ინტერვიუ განწყობისთვის
"სხვისი თვალებით" - უსინათლო მომღერლის ისტორია
"სხვისი თვალებით" - უსინათლო მომღერლის ისტორია

„ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“....

და რომ არ დაიკარგონ, მხოლოდ ამიტომ ვაქვეყნებ ძველ ინტერვიუს უსინათლო მომღერალზე, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის... თინა ბირკაძე... ეს სახელი ბევრისთვის მხოლოდ 9 აპრილთან ასოცირდება, მე კი მასში კიდევ სხვა გმირი დავინახე. მინდა, ეს სხვებსაც აღმოაჩინონ... მადლობა გარდაცვლილ მეგობარს განწყობისთვის, რომელიც წლების შემდეგაც არ დასრულებულა....

იქნებ არც შენ იცი, ამ ქალს რა ამღერებს

"არავინ ისე არ მღერის, როგორც მარტოსული, რადგან სიმღერა მარტოობაში იბადება ქვეყნად". არავინ იცის, როგორ დაიბადა მისი სიმღერა. იქნებ, არც შენ იცი, ამ ქალს რა ამღერებს ასე სევდიანად?! ქალს, რომელიც სამყაროს მხოლოდ "სხვისი თვალებით" ხედავს, რომლის უფლება შელახულია, მაგრამ ღირსებას ვერავინ შეულახავს!!!

ალბათ, ბევრ თქვენგანშიც გამოუწვევია თანაგრძნობა უსინათლო მომღერალს, რომელიც ვაგზლის მოედნის მეტროპოლიტენში, ყველაფრის მიუხედავად, ამაყად მღერის: "საქართველო-არწივების დედა-მშობელი"...

- უკაცრავად (მივუახლოვდი), თქვენ ის ხართ, 9 აპრილს რომ ...

- ჰო, ის ვარ...

- და... ისევ ფიქრობთ, რომ საქართველო არწივების მშობელია?

- სანამ ცოცხალი ვარ, მე ასე უნდა ვიმღერო!

საუბარი უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გავაგრძელეთ. აქ ქალბატონი თინა ბირკაძე მუსიკის მასწავლებლად მუშაობს.

-სულ ვერ ხედავთ?

- ცოტა ჩრდილებს ვარჩევ, მაგრამ... სხვაზე უკეთესად ვხედავ.

- როგორია თქვენი სამყარო?

- თუ შინაგან სამყაროზე მეკითხებით, ზოგადად ჩვენ ძალიან პესიმისტები ვართ. არის მომენტები, როცა იმედები სადღაც გვეკარგება... მობრძანდით პოეზიის საღამოზე, რომელიც ძალიან მალე მოეწყობა ჩვენს სკოლაში და ნახეთ, როგორ ლექსებს წერენ უსინათლოები, რა ხელოვნებაა ჩვენს სულებში, როგორ შევიგრძნობთ სილამაზეს... სამყარო უსაზღვროდ მშვენიერია... მამა დავითზე ხშირად ავდივარ. როცა გალაკტიონის საფლავთან ვდგები, საოცარი გრძნობა მეუფლება... სხვათაშორის, ფოტოალბომიც მაქვს გაკეთებული.

- როგორ?

- "სხვისი თვალებით". გოგოები დამყვებოდნენ და რაც ჩემი შეგრძნებით და შეხებით ლამაზი იყო, იმ კადრებს იღებდნენ. ბუნება ძალიან მიყვარს...

- შესანიშნავად მღერით. თვითნასწავლი მუსიკოსი ხართ?

- არა! კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დავამთავრე.

- როგორ?

- "სხვისი თვალებით" (ეღიმება). მკითხველები მყავდა დაქირავებული. საგამოფენო დარბაზების ხშირი სტუმარიც ვიყავი და სხვების დახმარებით მხატვართა ნამუშევრებსაც ვათვალიერებდი.

- წარსულში რატომ ლაპარაკობთ?

- ახლა ხალისი და დრო აღარ მაქვს. აღარც საშუალებაა, რომ დავიქირაო წამკითხველები. თუ სკოლაში რომელიმე პოეტი ან მწერალი მოდის, დიქტოფონზე ვიწერთ და ასე ვეცნობით ახალ ნაწარმოებებს.

