი და მისი მოკავშირეები ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაედანაშაულებინათ. დასავლეთს ინფორმაციული და პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება და სამხედრო ქმედებებებისთვის ლეგიტიმაციის მიღება სურდა.

ის, რომ ქიმური იარაღი საბაბია გარკვეული სამხედრო და პოლიტიკური აქციების ლეგიტიმაციისთვის, ეს ახალი არ არის. გვახსოვს სადამ ჰუსეინის შემთხვევა და  ის ცნობილი“კოლბები“, რომელსაც კოლინ პაუელი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის პრეზიდენტი მთელს მსოფლიოს აჩვენებდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ  იქ არავითარი ქიმიური იარაღი არ ყოფილა. 

-მაგრამ რატომ ეძებს ახალ-ახალ საბაბს დასავლეთი რუსეთთან დასაპირისპირებლად და რა მიზანს ისახავს მოსკოვთან ასეთ მწვავე კონფრონტაციაში შესვლა?

-საქმე ისაა, რომ  ახლო აღმოსავლეთში რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის  ალიანსი შეიქმნა. ეს ალიანსი სიტუაციურია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტერესთა ვექტორი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამ სამმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ მოილაპარაკეს და თავიანთი ქმედებების კოორდინაცია მოახდინეს. ეს ალიანსი  სწორედ შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეიკრა, რამაც დასავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში რადიკალური დაპირისპირება გამოიწვია. 

რასთან გვაქვს საქმე? მოკლედ განვიხილოთ ამ მოთამაშეთა ინტერესები:

თურქეთის  ოცნება არის აღიდგინოს ისტორიული ძლევამოსილება, გაავრცელოს თავისი გავლენა და  ისლამური სამყაროს ლიდერი გახდეს. პროგრამა მინიმუმია, არ დაუშვას თურქეთის დაშლა. დაშლის მთავარი დეტონატორი არის ქურთული მოძრაობა. ქურთისტანი არ შემოიფარგლება მხოლოდ თურქეთით. ქურთისტანი ერაყის, თურქეთის, ირანის და სირიის ტერიტორიაზეა განლაგებული. შესაბამისად, თურქეთის ინტერესი „ქურთთა მუშათა პარტიის“ გავლენის განეიტრალებაა. ამისთვის სირიაში მან ორი ოპერაცია -„ევფრატის ფარი“ და „ზეთისხილი რტო“ განახორციელა. „ზეთისხილის რტო“  აფრინის აღებით და იქ თურქული ადმინისტრაციის დაფუძნებით დამთავრდა, მაგრამ თურქეთი ამაზე არ ჩერდება. ის არ მალავს თავის განზრახვას გააგრძელოს შეტევა მამბიჯზე, ეს არის ევფრატის მარცხენა სანაპირო, ანუ, სირიის ქურთისტანი. შეერთებული შტატები და ისრაელი ქურთებს მხარს უჭერენ. თურქეთის სამხედრო ჩარევა გამოიწვია სწორედ შეერთებული შტატების განზრახვამ შეექმნა თურქეთ-სირიის მთელ პერიმეტრზე 30.000 კაციანი ქურთული არმია. მათ შესაიარაღებლად შტატებმა 250$ მილიონი გამოყო. 2000 კაციანი ამერიკული სამხედრო სპეცნაზი დღესაც მამბიჯში არის დისლოცირებული.  ერდოღანი ხელიდან არ უშვებს შემთხვევას ახალი ოპერაციის შესახებ არ განაცხადოს, რაც, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას იწვევს.  

