საზოგადოება
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე "დაზარალაბულთა კვირეული"-ს ფარგლებში მარათონი გაიმართა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე "დაზარალაბულთა კვირეული"-ს ფარგლებში მარათონი გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“  დაზარალებულთა მხარდამჭერი მარათონით დასრულდა. 
თბილისში, ლისის ტბაზე გამართულ მარათონში ჩართულები იყვნენ საქართველოს პროკურატურის პროკურორები, გამომძიებლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი,  საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი და საელჩოს თანამშრომლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა რიგითმა მოქალაქეებმაც მიიღეს.  
სპორტულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გოგაძე და გიორგი ბადაშვილი ესწრებოდნენ.
მარათონში  გამარჯვებულები  საქართველოს პროკურატურის სახელით დაჯილდოვდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით  „დაზარალებულთა კვირეული“ გაიმართა.  კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  ათეულობით ღონისძიება  ჩატარდა, მათ შორის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კვირეულის ჩატარების პრაქტიკას, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დაზარალებულთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს.