პოლიტიკა
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში” - მიხეილ ჯანელიძე
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში” - მიხეილ ჯანელიძე

„მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, საქართველო მსოფლიოში  ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა “ - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, ეკონომიკურ დიპლომატიაზეც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის  წარმატებულ  მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“-ის რეიტინგში ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით საქართველო 190 ქვეყანას შორის მეცხრე პოზიციას იკავებს.

მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ისტორიასა და კულტურას შეეხო. „საქართველო უძველესი ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსახლეობის 83% ზე მეტი  მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ქვეყანამ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ბევრი განვლო, შესძლო შეენარჩუნებინა საკუთარი კულტურა და ტრადიციები და მომავალზე ორიენტირებული დარჩენილიყო. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ლიდერები, როგორც რეგიონში ასევე მსოფლიო მასშტაბით“

მინისტრმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას  ასოცირების შეთანხმებასა და მის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

 შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯგუფი, პროფესორთან ერთად, საქართველოს 28 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის ჩათვლით სტუმრობს. სტუდენტებმა ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართეს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.