პოლიტიკა
„17 წელი ვასწავლიდი, მაგრამ კითხვა ვერაფრით ვისწავლე“ - ამერიკელი მასწავლებლის დაუჯერებელი ისტორია
„17 წელი ვასწავლიდი, მაგრამ კითხვა ვერაფრით ვისწავლე“ - ამერიკელი მასწავლებლის დაუჯერებელი ისტორია

ჯონ კორკორანი ამერიკის შტატში, ნიუ-მექსიკოში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა მასწავლებლად დაიწყო და ამ სამუშაოს  ცხოვრების  17 წელი მიუძღვნა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სავსებით უჩვეულო საიდუმლოს ინახავდა - ბიბისის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონ კორკორანმა აღნიშნა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა - კითხვა არ იცოდა.

ჯონ კონკორანი:  ბავშვობაში მშობლები მინერგავდნენ, რომ გამარჯვებული ვარ და ექვს წლამდე  ამის მჯეროდა.

ლაპარაკი გვიან დავიწყე, თუმცა სკოლაში იმ იმედით წავედი, რომ ჩემი დებივით კითხვის სწავლას შევძლებდი. პირველ წელს ყველაფერი კარგად წარმიმართა. ბევრს არაფერს გვთხოვდნენ. რიგში დგომა, ჯდომა, ენაზე კბილის დაწერა და საპირფარეშოში დროულად გასვლა უნდა გვცოდნოდა. აი, მეორე კლასიდან კი წერა-კითხვის სწავლა დავიწყეთ. მაგრამ ჩემთვის ეს იგივე იყო, რაც ჩინური გაზეთის გადაშლა და თვალიერება - ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მასში ასახული სტრიქონები. შემისრულდა ექვსი, შვიდი, რვა წელი და ვერაფრით გავიგე, როგორ შეიძლებოდა გამემჟღავნებინა ჩემი პრობლემა.  

მახსოვს, როგორ ვთხოვდი ღმერთს ლოცვის დროს: მასწავლე კითხვა ხვალ, როდესაც გავიღვიძებ-მეთქი. ხანდახან ავანთებდი შუქს, ავიღებდი წიგნს და ვუყურებდი მას საოცრების მოლოდინში. მაგრამ საოცრება არა და არ ხდებოდა.

სკოლაში ჩამორჩენილი ბავშვების ჯგუფში აღმოვჩნდი, მათ ძალიან უჭირდათ სწავლა. არ ვიცი, იქ როგორ მოვხვდი, მაგრამ არც ის ვიცოდი, როგორ დამეღწია თავი ამ სიტუაციიდან. და ნამდვილად არ ვიცოდი, ვისთვის შემეძლო ამის შესახებ მეკითხა.

მშობელთა კრებებზე მასწავლებელი ეუბნებოდა ჩემს მშობლებს: „ჭკვიანი ბიჭია, მას ყველაფერი გამოუვა“-ო  და...

ასე გადამიყვანეს მესამე კლასში.

-„ჭკვიანი ბიჭია, მას ყველაფერი გამოუვა“-ო   და  გადამიყვანეს მეოთხე კლასში.

„ჭკვიანი ბიჭია, მას ყველაფერი გამოუვა“-ო  და მე მეხუთე კლასში აღმოვჩნდი...

 მაინც არაფერი გამომდიოდა...

„ღმერთო, ეს ჩემს ძალებს აღემატება“ -მეთქი,  ვფიქრობდი. მეხუთე კლასში შევეშვი  კიდეც მცდელობებს, როგორმე მესწავლა კითხვა. ყოველდღიურად ვდგებოდი, ვიცვამდი, მივდიოდი სკოლაში ისე,  თითქოს მივდიოდი ომში.  ვერ ვიტანდი სკოლის კლასს. ჩემთვის ეს იყო მტრული ატმოსფერო და მე უნდა მენახა მეთოდი, როგორმე გამეტანა თავი.

