საზოგადოება
კლეოპატრას იალქნებიდან ქართულ რეალობამდე -„სურნელოვანი ბიზნესი“, ანუ როგორ იქმნებოდა „parfum”-ი
კლეოპატრას იალქნებიდან ქართულ რეალობამდე  -„სურნელოვანი ბიზნესი“, ანუ როგორ იქმნებოდა „parfum”-ი

“სუნამო - ეს არის ქალის პიროვნების აუცილებელი ატრიბუტი, ეს არის კიბის დამამთავრებელი აკორდი“ -კრისტიან დიორი

 

ლამაზი შეფუთვები და ერთმანეთში არეული, რთულად გასარჩევი, მაგრამ მაინც სასიამოვნო არომატები - ის, რაც პარფიუმერულ მაღაზიებში თვალს ჭრის, ქალის (და ხშირად მამაკაცების) გულსაც მარტივად იგებს. ფსიქოლოგების მტკიცებით, სუნამოს, ხშირ შემთხვევაში, არა ადამიანი, არამედ მისი ხასიათი ირჩევს. სწორად შერჩეული სურნელი ხომ იმიჯის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ნებისმიერი პიროვნების იერსახეს სრულყოფს.

და მაინც, რომელ ბრენდზე შეიძლება შევაჩეროთ არჩევანი? რით შეიძლება გავინებივროთ თავი, ან რომელი მათგანით შეიძლება დავასაჩუქროთ ჩვენი საყვარელი ადამიანი?  Dior; Chanel; Nina Ricci; Lancome; Hugo Boss? პარფიუმერული ოლიმპის ნამდვილ ლეგენდებს ხომ აღტაცებასთან ერთად დაბნეულობის შემოტანაც შეუძლიათ.  მით უფრო, რომ სწორი სურნელის შერჩევა ინდივიდუალურობის, შინაგანი მდგომარეობის გამოვლენის რეალური შანსია.  ამისთვის შერჩეული არომატი  მაქსიმალურად ზუსტად უნდა ასახავდეს ადამიანის ხასიათს. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ ემოციას, არ უნდა აღიზიანებდეს გარშემომყოფებს, უნდა ქმნიდეს დადებით განწყობას.  ასე ყალიბდება კომფორტული აურა, რაც მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

„შესამოსელი“

სურნელი თვალით უხილავი, მაგრამ კარგად საგრძნობი სამოსივითაა. ის სტილს ქმნის და ვიზუალური ეფექტის სრულყოფასთან ერთად, ადამიანის შინაგან სამყაროსაც ააშკარავებს. ამიტომ სუნამოს შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.  ხშირად, ერთი ადამიანი მეორეს ხასიათს და იმწუთიერ განწყობას სწორედ შერჩეული არომატის წყალობით აღიქვამს.

„კონსულტანტის ეფექტი“

პარფიუმერულ ბიზნესში წარმატების მთავარ ფორმულად ადგილზე გაცემული დროული და სწორი კონსულტაციები აღიქმება. არომატის შერჩევის მომენტში, მნიშვნელოვანია იმ მიზნის გააზრება, რისთვისაც სუნამოს ვყიდულობთ ან/და იმ ადამიანის ხასიათის კარგად ცნობა (ან გამოცნობა), ვისთვისაც საჩუქრის შერჩევა გვაქვს გადაწყვეტილი. და რადგან არომატების თეორიაში ყველა მომხმარებელი ერთნაირად კარგად ვერ ერკვევა,  აქ  კარგი კონსულტანტის ჩარევა ხდება საჭირო. თუ შეძენილი სუნამო სასურველ ეფექტს მოახდენს, მყიდველი მაღაზიის მუდმივი კლიენტი გახდება. ამიტომ ის, ვინც „სურნელოვანი ბიზნესის“ წამოწყებასა და განვითარებას გადაწყვეტს, პროდუქტის ხარისხზე ზრუნვასთან ერთად, კარგი მომსახურების სერვისის შეთავაზებაზე, მათ შორის,  არომატებსა და მათ მნიშვნელობაში კარგად გათვითცნობიერებული კონსულტანტების  მოძიებაზეც უნდა დაფიქრდეს.

 

სურნელი, ბრენდი თუ დიზაინი? - რა სურთ ქალებს?

