პოლიტიკა
„ამ ცვლილებებს ხელისუფლება რატომღაც ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირებას უკავშირებს, რაც აშკარად ზედმეტი, არაფრის მომტანი და უადგილო თავის მართლებაა” - გიორგი უძილაური
„ამ ცვლილებებს ხელისუფლება რატომღაც ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირებას უკავშირებს, რაც აშკარად ზედმეტი, არაფრის მომტანი და უადგილო თავის მართლებაა” -  გიორგი უძილაური

„სწორი რეფორმების გატარება არასწორად აიხსნა“ – „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური სამთავრობო ცვლილებებს აფასებს.

„კვირიკაშვილმა სწორი სვლა გააკეთა. საჭირო იყო მენეჯმენტის შეცვლა. არჩევნების შემდეგ სამთავრობო ცვლილებებს ბევრი ელოდა, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ შეიცვლებოდა მხოლოდ მინისტრები და არა სტრუქტურა. სწორედ სტრუქტურული რეფორმები სჭირდება საქართველოს. თუმცა, ამ ცვლილებებს ხელისუფლება რატომღაც ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირებას უკავშირებს, რაც აშკარად ზედმეტი, არაფრის მომტანი და უადგილო თავის მართლებაა. საჭირო იყო პირდაპირ თქმა _ ვატარებთ რეფორმას, იმიტომ რომ ასე მივიღებთ უკეთეს მართვას და არა იმიტომ რომ ვინმე ითხოვს ჩვენგან უწყებების, ხარჯების ან კადრების შემცირებას. საზოგადოებაში სახელმწიფო ხარჯებს აკრიტიკებენ არა იმიტომ, რომ ხარჯებია ბევრი, არამედ იმიტომ, რომ ხშირად ფული იხარჯება მეათეხარისხოვან აქტივობებსა და ნივთებზე, რაც არასწორი მენეჯმენტის ბრალია. არავინ გააკრიტიკებს უწყებების ბიუჯეტებს, თუ ის ბიუჯეტები მორგებული იქნება საქმის უკეთ კეთებაზე. სტრუქტურული ცვლილებების ახსნა ხარჯების შემცირებით, ნაცების რიტორიკას სრულიად უსარგებლო აყოლაა. ეს რეფორმები უნდა ჩატარებულიყო და მათი რეალური მიზეზის ღიად უნდა თქმულიყო _ სახელისუფლო მექანიზმს მენეჯმენტის სჭირდება ოპტიმიზაცია და არა ხარჯების შემცირება. პირიქით, ბევრი მიმართულებით სახელმწიფომ მეტი ხარჯიც უნდა გაიღოს მეტი შედეგის მისაღებად.

მიყვეთ ცვლილებების ლოგიკას:

ეკონომიკა და ენერგეტიკა

ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ენერგეტიკის სამინისტროს კი ექვემდებარებოდა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი, ენერგეტიკა. ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ფიზიკურად ვერ განვითარდება, ამიტომ ეს დარგი აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. რაც ეხება ეკონომიკის განვითარებას, უნდა ექვემდებარებოდეს ერთიან სტრუქტურასა და მენეჯმენტს. გარდა ამისა, უცხოელ ინვესტორებს აქვთ სურვილი ფული ჩადონ ენერგეტიკაში და სურთ ამის მარტივად გაკეთება, ორი უწყების გაერთიანებით ეს მენეჯმენტი აუცილებლად გამარტივდება. ქუმსიშვილი შინაგანად რეფორმატორი ფიგურაა, ამიტომ დიდი ალბათობით ენერგეტიკის მართვის მენეჯმენტშიც ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ამ რეფორმების შემდეგ დადგება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევის საკითხი _ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოსუვერენიტეტი. ამის მიღწევას სჭირდება თამამი გადაწყვეტილებები და ქუმსიშვილს აქვს შესაბამისი უნარები.

