საზოგადოება
რა კავშირი აქვს "ბუნებურ" პროდუქტებს ჩვენს განწყობასთან, ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან ( ?)
რა კავშირი აქვს "ბუნებურ" პროდუქტებს  ჩვენს  განწყობასთან, ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან ( ?)

პროფესორი პაატა კოღუაშვილი Sazogadoeba.ge-ს თავის მოსაზრებებს უზიარებს

სხვადასხვა იარაღით, წესებითა და მეთოდებით მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანა, მათი მოშენება და მოვლა-პატრონობა ადამიანთა უძველესი კულტურის ერთი არსებითი ელემენტია. ამასთან, ეს არის არა მხოლოდ ბუნების საგნების მოპოვება და დამუშავება, არამედ ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედებაც საკუთარ სულიერ უნარზე (სულის გამოზრდა.). მოძღვრებას სულის მართვისა და აღზრდის შესახებ უწოდებენ "სულის გეორგიკას" - სულის მიწათმოქმედებას - სულის გარდაქმნას, მიწის დამუშავების მსგავსად. ადამიანის სხეულში გრძნობით, სუნთქვითა და კვებით შეღწეული ოთხი სტიქიის (წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი) ელემენტები და სამყაროს ენერგეტიკული ძალები ერთობლიობაში ქმნიან სასიცოცხლო სუბსტანციას.

ყოველი ცოცხალი არსება, არაცოცხალი ბუნებისგან განსხვავებით, იკვებება და მრავლდება. ადამიანი, როგორც მიწიერი არსება, სამყაროსთან დაკავშირებულია გრძნობის ორგანოებთ, სუნთქვითა და კვებით. საკვები ადამიანისთვის ერთადერთი ცნობილი ენერგეტიკული წყაროა. ადამიანი კვების გზით შედის მჭიდრო კონტაქტში ბიოსფეროს შემადგენლობის ქიმიურ ნივთიერებებთან. გარემომცველი ბუნება მოითხოვს, რომ ადამიანი იკვებებოდეს იმ საკვებით, რასაც იგი მას აძლევს და იმ რაოდენობით, რასაც გასცემს. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ადამიანისთვის სწორედ ის საკვები და ის რაოდენობაა საჭირო და სასარგებლო, რასაც ჩვეულებრივ, სიამოვნებით მოიხმარს.

განასხვავებენ კვების ორ ტიპს: მიწიერსა და კოსმიურს. მიწიერი კვება ხორციელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით, ხოლო კოსმიური - აღქმის ორგანოებით: (თვალი, ცხვირი, ყური, შეგრძნებები).

საკვების ცალკეული ნაწილაკი შეიცავს ფიზიკურ, ემოციურ არსთან ერთად სიცოცხლეს. ასიმილაციის გზით ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის ჩანერგვამდე უნდა მოხდეს მისი გადალახვა და დამორჩილება. ამისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობის ენერგია და დრო. მინერალური, ცხოველური და მცენარეული საკვების გადამუშავება – ათვისებას, მათი განსხვავებების მიხედვით, სჭირდება შესაბამისი რაოდენობის ენერგია და დრო. ადამიანი და ცხოველები მცენარეებით კვებისას ითვისებენ მიწის ქიმიურ კომპონენტებს. ადამიანის მიერ ადვილად აითვისება მინერალური საკვები, მასთან შედარებით ძნელად ასათვისებელია მცირე ინდივიდუალობის მქონე მაღალორგანიზებული მცენარეებისაგან მიღებული საკვები, კიდევ უფრო ძნელად - მაღალორგანიზებული ცხოველური საკვები. საკვები რომელიც მიღებულია ცხოველისაგან, შედგება ინდივიდუალური „სხეულის სურვილის“ ნაწილაკებისაგან, ამის გამო იგი გაცილებით ინდივიდუალიზებულია, ვიდრე მცენარეული საკვები. ცხოველურ საკვებში არსებობს უჯრედის ინდივიდუალური სამშვინველი, რომელიც გამსჭვალულია ცხოველის ვნებებითა და სურვილებით, ამიტომ მისი გადალახვისა და დამორჩილებისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია და დრო, რათა მოხდეს მისი ათვისება.

საქართველოში უკანასკნელ ათწლეულში, მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენით, ადამიანმა განიცადა დიდი ევოლუცია, რომელიც გამოიხატა მორწმუნე ინდივიდების გონებრივი უნარის განვითარებაში. გონებრივი უნარის განვითარებამ გააფართოვა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სწორი წარმოდგენები. ადამიანმა, თავისუფალი ნების განვითარების შესაბამისად, გააკეთა სწორი არჩევანი. ისწავლა, რა უნდა ჭამოს და დალიოს. ეკლესიურმა ცხოვრებამ განაპირობა (მარხვით) კვების სწორი სისტემა. ეს ითქმის კვების მართებულ (ბუნებრივ, ტრადიციულ) სისტემაზე და არა იდეალური საკვების გამოყენებაზე, რაც, საუბედუროდ, ხელმისაწვდომი არ არის ფართო ფენებისათვის.

