პოლიტიკა
“არცერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა”- დავით ნარმანია
“არცერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა”- დავით ნარმანია

“არცერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა”- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან, ზვიად ავალიანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი დღეს ქალაქში გაუმჯობესებული გვაქვს, სწორედ ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლების ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგია.

„დიახ, თბილისში ეკონომიკური სიტუაცია დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო 2014 წლამდე, თუმცა ცხადია ეს არ არის მხოლოდ მერიის დამსახურება. არსებობს ცენტრალური ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდაში. რამდენიმე პროგრამა რომელიც თბილისის მერიის მეშვეობით ხორციელდება, ხელს უწყობს ქალაქში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ორი წლის განმავლობაში იაფი სესხის პროგრამაც გვქონდა. დღეს უკვე სხვა ნაწილში ვეხმარებით ამ დარგს; ასევე, ჩვენ განვკარგავთ მუნიციპალურ ქონებას და ხელს ვუწყობთ ინვესტორებს განახორციელონ ეკონომიკური აქტივობა და დაასაქმონ ადამიანები. იგივე შეიძლება ითქვას მშენებლობის ნებართვებთან დაკავშრებითაც რაც ასევე თბილისის მერიის კომპეტენციაა. გვაქვს ასევე რამდენიმე პროგრამა, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ ხორციელდება და ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლების ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი დღეს ქალაქში გაუმჯობესებული გვაქვს 2014 წელთან შედარებით.  ყოველწლიურად ჩვენს ქალაქს სულ უფრო მეტი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს და წელიწადში ტურისტების მინიმუმ 15-20 % - იანი ზრდაც ცხადია უფრო მეტ შემოსავალს განაპირობებს. თბილისში ბოლო წლებში მომატებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და ასევე სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც. არც ერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი არის ძალიან დიდი ეკონომიკური ცენტრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის სხვა ნაწილების ეკონომიკური აქტივობის გენერატორის ფუნქციასაც ასრულებს“- განაცხადა ნარმანიამ.