პოლიტიკა
თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება ცნო
თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება ცნო

თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.  სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. ჟვანიას გამოსვლის შემდეგ სიტყვა უხუცეს წევრს, ფრიდონ ინჯიას გადაეცა, რომელმაც დეპუტატებს  მიმართა. ფრიდონ ინჯია საკრებულოში ჩოხით მივიდა.

„ჩოხას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ სამოსით მინდოდა ხაზი გამესვა ქართული კულტურის, ქართული ტრადიციების, ჩვენი ქვეყნის ღირებულებების და ზოგადად, ქართველი ადამიანის ბუნების პატივისცემის აუცილებლობას. მე, როგორც უხუცესმა წევრმა, ჩავთვალე, რომ ჩემი ქვეყნისადმი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ შესაბამისი სამოსითაც უნდა გამომეხატა“ - განაცხადა sazogadoeba.ge-სთან საუბარში ფრიდონ ინჯიამ.

საკრებულოს უხუცესი წევრის თქმით, ის ნამდვილად გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოებამ დააკისრა. მან ასევე ხაზი  გაუსვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობას.


ფრიდონ ინჯიას გამოსვლის შემდეგ,  დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილება ცნეს.

საკრებულოს წევრებს მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ,  გიორგი ალიბეგაშვილმაც მიმართა და მან ახლად არჩეულ მერს და საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა. 

 

loading...