უმთავრესად ყნოსვისა და მხედველობის ორგანოების მეშვეობით საკვების გადამუშავების სასიგნალო სისტემა ადამიანში აღძრავს განწყობას. გარდა ამისა, ორგანიზმს აქვს საკვების თვითშერჩევის უნარიც. ამ გზით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი აკეთებს სწორ არჩევანს. ეს ხდება მაშინ, თუ ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ხდება ჯანმრთელობისათვის საღი საკვები პროდუქტები. გრძნობის ორგანოები ვერ ასხვავებენ ნატურალურ და სინთეზური დანამატებით შექმნილ პროდუქტს. იგი იძულებულია საკვებად გამოიყენოს ჯანმრთელობისათვის უვარგისი პროდუქტები. ასეთი პროდუქტები ადამიანში იწვევს სასიცოცხლო ძალების დისჰარმონიას, რაც ვლინდება ტკივილსა და ავადმყოფობაში. საკვებისაგან მიღებული დისჰარმონიის მოსახსნელად ადამიანი შვებას პოულობს წამალში. ტკივილის მოსახსნელი პრეპარატები კლავს ორგანიზმის სასიგნალო რეფლექსებს, ასუსტებს გრძნობისუნარიანობას დისჰარმონიის დასაძლევად და სპობს ინდივიდის უმაღლესი შემოქმედების უნარს. ყველა დაავადება გამოწვეულია საკვებითა და კვებით.

ნარკოტიკები, ჭარბი ალკოჰოლი და მატონიზირებელი სასმელები, ქიმიური ნივთიერებებით გაზავებული საკვები, ქიმიკატებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული, ემულატორებით, საღებავი ნივთიერებებით, არომატიზატორებითა და სხვა სინთეზური დანამატებით წარმოებული საკვები პროდუქტები შეუთავსებელია ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესთან. ამრიგად, თუ ჩვენს ცივილიზაციას კოსმიური პერსპექტივიდან გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ მიწიერი ადამიანის მხოლოდ მცირე პროცენტი ინარჩუნებს აბსოლუტურ ჯანმრთელობას.

ბუნებასთან დამოკიდებულებაში (ნატურა-კულტურა) აუცილებელია სიბრძნე და კეთილგონიერება. ყველაფერი ყველაფერთანაა დაკავშირებული და ეს გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, ადამიანი - ბუნების ნაწილი, კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბუნებას, არამედ მასთან ჰარმონიას ქმნიდეს (“წინააღმდეგობის სული ბოროტი სულია”). ადრეულ ეპოქაში კულტურის ცნებაში მოიაზრებდნენ სამეურნეო საქმიანობის უმთავრეს ფორმას, რომელსაც აგროკულტურას (აგროკულტურა ლათინურად – მიწათმოქმედება) უწოდებენ. ადრეულ ეპოქაში მიწის მუშაკი კეთილგონიერი იყო, იგი მიწას კი არ ებრძოდა, არამედ შესთხოვდა ისე, როგორც ღმერთს: “პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს...” ქართველი გლეხკაცი პურის თესვისას იღებდა მუჭა მარცვალს, მოაბნევდა მიწას და იტყოდა: “ეს თქვენ ჭია-ღუანო, ეს თქვენ ფრინველნო, ეს კი- მენა.” ამით პატივს მიაგებდა ყოველ სიცოცხლეს – ცოცხალ მიწას, ცის ფრინველთ და საკუთარ თავს.

დღეს, ევროპაშიც კი, დიდი სიფრთხილით განიხილავენ მიწასთან ადამიანის დამოკიდებულების საკითხს. ფიქრობენ, უარი თქვან ინდუსტრიულ მიწათმოქმედებაზე, თუმცა საერთოდ ევროპაში და კონკრეტულად ჰოლანდიაში წახალისებულია ინტენსიური სოფლის მეურნეობის დარგები. ზოგიერთ ქვეყანაში (შვედეთი) ალტერნატიული მიწათმოქმედების ფორმების დანერგვას სტრატეგიული მიმართულება მიეცა და ასეთი ფერმებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანა კანონით აიკრძალა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო უძველესი, თვითმყოფადი აგ­რარული ­კულ­ტუ­რისა და საკვებმოპოვების მოწინავე გამოცდილების ქვე­ყა­ნაა. ტრადიციულ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება ქარ­თ­ვე­ლე­ბში გენეტიკურია - იგი ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა, როგორც გემოვნება და მკვიდრდებოდა, როგორც კვების ხასიათი. ჩვენი ქვეყნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­რე­მო, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ზონა­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და მთი­სა და ბა­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გაძღო­ლის სპე­ცი­ფი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბათ­სარ­გებ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს, ნი­ა­დაგ­დაც­ვით მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა­სა და ბუ­ნებ­რივ-კულ­ტუ­რულ მეცხო­ვე­ლე­ო­ბას ეფუძ­ნე­ბო­და.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ აგროეკოლოგიური წარმოების ის ტრადიციები და უნიკალური წესები, რომლებიც თანხვედრაში მოვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი და "ბუნებური" (ილია ჭავჭავაძე), ნატურალური პროდუქცია. (მით უმეტეს, რომ საქართველოში შექმნილია მსოფლიოში უნიკალური, მაღალეფექტიანი ბიოპრეპა­რატი "ბიორაგი", რომელიც უზრუნველყოფს კულტურა­თა ეკოლოგიურად სუფთა და 2-3 ჯერ მაღალ მოსავ­ლიანობას. იგი ასევე წარმატებით გამოიყენება მეცხო­ველეობაში). ასეთი მიდგომა გამართლებულია, რადგან უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები და გარემო, ხალხის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და სხვა ფაქტორების კომპლექსი ქმნის ქართული აგრარული მეურნეობის შედარებით უპირატესობას.

