პოლიტიკა
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობასა და UNESCO-ს მოუწოდებს რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტს სათანადო შეფასება მისცენ
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობასა და UNESCO-ს მოუწოდებს რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტს სათანადო შეფასება მისცენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  2016 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუახანების პოლონელთა სასაფლაო.

საგარეო უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს რუსეთის უკანონო ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცენ და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა.  აღნიშნულიუკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ  UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.

სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით."- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 




 

Propellerads
loading...
loading...