მოქალაქის ტრიბუნა
„ასე აღმოვჩნდით სკოლის მოსწავლეები და ფსიქიური პრობლემების მქონენი თითქმის ერთ სივრცეში“ - ნონა სალაღაია
„ასე აღმოვჩნდით სკოლის მოსწავლეები და ფსიქიური პრობლემების მქონენი თითქმის ერთ სივრცეში“ - ნონა სალაღაია

„ბევრმა  არ იცის, რომ ნამდვილი სურამელი ნაზუქზე კი არა, რკინის წყალზე იზრდება”

 

ნონა სალაღაია

მითხრეს,  სურამზე წუთნახევრიანი სიუჟეტი ჩამეწერა. დავწერე ის, რაც გუგლის საძიებოში ძნელად მოსაძებნი იქნებოდა, ის რაც საკუთარი თვალით მინახავს და განმიცდია, ის რასაც ნიშნავს ჩემთვის სურამი. აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი მქონდა სათქმელი, ვიდრე წარმომედგინა, მერე ბევრი ვეცადე და მივხვდი, ამ სათქმელს წუთნახევარში ვერ ჩვატევდი და იმასაც მივხვდი, რომ წერა ჩემი სტიქიაა. სიუჟეტი გვერდზე დამრჩა და ეს ჩანახატი ვისაც უნდა, ჩანახატად წაიკითხოს

სურამი არის პატარა დაბა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს და ის ბევრისთვის სუფთა ჰაერთან, ციხის კედელში ცოცხლად ჩატანებულ ზურაბთან ან თუნდაც ნაზუქებთან ასოცირდება. ჩემთვის კი ის გაცილებით მეტია. აქ, საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთი დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო არსებობდა. საავადმყოფოსა და ჩემს სკოლას ბეტონის კედელი ყოფდა. 90-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად ეს კედელიც დაიშალა და ასე აღმოვჩნდით სკოლის მოსწავლეები და ფსიქიური პრობლემების მქონენი თითქმის ერთ სივრცეში. როდესაც სახელმწიფო მათ გამოკვებას ვეღარ ახერხებდა და მათ პატრონებსაც ისე გაუჭირდათ, რომ ბევრს აღარც არავინ აკითხავდა ნობათით, საავადმყოფოს კარი გახსნეს და ავადმყოფები გარეთ გამოუშვეს, იმ იმედით, რომ საკვებს თვითონ იშოვიდნენ. ზოგი ოჯახებს ფიზიკური შრომით ეხმარებოდა, მძიმე სამუშაოს ასრულებდა და ამის საფასურად საკვებს იღებდა. ზოგიც მათხოვრობდა. მე გალია მახსოვს ყველაზე კარგად. ოც კაპიკად მღეროდა. ოცი კაპიკი ფუნთუშის ე.წ. ბულკის ფასი იყო.

- მიყიდე რა ბულკი, მიყიდე რა, - დაგვდევდა ბავშვებს გალია.

-იმღერე გალია და გიყიდი...

 გალია მღეროდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, გალიას აღარ ვთხოვდი სიმღერას, მაგრამ ოცი კაპიკს მუჭში მოიქცევდა თუ არა, გალია სიმღერას იწყებდა და დახეული ფეხსაცმლიდან გამოყოფილ გაყინულ ფეხებს მიწაზე აბაკუნებდა. 


სურამში ცივი ზამთარი იცის.


სურამს ებრაელების გარეშე ვერ გაიხსენებ, ებრაელებით მას სხვა ხიბლი ქონდა. ებრაელების უბანში ჩვენ, ბავშვები ტურბოსა და დონალდოს ვყიდულობდით, ახალშექმნილი ოჯახები კი პატარძლების კაბებს. ერთი ნაკადი 70-იან წლებში წავიდა ისრაელში, იქიდან ბევრი უკან დაბრუნდა, ჩემი სამშობლო აქ არის, ჩემი წინაპრები აქ მარხია და მეც აქ უნდა დავიმარხოო. მერე 90-იან წლებში, უმუშევრობის და ეკონომიური სიდუხჭირის გამო, თითქმის სულ გაიხიზნენ. 


სურამში დიდი ბავშვთა სახლი იყო მოწყობილი. სადაც ასევე დასავლეთ-აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი უდედმამო ბავშვები აფარებდნენ თავს. ასეთი ბავშვების არსებობა მაშინ გავიგე, როცა გელა მასწავლებელმა ჩვენი დაბის ოთხივე სკოლიდან მაგიდის ჩოგბურთის კარგი მოთამაშეები შეგვკრიბა და საქართველოს ჩემპიონატზე ამბროლაურში წაგვიყვანა. მოთამაშეთა შორის ერთი მორიდებული პატარა ბიჭი იყო, მარცხენა ხელით რომ კარგად თამაშობდა. პატარა ბიჭს დიდი ბიჭები ხშირად აწვალებდნენ, ერთობოდნენ ბავშვები. მაშინ ერთმა ჩამჩურჩულა, ეგ უპატრონო ბავშვთა სახლიდან არის, მაგას მშობლები არ ყავსო. სახელი აღარ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ის კარგად მახსოვს, დედა რომ ვერ დაიცავდა იქ ისე, მე რომ მას ვიცავდი, ამ ამბის გაგების შემდეგ. ამბროლაურში შეჯიბრი 1990 წელს ჩატარდა. 2წლის მერე გელა მასწავლებლის ცხედარი აფხაზეთიდან ჩამოასვენეს. მის მსგავსად ბევრი ვაჟკაცი ჩამოასვენეს აფხაზეთიდან, ყოველი უბნის შესასვლელში შავი აბრა იყო გაკრული, ბიჭების სურათებითა და წარწერით: ვემშვიდობები საყვარელ უბანს. მერე ომი დამთავრდა, მაგრამ სიდუხჭირე დარჩა. უმუშევრად დარჩენილი ადამიანები საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ერთ მშვენიერ დღესაც, ერთ კრეატიულ ადამიანს დაებადა იდეა, რომ სურამში გამავალი ტრანზიტული მანქანების მძღოლებისთვის შესასვენებელი და სასადილო ადგილი გაეხსნათ. სასადილოს იმდენი კლიენტი გაუჩნდა, მალე მეზობლებმაც მიბაძეს, შემდეგ კი ერთმა დიასახლისმა ნაზუქები გამოაცხო თონეში და ის შესთავაზა გამვლელ მგზავრებს. ერთ თონეს მეორე დაემატა, მეორეს მესამე და მალე მთელი ახალი გზა თონეებითა და ნაზუქების რიგად გადაიქცა. დღეს ნაზუქებიანი ქუჩა უკვე სურამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული, ბევრმა კი არ იცის, რომ ნამდვილი სურამელი ნაზუქზე კი არა, რკინის წყალზე იზრდება.