უშიშროება

საგარეო დაზვერვის სუს-თან გაერთიანება ადრევე უნდა მომხდარიყო. აქამდე გაურკვეველი იყო, ვის ემორჩილებოდა და ვისგან იღებდა დავალებებებს ეს სამსახური ან როგორ იყო ის ინტეგრირებული მთლიანად ხელისუფლებასთან. დაზვერვის სუს-თან გაერთიანებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება უკვე გამოკვეთილია. ამ ცვლილებას არანაირი კავშირი არ უნდა ქონდეს ფინანსურ ოპტიმიზაციასთან, პირიქით, ქვეყანას სჭირდება ძიერი დაზვერვა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში და საამისოდ საჭიროა შესაბამისი ხარჯების გაღება. თუმცა დაზვერვა არაფერია, თუ მას არ აქვს მიღებული ხელისუფლებისგან ადეკვატური დავალებები და თუ არ არსებობს ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც იმუშავებენ მოვლენების განვითარების პროგნოზირებაზე.

კულტურა და სპორტი

საქართველოში კულტურის და სპორტის აღქმის კულტურა დაბალია. სპორტი ასოცირებულია სპორტსმენების ჩემპიონატებზე გასვლასთან ხოლო კულტურა მსახიობებთან და სპექტაკლებთან, მაშინ როცა ამ ორი მიმართულების განვითარების ძირითადი მიზანია ხალხის, ადამიანების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღე და მათი პოპულარიზაცია. სპორტი არაა მხოლოდ სპორტსმენების საქმე, ისევე როგორც კულტურა არაა მხოლოდ სცენა და სპექტაკლი. ამ ორი მიმართულების შერწყმა ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარებასთან უფროა კავშირში ვიდრე ოპტიმიზაციასთან. შემდგომი ეტაპი შესაძლოა იყოს კულტურისა და სპორტის განათლებასთან ინტეგრაცია.

ევროინტეგრაცია

ევროინტეგრაციის სამინისტროს არსებობას ამართლებდა მხოლოდ სახელი. ქვეყნის ნება, გახდეს ევროპის ნაწილი და ამისთვის შესაბამისი უწყების შექმნა. მაგრამ პიარული ეტაპი უკვე დიდი ხანია გასულია, ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია და ლოგიკურია, რომ ევროინტეგრაციის თემა საგარეო უწყების შემადგენელი ნაწილი იყოს. სხვა შემთხვევაში ჩნდებოდა კითხვა _ აბა რაზე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ევროინტეგრაციის მიერთებამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა დიასპორების სამინისტრო. უფრო ლოგიკური იქნებოდა, დიასპორების სამინისტრო ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებულიყო და დაქვემდებარებოდა განათლების ან კულტურის სამინისტროს, მაგრამ ევროინტეგრაცია აუცილებლად საგარეო სამინისტროში უნდა გაერთიანებულიყო.

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვის სამინისტროს ერთმანეთის გამომრიცხავი ფუნქციები ეკისრა _ თან ბუნებრივი რესურსების დაცვა და თან მათი განკარგვის კომპონენტი. ცვლილებების შემდეგ ბუნებრივი რესურსების განკარგვა, მათი იჯარით გაცემა, გაქირავება, ნებართვები და ა.შ. გადავა ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში, ყველა დანარჩენი ფუნქცია კი შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს მენეჯმენტურ და ლოგიკურ რეფორმას და არა ხარჯების შეკვეცაზე დაყრდნობილ ოპტიმიზაციას. მაგალითად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ოპტიმიზაცია კი არა, პირიქით გაძლიერება და მეტი ბიუჯეტი სჭირდება ბუნების დასაცავად. რეფორმის შედეგად ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადავა ის ფუნქცია, რომელიც ისედაც მისი კომპეტენცია იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი

წლებია მიდის ამ მხრივ პარალელური სტრუქტურების არსებობის შესახებ. ქვეყანას ყავდა უშიშროების საბჭოც, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც. ლოგიკური იყო ეს პარალელიზმი დასრულებულიყო. ქვეყანას უნდა ქონდეს ერთი გამართული მართვის ცენტრი, მითუმეტეს, რომ ტექნიკურად, თავად ცენტრი მშვენივრად ააწყო კრიზისების მართვის საბჭომ.