- ხალისი და დრო აღარ მაქვსო, - თქვით. ხალისი დრომ წაგართვათ?

- დრომ და ყოფამ... ნეტავ იქ არასდროს მამღერა... 10-12 წლის განმვალობაში პოლიციელებისგან უამრავი დამცირება და შეურაცხყოფა მახსოვს. უბრალო ხალხისგან უფრო მეტი თანადგომა იყო. ცოტა ფულს თუ მოვაგროვებ, მიხარია, რამდენიმე დღე მაინც რომ აღარ უნდა ვიმღერო ქუჩაში...

- ეს ნაბიჯი პირველად როგორ გადადგით?

- იყო პერიოდი, რომ ორი-სამი დღე საჭმელს ვერ ვყიდულობდი, სახლში კი ორი შვილი და მოხუცი დედა მელოდებოდა... ქარხანაში პურს ვყიდულობდი და მარნეულში მიმქონდა გასაყიდად. უსინათლო ადამიანისთვის ეს ძალიან რთული იყო. ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა: თინა მასწავლებელო, მშიერი რომ კვდებით, წამოდით და ერთად ვიმღეროთო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, სიმღერას ვერ ვიწყდებდით. ჯერ სიცილი აგვიტყდა, მერე კი ხალხის თანადგომა რომ ვიგრძენით, ტირილი დავიწყეთ... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...

- გასულ წლებში კონცერტებში მონაწილეობდით. ახლა აღარ არის შემოთავაზებები?

- 90-იან წლებში მთელი საქართველო შემოვიარეთ კონცერტებით ზინაიდა კვერენჩხილაძესთნ, გიზო სიხარულიძესთან, თემურ წიკლაურთან ერთად. დღეს ყველაფერს ფული წყვეტს.მარტო შოუ-ბიზნესში კი არა, ნებისმიერ სფეროში წარმატებას ფული სჭირდება. საშუალება რომ მქონდეს, სიმღერებს ჩავწერდი, ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს მოვამზადებდი. იცით, რამდენი ნიჭიერი ბავშვია? როცა ირმა სოხაძის სიმღერა "ჯერ ქალებს გვესროლეთ" მოვისმინე, მაშინვე წარმოვიდგინე ამ სიმღერას ჩემი აღზრილი დიანა ღურწკაია როგორ შეასრულებლდა. სიმღერის ტექსტი გამოვართვი ირმა სოხაძეს და... მხოლოდ რამდენიმე კონცერტში მიიღო მონაწილეობა. დიანას ძმას ვუთხარი, მივხედოთ ამ ბავშვს, გამოვიყვანოთ კონკურსზე-მეთქი. მაშინ "იურმალას" ფესტივალი ტარდებოდა. დიანას ძმამ ყველა ფინანსური პრობლემა მოაგვარა და მომღერალმა განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. არ უნდა ზრუნავდეს სახელწმიფო ასეთ ბავშვებზე?

- თქვენ თუ იღებთ სახელმწიფოსგან დახმარებას?

- 22 ლარი გვქონდა, მაგრამ ახლა იმასაც გვიხსნიან.

- არ მგონია, თქვენი პენსია გააუქმონ.

- მე მგონია.

- მაშინ რა არ გგონიათ?

- რა და, ადამიანი უსიყვარულოდ ვერ იცხოვრებს. მხოლოდ ის არის ბედნიერი, ვისაც სიყვარულის ნიჭი აქვს...

- თქვენ ბედნიერი ხართ?

- გაუმხელელი და ცალმხრივი სიყვარული მქონია. მერე ყველაფერი შორს წასულა... მიუხედავად ჩემი რომანტიულობისა, ჩემს მეუღლეს ისე გავყევი, არ მყვარებია. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ალბათ, ძნელიც იყო ჩემნაირ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა ცალკ-ცალკე ვცხოვრობთ. შვილებს აკითხავს, მასზე ცუდს ვერასდროს ვიტყვი.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი საკუთარი, ერთიც- შვილობილი.

- რატომღაც მგონია, ლექსებს უნდა წერდეთ.

- მე უფრო მუსიკოსი ვარ. ჩემს თავს პოეტს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ლექსები დამიწერია...

- არ წამიკითხავთ?

- მე მგონი, გამოსაქვეყნებლად არ ღირს.

- იქნებ ღირს?

