სპორტი
საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება
საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ყველაფერი მზადაა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ. 

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განცხადა, ეს ქართული რაგბის განვითარებისთვის ახალი ეტაპია.

 „ვიმედოვნებთ, რომ ფინალური დღე იქნება საუკეთესო და სტადიონი შეივსება. ეს არის ახალი ეტაპი ქართული რაგბის განვითარებისთვის. საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა“- აღნიშნა მინისტრმა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის გვარაუდით, საქართველო დაასრულებს ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში.

„ფინალი იქნება დაუვიწყარი, საქართველო, ალბათ, დაასრულებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უცხოელი დატოვებს ჩვენს ქვეყანას მდიდარი შთაბეჭდილებით“. - განაცხადა სვანიძემ.

„ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერი მზადაა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები არიან  კარგ ფორმაში. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ სტადიონი მაყურებლით გაივსება“. - აღნიშნა ტურნირის დირექტორმა საიმონ ქიბლიმ.

18 ივნისს ბოლო შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თანატოლ ირლანდიელებთან 13:00 საათზე გამართავს. ნაკრები გუნდები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ. 15:30 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს  სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფინალი კი 18:00 საათზე დაიწყება.  20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ინგლისისა და ახალი ზელანდის ნაკრებები იბრძოლებენ. 
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს და ის პროექტ Check in Georgia Sport-ის ფარგლებში იმართება. 

მსოფლიო ჩემპიონატში 12 უძლიერესი ნაკრები იღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა, პლეი-ოფის შეხვედრებს, ასევე ნახევარფინალებსა და ფინალებს კი თბილისის „ავჭალის" რაგბის სტადიონი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი „მსოფლიო რაგბის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ ტარდება. აქამდე ჩატარებული 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 ინგლისმა და ერთი სამხრეთ აფრიკამ.

 

loading...