შსს


საზოგადოებაში ყველაზე ხშირად საუბრობდნენ შს მინისტრის შეცვლაზე და ეს ცვლილებაც არავის გაკვირვებია. გასაკვირი იყო ამ პოსტზე გიორგი გახარიას დასახელება, თუმცა პრემიერმა ახსნა მიზეზი. შსს-ს სჭირდება შიდა სტრუქტურული რეფორმა და მენეჯმენტის გამოსწორება. ამ მხრივ კი გახარია საუკეთესო ვარიანტია. გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე კომუნიკაბელური, სხარტი და ნოვატორი წევრია. Lufthansa-დან გახარია გადავიდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ჩაიბარა პრემიერის ეკონომიკური საბჭო, შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პორტფელი, ფაქტიურად მან მოახდინა ქვეყნის ეკონომიკის რეფორმა. გახარიას შსს-ს სამინისტროში გადასვლითა და ვიცეპრემიერის რანგში აყვანით პრემიერი იწყებს შსს-ს სერიოზულ რეფორმას. დიდი ალბათობით სტრუქტურულ ცვილებებს მოყვება საკადრო ცვლილებებიც.

ჯამში, მთავრობის სტრუქტურული რეფორმებით მენეჯმენტი გაუმჯობესდება, ხოლო ქუმსიშვილისა და გახარიას გაძლიერებით, აშკარაა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.

რეალურად ქვეყანას სჭირდება გამართული მენეჯმენტი, რათა მოქალაქის და ბიზნესის კომუნიკაცია მთავრობასთან იყოს მაქსიმალურად ოპერატიული, გამჭვირვალე და გასაგები. არც მოქალაქე და არც ბიზნესი არ უნდა იჭედებოდეს სახელიფლებო კორიდორებში. გადაწყვეტილებები არ უნდა ფერხდებოდეს და მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას ამ გადაწყვეტილებებში ადამიანური ფაქტორები, რათა არ გაჩნდეს კორუფციის საშუალება.

უნდა აღმოიფხვრას მთავრობაში ყოველგვარი პარალელიზმი და შესაბამისად გადაბრალების ყველანაირი საშუალება. ყველა მინისტრი სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი მისთვის დაკირებული მოვალეობის შესრულებაზეც და ანგარიშვალდებულებაზეც.

რაც შეეხება “ოპტიმიზაციას” და ხარჯებისა და კადრების შემცირებას, ეს გზა პანაცეა არ არის, თუ ცვლილებების საფუძველი არ არის არაკვალიფიციურობა ან მენეჯმენტისთვის უსარგებლო დატვირთვა. ქვეყანას სჭირდება დიდი რეფორმები თითქმის ყველა მიმართულებით. რეფორმას და ოპტიმიზაციას საჭიროებს არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატი, არამედ ადამიანური რესურსებიც. კვალიფიკიაცია მხოლოდ დიპლომი არაა, ადამიანებს სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მზად იყვნენ ახალი მოთხოვნებისთვის და პროგრესისთვის. ამას სჭირდება სერიოზული სუფსიდიები, გასარემონტებელი და ასაშენებელია სატრანსპორტო და საირიგაციო ინფრასტრუქტურა, დასაცავია გარემო, გასავითარებელია სერვისების სისტემა, გასავითარებელია ჯანდაცვის სექტორი...ხარჯები შესამცირებელი კი არა გასაზრდელია, ოღონდ საჭიროა ოპტიმალური ხარჯვა, რასაც სჭირდება გამართული მენეჯმენტი. 


მთავრობაში გატარებული რეფორმა ემსახურება მენეჯმენტის გამოსწორებას და არა უმუშევრების გახარებას სხვების უმუშევრად დატოვებით, რასაც ასე მონდომებით უწყობენ ხელს ნაცები. საზოგადოებას სჭირდება არა სეირი არამედ გამართული სისტემა, რომელშიც ადამიანი ვეღარ დაიჩაგრება უყურადღებობით, ნეპოტიზმით, გაურკვევლობითა და უთანასწორობით, სისტემა რომელიც გამართულად, გასაგებად, სამართლიანად და ოპერატიულად იმუშავებს.”- წერს გიორგი უძილაური.

 

 

loading...