ამავე დროს, რუსეთმა წამოიწყო ოპერაცია აღმოსავლეთ ღუთაში, ეს არის დასავლური გავლენის მეორე ანკლავი, სადაც ინგლისური და ამერიკული სპეციალური დანიშნულების შენაერთებია განთავსებული. ღუთაში არიან ასევე შეერთებულ შტატებს დაქვემდებარებული ცნობილი „თეთრი ჩაფხუტები“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში სპეცსამსახურებს წარმოადგენენ. ეს ყველამ იცის, ვინც სიტუაციაში ოდნავ მაინც ერკვევა. ასადის, ირანის და რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების დროს რამდენიმე ასეული ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამ ოპერაციის დაწყებას დასავლეთში უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. დასავლეთმა ასადი, ირანი და რუსეთი არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა. აქცენტი განსაკუთრებით რუსეთზე კეთდებოდა, ვინაიდან ღუთას სწორედ მისი ავიაცია ბომბავდა. ბოლოს კი  ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ანუ, რასთან გვაქვს საქმე? დასავლეთი სირიაში გავლენის სფეროების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. ერთ მხრივ, თურქული „ზეთისხილის რტო“ და  მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ღუთაზე სირიულ-რუსულ-ირანული ოპერაცია  ამ ანკლავიდან ისლამური მებრძოლების გასვლით დამთავრდა. ცხადია, ამას არ შეიძლებოდა  რეაქცია არ გამოეწვია. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი სამხედრო შენაერთის მობილიზაცია მოახდინა და რუსეთის წინააღმდეგ  საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანია დაიწყო. სირიაში გლობალური დაპირისპირება ერთგვარად პროექცირებულია. სირია, როგორც მორევი, ახალ-ახალ ძალებს იკრებს, დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება.  

ამ პროცესში ჩინეთი უკვე ჩაერთო. ჩინეთის ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც რომ, სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უიღურები არიან ჩართული. უიღურები ჩინეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და იქ ტერორიზმის საფრთხე დიდია.  შესაბამისად, ჩინეთი თავის მხარდაჭერას რუსეთის მიმართ ღიად გამოხატავს.

ამავე დროს აქტიურად არის ჩართული, რა თქმა უნდა, ისრაელი, რომლის პრემიერ-მინისტრმაც, ნეთანიაჰუმ პუტინს დაურეკა. ნეთანიაჰუმ პირდაპირ განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ყოფნას სირიაში არ დაუშვებს. ისრაელი თავის სიტყვას ყოველთვის საქმით ამტკიცებს, სირიაში ბაზის დაბომბვა ამის ნათელი მაგალითია, რასაც ირანის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

კონფლიქტში ამავე დროს ჩართული არიან არაბული მონარქიები. ისინი მიბმული არიან შეერთებულ შტატებზე. ტრამპმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს განუცხადა, 7 ტრილიონი $ დაგახარჯეთ და არაფერი მიგვიღია, ამიტომ თუ გინდათ ჩვენ იქ  ვიყოთ, უნდა გადაიხადოთ, თუ არ გადაიხდით, ორ კვირასაც ვერ გაძლებთო. ეს ტრამპის სიტყვებია. არაბული მონარქიები შეერთებული შტატების გარეშე მათ მიმართ მტრულად განწყობილი ირანის და თურქეთის წინაშე აბსოლუტურად დაუცველები არიან.

ამავე დროს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ ალიანსის შიგნითაც ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მაგ. როდესაც ლავროვმა განაცხადა, ლოგიკური იქნებოდა, რომ თურქეთს  აფრინი ასადისთვის გადაეცა, ამას თურქეთის მხრიდან ძალიან უარყოფითი რექაცია მოჰყვა. ერდოღანმა თქვა, რომ მან იცის, ვისაც უნდა გადასცეს აფრინი და რომ იქ თურქული ადმინისტრაცია დარჩება. ეს არის შექმნილი ვითარების მოკლე აღწერა, ასე რომ ვთქვათ.

-რაზეა გათვლილი ტრამპის მხრიდან ამგვარი აფექტური პოლიტიკის დემონსტრირება? რის მიღწევა სურს მას ამით? რაღაც მომენტში ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რომ ეს ყველაფერი რეიტინგზე არის გათვლილი, რადგან შიდა ასპარეზზე მუდმივად პრობლემები ექმნება... 

-გასაგებია,  შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური რეალიები, მაგრამ ამერიკელ სამხედროებს ესმით, რომ სირიაში სიკვდილი მათ მოუწევთ. გარდა ამისა, ხმები უკვე შტატებშიც გაისმა, რომ სამხედროები დანაშაულებრივ და უაზარო ბრძანებებს არ დაემორჩილებიან.