მეშვიდე კლასში დროის დიდი წილი დირექტორის კაბინეტში გავატარე. ვაწყობდი ჩხუბს, ვიწვევდი პროვოკაციებს,  ვიქცეოდი ჯამბაზივით, ვარღვევდი წესრიგს და... რამდენჯერმე საქმე სკოლიდან გარიცხვამდეც კი მივიყვანე...   

მაგრამ ასეთი ქცევა შინაგანი ემოციებით არ იყო განპირობებული -  მე ეს არ მინდოდა. სინამდვილეში მინდოდა, სულ სხვა ვინმე ვყოფილიყავი, წარმატებისთვის მიმეღწია, კარგად მესწავლა და...  უბრალოდ, არაფერი გამომდიოდა.

მერვე კლასში საკუთარი თავისა და ოჯახის ტანჯვით დავიღალე. გადავწყვიტე, რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც გული მეუბნებოდა -  ზოგადად, თუ საშუალო სკოლაში კარგად იქცევი, მაშინ ამ სისტემაში არც საკუთარი გზის პოვნა გაგიჭირდება. მინდოდა, მასწავლებლებისთვის ყველაფერი დამეჯერებინა  და არც ძალისხმევა დამეშურებინა, რომ ამ სისტემის ნაწილი გავმხდარიყავი.

სპორტსმენობა მინდოდა - მქონდა ათლეტური უნარები. მათემატიკური უნარების ნაკლებობასაც არ ვუჩიოდი - ფულის თვლა სკოლამდეც  კარგად შემეძლო და  ცხრილებსაც კარგად ვიმახსოვრებდი. არც ურთიერთობის პრობლემა მქონია - კოლეჯის მეგობრებთან ერთად ხშირად ვატარებდი დროს და სტუდენტ გოგონასაც ვხვდებოდი. პატარა მეფე ვიყავი - გოგონები ჩემ ნაცვლად საშინაო დავალების შესრულებაზეც არასდროს მეუბნებოდნენ უარს.  

შემეძლო დამეწერა საკუთრი სახელი და დამემახსოვრებინა რამდენიმე სიტყვა, მაგრამ არ შემეძლო დამეწერა წინადადება მთლიანად - საშუალო სკოლაში სწავლისას ისევ მეორე თუ მესამე კლასის დონეზე ვიყავი, მაგრამ არასდროს არავისთვის მითქვამს, რომ არ ვიცოდი კითხვა.

როდესაც ვწერდი ტესტებს, ვიწერდი სხვისი რვეულებიდან, ან ვაძლევდი ჩემს დავალებებს სხვებს, ვინც კითხვებს ჩემ ნაცვლად უპასუხებდა - ეს მარტივი ტყუილი იყო. ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც მე კოლეჯში გადავედი და პრეტენზია სპორტულ სტიპენდიაზე გამიჩნდა.

ვფიქრობდი, - ღმერთო, ეს ჩემს ძალებს აღემატება, ამას როგორღა გადავლახავ-მეთქი, მაგრამ..

კოლეჯში ერთ-ერთი საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი ვიყავი, რომელთაც ძველი საგამოცდო ბილეთების ასლები ჰქონდათ. ეს სიტუაციიდან გამოსავლის ერთი გზა იყო. გარდა ამისა, ვცდილობდი მასთან ერთად მევლო მეცადინეობებზე, ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო. იყვნენ ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ერთსა და იმავე ტესტებს იყენებდნენ ყოველწლიურად. ამის მიუხედავად, პერიოდულად, სხვა ხერხების გამოყენებაც მიწევდა.