ცოტა ხნით ჩუმდება და კითხულობს საოცრად ლამაზ ლექსს, რომელიც ასე მთავრდება:

"ამ დილით მოგილოცავ ატმობას,

ატმის ყვავილების თოვას...

ჯერ სანთლებს აგინთებ ხატობას,

მერე სამუდამოდ მოვალ!"

ლექსი, შემთხვევით, მოსწავლეებმაც მოისმინეს და გაოცება ვერ დამალეს: მასწ, თქვენ თუ ლექსებს წერდით, რატომ არ გვეუბნებოდითო.

არ ვიცი, კიდევ რომელ სკოლაში ესაუბრებიან ასე თბილად მოსწავლეები მასწავლებელს, ან კიდევ სად გაუთენებიათ ასეთი ღამე?

- 89 წლის 8 აპრილი იყო, - იხსენებს ქალბატონი თინა, - ღამე მოშიმშილეებთან ერთად გავთენე... რუსთაველიდან შეძახილები ჩვენს სკოლამდე აღწვევდა. თურმე ჩემს ბავშვებსაც არ ეძინათ- თინა მასწავლებელი არ მოსულაო. დილის 9 საათზე სკოლაში დავრბუნდი. გაკვეთილზე მე პიანინოსთან, ჩემს მოსწავლეებს - მერხებზე ჩაგვეძინა... დირექტორმა გაგვაღვიძა...

- ერთია, როცა მოვლენები ფასდება, მემატიანეები აღწერენ და თაობებს გადასცემენ ისტორიას. ის, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამა თუ იმ მოვლენის, უფრო სხვაგვარად ამბობს სათქმელს. აპრილის დღეებს როგორ გაიხსენებთ?

- როცა ნაზი შამანაური მოკლეს, მეგონა, რომ აუცილებლად რაღაც შეიცვლებოდა. იმ დროს ყველა ლიდერი მართლაც მოწოდებული იყო საქართველოს კეთილდღეობისთვის. მერაბ კოსტავასთან ერთად ვმღეროდით "შავლეგოს" და ძალიან ამაყები ვიყავით. ისე ვმღეროდით, რომ გვეგონა, მარტო ამ სიმღერითაც გავიმარჯვებდით. (ძირითადად, ოთხნი ვიყავით: მე, დონარა, ზაიარა და ლელა). ცხრა აპრილს ვიღაცამ გაგვაფრთხილა: გოგოებო, ცოტა ხნით დასხედით, საქმე ცუდადააო. დონარამ უპასუხა: თუ უნდა მომკლან, რატომღა დავჯდეო!!! ტანკებმა რომ გაიარეს, "სალაღობო" ვიმღერეთ... მერე ქვემოთ დაიწყეს ხოცვა. წავიქეცი... ფანდურისთვის ხელი არ გამიშვია. უამრავმა ადამიანმა გადამიარა... მერე კიბეებზე ჩავგორდი... მე და ლელა ვიღაცამ გაგვიყვანა იქიდან და გადაგვარჩინა. ზაირა და დონარა დაკარგულები იყვნენ. მეტროპოლიტენში ხალხი ტაშით შეგვხვდა - ესენი მღეროდნენო.

აღარ მინდოდა, რომ ცოცხალი წამოვსულიყავი იქიდან. მინდოდა, საქართველოსთვის შემეწირა თავი. გავიაზრე, რომ ვკვდებოდი და ეს იყო უდიდესი გრძნობა. გრძნობა, რომ შენს სამშობლოს ადგები. კვდები და ვინ? - უსინათლო ადამიანი. ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც. უბედური მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები მყავდა გასაზრდელი. პატარა 4 წლის იყო...

P.S. როგორ უბრალოდ აცხადებენ დღეს ჩვენი დროის გმირებად სხვა ადამიანებს... ნამდვილ გმირებს კი შეიძლება ისე ჩავუაროთ გვერდით, რომ მხოლოდ ქუჩის მუსიკოსი, ან უბრალოდ, მათხოვარი გვეგონოს. ის სამშობლოზე მღერის... მღერის, სანამ გვირაბიდან გამოსული მატარებელი არ დაფარავს მის ულამაზეს ხმას: თბილისი, ეხ, სიყვარულის ზღაპარი, თბილისი, ეხ, ..."

2005 წ.