ტრამპს სიტუაციის ბოლომდე დაძაბვა და მერე მოლაპარკებებზე წასვლა ბიზნესშიც ახასიათებდა. იგივე გადმოიტანა მან პოლიტიკაში. დაპირისპირების გრადუსი ყველა მიმართულებით ასწია. ასე იყო ჩრ. კორეასთან მიმართებაშიც და ვერ ვიტყვით, რომ უშედეგოდ დამთავრდა, რადგან კიმ ჩენ ინი  მოლაპარაკებაზე წამოვიდა.  

იგივეს აკეთებს ის ჩინეთთან მიმართებაში, პეკინი ასევე დაითანხმა მოლაპარაკებებზე.  ჩინეთში კარგად ესმით, რომ ეკონომიკის თვალსაზრისთ შეერთებულ შტატებში მათ უზარმაზარი სალდო აქვთ. ჩინეთის სააექსპორტო მრეწველობაში, რომლის ძალიან დიდი წილი  შეერთებულ შტატებზე მოდის, 200 მილიონი ადამიანია დასაქმებული. ჩინეთს ძალიან არ აწყობს ამერიკასთან სავაჭრო ომი და შესაბამისად, ტრამპის ამ დაძაბვას მოჰყვა ის, რომ  პეკინი მოლაპარაკებაზე წამოვიდა.

-სირიაში რა შედეგი მოჰყვება ტრამპის ტაქტიკას?  რამდენად გაჭრის ეს „ჯადო“ რუსეთზე?

-სირიაში როგორც ჩანს, ეს ტაქტიკა ვერ ამართლებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო თვალსაზრისით  ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ლოკალურ ასპექტში იმ სამხედრო შენაერთთან წინააღმდეგობის გაწევა, რომლის კონცენტრაციასაც  შეერთებული შტატები სირიის სანაპიროსთან ახდენს, რუსეთს არ შეუძლია. ის მსჯელობები, რომ სუ-24 ჩაახშობენ და დაბომბავენ ამერიკულ ხომალდს, შიდა ბაზრისთვის არის განკუთვნილი. რა თქმა უნდა, იქ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იქნება, ეს გამოიწვევს იქ მყოფი რუსული და სირიული ძალების განადგურებას, მაგრამ რა მოჰყვება შემდეგ ამას, ეს არის ყველაზე სერიოზული საკითხი. ამ შემთხვევაში რუსეთი  ატომური პასუხით იმუქრება. რუსეთის გენშტაბის უფროსის გერასიმოვის სიტყვები ყველამ გაიგო, მან თქვა, რომ ჩვენ არა მარტო რაკეტებს ჩამოვაგდებთ, არამედ დავბომბავთ იმ ობიექტებს, საიდანაც რაკეტები წამოვიდა. ეს უკვე ომია!

-რამდენად რეალურია, რომ ეკონომიკურ სანქციებით, პოლიტიკურ-ინფორმაციული ზეწოლით დასავლეთმა მიზანს მიაღწიოს და რუსეთს სირიაში თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ხელი ააღებინოს?

-არ არის ეს რეალური, რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს ძალინ ხისტი პოლიტიკა. არც რუსეთს და არც შეერთებულ შტატებს სახის შეუნარჩუნებლად  უკან დახევა, არ შეუძლიათ. ჩვენ კარიბის კრიზისის მსგავს სურათს ვღებულობთ. როდესაც ჯერ იყო ესკალაცია და  30-40 წლის შემდეგ გაირკვა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ანალოგიური სიტუაციაა ახლაც, ცნობილია, რომ დეესკალაციის ხაზი რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის სირიაში არ გაუქმებულა.

-რაც შეეხება ქიმიურ ბომბებს, რას იტყვით იმ კადრებზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა? რუსეთი დასავლეთს და  ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებს“ ამ კადრების ინსცენირებაში ადანაშაულებს. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასე ყოფილიყო?