ერთ გამოცდაზე პედაგოგმა დაფაზე ოთხი კითხვა დაწერა. ბოლოში ვიჯექი, ფანჯარასთან. ისე გადავწერე ჩემს ცისფერ რვეულში, არ ვიცოდი, რა რას ნიშნავდა. მანამდე მოველაპარაკე ჩემს მეგობარს, რომ დამდგარიყო ფანჯარასთან. ის სკოლაში უჭკვიანეს მოსწავლედ ითვლებოდა. მაგრამ ძალიან მორიდებული იყო და მე მთხოვდა, მომეგვარებინა მისი ურთიერთობა გოგონასთან, რომელსაც მერი ერქვა და  რომელთანაც მას  სემესტრის დასრულებასთან დაკავშირებულ საცეკვაო საღამოზე წასვლა უნდოდა.

მას მივაწოდე ცისფერი რვეული და მანვე უპასუხა კითხვებს ჩემ ნაცვლად. ამასობაში პერანგის ქვეშ დამალული სხვა ცისფერი რვეული ამოვიღე და ისეთი სახე მივიღე, თითქოსდა მასში ვასრულებდი დავალებას.

ვლოცულობდი, მეგობარს ჩემთვის რვეულის დაბრუნება მოეხერხებინა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ეს კურსი აუცილებლად უნდა გამევლო და... მეც ასე გავრისკე.

შეუსრულებელი მისია

იყო კიდევ ერთი გამოცდა, რომელიც, არც კი ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა, ჩამებარებინა.

ერთხელ ღამით პედაგოგის კაბინეტთან ჩავიარე. ის იქ არ იყო. დანის საშუალებით გავაღე ფანჯარა და ქურდივით შევიპარე ოთახში. ზღვარს გადავედი - მე უკვე არა მარტო მატყუარა მოსწავლე, არამედ დამნაშავეც ვიყავი. საგამოცდო ბილეთების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე. დაკეტილი კარტოთეკა აღმოვაჩინე - მასში უნდა ყოფილიყო ტესტებიც.  ამისდა მიუხედავად, ძებნა მაინც გავაგრძელე, ბილეთების პოვნას ორი თუ სამი ღამის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მაშინ  ჩემი სამი მეგობარი წავიყვანე და კაბინეტში ახლა უკვე მათთან ერთად შევედი. იქიდან ოთხი ყუთით კარტოთეკა  გამოვიტანეთ, ჩავდეთ მანქანაში და კოლეჯის საცხოვრებელში მივიტანეთ.

შემდეგ ხელოსანს შევუთანხმდი,  შარვალ-კოსტუმი ჩავიცვი, ჰალსტუხი გავიკეთე, თითქოსდა ახალგაზრდა ბიზნესმენი ვიყავი და მომდევნო დღეს  ლოს-ანჯელესში მივემგზავრებოდი, ხელოსანს კი ამ კარტოთეკის გახსნით ჩემთვის უნდა ეშველა.  მანაც გახსნა და მომცა გასაღები. შვება ვიგრძენი, როდესაც ზედა ყუთში საგამოცდო ბილეთების ორმოცამდე ასლი აღმოვაჩინე. ერთი ავიღე და საერთო საცხოვრებელში მივიტანე,  ერთ-ერთმა ჩემმა ჯგუფელმა აიღო და დამიბრუნა სწორი პასუხებით. შემდეგ კარტოთეკა უკან დავაბრუნეთ. საერთო საცხოვრებელში ხუთ საათზე დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ შეუსრულებელი მისია შევასრულე. თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ასეთი ჭკვიანი აღმოვჩნდი.

შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი და პატარა ბავშვივით ავტირდი.

რატომ არავის ვთხოვე დახმარება?  არ მჯეროდა, რომ ვინმეს შეეძლო, ჩემთვის კითხვა ესწავლებინა. ეს იყო ჩემი საიდუმლო და მეც ვინახავდი.

ლომების გალია

მასწავლებლები და მშობლები მეუბნებოდნენ, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულები საუკეთესო სამუშაოს შოულობენ, საუკეთესო ცხოვრება აქვთო და მე ამის მჯეროდა. ჩემი მიზანი იყო, როგორმე ეს ქაღალდი მომეპოვებინა. იქნებ, ოდესღაც  კითხვაც ვისწავლო ლოცვის ან სასწაულის წყალობით-მეთქი, ვფიქრობდი.

