პოლიტიკა
„გაძლევთ პირობას, რომ არ შევეგუები არცერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თბილისელებს, ქალაქ თბილისს, ქართულ ღირებულებებს, ჩვენს რწმენას, ქართულ ენას, სამართლიანობას, ქართველი კაცის ღირსებას“ - ფრიდონ ინჯია
„გაძლევთ პირობას, რომ არ შევეგუები არცერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თბილისელებს, ქალაქ თბილისს, ქართულ ღირებულებებს, ჩვენს რწმენას, ქართულ ენას, სამართლიანობას, ქართველი კაცის ღირსებას“ - ფრიდონ ინჯია

„გაძლევთ პირობას, რომ არ შევეგუები არცერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თბილისელებს, ქალაქ თბილისს, ქართულ ღირებულებებს, ჩვენს რწმენას, ქართულ ენას, სამართლიანობას, ქართველი კაცის ღირსებას“ - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, იმ წამოწყებების განსახორციელებლად, რომელიც თბილისელების საკეთილდღეოდ იქნება მიმართული,  ყველა დეპუტატი უნდა გაერთიანდეს, რადგან მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მე ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა ამ საკრებულოში. ჩემი კოლეგები გახდნენ, როგორც ჩემი შვილების ტოლი ახალგაზრდები, ასევე  საშუალო ასაკის აქტიური და წარმატებული პიროვნებები, რომლებიც თბილისელებმა აირჩიეს. მიუხედავად ჩვენი პარტიულობისა, მიგულეთ თქვენ გვერდით ყველა იმ  წამოწყებაში, რომელიც მიმართული იქნება თბილისელების საკეთილდღეოდ.

ამასთანავე გაძლევთ პირობას, რომ არ შევეგუები არცერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თბილისელებს, ქალაქ თბილისს, ქართულ ღირებულებებს, ჩვენს რწმენას, ქართულ ენას, სამართლიანობას, ქართველი კაცის ღირსებას. ვთვლი, რომ ჩვენს შორის  ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს  კომპრომისების მიღწევას და ურთიერთპატივისცემას და მე, როგორც უხუცესი, ჩემი მხრივ, ამას მცდელობას არ დავაკლებ.

მინდა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოვახსენო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შესაძლებლობა მოგვცეს,  ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც  დღეს მართლაც  მრავლადაა თბილისში. იქნება ეს სოციალური სფერო, ეკოლოგიური პრობლემები, ურბანული დაგეგმარება თუ სხვა.

გული მიგრძნობს და ვფიქრობ, რომ ამ მოწვევის საკრებულოსა და ახლადარჩეულ მერის  ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტები ბევრად უფრო სწრაფ ტემპებში განხორციელდება და შესაბამისად, პროგრესიც უფრო თვალშისაცემი გახდება. მე მინდა, რომ ქალაქს ჰყავდეს პატრონი.

ვფიქრობ, დროა, ხელისუფლებამ, უფრო სწორედ მმართველმა პარტიამ, შეწყვიტოს მუდმივად „ჯიბრში“ დგომა ოპოზიციასთან და მისი წინადადებების მხოლოდ იმიტომ იგნორირება, რომ ეს უკანასკნელი არამმართველი პარტიის წარმომადგენლის ინიციატივაა, თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ უნდა გამოდიოდნენ „ჩასაფრებულის“ პოზიციიდან.  შევთანხმდეთ და ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ ბრძოლა დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის. გავითვალისწინოთ ის რომ, ეს ქალაქის საკრებულოა და არა ქვეყნის  პარლამენტი.

თუ საკითხი მომგებიანი იქნება დედაქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ჩვენ, ოპოზიციამ, არ უნდა მივცეთ თავს უფლება, ვეთამაშოთ საკუთარ ხალხს, უარი ვთქვათ მათ კეთილდღეობაზე. პირიქით, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი წარმატებული პროექტების განხორციელებას. და ზუსტად ეს მოტივაცია უნდა იყოს ჩვენი კრიტიკის ფუნდამენტი.

გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ჩემს ყველა კოლეგას, საკრებულოს ყველა წევრს, ქალაქის მერს, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ იმ ნდობის გამართლებას, რომელიც თბილისის მოსახლეობამ გამოგვიცხადა. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 

loading...