-მე მაგალითად, რასაც ვუყურე, არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეხედოს. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უნიჭოდ დაგმული სცენები. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ  ქიმიური იარაღი ვინმემ გამოიყენა. მაგრამ ეჭვს იწვევს თვითონ მოტივიც. რატომ უნდა გამოეყენებინა ასადს, ან რუსეთს რატომ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ? რატომ  უნდა მიეცათ ამის მიზეზი დასავლეთისთვის და მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ასეთი მობილიზაცია რატომ უნდა გამოეწვიათ? ეს მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ღუთაში მათ გაიმარჯვეს და  მტრებისგან გაათავისუფლეს. ეს რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს. ჩვენ იგივე სცენარის განვითარებას ვხედავთ, როგორიც 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო. ერაყის ქიმიურ პროგრამაზე და მასობრივი განადგურების იარაღზე საზოგადოება დააჯერეს, ამ მიზეზით ომი დაიწყეს და შემდეგ გაირკვა, რომ არაფერი არ ყოფილა. თვითონვე აღიარეს, შეგვეშალა, გვაპატიეთო, ამ დროს მოლიონობით ადამიანი გაუბედურდა და დესტაბილიზაცია  ამ რეგიონში დღემდე გრძელდება.

-თუკი საერთაშორისო დონეზე ასეთი უსამართლობა და აფიორა ტრიალებს, თანაც „დემოკრატიის“ და „ადამიანის უფლებების“ სახელით, მაშინ ჩვენნაირ პატარა, დაუცველ ქვეყანას რის იმედი უნდა ჰქონდეს? რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ...

-„თუ“ არა, ეს ყველამ აღიარა. ეს ხომ ახლა არ დაწყებულა, ომი ყოველთვის პროვოკაციებით იწყებოდა. ავიღოთ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, როდესაც გერმანელებს ვითომ პოლონელები დაესხნენ თავს, სინამდვილეში თავდამსხმელები თვითონ გერმანელები იყვნენ, პოლონელები დაადანაშაულეს და  მეორე მსოფლიო ომი დაიწყეს. ნუ, სადამ ჰუსეინი ხომ კლასიკაა, თვითონვე აღიარეს და რაც მთავარია, არავინ დასჯილა. ამიტომ საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს სამართლიანობაზე მითუმეტს, ჩვენნარი პატარა ქვეყნისთვის, ლაპარაკი არ არის.

-იგივე, „სკრიპალების საქმე“, რომელსაც დიპლომატიური ომი მოჰყვა და რომლის მტკიცებულებები ვერა და ვერ წარადგინეს...

-სკრიპალის საქმე მართლაც უპრეცედენტო იყო. რუსეთის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ  წამოაყენეს ვერსია, თითქოს ეს იყო სსრკს მიერ წარმოებული „ნოვიჩოკი“, რომელიც საბრძოლო მოქმედების გაზია. მაშინ, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ დღეს ორივე სკრიპალი ცოცხალი და ჯანმრთელია? ღუთას ისტორიის არ იყოს, რაში სჭირდებოდა რუსთს სკრიპალის მოწამვლა ამგვარი ეგზოტიკური მეთოდით? მისი ლიკვიდაცია რომ სდომოდათ, სხვანაირად ვერ გააკეთებდნენ ამას? გაზი გაუშვეს და ასე დემონსტრაციულად ჩადიოდნენ მკვლელობას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე? ეს რა თქმა უნდა, ალოგიკურია.

-თქვენი პროგნოზი როგორია, არსებობს თუ არა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირების საფრთხე? რას მოიმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუკი შტატები გადაწყვეტს დაარტყას სირიის სამთავრობო ძალებს?

-დიპლომატიური და საიდუმლო არხებით შეეცდებიან მოილაპარკონ, როგორ შეუნარჩუნონ ერთმანეთს სახე. შეიძლება მეორეხარისხოვანი ობიექტების  განადგურებაზე მოილაპარაკონ  და ამაზე პასუხი არ გაეცეთ. შესაძლოა ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა მართალაც დაბომბონ სირიაში მყოფი  ბაზები, თუმცა იმ ტერიტორიებს, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებიან, მაქსიმალურად მოერიდებიან. მესამე ვარიანტია, ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ახალი ესკალაცია დაიწყოს. ამას რა შედეგი მოჰყვება, ამის გამოთვლა ბავშვსაც შეუძლია. ამ კონფლიქტის ტრაექტორია ცხადია, თერმობირთვულ ომამდე მიდის. ცოტა რთული წარმოსადგენია, ტრამპმა  თქვას, რომ არაფერი არ ყოფილა, ტყუილად ვლანძღე ეს ხალხი, მერე  ყველაფერი მოატრიალოს და წავიდეს. თუმცა, არც ეს არის გამორიცხული.

