პოლიტიკა
მიხელ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში ხელს ქვეყანაში გატარებული რეფორმები უწყობს
მიხელ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში ხელს ქვეყანაში გატარებული რეფორმები უწყობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში 2017 წლის 11-12 ოქტომბერს მასპინძლობს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ პლატფორმას, რომელზეც წარმატებულად განიხილება არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, არამედ რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მისი შეფასებით, წელს კონფერენციის ფარგლებში ქართულმა მხარემ - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სახით, ასევე კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს პროგრესი მრავალი მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით, წელს საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციას შეხვდა მნიშვნელოვანი მიღწევებით, რაც გამოიხატა ცალკეულ სფეროებში გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, ასევე წარმატებული თანამშრომლობით ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან და ევროპელ პარტნიორებთან.

„საქართველო არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემოსი, ჩვენ წელს ვხვდებით ამ კონფერენციას კიდევ უფრო მეტად ძლიერები, რაც გამოიხატება ამ ერთი წლის განმალობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებში, მეტ ეკონომიკურ რეფორმაში, მეტ რეფორმაში თავდაცვის სფეროში, მეტ წარმატებულ ინტეგრაციის პროცესში ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ინსტიტუტებში და ჩვენს მეტ კონტრიბუციაში გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია ასევე  ახალი ფორმატები, მაგალით ევროკავშირთან დაწყებული უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, რომელიც მნიშვნელოვანი ახალი ფორმატია და ხელს შეწყობს ჩვენს შემდგომ წარმატებულ ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუტებში“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თმით, მიმდინარე წელი მნიშნელოვანი იყო ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გამოიხატა როგორც ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმებით, ასევე ცალკეული აქტივობებით ალიანსთან და მის წვერ ქვეყნებთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის 250-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს სამუშაო პანელზე, რომელიც ევროპული უსაფრთხოების მომავალს ეხება. მიხეილ ჯანელიძე ასევე კონფერენციაში მონაწილე დელეგატებთან შეხვედრებს გამართავს. ​