ქართული ტრადიციული მიწათმოქმედების პრინციპები შეეთანადება ბიოორგანული სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე პრინციპებს.

ბიოორგანული სოფლის მეურნეობის უმთავრესი ამოცანაა ადამიანს მიაწოდოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები. მატერიალისტური გაგებით, ნივთიერებათა ცვლის შედეგად ადამიანი თავის სხეულს აგებს იმ ნივთიერებებიდან, რასაც ჭამს. წმინდა მატერიალისტურ გაგებას შეესატყვისება ლუდვიგ ფოიერბახის ცნობილი გამოთქმა: ადამიანი ის არის, რასაც ჭამს”. ამიტომ საკვების ხარისხისათვის მნიშვნელოვანია არა ნივთიერებები, არამედ ენერგიის ის მუხტი, რომელსაც იგი თავისთავში შეიცავს და აუცილებელია სულიერი შემოქმედებითი აქტივობისათვის. მხედველობაში მიიღება არა “კალორიები”, არამედ ის სპეციფიკური სახე ენერგიისა, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისთვის და რაც ქმნის მათ სიცოცხლეს. მკვდარი ნივთიერება რომ გაცოცხლდეს, იგი უნდა ამაღლდეს უფრო მაღალ ენერგეტიკულ საფეხურამდე. ეს გარდაქმნა ხდება მხოლოდ მცენარის ორგანიზმში. მცენარიდან იწყება სიცოცხლის ჯაჭვი, რომელიც დასაბამს იღებს მზიდან და გრძელდება ცხოველებითა და ადამიანით.

ბიოორგანული სოფლის მეურნეობის მეთოდები მიმართულია იქით, რომ მივიღოთ სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული ნატურალური პროდუქტები.

“ადამიანი უნდა იკვებებოდეს მხოლოდ ნატურალური საკვებით” - ეს არის ბიოორგანული მიწათმოქმედების მთავარი პრინციპი. ამის მიხედვით, ადამიანი კვებავს მიწას. მიწა-მცენარეს, მცენარე-ცხოველს, ხოლო მცენარე და ცხოველი ადამიანს. აქ მიწა განხილულია, როგორც სიცოცხლის მატარებელი. შესაბამისად, მიწის საკვებად გამოყენებულია ნაკელი, კომპოსტი, ნეშომპალა და მწვანე სასუქი, ამიტომ მასში მცხოვრები მიკროორგანიზმები, წვიმის ჭიაყელები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები აცოცხლებენ მიწას. მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დასავლეთ ევროპაში ქიმიკატების გამოყენებამ დაარღვია სასიცოცხლო ძალების წრებრუნვა, რამაც შექმნა სასიგნალო ასიგნაციები: გაუარესდა მარცვლის და, შესაბამისად, პურის ხარისხი, შეიქმნა ცხოველთა დაავადების პრობლემები. თანდათან შეამჩნიეს, რომ იცვლებოდა თვით ადამიანი. დღეს, ნახევრად სინთეზურმა საკვების მოხმარებამ ადამიანს მწუხარება მოუტანა. განუკურნებელი დაავადებების გავრცელებასთან ერთად კულტურულ დონეზე მივიღეთ საშინელი შედეგები - ქვეითდება აზროვნება, შეირყა მორალური და ზნეობრივი საფუძველი, იზრდება უნებისყოფობა, დეპრესია, სუიციდის შემთხვევები.

დასასრულს, მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ეკოლოგიურ ეკონომიკაზე დაფუძნებულ ბიოორგანულ საკვებ პროდუქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამის მნიშვნელობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა აშშ-ც ამ გზას დაადგა (2012 წლის 28 ივნისი) - ევროკავშირთან პაქტი გააფორმა ბიოპროდუქტების წარმოება–სერთიფიცირების საკითხზე.

საქართველოს აქვს ყველა პირობა და შესაძლებლობა ბიოორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მით უმეტეს, რომ ახლახან (30 ივლისი, 2013 წელი) საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #198 "ბიოწარმოების შესახებ".