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომხმარებლები ინდივიდუალურად უდგებიან საყვარელი სუნამოების გამოყენების სიხშირეს.  ზოგისთვის მისი მოხმარება ყოველდღიური და აუცილებელი პირობაა, ზოგიც განსაკუთრებული დღეებისთვის ანიჭებს უპირატესობას და გამოსასვლელ ხასიათს სძენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით სუნამო მანდილოსნებისთვის  შეუცვლელი და სასურველი საჩუქარია. სწორედ ამიტომ ბრენდები ისეთ  ფაქტორებსაც აქცევენ ყურადღებს,  როგორებიცაა არა მხოლოდ სურნელი, არამედ ჭურჭლის დიზაინი, შეფუთვა, მოდურობა, ფასი. თუმცა საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მნიშვნელობას უფრო მეტად მაინც სურნელს ანიჭებს, შემდეგ ადგილზე კი ბრენდი და დიზაინია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სუნამოს  შერჩევა კონკრეტული პირისთვის ჩუქების მიზნით ხდება.  

აქციების ხიბლი, ანუ მყიდველების მობილიზების ეტაპი

მომხმარებლები ფასდაკლებისა და აქციების ეტაპსაც აქცევენ ყურადღებას. ამ პერიოდისთვის პარფიუმერულ მაღაზიებს უამრავი ადამიანი სტუმრობს. მნიშვნელოვანია მაღაზიის მომსახურე პერსონალთა მზაობა მომხმარებლების უკეთ ინფორმირებისთვის, რაც პარფიუმერული კომპანიების მხრიდან  სემინარების მეშვეობით მათ გადამზადებას ითვალისწინებს. სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ბევრია, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბრენდების დახლზე განლაგების თავისებურებები, რადგან თითოეულ ბრენდს თავისი მოთხოვნები აქვს...

ადგილობრივი „სურნელოვანი“ ბაზარი

ადგილობრივი ბაზრის სირთულე ლარის კურსის ცვლილებითაც გამოიხატება, რაც ხანდახან პროდუქციის ფასის მატებას განაპირობებს. ბიზნესი - ეს კრიზისებით და სირთულეებით სავსე მოულოდნელობაა. მთავარია, სწორი მანევრირება,    მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, კონკურენტების, როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარის შესწავლა და სანდოობა, რაც წარმატების  საწინდარია.

ამ ეტაპზე ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე რამდენიმე ლიდერი კომპანიაა გამოკვეთილი. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან „ისი-პარი” და „ვულე-ვუ“ საკუთარ ნიშას 1995 წლიდან იკავებენ, 1998 წელს კი მათ რიგებს    „ლუტეცია“ ემატება, რომლის ქსელშიც „ივ-როშეს“  მაღაზიებიც ერთიანდება. „ვულე-ვუ“-ს ასორტიმენტი მრავალფეროვანია, მათი  მომხმარებლის 70-80 პროცენტი მაღალშემოსვლიანია, „ისი-პარი“ კი საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი.

ცოტა რამ სუნამოს ისტორიიდან

სიტყვა სუნამო ლათინური წარმოშობისაა, „per” მეშვეობით ნიშნავს, ხოლო „fumus” კვამლს, ფრანგებმა კი ამ ორის სიტყვის გაერთიანებით შექმნეს ერთი მთლიანობა და  „parfum” უწოდეს.

ყველაფერი ძველი ეგვიპტიდან დაიწყო, სადაც არომატი ოქროზე ძვირად ფასობდა.  კლეოპატრას იალქნები ხომ სუნამოს სურნელით იყო გაჯერებული.. ძველი ბერძნები კი ფიქრობდნენ, რომ არომატის შექმნაში ღმერთების ხელი ერია.  ასე გადიოდა წლები და ინტერესი ამ საოცარი სითხის მიმართ მსოფლიო მასშტაბით ძლიერდებოდა....

რენესანსის ეპოქა - პერიოდი, როდესაც დედოფლებმა პირველი იტალიელი ქიმიკოსების მიერ შექმნილი საიდუმლო ფორმულები მოიპარეს, ამ პერიოდმა ახალი სურნელის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

შემდეგ იყო კლასიციზმის ეპოქა, პარფიუმერიის  მოყვარული ლუი მე-14 და  სურნელით გაჯერებული ვერსალის სასახლე....

ნაპოლეონის პერიოდმა კი  სუნამოების გამოყენება  სურნელოვანი ხელსახოცებით შეცვალა.

მე-18 საუკუნეში გამოჩნდა მანუფაქტურები. პირველი სუნამო კი  გასაყიდად  1903 წელს გამოიტანეს.

პარფიუმერიის წარმოება ნელ-ნელა მწიფდებოდა, იხვეწებოდა და საფუძველი ეყრებოდა ჩვენთვის უკვე ცნობილი ბრენდების წარმოებას.

