პოლიტიკა
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 226 პირი.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელები.  27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია და სულ განიხილა 1406 პირის საქმე. შეწყალების აქტის საფუძველზე 226 მსჯავრდებულია შეწყალებული, მათგან 141 დღესვე დატოვებს დაწესებულებას. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ერთს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.