-ირანის ბაზებზე დარტყმა რა შედეგს გამოიწვევს?

-ირანთან მათ ისედაც საომარი მდგომარეობა აქვთ. ირანის ოფიციალური დეკლარირებული მიზანი ისრაელის განადგურებაა. ისრაელი არის ამერიკის მოკავშირე.  ცხადია, მათ შორის უმძიმესი დაპირისპირებაა და, როდის მოხდება სიტუაციის ესკალაცია, მხოლოდ დროის საკითხია.

რაც შეეხებაბ რუსეთს, მას ბალანსირება უმძიმეს სიტუაციაში  უწევს. რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ფაქტიურად, დამბალანსებლის როლს ასრულებს. დასავლეთის, ისრაელის, არაბული სახელმწიფოების სპეცსამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ ალიანსის  წევრებს შორის სიტუაციის დაძაბვას, ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, ამის ზუსტი პროგნოზირება ძალიან ძნელია.

ჩემი აზრით, თუ შეიძლება ამას პროგნოზირება დავარქვათ, აუცილებლად მოხდება სიტუაციის ესკალაცია, რა ფორმით, ეს უკვე სხვა თემაა. იქ იმდენი დიამეტრალურად დაპირისპირებული ინტერესებია და ისე მწვავეა ეს დაპირისპირება, რომ  ახალი დაძაბულობის კერის წარმოქმნა ყოველწუთს მოსალოდნელია. ერთმა ახალმა კერამ შეიძლება შეცვალოს ვითარება და ახალი სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს. ამ რეგიონში ყველა ერთმანეთზე გადაკიდებულია. მოგეხსენებათ, თურქეთიც  დენთის კასრზე ზის, შესაბამისად ეს ძალიან გავს ხანძრს ტყეში, როდესაც ხან ერთი კუთხიდან ამოვარდება ალი და ხან -მეორე კუთხიდან.

-რა დოზით აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?

- ჩვენ ამ რეგიონთან ახლოს ვიმყოფებით, ვართ კიდევაც ამ რეგიონის ნაწილი. საქართველოს უსფართხოება რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსზეა დამოკიდებული. ახლა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დამთბარია. ყოველთვის, როდესაც ისინი  ურთიერთობას დაათბობდნენ, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე იწყებდნენ მსჯელობას. საქართველო რა თქმა უნდა,  ამ გადანაწილების კანდიდატია, ასე იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე,  დასავლეთი რეგიონალური მტაცებლების მიმართ გარკვეულ დამბალანსებლის როლს ასრულებს, სიტყვიერად მაინც. თუმცა, ჩვენ იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო და პოლიტიკური ძალები, ჩვენს რეგიონში  შეუდარებელად მცირეა რუსეთთან და თურქეთთან შედარებით, განსხვავებით ახლო აღმოსავლეთისგან. აქ შეერთებულ შტატებს არავითარი შესაძლებლობა არა აქვს რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრიით წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ ჩვენი მდგომარეობა მყიფეა და  იმ წესრიგზეა დამყარებული, რომლის საფუძვლები სულ უფრო ირყევა. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საზოგადოებრივი აზრი მეზობლების მიმართ ნაკლებად გამაღიზიანებელი იყოს. მესამე ძალის იმედით  მეზობლების გაბრაზებას რა შედეგი მოაქვს, ვიცით.

-რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რუსეთ ამერიკას შორის არსებული კრიტიკული ვითარების ფონზე? საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დაპირისპირების შედეგად რუსეთი დაიშლება და საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს...

-დიახ, არის გაბრაზებაზე დაფუძნებული კონსტრუქციები, რომ განადგურდება რუსეთიც, თურქეთიც და საქართველო თამარის დროინდელ საზღვრებში აღდგება, ამაში კი ძლევამოსილი დასავლეთი მოგვეხმარება. ადამიანი ოცნებობს, იმაზე რაც უნდა, ვერ გადაარწმუნებ, რომ ეს შეუძლებელია. თანაც რუსეთის და თურქეთის დაშლას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის, ამის მოდელირებას არ დავიწყებ, მაგრამ გარწმუნებთ, შედეგები იქნება უმძიმესი. მართალია, სამყაროში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამის ალბათობა მაინც ძალიან დაბალია.