სამართალი
სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო
სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო

დასრულდა „თბილსერვისიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 წლის და 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა. შრომით დავაში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავს.

„თბილსერვისიდან“ თანამშრომლები 2016 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზი ამ უკანასკნელთა მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია იყო. სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, აღადგინა სამუშაოზე და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ მთელი დავის პერიოდში მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ერთბაშად გადახდა დააკისრა: თითოეულისთვის 15 600 ლარის ოდენობით.

„მე პირადად ვესაუბრე დავით ნარმანიას, როდესაც ამ ხალხს გაფიცვა ჰქონდათ და ვთხოვე, რომ საახალწლოდ არ გაეთავისუფლებინა ეს ხალხი სამსახურებიდან. ნარმანია კი შემპირდა, რომ დაიცავდა გაფიცულთა ინტერესებს, მაგრამ გაყარა ქუჩაში.“-განაცხადა კახა კუკავამ.

კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან უკანონოდ არიან გათავისუფლებული და მოხდება მათი აღდგენა სამუშაოზე. ხოლო უკანონოდ გათავისუფლებულთათვის მისაცემი კომპენსაციის გადახდა დავით ნარმანიას და უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ სხვა მაღალჩინოსნებს პირადი ქონებიდან მოუწევთ.