როდესაც კოლეჯი დავამთავრე, პედაგოგად მუშაობა შემომთავაზეს. ეს ყველაზე ალოგიკური რამ იყო, რომლის წარმოდგენაც ოდესმე შემეძლო - ახლახან გამოვედი ლომების გალიიდან და ახლა ისევ იქ დაბრუნებას მთავაზობდნენ.  

და რატომ გადავწყვიტე, მიმეღო წინადადება? წარსულით თუ ვიმსჯელებთ, თითქოსდა,  ეს სიგიჟე იყო, თუმცა... ისე დავამთავრე საშუალო სკოლა და კოლეჯი, რომ ფაქტზე არასდროს არავის დავუჭერივარ - მასწავლებლის ადგილი კი ამ სიტუაციაში ყველაზე საიმედო თავშესაფარი შეიძლებოდა გამხდარიყო. ვინ შეიტანდა ეჭვს, რომ  მასწავლებელმა კითხვა არ იცოდა?!

სხვადასხვა საგანს ვასწავლიდი: ფიზკულტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ბეჭდვასაც კი - შემეძლო 65 სიტყვა დამებეჭდა წუთში, თუმცა არ ვიცოდი, რას ვბეჭდავდი სინამდვილეში. არასდროს დამიწერია არაფერი დაფაზე, ჩემს კლასში არ იყო არცერთი ნაბეჭდი სიტყვა. ჩვენ ვუყურებდით ფილმებს, გვქონდა დისკუსიები...  იძულებული ვხდებოდი, მოსწავლეებისთვის მეთხოვა, ხმამაღლა წარმოეთქვათ საკუთარი სახელები. მაშინვე ავარჩევდი ხოლმე ორ ან სამ გამორჩეულ მოსწავლეს იმ მიზნით, რომ დამხმარებოდნენ. ისინი  შეუცვლელი თანაშემწეები იყვნენ და რაც მთავარია, არასდროს შეუტანიათ ეჭვი ჩემში - მე ხომ მასწავლებელი ვიყავი.

ყველაზე დიდ ვნებათაღელვას კი  მასწავლებელთა კრება იწვევდა ჩემში, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა. როდესაც დისკუსია წამოიჭრებოდა, დირექტორი რომელიმე კონკრეტულ პირს სთხოვდა, რომ ჩანაწერები დაფაზე გაეკეთებინა. სულ იმის შიშში ვიყავი, რომ ამ დაფასთან მე არ გავეყვანე, თუმცა ასეთი შემთხვევისთვის სათადარიგო გეგმაც მქონდა მზად: თუ დირექტორი ჩემზე გააკეთებდა აქცენტს, ავდგებოდი სკამიდან, ორ ნაბიჯს გადავდგამდი და  შემდეგ გულზე „ვიტაცებდი“ ხელს,  იატაკზე წავიქცეოდი იმ იმედით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გამოიძახებდნენ. მოკლედ, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდაც ჩემი საიდუმლო არ გამემჟღავნებინა.  

ხანდახან მეგონა, რომ კარგი მასწავლებელი ვიყავი, მე ხომ ბევრს ვმუშაობდი და რეალურად მაინტერესებდა ის, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ  არ ვიყავი მართალი. არ ვიყავი ამ კლასის ნაწილი, ფაქტობრივად, არალეგალი ვიყავი, მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი...  ხანდახან სამუშაო ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა,  მაგრამ ხაფანგში მოვექეცი და ამის შესახებ ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი.

 „ქეთი, მე კითხვა არ ვიცი“

ჯერ კიდევ მასწავლებლად ვმუშაობდი, როდესაც დავქორწინდი. ქორწინება - ეს საიდუმლოებაა, ვალდებულება, რომ მართლები, გახსნილები ვიყოთ ერთმანეთთან და მაშინ პირველად გავიფიქრე, - კარგი, ამ ადამიანს ვენდობი, მას ვეტყვი-მეთქი.

