საზოგადოება
„გადასახადებს ჩვენც ვიხდით, მაგრამ არ მახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თანამშრომელს ოდესმე ვინმესთვის დაეყვედრებინოს მის მიერ გადახდილი გადასახადებით სარგებლობა“- ზვიად ავალიანი
„გადასახადებს ჩვენც ვიხდით, მაგრამ არ მახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თანამშრომელს ოდესმე ვინმესთვის დაეყვედრებინოს მის მიერ გადახდილი გადასახადებით სარგებლობა“- ზვიად ავალიანი

„გაგიკვირდებათ და გადასახადებს ჩვენც ვიხდით, მაგრამ არ მახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თანამშრომელს ოდესმე ვინმესთვის დაეყვედრებინოს მის მიერ გადახდილი გადასახადებით სარგებლობა“-  ჟურნალისტი ზვიად ავალიანი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს პასუხობს, რომლებიც მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას აპროტესტებს.

„საქართველოში არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ძულთ ყოველივე საზოგადოებრივი - მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ სიძულვილს, როგორც წესი,  გამოხატავენ მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფით.

„არ ვარ თანახმა ჩემი გადახდილი გადასახადებით ვაფინანსებდე საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - აცხადებენ ეს ადამიანები ისე, თითქოს შესაძლებელი იყოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რომელიმე პუნქტზე 100%-იანი საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევა.

მეტიც - ეს ადამიანები ცდილობენ დახატონ ისეთი სურათი, თითქოს მაუწყებლის ჟურნალისტები ძალით ითვისებდნენ მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებს. ამ ადამიანებს მინდა მცირე საჯარო ლექცია წავუკითხო პოლიტოლოგიაში და ამასთანავე ვამხილო ისინი დემაგოგიასა და თანამოქალაქეების შეურაცხყოფაში.

ბატონებო!

ვწუხვარ, რომ ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნით უნდა დავიწყო, მაგრამ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს - ბიუჯეტის თითოეულ პუნქტს ინდივიდუალურად არავინ ათანხმებს თითოეულ მოქალაქესთან, რადგან ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა სახელმწიფოს სრული პარალიზება.

არ არსებობს სფერო, რომლის დაფინანსებაზეც თანახმა იქნებოდა მოქალაქეთა 100%. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ ბიუჯეტიდან (ანუ მათი გადახდილი გადასახადებიდან) არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი ინსტიტუტებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, პოლიცია ან ჯარი.

დიახ - ასეთი ადამიანები არსებობენ - მაგრამ თუ დააკვირდებით, არც ერთი მათგანი არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაიყვანოს ადამიანური ურთიერთობების დონეზე და შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ჯარისკაცს, მოსამართლეს, მასწავლებელს, ექიმს, პენსიონერს და ა.შ.

არ აყენებენ, რადგან მათ იციან - წარმომადგენლობით დემოკრატიაში მოქალაქეები თავიანთი უმრავლესობით ირჩევენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების ძირითად კურსს, ერთგვარ ჩარჩოს, რომელსაც პრაქტიკულ ცხოვრებაში ატარებენ უკვე მათი არჩეული წარმომადგენლები და კონკრეტული დარგის სპეციალისტები ამ ძირითადი კურსის შესაბამისად.

მომიტევეთ - შესაძლოა ვაჭარბებდე და ყველამ არც კი იცოდეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორია, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი - კარგად აღზრდილი ადამიანი ინტუიტიურადაც კი გრძნობს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო სხვა ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ აქვს.

ბატონებო!

კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით.

გაგიკვირდებათ და გადასახადებს ჩვენც ვიხდით. აქამდე თუ არ იცოდით, გთხოვთ ამიერიდან კარგად დაიმახსოვროთ ეს და თქვენს ადგილზე ყურადღებას მივაქცევდი იმასაც, რომ ჩვენ, როგორც გადასახადის გადამხდელები, თქვენგან განსხვავებით, არ ვითხოვთ პერსონალურ ვეტოს უფლებას ბიუჯეტის თითოეულ პუნქტზე.

არ ვიცი ეს ინფორმირებულობის შედეგია, თუ ისევ და ისევ აღზრდის საკითხთან მივდივართ, მაგრამ არ მახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თანამშრომელს ოდესმე ვინმესთვის დაეყვედრებინოს მის მიერ გადახდილი გადასახადებით სარგებლობა.

არადა, სურვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ, დემაგოგია ჟურნალისტს თითოეულ თქვენგანზე უკეთ გამოუვა.

ბატონებო!

შესაძლოა, აქამდე არ იცოდით, მაგრამ ამიერიდან გთხოვთ დაიმახსოვროთ რომ გზები, რომლებზეც თქვენ ყოველდღიურად გადაადგილდებით, ჩვენი გადასახადებითაც არის დაგებული; ბაღები და სკოლები, სადაც თქვენს შვილებს უფასოდ ასწავლიან, ჩვენი გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდებიან; ჩვენი გადასახადებიც მიდის საავადმყოფოებში, სადაც თქვენ უფასოდ გემსახურებიან; ჩვენი გადასახადებიც იხარჯება პოლიციის შენახვაში, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს; ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტის გარეშე ვერ დაგიცავდათ ჯარი და ჩვენი გადასახადების გარეშე ვერ იმუშავებდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც არაერთხელ გიხსნეს სტიქიისგან;

აბა როგორ მოგწონთ?

ბოლოს და ბოლოს, თქვენ თვითონაც, დიდი ალბათობით, შეიძლება მუშაობდეთ ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ასევე ჩვენი გადასახადებით იხდის ხელფასებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ მაუწყებლის არც ერთი თანამშრომელი არ აკადრებს საკუთარ თავს უადგილოდ მიგითითოთ ამაზე.

ბატონებო!

მინდა გითხრათ, რომ ნაკლებად მაინტერესებს თქვენი რეაქცია ამ წერილზე, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება არ შეექმნას, აქვე დავაზუსტებ - არავინ გიკრძალავთ კრიტიკას და არავინ გაურბის ანგარიშვალდებულებას!

რომელ ჩვენგანს არ უნდა, რომ გვქონდეს უკეთესი ჟურნალისტიკა ისევე, როგორც უკეთესი მეცნიერება, განათლება, მედიცინა, კულტურა, სპორტი და ა.შ.

ამიტომ გაგვაკრიტიკეთ - კრიტიკა მხოლოდ გაგვაძლიერებს, მაგრამ თქვენივე რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი, თუ იაფფასიანი დემაგოგიისა და პიროვნული შეურაცხყოფის ნაცვლად, გაგვაკრიტიკებთ ისე, რომ არ დაკარგოთ მთავარი - ღირსება!

და რაც მთავარია - ხელები შორს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისგან!”- წერს ზვიად ავალიანი.