პოლიტიკა
„საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია“ - ეკა ბესელია
„საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია“ - ეკა ბესელია

საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკა ბესელია და პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ.

"ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვიმყოფებოდით საპატრიარქოში და შევხვდით პატრიარქს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვაც ამ კვირაში იწყება. ასევე გვქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომელიც მისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა და ეხება კონსტიტუციური მონარქიის თემას. ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, თუმცა ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს არის მომავლის იდეა. ამ საკითხზე დისკუსია, მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს და საბოლოოდ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მოსახლეობის და ფართო საზოგადოების კონსენსუსი სჭირდება. მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი პროცესი. ჩვენ ეს მოსაზრებები გავცვალეთ",- განაცხადა ბესელიამ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებები ხალხმა უნდა მიიღოს.

"ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის ჩატარებაც. ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს. თუმცა ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ, კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება. ეს იდეა ნამდვილად ღირს, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა",- განაცხადა ეკა ბესელიამ.