ისეთი უკვდავი სუნამოს შექმნის ისტორიას, როგორც „Chanel №5“-ია 1920 წელს დაედო საფუძველი, როდესაც შანელი  ქიმიკოს-პარფიუმერისტ  ერნესტ ბოსთან ერთად  ახალი 80 ინგრედიენტისგან შემდგარ სუნამოს ქმნის - ეს იყო ხელოვნური და დაუვიწყარი სურნელი ქალის არომატით, უბრალოებით გადმოცემული სასწაული..  სახელი მარტივი- №5, რომელიც სინჯარის ნომერს ასახავს, უბრალო პარალელიპიპედის ფორმის  ფლაკონი... ყველაფერი მარტივი, მაგრამ საოცარად მიმზიდველი, ეს იყო ამ სურნელის წარმატების საიდუმლოც... კოკო შანელმა რეალიზაციაშიც ინდივიდუალიზმი გამოავლინა,  გაყიდვას  მეგობრებისთვის მისი  საჩუქრად დარიგება არჩია, სურნელმა იმ დროინდელი ბომონდის აღფრთოვანება გამოიწვია, რასაც „Chanel №5“ -ის მოყვარულების საიდუმლო კლუბის შექმნა, შემდეგ კი გასაყიდად გამოტანა მოჰყვა და მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა და დღესაც, მსოფლიოს მასშტაბით გამორჩევა  რეალიზაციის გასაოცარი რიცხვით, საშუალოდ ყოველი 55 წამი ერთი ფლაკონის გაყიდვის მაჩვენებელია. შანელი მსოფლიო ბრენდებში უცილობელი ლიდერია,  ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელი კარლ ლაგერფილდია, რომელიც  განვლილი ცხოვრებით და შრომისმოყვარეობით  კოკო შანელის ანალოგია.

რაც შეეხება მსოფლიო ბრენდ-გიგანტს კრისტიან დიორს,  1942 წელს კრისტიანი ქმნის პარფიუმერიის ლაბორატორიას, რომელიც დღეს ცნობილია როგორც კომპანია, „კრისტიან დიორის პარფიუმერია“ (Christian Dior Perfume) და რომელიც ბრენდების შენების გზაზე მთავარი აგურია.

კრისტიანის სიკვდილის შემდგომ  დიორის სადავეებს მისსავე კომპანიის ახაგაზრდა თანამშრომელი  ივ სენ ლორანი (Yves Saint Laurent) იპყრობს, და ფირმის წამყვანი მოდელიორი ხდება. რომლის სამხედრო სამსახურში წასვლის შემდგომ  მის  ადგილზე ერთმანეთს ენაცვლებიან: მარკ ბოანი, ჟიანოფრანკო ფერრე, ჯონ გალიანო..

ნელ-ნელა  მსოფლიო ბაზარზე ბიზნესის განვითარებასთან ერთად უამრავი ბრენდი იყრის თავს, მოთხოვნა იზრდება სუნამოებზე და შესაბამისად იმატებს წარმოებაც. არომატი დღითიდღე იხვეწება და მყიდველს არჩევანის გაკეთება სულ უფრო მრავალფეროვან სურნელს შორის უწევს.  ყველა არომატს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხშირად მისი მეშვეობით გარკვეულწილად ადამიანის ხასიათსაც განსაზღვრავენ. ამბობენ, რომ ციტრუსის სურნელის მოყვარულნი დაჯილდოვებულნი არიან ორგანიზებულობის ნიჭით, უყვართ ბრძოლა წარმატების მისაღწევად. ხილის არომატის მოყვარულნი სანდონი არიან და გამოირჩევიან იუმორის გრძნობით., აღმოსავლური სურნელის - ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი მოყვარულნი ტრადიციების დამცველნი არიან, ყვავილების არომატი კოლექციონერებს და დიასახლისების საყვარელი სურნელია.ხის არომატის მოყვარულნი ელეგანტურობი და თავშეკავებულნი არიან.. მეტია მწარმოებელი ბაზარზე, მეტია სურნელიც: ARMANI, BVLGARI, CARTIER, DOLCE & GABBANA, CALVIN KLEIN, ELIE SAAB, HERMES, VERSACE, SISLEY, SHISEIDO, ROBERTO CAVALLI, YVES ROCHER, CALZEDONIA, INTIMISSIMI და მრავალი სხვა. მათ რიცხვს ახალ-ახალი ბრენდებიც ემატება, რაც  თავისთავად კონკურენციის გაზრდასაც განაპირობებს.  მსოფლიო მასშტაბით  პარფიუმერიის გლობალური ბაზარი 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ეს  ციფრი მზარდია.