საზოგადოება
სასამართლომ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის  ბრალდებულებს 5  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში,  გ.გ, ბ.დ. და გ.ო.  ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯ.მ.-ს 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ჯ.მ.-ს და მისგან თანხის დროულად მიტანას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა გ.გ, ბ.დ. და გ.ო. 2017 წლის 8 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

loading...