რეპეტიციებს სარკის წინ გავდიოდი და ვიმეორებდი : ქეთი, მე კითხვა არ ვიცი, ქეთი, მე კითხვა არ ვიცი.

ერთ საღამოს დივანზე ვისხედით, როდესაც ეს სიტყვები მასაც გავუმეორე: ქეთი, მე კითხვა არ ვიცი.  ის ვერ მიხვდა, რა მქონდა მხედველობაში, იფიქრა, იმის თქმა მინდოდა, რომ ცოტას ვკითხულობდი.

ხომ იცით, სიყვარული ბრმა და ყრუა.

ასე რომ, ჩვენ დავქორწინდით, გვეყოლა შვილი და ... ქეთიმ ჩემი საიდუმლოს შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო.

ჩემი სამი წლის გოგონას რეგულარულად ვუკითხავდი ხოლმე ხმამაღლა წიგნებს. სინამდვილეში, არ ვკითხულობდი, ისტორიებს ვიგონებდი, ზღაპრებს ვუყვებოდი და გარკვეულ დრამატიზმსაც ვუმატებდი.

ერთ დღესაც ჩემს ხელში ახალი წიგნი აღმოჩნდა - ძმები გრიმების ზღაპარი „რუმპელშტილცხენი“ და შვილმა მითხრა, -  შენ ისე არ კითხულობ, როგორც დედაო.

ჩემს ცოლს ესმოდა, როგორ ვცდილობდი წამეკითხა საბავშვო წიგნი და ნელ-ნელა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მე ხომ მას ვთხოვდი,  დამხმარებოდა წერაში, მათ შორის, სასკოლო სამუშაოებში. ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო.  

არაფერი უთქვამს, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ ჩემი დახმარება განაგრძო.

მიუხედავად ამისა, შვება არ მიგრძვნია, შინაგანად თავს ჩამორჩენილად და მატყუარად  ვგრძნობდი. ვასწავლიდი მოსწავლეებს, ეპოვათ სიმართლე და თვითონ ვიყავი მთავარი მატყუარა კლასში. რეალურად კი მაშინ ამოვისუნთქე, როდესაც ბოლოს და ბოლოს, კითხვა ვისწავლე.

სკოლაში მუშაობა 1978 წელს შევწყვიტე. ამ პერიოდიდან რვა წლის შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები დაიწყო.

47 წლის ვიყავი, თითქმის 48-ის, როდესაც ტელევიზორში ბარბარა ბუშის გამოსვლას ვუყურე, აშშ-ს პირველ ლედი ზრდასრულების განათლებაზე საუბრობდა. ეს იყო მისი სპეციალური კურსი. აქამდე არასდროს მსმენია, რომ ვინმეს ზრდასრულებში წიგნიერების პრობლემაზე ელაპარაკა. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი ვიყავი მსოფლიოში, ვინც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, მინდოდა, ვინმესთვის მეთქვა ამის შესახებ, მინდოდა, დახმარება მეთხოვა.

ერთხელ პროდუქტების რიგში ვიდექი,  ჩემ წინ მდგომი ორი ქალბატონი უფროს ძმაზე საუბრობდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ბიბლიოთეკაში დადიოდა და კითხვას სწავლობდა. ქალბატონები შედეგით გახარებულები იყვნენ. ამის დაჯერება არ შემეძლო.  

პარასკევს საღამოს ზოლიან პიჯაკში გამოვეწყე და ბიბლიოთეკაში შევედი, ზრდასრულებში წიგნიერების ამაღლების პროგრამის ხელმძღვანელთან შეხვედრა ვითხოვე. ავუხსენი, რომ კითხვა არ ვიცოდი. ეს იყო მეორე ადამიანი, ვისაც  საიდუმლო გავანდე.

შემდეგ მეცადინეობაც დავიწყე 65 წლის მოხალისე მასწავლებელთან,  ის პედაგოგი არ იყო, უბრალოდ, კითხვა მოსწონდა და თვლიდა, რომ ეს უნარი ყველას უნდა აეთვისებინა. შეეცადა, წერა დამეწყო. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთი წინადადებაც კი არ დამიწერია. პირველი, რაც ფურცელზე გადავიტანე, ეს იყო პოემა ჩემს გრძნობებზე. პოეზიაში ხომ სრულფასოვანი წინადადებები არაა საჭირო და არც არავინაა ვალდებული, წეროს დაუსრულებელი ფრაზები.

მოხალისე პედაგოგმა მეექვსე კლასის დონემდე ჩემი აყვანა მოახერხა.  ვფიქრობდი, რომ გარდავიცვალე და სამოთხეში მოვხვდი. რეალურად წიგნიერ ადამიანად კი თავი 7 წლის შემდეგ ვიგრძენი.

მას შემდეგ, რაც კითხვის სწავლა დავიწყე, ბევრი ცრემლი, ტკივილი და სასოწარკვეთა გავიარე, მაგრამ ამან ჩემს სულში უდიდესი სიცარიელე შეავსო. ზრდასრულები, რომლებმაც კითხვა არ იციან, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, აკადემიურად და სულიერად თითქოსდა ბავშვობაში არიან გაჭედილები. რეალურად, ჩვენ ვერ ვიზრდებით.

მასწავლებელმა ამ ისტორიის მოყოლა მირჩია, მითხრა, რომ ეს იქნებოდა წიგნიერების პროპაგანდა და მოტივაცია სხვებისთვის, მაგრამ უარზე დავდექი. არავითარ  შემთხვევაში-მეთქი, -ვუთხარი, - ამ საზოგადოებაში 17 წელი გავატარე, ჩემი შვილები, ცოლი, მშობლები აქ არიან და ამიტომ ვერაფერს მოვყვები-თქო, მაგრამ...

ბოლოს ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ეს იყო სამარცხვინო საიდუმლო, ამიტომ გადაწყვეტილება იყო სერიოზული, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ რადგან მაინც გადავწყვიტე, სათქმელი მთელ ამერიკასა და მსოფლიოს ვუთხარი. მივიღე მონაწილეობა ლარი კინგისა და ოპრა უინფრის შოუებში, ეი-ბი-სი-ს ახალ ამბებში და ა.შ.

ადამიანები, რომლებიც ისეთი მასწავლებლის ისტორიას ისმენდნენ, რომელმაც კითხვა არ იცოდა, თავს უხერხულად გრძნობდნენ. ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო და მე ყველაფერი გამოვიგონე. თუმცა მე მაინც ვყვებოდი. მინდოდა, რომ ამ პრობლემის წინაშე მდგომ პირებს სცოდნოდათ, რომ არსებობს იმედი, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, რომ ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილები, რომ შეგვიძლია კითხვის სწავლა და რომ გვიანი არასდროსაა.

მაგრამ მე მინდოდა, რომ ადამიანებს სცოდნოდათ, რომ არსებობს იმედი, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. რომ ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილები, რომ შეგვიძლია კითხვის სწავლა, ეს კი გვიანი არასდროსაა.

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ისე ვცდილობ მივაღებინოთ ბავშვებს სასკოლო განათლება, რომ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ წერა-კითხვის უნარებს. ამ მანკიერი წრის გარღვევა შესაძლებელია, თუ ამაში მხოლოდ მასწავლებლებს არ დავადანაშაულებთ და მშობლებიც შევეცდებით, კარგად მომზადებულები გავუშვათ ბავშვები სკოლაში.   

48 წელი გავატარე სიბნელეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს განვთავისუფლდი კარადაში არსებული ჩონჩხისგან და წარსულის მოჩვენებებსაც დავემშვიდობე.